„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ცენტრალური ოფისი თბილისში გადმოდის

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის, გოჩა ძასოხოვის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, ასამბლეის მთავარი ოფისის შვეიცარიიდან და მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვლის შესახებ, ხოლო შვეიცარიასა და მოსკოვში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დარჩება საქართველოს ხალხთა ასამბლეის წარმომადგენლობები და ფილიალები.
გოჩა ძასოხოვის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებულ „ასამბლეის“ წარმომადგენლობას, რომელსაც ხელმძღვანელობს ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ცენტრალური წარმომადგენლობის საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში, ბევრი ადამიანი შემოუერთდება, მათ შორის ისინიც, ვინც ესწრებოდა ქალაქ სოჭში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დაფუძნებას.
„დღეს მრავალი მათგანი ხელისუფლებასა და პარლამენტშია. დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ასამბლეის საქმიანობაში და ცენტრალური ოფისის საქართველოში გადმოტანით „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ კიდევ უფრო მეტად გადაიქცევა სახელმწიფოებრივი განწყობის ორგანიზაციად“, – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.



