(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: ჩვენი პარტია მხარს იმ კანდიდატურას დაუჭერს, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს!

 

IMG_3473რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქვეყნიდან გასული თემურ შაშიაშვილი საქართველოში შთაგონებული დაბრუნდა და ხელისუფლებას ემიგრანტების განცხადებების საფუძველზე, ახალ სამპუნქტიან დოკუმენტს სთავაზობს. ამასთან „თეთრების“ ლიდერმა „ვერსიას“ სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის მიერ ახლახან ჩატარებული გაფართოებული სხდომის დეტალებიც გაუმხილა და იმაშიც გამოუტყდა, რომ  მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ნინო ბურჯანაძეს შესაძლოა, არ დაუჭიროს.

– ასეთი მძიმე და საინტერესო შეხვედრები ჯერ არ მქონია – ქვეყნის გარეთ 4 000 მდე ქართველს შევხვდი და თუ ვინმემ იცის, რა მდგომარეობაა ემიგრანტებთან. ეს მე ვარ! უკრაინას გივი თარგამაძე მართავს… ყველგან , სადაც ჩავედი, სააკაშვილის ელჩის ბიზნესსა და ფულზე მიამბეს და ამიტომაც ვეკითები ბიძინა ივანიშვილს: ესაა მისი პოლიტიკა? ჩვენი მოქალაქეები ყველგან მონები არიან და ადამიანური უფლებები არ აქვთ. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, ამ ხალხს იმედი გაუჩნდა, მაგრამ იმედი კოსმიური სიჩქარით უცრუვდებათ.

 – გინდათ თქვათ, რომ მინისტრი კოტე სურგულაძე ცუდად მუშაობს?

– საბერძნეთში  შეხვედრები გავმართე და კოტე სურგულაძე მხოლოდ ორი დღის შემდეგ ჩამოვიდა, თუმცა ბევრმა ადამიანმა სურგულაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, არჩევნების წინ არავის შევხვდებითო. ამის შემხედვარეებმა, ემიგრანტების შესახებ რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტი შევქმენით, რომელსაც საზოგადოებას 17 ივნისს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გავაცნობ. მანამდე კი, ექსკლუზიურად გეტყვით: 1. ქართველი, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც უნდა დაიბადოს,  დაბადების დღიდანვე საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს. 2. უნდა შეიქმნას 400 მილიონიანი ფონდი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიისა და საპატრიარქოს პატრონაჟით ემიგრანტებსა და საქართველოში მყოფ ბიზნესმენებს ერთობლივი პროდუქტების წამოწყებაში დაეხმარება – ეს ეკონომიურადაც მომგებიანია და პლუს, ხალხთა შორის მჭიდრო ურთიერთობებსაც შეგვანარჩუნებინებს. 3. პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის უფლება  აღარ უნდა ჰქონდეს. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივიღებ და კანონს დავარღვევ, არჩევანის წინაშე უნდა დავდგე – ან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად უნდა ვთქვა, ან განაჩენი სასამართლომ უნდა გამოიტანოს!

 – ბატონო თემურ, ოცნების გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის სამი უმაღლესი პოსტის დაკავება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც შეეძლება. ეს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებად ხომ არ გეჩვენებათ

– ეს სიმახინჯეა! ხელისუფლებაში მოსვლა ყველას თავში რატომ უვარდება  და ჰგონია, თავზე უნდა დაგვაჯდნენ, არ ვიცი?! საქართველოში ბელადების პარლამენტები უნდა დასრულდეს! ასე იყო გამსახურდიასა და შევარდნაძის დროსაც. მერე ხალხმა და მისმა დღევანდელმა მტრებმა სააკაშვილისაგან ყალბი ბელადი შექმნეს და ახლა ისევ მას ებრძვიან?!

დიდი წვილილი  მიგიძღვის, ივანიშვილო, სააკაშვილის გაბელადებაში და მოინანიე! ბატონო პრემიერო, შეხედეთ, რა მოხდა იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არჩევნებზე – სააკაშვილმა შეძლო და სასამართლოში მოსამართლეთა 80% ისევ მისი მხარდამჭერია. უმაღლესი სასწავლებლებსა და სასამართლოებში რაც უნდა არჩევნები ატარო, ყველა ისეა მოწამლული, კარგ ლექტორსა და მოსამართლეს ვეღარც აირჩევენ! რაც შეეხება პოლიტიკურ არჩევნებს, ემიგრანტები მეუბნებიან, ქვეყნის გარეთ 1,5 მილიონი ვართ და არჩევნებზე ხმა არ მიგვაცემინეს, ეგ რა ხალხის მთავრობააო!

 – დაბრუნდით თუ არა ქვეყანაში იმავე დღეს „სახალხო კრების“ სპეციალური სხდომა დაინიშნა. რა საკითხებზე იმსჯელეთ?

– პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ და მინდა გითხრათ, პირადად დავაყენე საკითხი, ჩვენი შეხვედრის სრული ჩანაწერი გავუგზავნეთ ბიძინა ივანიშვილს. მინდია უგრეხელიძემ და რამდენიმე იურისტმა ისეთი ანალიზი გააკეთეს, შეშფოთებული ვარ! გამოდის, ბიძინა ივანიშვილი ყველა ძალას იგნორირებას უკეთებს, ოღონდ ნაციონალები გადაარჩინოს და მათ შორის  შედგეს კოაბიტაცია. ეს ქვეყნის დაღუპვა და ივანიშვილის  წერტილის დასმაა! ასე რომ, თუ ამ გზით მიდის, თავის დროზე უნდა მიცხვდეთ – კრების შეხვედრიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე.

სხდომაზე ისიც განვაცხადე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილის კანდიდატის მხარდაჭერა სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს – ის პირიც დაიღუპება, ვისაც აირჩევენ და ბიძინაც! კრება პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა ივანიშვილს და ივანიშვილი კი ამბობს, პრეზიდენტი ჩემი  გუნდიდან არჩეული კაცი უნდა გახდესო, ე.ი. ჩვენ არ ვჭირდებით!

 – აბა რა გინდოდათ, ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაესახელებინა და მხარი ნინო ბურჯანაძისათვის დაეჭირა?

– არა, ბატონო, უბრალოდ, პრემიერ- მინისტრი არ უნდა ამბობდეს, ჩემი კანდიდატურას გავიყვანო. შენ იმისათვის უნდა იყო, რომ მხარი იმას დაუჭირო, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. აი, ასეთი პრემიერ-მინისტრი გვინდა!

ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ – დავით აღმაშენებელი რომ წამოდგეს და ბიძინამ პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენოს, ხმას მაინც არ მივცემ! გარწმუნებთ იმ შემადგებლობიდან ვინც დასახელებულია, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე უკეთესი კანდიდატურა, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ისევ ნინო ბურჯანაძეა, რომელიც მის წინააღმდეგ არასდროს წავა.

 – ეს რას ნიშნავს, ივანიშვილს დაექვემდებარება?

– არ ჩაუსაფრდება! აქ დაპირისპირებაზეა საუბარი და არა ოპოზიციაში ჩადგომაზე. შეკრებაზე ნონა გაფრინდაშვილმა თქვა და ნინო ბურჯანაძეც დაეთანხმა, ჩვენ ივანიშვილს არ ჩავუსაფრდებით, მაგრამ არც ფეხქვეშ გავეგებით!

 – თქვენი ფეხქვეშ გაგება უკვე ვნახეთ, როცა საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღეთ მონაწილეობა და „ოცნებას“ კრებიდან ხალხი გაუგზავნეთ. ახლა კი პარტიების  დაფინანსების წესი გაუარესდა და პარალმენტში არშესული ოპოზიცია თვქენიანად, ისევ ნულზე დარჩა!

– ივანიშვილისათვის მთავარია, ამერიკელებმა თქვან, აი, ხომ გადაარჩინე ნაციონალური მოძრაობაო.

 – ამერიკელმა კონგრესმენებმა საპირისპირო განცხადება გააკეთეს!

– ამ განცხადებაზე ჩემი შეფასება მაქვს – აშშ -ს ამერიკელი კონგრესმენები შეურაცხყოფენ! ასეთი ამერიკა კი საქართველოს თავს აძულებს და ხალხს ბიძინა ივანიშვილიც სძულდება, როცა მხარს აშშ-ს უჭერს! ხალხი ხედავს, ბიძინა  ბევრ რამეს იმიტომ არ აკეთებს,რომ აშშ-ს არ ეწყინოს. სააკაშვილის იმპიჩმენტიც იმიტომ არ უხსენებია – ამერიკელებმა უთხრეს, არ გაბედოო! ახლა თუ ბიძინას საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ, საქართველო საბოლოოდ დაიღუპება. ვისაც ამ კაცმა მისცა რეკომენდაცია, ის თავისუფლების ინსტიტუტიდან, სოროსის ფონდიდან მოდის.

 – მაგრამ, ეს „სოროსელი“ გიორგი მარგველაშვილი ბურჯანაძის გუნდის წევრიც იყო…

– თავისთავად… მარგველაშვილი ნინო ბურჯანაძის ფონდის დირექტორი იყო და დღეს ამ თანამდებობიდან განთვისუფლებულიც არ არის, რომ იცოდეთ. საერთოდ, ივანიშვილის ადგილზე, მე, თუნდაც ამ კანდიდატურის თაობაზე, ნონა გაფრინდაშვილს მოვეთათბირებოდი, თუმცა გიორგი მარგველაშვილისადმი პირად პატივისცემას ვადასტურებ.

გაიხსენოს მარგველაშვილმა, როცა „ჯიპას“ რექტორი იყო, ერთადერთი გბერნატორი ვიყავი, ვისაც კარგი სტუდენტების აღზრდა უნდოდა და „ჯიპას“ ფულს ბიუჯეტიდან ვუხდიდი! მარგველაშვილი ამით გაოცებული იყო. მას, როგორც რექტორს,, ვაფასებდი, ეხლა კი ისეთ ადგილზე მიდის, რაც მისი საქმე არ არის!

 – ერთი სიტყვით, თქვენი პარტია კრებაშია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ნინო ბურჯანაძეა. მხარს თქვენც მას უჭერთ?

– ჯერ ჩვენი პარტია არ შეკრებილა და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

პირველად, პარტიაში მე შემომთავაზეს პრეზიდენტად კენჭი მეყარა. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე და ვთქვი, თუ პრეზიდენტად არაპოლიტიკსოსს ვირჩევთ, ამ პოსტზე მინდია უგრეხელიძე უნდა იყოს, ხოლო თუ ახალგაზრდა კაცს ვეძებთ – პაატა ცნობილაძე. მსოფლიო იურისტთა ვიცე-პრეზიდენტი – მეთქი. პარტიაში განიხილებოდა სოსო ცისკარიშვილის კანდიდატურა. და ბოლოო პასუხი 10 დღეში გვექნება. ჩვენი პარტია  მხარს იმ კანდიდატურას დაუჭერს, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს!

 – ვერ გავიგე, ნინო ბურჯანაძეს მხარს უჭერთ თუ არა?

– ჩვენი პარტია მონების პარტია არ არის. ამიტომ არ ვიცი, 10 დღის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. პირადად , ვითარების ანალიზს ასე გავაკეთებ – დღეს საუკეთესო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა. არც ისაა გამორიცხული,  პარტიაში თავისუფალი მხარდაჭერა გამოვაცხადოთ და ვისაც რომელი კანდიდატი სურს, მხარი იმას დაუჭიროს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარტიის წევრები შევიკრიბოთ და კითხვების დასასმელად ნინო ბურჯანაძე მოვიწვიოთ. ერთს ვიტყვი, კრების ბოლო შეხვედრას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა და ვთქვით, რომ მისი სახელით მარტო ნინო ბურჯანაძე კი არა მთელი კრების სათათბირო იყრის კენჭს და იღებს პასუხისმგებლობას. ასე რომ, ამ არჩევნებზე ნინოს კი არ ექნება საპრეზიდენტო პროგრამა, ერთობლოვი პროგრამა გვექნება.

 – შეიძლება სიურპრიზიც მოგვიწყოთ  და ბოლოს მოგვევლინოთ კრების  საპრეზიდენტო კანდიდატად?

– ჯერ ერთი, პრეზიდენტმა თქვა, გუბერნატორები ავირჩიოთო, მერე პრემიერმა თქვა იგივე, ახლა კი ორივე შეშინდა და თავისი სიტყვები უკან წაიღო… ჩაატარეთ არჩევნები იმერეთში და ვიყრი კენჭს!

 

ესაუბრა ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *