(ჯეონიუსი) სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა უკადრებელი მაკადრა, როცა მათი თამაში არ ვითამაშე, გამწირეს – გოჩა ძასოხოვი

სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა უკადრებელი მაკადრა. გმირს მეძახდნენ, მაგრამ როცა მათი თამაში არ ვითამაშე, გამწირეს მეც და ჩემი ოჯახიც, – ამის შესახებ „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტმა გოჩა ძასოხოვმა გუშინ მოსკოვის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ „ალექსანდრეს დარბაზში“ რეზო ჩხეიძისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.

გოჩა ძასოხოვის თქმით, მას ჰქონდა არჩევანი, შეენარჩუნებინა ბიზნესი და დაეკარგა ღირსება, თუმცა მისივე თქმით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რაც დიდ გამარჯვებად მიაჩნია.

შეხვედრაზე ძასოხოვმა აღნიშნა, რომ იგი ახალი ხელისუფლების საქმიანობას იმედით უყურებს და საქართველოში დაბრუნებას ელოდება.

„მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, გამოსვლა ადვილი არ არის. ადამიანურად მესმის იმ ხალხისა, რომლებსაც მყისიერად სურს სამართლიანობის აღდგენა, რადგან ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც საკუთარი თვალით ნახა და საკუთარ მხრებზე იწვნია, თუ რა უბედურებას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი”, – განაცხადა შეხვედრაზე ძასოხოვმა.

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, იდგეს იმ ადამიანთა რიგებში, ვინც მომავლის საქართველოზე ფიქრობს.

„მომავლის საქართველო და მშვიდობიანი კავკასია ჩემთვის იდენტური მცნებებია. მშვიდობიანი კავკასიის გარეშე არ არსებობს დიდი მომავლის საქართველო, ისევე, როგორც მშვიდობიანი კავკასია არ იარსებებს ძლიერი საქართველოს დიდი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქართველებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის და ჩრდილო კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ სოჭის 2009 წლის 15 მაისის დიდი შეხვედრა შესაძლებელია საბერძნეთში, ოლიმპოს ქვეყანაში გაგრძელდეს, მომდევნო წელს კი დიდი კონგრესით დაგვირგვინდეს საქართველოში. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი ოფისი შვეიცარიიდან და მოსკოვიდან საქართველოში გადმოვიდეს, ხოლო შვეიცარიასა და მოსკოვში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იქნება საქართველოს ხალხთა ასამბლეის წარმომადგენლობები და ფილიალები.

„ქართველებს აფხაზებს და ოსებს ერთმანეთის გარეშე მომავალი არ გვაქვს და დღეს ამას აცნობიერებს ყველა მოაზროვნე ადამიანი – როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ოსი. ეს კი კარგი საფუძველია, რათა სწორი პოლიტიკის პირობებში მოვლენები სასიკეთოდ განვითარდეს. მშვიდობიანი კავკასია მსოფლიოსთვის დიდი სიმდიდრეა და ამ სიმდიდრეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, არავის ფეხქვეშ არ გავეგოთ – ღირსებით უნდა ვიბრძოლოთ ღირსეული საქართველოსათვის. ჩვენ შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომლითაც იამაყებს ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი, ყოველი ოსი და იამაყებს მთელი მსოფლიო!“, – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *