შიშიდან – თავისუფლებისაკენ, “ქართული ოცნებისათვის”

ocnebaსათაური შემთხვევით არ შემოგთავაზეთ.

 26 მაისის შემდგომ სახალხო კრებამ დაიწყო მუშაობა მეორე ეტაპის პროგრამაზე – „შიშიდან თავისუფლებისაკენ“. გუშინდელმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ  დღეს ქართული საზოგადოების განწყობას გაცილებით სწორად გამოხატავს: „შიშიდან თავისუფლებისაკენ, ქართული ოცნებისათვის“. 

შიში, თავისუფლება, ქართული ოცნება – ეს არის დღეს საქართველო.

შიში გვანადგურებს,. საქართველოს მომავალი თავისუფლებასა და თავისუფალ ადამიანშია. თავისუფალ ქვეყანაში  თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ „ქართული ოცნების აღსრულება.

 წმიდა მამები ამბობენ: „საკუთარი სისხლის ფასად თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“ .

 გუშინდელმა შეხვედრამ ეს ბრწყინვალედ გამოკვეთა და მინდა ვიფიქრო, რომ დაიწყო დიდი მოძრაობა: „შიშიდან თავისუფლებისაკენ ქართული ოცნებისათვის“.

 

„ქართული ოცნება“

 

ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულნი ვართ, მაგრამ ჩვენი ქართული ოცნება ერთია: ძლიერი სახელმწიფო – თავისუფალი ადამიანებით, ნიჭის ძალაუფლებით, ქართული ცნობიერების განათლებულ ადამიანთა მმართველობით, ხელისუფლებით, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება.

 არ ვიცი, ვერც წარმომიდგენია ადამიანი, სწორედ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და ასეთი არ იყოს მისი ოცნება. მაგრამ ეს ოცნებად არ უნდა დარჩეს და მინდა ვიფიქრო, რომ გუშინ გაკეთდა დიდი შემოძახილი, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ.

 ეს რომ ადვილი არ არის – მეც ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ ოცნების აღსრულებაც შეიძლება. 

როცა მეცნიერებთან ერთად 26  მაისის წინ გავაკეთეთ ანალიზი „საქართველო დღეს – ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე“ (www.tetrebi.org), დასკვნა იყო  ერთი: რეალურად დღეს საქართველო ეს არის საკუთარ ხელისუფლებათამიერ დამარცხებული ქვეყანა – წაქცეული ქვეყანა, დაჩოქებული ხალხი… რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხს საკუთარი ხელისუფლება უწყობს გენოციდს.

წმიდა მამები ამბობენ: „უბედურება ის კი არ არის, რომ წაიქეცი, არამედ ის, რომ ადგომა არ გინდა“.  ჩვენ გვინდოდა, რომ სწორედ 26 მაისს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს გაკეთებულიყო დიდი ქართული შემოძახილი: წავიქეცით, მაგრამ ადგომა გვინდა და ავდგებით კიდეც.  ღალატმა გაიმარჯვა. მარტონი დავრჩით, ვეღარ შევძელით. 

მინდა ვიფიქრო, რომ ეს შემოძახილი გუშინ გაკეთდა: ადგომა გვინდა და ავდგებით კიდეც.

 სხვადასხვანაირად აფასებენ 26 მაისს განსაკუთრებით პოლიტიკოსები, აფასებენ ისე, როგორც თვითონ აწყობთ, საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის.  მე იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ 26 მაისმა თქვა მთავარი სათქმელი:  ბრძოლის შეჩერება დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მე იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისაც მიჩნია,რომ  26 მაისმა ამ ხელისუფლების პოლიტიკური სამარე გათხარა. მე ასე მჯერა. არავისთან ვკამათობ. მინდა ვიფიქრო, რომ გუშინ დაიწყო დიდი პროცესი ამ ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ჩასვენებისათვის. მინდა ვიფიქრო, რომ არჩევნები საქართველოსათვის იქნება 21-ე საუკუნის დიდი პოლიტიკური დიდგორი და ამ უღირსი ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ღირსეულად ჩასვენების დღეც. 

მინდა ვირწმუნო, რომ ერთხელ მაინც მოახერხებს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა მისი დამაქცეველი ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ჩასვენებას.

 გუშინდელმა დღემ სულ მცირე ორი კარგი გაკვეთილი მოგვცა: ერთი პოლიტიკოსებს და მეორე ალბათ, ყველას. 

პირველის ავტორი დიდი სპორტსმენი, კარგი ქართველი და საამაყო ფეხბურთელი,  გუშინდელი გამოსვლით უკვე შეგვიძლია ვთქვათ,  კარგად მოაზროვნე, მართლაც, ქართულად მოაზროვნე კახი კალაძეა.

 მან ბოდიში მოიხადა, ხაზს ვუსვამ, ბოდიში მოიხადა (ეს ხომ უცხოა პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისათვის) ავტოგოლისათვის,მაგრამ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით პრეზიდენტს და ხელისუფლებას გვითხრა: თქვენი ბრალია დღეს ხალხი და ქვეყანა ამ დღეში რომ არის და ერთხელ მაინც მოუხადეთ ბოდიში მუდმივი ავტოგოლებითრომ ცხოვრობთო.

 კარგი ნათქვამია. სწორად ნათქვამი. როგორც იტყვიან, კახი კალაძემ კიდევ ერთხელ ცხრიანში მოარტყა. ეს უკვე პოლიტიკური ცხრიანია. მე ვიღებ მის ამ ნათქვამს.

 მეორე გაკვეთილი ბიძინა ივანიშვილმა მგვცა. ოცი წელია, მიჩვეული ვართ ემოციურ გამოსვლებს, ემოციებით ხალხის მართვას. სრულიად განსხვავებული იყო გუშინ ბიძინა ივანიშვილის ქცევაც, გამოსვლის ტონიც და განწყობაც. აკადემიური სტილით, გაემიჯნა შლეგებს და ქართული სიდარბაისლით თქვა მთავარი: გონება უნდა დაიბრუნოს ქართულმა პოლიტიკამ. რომ ქვეყანა უნდა იმართოს გონებით და არა ემოციებით. ჩვენი ტრაგედია სწორედ იმაშია, ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია გონება აქვს დაკარგული. ქართულ პოლიტიკას გონება აქვს დაკარგული  სწორედ იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში გონებადაკარგული ადამიანები მძლავრობენ, მძლავრობენ ისინი, ვინც ქვეყნის გარედან იმართებიან. ასეთი მდგომარეობა უბედურებაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მით უფრო მაშინ,  პოლიტიკის გონების როლს ქვეყნის გარეთ შექმნილი ფიარ ჯგუფები და ქვეყნით დაინტერესებული უცხო ქვეყნების პოლიტიკოსები ასრულებენ. 

დიდი და მძიმე პროცესია. ქართულ პოლიტიკაში გონების დაბრუნება, ქართული პოლიტიკის გონებადაკარგულთაგან განთავისუფლება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე იმ პოლიტიკოსების გავლენის გაძლიერება, რომლებიც ქართული იდეით ცხოვრობენ და ქვეყნის გარედან არ იმართებიან.  მინდა ვიფიქრო, სწორედ რომ ვიფიქრო, რომ გუშინ ეს პროცესიც დაიწყო. 

გაკვეთილი იყო ისიც, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა არ თქვა სწორედ ის, რასაც ბევრი ელოდა და რაც ფულთან იქნებოდა დაკავშირებული. მე მიხარია, რომ მისი გამოსვლა იყო იდეური და არა სოციალური. რომ მისი გამოსვლა იყო გამოსვლა მოღვაწის, სახელმწიფო კაცის და არა ავტორიტეტდაკარგულიდემაგოგი პოლიტიკოსის. მინდა ვიფიქრო, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა. ამ იდეების ავტორს რომ უამრავი სოციალური პრობლემის მოგვარება შეუძლია, ეს ნამდვილია და ძალიან კარგია, რომ გუშინ, განსხვავებით სოციალური დემაგოგი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტისაგან, ბიძინა ივანიშვილმა თქვა იდეური სიტყვა, ქართული სიტყვა, მომავლის სიტყვა. სიტყვაც საქმეაო, ამბობენ , მით უფრო იმ კაცის ხელში, ვინც საქმით უფროა ცნობილი, ვიდრე სიტყვით. მინდა ვიფიქრო, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას ასეთი კაცის იმედი უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმათი, ვინც ტყუილი დემაგოგიით კვებავდა აქამდე.

 გუშინ კარგი გაკვეთილი იმითაც იყო, რომ არავის უცდია პიროვნების გაღმერთება და გაფეტიშება.ყველა სიტყვა ქვეყნის სიყვარულით იყო გაჟღენთილი. კარგი პოეტისა და პიროვნების, რატი ამაღლობელის ნათქვამი: „ერთხელ მაინც შევძლოთ განსხვავებულთა ერთობა საქართველოსათვისო“, კარგი საწყისია რეალური ერთიანობისათვის, ანუ იმისათვის, რომ  დავძლიოთ შიში, ადამიანს დავუბრუნოთ ის,რაცღვთით და ბუნებით აქვს ნაბოძები – თავისუფლება და თავისუფალმა ადამიანებმა ავიხდინოთქართული ოცნება. შევქმნათ ღირსეული, ძლიერი სახელმწიფო. 

ასეთია ჩემი პირველი შეფასება გუშინ ფილარმონიაში გამართულ „ქართული ოცნების“ დაფუძნებასთან დაკავშირებით. მე მას არ ვესწრებოდი, არც მიწვეული ვიყავი. ვგრძნობ, ხალხში იმედი ძლიერდება. არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ გამოჩნდნენ გაწბილებულნიც. ფაქტია, რომ ხელისუფლება მზაკვრულად მოქმედებს. ვიფიქროთ, რომ მისი თამაში არ ვითამაშოთ და ამით მის მზაკვრობათა თანამონაწილე არ გავხდეთ. 

დღეს ქვეყანას როგორც ზოგად, ასევე კონკრეტულ ჭრილში ჰყავს საშიში პოლიტიკოსები. ზოგად ჭრილში ყველაზე მეტად საშიშია ის, ვინც ქვეყნის გარედან იმართება და ის ვისაც აქვს დიდი ამბიცია და არ აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა.  ჩემი თქმა არ უნდა, მოაზროვნე ადამიანი ხედავს, როგორ კარგად გრძნობენ თავს  ქვეყანაში გარედან მართვადი პოლიტიკოსები და როგორ ძლიერდებიან ისინი, რომლებიც ამბიციურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. კონკრეტულად კი დღეს ქვეყნისთვის ორი პოლიტიკოსია საშიში, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს დგომით გაყოყოჩდა, ან გაყოყოჩდება და ის, ვინც მისი უყურადღებობით გაბოროტდა, ან გაბოროტდება.  ორივენი ხელისუფლებას აძლიერებენ. ხელისუფლებას აძლიერებს ამბიციური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსიც. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე გვგონია.

 მე იმ ადამიანებთან ერთად ვარ, ვინც იცის, რომ   ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის კარგი შანსი და არც მისი გაღმერთება და არც  მისი ლანძღვა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ვიფიქროთ ქვეყანაზე და ავტორიტეტდაკარგული ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების ქვეყანაში გამოვიყენოთ იმ კაცის შანსი, რომელსაც ავტორიტეტიც აქვს, ხალხის სიყვარულიც, საქმის კეთების  და, მინდა ვიფიქრო, იდეის ირგვლივ ხალხის გაერთიანების  უნარიც. 

„ქართული ოცნება“ – ეს არის დიდი შანსი ქართული ძალის შექმნის. ვიცი, რომ ქართული ძალა იქნება ის ძალა, რომელიც ადამიანს თავისუფლებას დაუბრუნებს , და ქვეყანას თავის ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე.  ვიცი, რომ თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში ცხოვრება ფუფუნებაა, ყველა იპოვის თავის ადგილს,  ყველა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.   

მინდა ვიფიქრო, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ქართული ძალა, რომელიც ივლის სიყვარულით და ქვეყანაში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ დაპირისპირებასა და სიძულვილს სწორედ სიყვარულით დაამარცხებს. 

არ მინდა ვინმეს გაუკვირდეს, რატომ ვიყენებ ასე ხშირად გამოთქმას „მინდა ვიფიქრო“. 7 აპრილს 6 თვე ხდება პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან. ეს ჩვენი პარტიის შექმნის დღეც არის. ჩვენ სწორედ სამი წლის წინ, 7 აპრილს  – „ხარებას“  დავფუძნდით. სწორედ ამ დღეს, 2012 წლის 7 აპრილს ჩვენი პარტიის ყრილობაზე ვიტყვით, როგორ გამართლდა ის, რაზეც დღეს ვამბობ: „მინდა ვიფიქრო“. მანამდე კი ვარ „ქართული ოცნების“ მეგობარი, დიდი გულშემატკივარი და რიგითი წევრი ჩემს ოჯახთან ერთად.  ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ აღსრულება ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია.

 

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

თეიმურაზ შაშიაშვილი

2011 წლის 12 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *