“თეთრებმა” აკადემიკოს ოთარ კვესიტაძეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს

 

akademia„თეთრებმა“ აკადემიკოს ოთარ კვესიტაძეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა და საქართველოს მეცნიერებს ლომისობის დღესასწაული მიულოცეს.

მილოცვის წერილში ნათქვამია

“ბატონო ოთარ

დიდი იმედით ვხვდებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად თქვენს არჩევას. ჩვენ მეცნიერებაზე ორიენტირებული პარტია ვართ, საქართველოს მომავალს მეცნიერთა მიერ შედგენილ პროგრამებში, მეცნიერთა მიერ მომზადებულ კანონპროექტებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერულ ანალიზში და ქვეყნის პოტენციალის მეცნიერულ კვლევასა და მის გამოყენებაში  ვხედავთ. ჩვენ ეს ნათლად გამოვკვეთეთ მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო ჟურნალ „ქართული პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე. აღნიშნულ ჟურნალთან თანამშრომლობას დიდი იმედით ვუცქერთ.

„თეთრების“ მმართველი ბირთვის  თითქმის მთელი შემადგენლობა მეცნიერებიდან მოდის, მეცნიერებასთანაა კავშირში, ჩვენი პროგრამებიც მათ მიერაა შედგენილი. პარტიის მთავარ საპროგრამო დოკუმენტში გაკეთებულია განსაკუთრებული ხაზგასმა: საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან ორი დიდი საყრდენი აქვს – ინტელექტი და ბიზნესი. ეს უკანასკნელიც, ანუ ბიზნესიც, ინტელექტზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს.

უფრო მეტიც, ჩვენი პოზიცია ურყევია: ქვეყანაში უნდა მოხდეს არა პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, როგორც ამას უამრავი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ამბობს, არამედ, ინტელექტუალიზაცია.

ჩვენ ვთვლით,  რომ ასეთ დროს ეროვნული აკადემიის სათავეში თქვენი –  ეროვნული კაცის, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, კარგი ოჯახიშვილის და ძლიერი ორგანიზატორის არჩევა, დიდი სამთავრობო მხარდაჭერის შემთხვევაში – ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, რაც უკვე საჯაროდ არაერთხელ დავადასტურეთ.

ეს დოკუმენტი თქვენი არჩევის მეორე დღესვე გამოვაქვეყნეთ, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენთვის მორთმევის თაობაზე ლომისობის დიდ დღესასწაულზე მივიღეთ – მისი წმიდა მადლი გფარავდეთ.”

 

“თეთრების” პრეს-ცენტრი

26.06.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *