ეს იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა მტრობა

14 აგვისტო ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც შეიძლება ქართულ აფხაზურ ურთიერთობათა მტრობის დღე ვუწოდოთ .
1991 წლის 14 აგვისტოდან მოყოლებული, ბევრისაგან, განსაკუთრებით იმათგან განსხვავებით, ვინც მაშინ სიხარულით და გამარჯვების ემოციით შეხვდა საქართველოს საჯარისო შენაერთების შესვლას აფხაზეთში და დღეს კი საპირისპირთი გვმოძღვრავს, ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს იყო ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა მტრობა, მეტიც – დიდი მტრობა. ის რაც მოხდა იყო ტრაგიკული შეცდომა თუნდაც იმიტომ, რომ შანსი მშვიდობიანი მოგვარებისა ჯერ კიდევ არსებობდა.
ამის თაობაზე არაერთხელ განმიცხადებია საჯაროდ და დღეს კიდევ ერთხელ ვაკეთებ ხაზგასმას. თუნდაც იმის გამო, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, უამრავ აფხაზს შევხვდი უცხოეთში, ბევრთან სოხუმში სატელეფონო საუბარი მქონდა. განსაკუთრებული იყო რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების ჩვენი მეგობრების, ბატონებისშაქრო კვირკვიას და ომარ ჟვანიას მეშვეობით ურთიერთკეთილგანწყობილი შეხვედრა აფხაზეთის პოლიტიკის გავლენიან ფიგურებთან.
მე ფაქტებით ვსაუბრობ. 1992 წლის 15 აგვისტოს თბილისიდან სოხუმს გავემგზავრეთ (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ბატონები გოგა ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე და მე. სოხუმის გარეუბანში ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში შევხვდით აფხაზეთის პარლამენტის ქართულ ჯგუფს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს, ბატონ გია გვაზავას. მათ ამის დადასტურებაც შეუძლიათ, ისვე როგორც ყველა იმ დეპუტატის გახსენებაც, ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდა.
იქ იყო ბატონი თენგიზ კიტოვანიც, რომელმაც, როგორც იქვე დადასტურდა, სახელმწიფო საბჭოს დანარჩენ სამ ხელმძღვანელთან (ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი) შეუთანხმებლად მიიღო ეს დამანგრეველი გადაწყვეტილება.
ორმოცდაათამდე კაცს, ვინც მაშინ ვიყავით შეკრებილნი, ვისაც სინდისი და ნამუსი არ დაგვიკარგავს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს სამთავრობო ტელეფონით დარკა შევარდნაძემ. ყურმილი გოგა ხაინდრავამ აიღო. შევარდნაძე ითხოვდა კიტოვანთან დალაპარაკებას, რაზეც კიტოვანმა უარი განაცხადა:“ვიცი მეტყვის, რატომ შეიყვანე ჯარი და მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასო“ – ეს მან ხმამაღლა თქვა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ომი პრაქტიკულად დაწყებული იყო და მისი შეჩერება იმ ეტაპზე შეუძლებელი, რაც დადასტურდა ჩვენი შეხვედრის დროს აფხაზურ მხარესთან, რომლის შემადგენლობაში ვლადისლავ არძინბას გარდა ყველანი იყვნენ აფხაზეთის მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბაღაფში და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი.
ჩვენ იქვე ვნახეთ საშინელება. მიმძიმს ამის თქმა… მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ორთავე მხარე უნდა ვიყოთ გულახდილები, თუ გვსურს, გვქონდეს მომავალი -მაღალი რანგის ქართველი სამხედრო ოფიცრები უდიერად მოექცნენ აფხაზეთის სახელმწიფო დროშას, პრაქტიკულად გაანადგურეს სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა.
ტრაგიკულია ყველაფერი, რასაც ვამბობ, მაგრამ ჩვენ ვიტყვით თუ არა ამას, ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა და ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს. ისევე, როგორც ღმერთი არ აპატიებს აფხაზურ მხარეს, თუ ისინიც არ მოინანიებენ , არ აღიარებენ ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების არაერთ ფაქტს. ღმერთი არ აპატიებთ იმასაც, თუ ყველაფერი სწორად და ზუსტად არ ითქმება ჟიული შარტავას წამებით მოკვლასთან დაკავშირებით. დღეს, ორთავე მხარეს სინანული და ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობები გადაგვარჩენს .
მთელმა იმერეთმა და ქუთაისმა იცის, რომ აფხაზეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენების დროს, როცა პოლიცია და შესაბამისი ორგანოები ვერ ბედავდნენ ამის გაკეთებას, მე, ქალაქის მერი დავდექი მთავარ მაგისტრალზე და თბილისისაკენ არ გავატარეთ უამრავი ნაძარცვ-ნაგლეჯი, ე.წ.“ პატრიოტებს“ რომ მოჰქონდათ დასავლეთიდან. საქონელით, ავეჯით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული რამდენიმე მანქანა უკან დავაბრუნეთ…
მძიმე რამეეზე ვისაუბრე. მაგრამ მწამს და მჯერა, სინანულს, გულწრფელობას, შეცდომათა აღიარებას შეუძლია აფხაზის, როგორც ეროვნების გადარჩენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.



