ზურაბ ხასია: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ნიშნავს ბელადის ინსტიტუტის გაძლიერებას, ხალხის როლის წაშლას

დღეს აქტიური საუბარები მიდის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დღევანდელ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნდა ექსპერტის, ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის ინტერვიუ, რომელშიც საუბარია საარჩევნო კოდექსზე. ბატონი რამაზი გამოხატავს აღფრთოვანებას საარჩევნო სისტემის მთლიანად მაჟორიტარულ პრინციპზე გადასვლის მიმართ. „ვის დაებადა ეს იდეა? დავიჯერო, გვყავს ქართულ პოლიტიკაში ასეთი პოლიტიკოსები, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს? უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ჩვენთან ეს სისტემა დაინერგება“ – აცხადებს ბატონი რამაზი .
ბატონი რამაზის საპასუხოდ უნდა განვაცხადოთ, რომ პარტია „თეთრები“ უკვე დიდი ხანია საუბრობს საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე, და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.
ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში ჩვენ ამ თემას საგანგებო პრესკონფერენცია მივუძღვენით სააგენტო “რეპორტიორის” პრეს-ცენტრში, სადაც მკაფიოდ განვაცხადეთ: „ჩვენ არ ვაფეტიშებთ არც მაჟორიტარულ სისტემას და არც პროპორციულ საარჩვნო სისტემას ჩვენ ვითხოვთ, რომ საარჩევნო სისტემა მისი ყველა კომპონენტით, საჭიროებს მეცნიერულ ანალიზს და ამის საფუძველზე ახალი საარჩევნო სისტემის შექმნას. ჩვენი პოზიცია მოკლედ ასეთია: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულზე გადასვლა ნიშნავს ბელადის ინსტიტუტის გაძლიერებას, ხალხის როლის წაშლას, ავტორიტეტებისა და ძლიერი პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ბელადის სასარგებლოდ. ამას ძირითადში მხარს ისინი უჭერენ, რომლებსაც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ და პროპორციული სისტემით და მონური ფსიქოლოგიით შეუძლიათ პარლამენტში შეძრომა.“
ასეთი იყო ჩვენი პოზიცია და რჩება დღესაც. ჩვენ მივესალმებით, თუ იგი გაზიარებული იქნება ექსპერტების, არასამთავრობოების, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ.
პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი
ზურაბ ხასია



