„სახელმწიფო კაცების“ საკრებულო

ეს ახალი მოსაზრება არ არის. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საქართველოს ისტორიული გამოცდილებაა. მსოფლიოს და საერთოდ, წარმატებული ქვეყნების პოლიტიკაც ამას ადასტურებს – ყველგან პატივით ეკიდებიან მაღალპროფესიონალს მიუხედავად ასაკისა, გამოცდილებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პარტიული კუთვნილებისა. დავით აღმაშენებელი და მისი პოლიტიკაა სწორედ ამის მაგალითი – სასულიერო პირი მთავრობის თავმჯდომარედ მოიყვანა და თვითონ, ახალგაზრდამ, ქვეყნის მმართველი გუნდი ბრძენკაცებისგან შექმნა.

თამარ მეფის მიერ შექმნილი დარბაზი ამის დიდი მაგალითია და ლამის მსოფლიო პარლამენტარიზმის საწყისი. მხცოვანი სულხან-საბა დიპლომატიაში ჰყავდათ ჩართული ახალგაზრდა მმართველებს.

ვნახოთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება. შექმნილია პრეზიდენტთა საბჭო. ყველა ყოფილი მინისტრი, სენატორი თუ გუბერნატორი, აქტიურ პოლიტიკაშია. ეს, როგორც გამოცდილებისადმი პატივისცემა, ჩამოყალიბდა არა მარტო როგორც დიდი პოლიტიკური კულტურა, არამედ იმ ქვეყნების წარმატების მთავარი საყრდენი, სადაც თაყვანისცემაა გამოცდილებისა და გამოცდილი ადამიანისადმი.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებულია. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ისტორიაა, მეორეც – კავკასია უფროსისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემით გამოირჩევა დღესაც; მესამე – მსოფლიო პოლიტიკას ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანები წარმართავენ. დააკვირდით წარმატებული ქვეყნების პრეზიდენტებს, სახელმწიფო მეთაურებს, პარლამენტებს. იშვიათობაა 40 წლამდე ასაკის პოლიტიკოსი.

ჩვენთვის დამანგრეველი აღმოჩნდა წინა ხელისუფლებების მიერ შემოთავაზებული ასაკობრივი გრადაცია. კარგად აღნიშნეს ახალგაზრდებმა: ხელისუფლება და საერთოდ, ნებისმიერი თანამდებობა აზროვნებაა და არა ასაკი. ჩვენ საპირისპირო გზით წავედით. მთელ მსოფლიოში, ამის მაგალითია აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები, ყოველ ოჯახშიც კი ძლიერდება უფროსისადმი პატივისცემა, ანუ ის, რაც ოდითგან და ტრადიციულად საქართველოში, ყოველ ქართულ ოჯახში ფასეული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვკარგავთ იმას, რისკენაც მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები მიილტვიან: პატივისცემა უფროსისადმი, დაფასება გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ოჯახიშვილობას… ოჯახიშვილობა ყველაზე დიდ აკადემიად ითვლებოდა და ითვლება ქართული სულისა და ქართული ცნობიერების ადამიანებში და იგი მსოფლიო გამოცდილება ხდება. ოჯახიშვილობა – დიდი ფასეულობაა.

სულხან-საბა ორბელიანის განათლებით მოხიბლულმა ლუი მეთოთხმეტემ გაკვირვებით ჰკითხა დიდ მგოსანს: ვიცი სორბონა, ვიცი განათლების მსოფლიო ცენტრები, მაგრამ თქვენ სად მიიღეთ ეს განათლებაო. სულხან-საბამ უპასუხა: გლეხის სკოლა დავამთავრე და ქართული სუფრის ინსტიტუტიო.

ჩვენ ამ მაგალითების პროპაგანდა გვჭირდება და ეს მსოფლიო კონგრესის ერთი დიდი ნაწილი უნდა იყოს. დიდი მაგალითი მოგვცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მასთან შეხვედრისას. მან ბრძანა: არა მარტო ჩვენთან, სამწუხაროდ მსოფლიოში მიდის ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ხდება შეგნებულად, რომ ხალხს არ ჰყავდეთ ნამდვილი ავტორიტეტები, ყალბები კი ადვილად სამართავები გახდნენ!

ეს თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა. ჩვენ პატრიარქმა გვირჩია და რეალური საქართველოს მდგომარეობაც ამას გვკარნახობს, რომ მეტად გავაცნოთ ხალხს ავტორიტეტები, ცხოვრების წესითა და ქვეყნისადმი მსახურებით გამორჩეული ხალხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საერთო-სახალხო და სამთავრობო პოლიტიკად უნდა ჩამოყალიბდეს.

ჩვენ ვიხსენებთ მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის საუბარს, რომლებმაც თითქმის შეთანხმებულად თქვეს: როცა გყავს გურამ დოჩანაშვილი, პირველ რიგში მისი აზრი უნდა აინტერესებდეს ხელისუფალთ და საერთოდ, ყველას, ვინც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. მერაბ ბერძენიშვილმა ასეთი დიდი ხაზგასმაც გააკეთა: ნონა გაფრინადშვილი სადაც არ უნდა შევიდეს, თუნდაც კინოთეატრში, ყველანი ფეხზე უნდა წამოვუდგეთო.

სწორედ ეს არის ადამიანის ღვაწლისა და გამოცდილების შეფასებაც და აღიარებაც.

ამ ნაწილში ჩვენ შემთხვევით არ ვსაუბრობთ ასე დეტალურად და ლირიკულ სტილში. ეს ღერძია ყველაფრის. თვით გამოთქმა „სახელმწიფო კაცები“, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. სწორედ ერის მამა თვლიდა, რომ სახელმწიფო იმის მიხედვით იზომება, რამდენი მთქმელი ჰყავსო, ანუ რამდენი გამორჩეული ადამიანი ჰყავს. როცა მივდივართ ნამდვილის დაფასების გზით, იქ საზოგადოებაში ყალბის, ფსევდოს ადგილი ნაკლებად რჩება.

სწორედ ეს შემოგვთავაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. კუვეიტიდან დაბრუნებულმა, 2011 წელს, სწორედ 26 მაისის მოვლენების შემდგომ ახლო პერიოდში, თავის ქადაგებაში ისაუბრა ამ ქვეყნის გამოცდილებაზე, სადაც შექმნილი აქვთ, ხაზგასმას ვაკეთებთ, კანონმდებლობით, ავტორიტეტულ ადამიანთა საკრებულო, რომელიც აანალიზებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ეს შეხვედრები რომლებიც პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით მიდის, იღებს გადაწყვეტილებებს, უგზავნის მთავრობას, რომელიც არ არის ვალდებული ყველა გადაწყვეტილება გაიზიაროს, მაგრამ ვალდებულია, განიხილოს.

აი, დემოკრატია! ავტორიტეტების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჯაროდ ხალხის თვალწინ და მთავრობის პასუხიც ასევე საჯაროდ, სახალხოდ, პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით ხდება ცნობილი. მოსახლეობას აქვს საშუალება დაინახოს, რას სთავაზობენ ხელისუფლებას, რას იზიარებს და რაზე ამბობს უარს ხელისუფლება.

ერთ ხაზგასმას გავაკეთებთ: პატრიარქი ამაზე საუბრობს სისხლიანი 26 მაისის შემდგომ პერიოდში. სთავაზობს ხელისუფლებას ამაზე დაფიქრებას. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებისთვის ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ყველა პარამეტრის მიხედვით, მისაღები უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ეს ერთი და მეორე, ლაპარაკია კუვეიტზე, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაზე დღევანდელ მსოფლიოში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასეთი ინსტიტუტის არსებობას ამჟამინდელ საქართველოში. ეს დიდი საკითხია და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა კონგრესის სესიებზე მსჯელობისას, რომელიც შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ ეროვნულმა ყრილობამ განსაკუთრებული პრინციპების დაცვით საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან დათათბირებით, შეიძლება აირჩიოს კიდეც ასეთი ორგანო. მანამდე კი, ეს დიდი ფუნქცია შეიძლება შეასრულოს მეცნიერთა კონფერენციის მიერ დასახელებულმა და სპორტის სასახლეში შეკრებილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილმა ავტორიტეტულ ადამიანთა გუნდმა.

საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები უამრავი ჰყავს ჩვენს ქვეყანას ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, განათლებაში, მედიცინაში, სპორტში. ყველა ქალაქსა და სოფელში არიან საერთო-სახალხო ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რომელთა ერთობას უაღრესად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთი გუნდი, პრაგმატული ენით რომ ვთქვათ, დღეს აწყობს ძლიერ ხელისუფლებას და ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას აფხაზ და ოს ძმებთან, სადაც დღეს უფროსი თაობის მიმართ კულტია, სადაც ხელისუფალთთვის კითხვის ქვეშაც კი არ დგება უხუცესთა გადაწყვეტილება.

ჩვენი ეს პოზიცია პირდაპირ კავშირშია დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილებასთან, რომელსაც დიდი მოაზროვნის, შარლ მონტესკიეს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები უდევს საფუძვლად: “ყოველ ერს, ხალხს მისი ხასიათის შესატყვისი კანონები ჰქონდეს. მთავარია, ზომიერი მმართველობა, რომლის დეფიციტი შეიძლება დემოკრატიულ სისტემაშიც წარმოიშვას. ამიტომ, უმთავრესია ძალაუფლების დანაწევრება, საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ სხვადასხვა ძალებმა ერთმანეთი შეაკავონ- რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს. თუ არაა მათ შორის დაპირისპირება, ურთიერთკონტროლი – ყველაფერი იღუპება.”

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *