(რეპორტიორი)„ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა“

პროფესორებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, პაატა გიორგაძემ და პარტია „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშივილმა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის სახელით „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებასა და მოსახლეობას მიმართეს:

„დღეს 28 ოქტომბერია; ქართული იდეით გაერთიანებულ საქართველოში ჩატარებულ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების გამარჯვების დღე, დღე, რომელმაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს მომავლის ორიენტირები და პრაქტიკულად მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ 26 წელი გავიდა. ამ სიმბოლურ დღეს, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერები – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ერთი ჯგუფი, ასევე, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები – ვაცხადებთ:

1990 წლის 28 ოქტომბერს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება შესაძლებელი გახადა საზოგადოების ერთიანობამ. ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაჩერა გარედან მართულმა სახელმწიფო გადატრიალებამ; რის გამოც დღემდე საქართველო ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ სახელმწიფოდ. 1991 წლიდან საქართველო ფაქტობრივ საომარ მდგომარეობაშია: ერთი მხრივ, ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს მეხუთედი, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით პერმანენტულად მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობანი.

დღეს უკვე ყველა მოაზროვნე ადამიანისათვის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ცხადია, 1991-92 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება და სისხლიანი დაპირისპირება არის ამჟამინდელი საქართველოს კრიზისის სათავე. სამწუხაროდ, ჩვენივე ისტორიის ეს მწარე გაკვეთილი კარგად არ არის გაცნობიერებული; არც სამართლებრივადაა შეფასებული. დღემდე გრძელდება ქართველი ერის ფასეულებების უარყოფა, საქართველოს სახელმწიფო ენის პრესტიჟის დაკნინება და საქართველოს ეკონომიკისა და რესურსების განადგურება.

ჩვენ იმ ადამიანთა შორის ვართ, ვინც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ საქართველო ვერ ვითარდება 28 ოქტომბერს არჩეული პირველი პარლამენტის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტირებით; ეს განცხადებაც ამ პასუხისმგებლობით არის გაჟღენთილი. საქართველოს მომავალი არსებითადაა დამოკიდებული პასუხისმგებლობის მქონე წესიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანების კონსოლიდაციაზე:

ეროვნული ძალების კონსოლიდაცია ამჟამინდელი საქართველოს მთავარი გამოწვევაა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქართველი ერი საუკუნეების წინ გახდა ცივილიზებული დასავლეთის ორგანული ნაწილი. დიდმა დავით აღმაშენებელმა კი დააგვირგვინა წინაპართა მისწრაფება და საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოდ აქცია, სახელმწიფოდ, რომელმაც დიდგორის ომით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.

ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ცივილიზებული მსოფლიო უკეთ დაინახავს ქართველი ერის ისტორიულ მისწრაფებას, ჰქონდეს თავისი კულტურა, თავისი სამწიგნობრო ენა, თავისი სახელმწიფო, სადაც პრიორიტეტულია ტოლერანტული განწყობა, ზოგადსაკაცობრიო იდეალები და ხელს შეუწყობს საქართველოში რეალური დემოკრატიისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ჩვენ, ყველანი, მთელი საქართველო, მსხვერპლი გავხდით 1991-93 წლების პუტჩისა და მისი თანამდევი მოვლენებისა. ამას გამოკვეთილად ვამბობთ სწორედ ეროვნული მოძრაობის გამარჯვების დღეს, 28 ოქტომბერს, 26-ე წლისთავზე და დავძენთ:

მხოლოდ საქართველოზე მოფიქრალი ზნეობრივი, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა და ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის დამკვიდრება. ამ მისწრაფების განხორციელების კარგი პირობები შეიქმნა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ: საქართველოს მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა ნება, ქვეყანაში დაიწყოს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიული პროცესების გზით; დემოკრატიული პროცესების დაწყება კი შეუძლებელია 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლების დამხობის ფაქტის სამართლებრივი შეფასების გარეშე (ხალხი დიდი ხანია ელოდება ამ შეფასებას!); სიტყვა ხელისუფლებაზეა… ამის შემდეგ კი გახდება შესაძლებელი, ერთად დავიწყოთ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს და დამოუკიდებელი საქართველოსათვის ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს”, – განაცხადეს მიმართვის ავტორებმა.

http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=28592

მიმართვის ტექსტი სრულად
ვიდეო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *