ვიამაყოთ!
ანსამბლ "ნერგებისადმი" მიძღვნილი წიგნის წინასიტყვაობა

თქვენ წინაშეა უნიკალური წიგნი “ნერგელების” სასწაული ისტორიით. გურამ დოჩანაშვილის პერიფრაზს გავაკეთებ მისი წიგნიდან „კაცი რომელსაც უყვარდა ლიტერატურა“ – ბედნიერია ყველა, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი. მით უფრო ის, ვინც ეხლა გაეცნობა სიყვარულით სავსე ნერგელების ცხოვრებას.
უდიდეს პატივად მივიღე შემოთავაზება, დამეწერა წინასიტყვაობა ამ წიგნისთვის. არ ვიცი, როგორ შევძლებ ვთქვა ის, რაც უკვე განვიცადე მათთან ურთიერთობით.
მახსენდება გენიალური პოეტის, მუხრან მაჭავარიანის საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში. ეს ის პერიოდია, როცა ბატონი მუხრანი ხელისუფლებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მიერაც კი, გარიყულია. უფალმა მომცა ძალა, არა მარტო, ამ საღამოს გამართვის გადაწყვეტილების მიღების, არამედ ამ საღამოზე ისეთი სიტყვის წარმოთქმის, რომ დიდმა მგოსანმა სცენიდან მთხოვა, თუ შევძლებდი ზეპირად ნათქვამის ფურცელზე გადატანას, ეს იქნებოდა პოეტის პირველი 100 ლექსის წიგნის წინასიტყვაობა.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წიგნი ჩემი წინასიტყვაობით, ბუნებაში არსებობს. ეს ჩემი ბიოგრაფიის ერთი დიდი ნიშანსვეტია.
ასეთივე განწყობით ვარ ახლაც, რამეთუ ქალბატონი ლელა კუხიანიძე, მისი საქმიანობით (ეს უფრო მოღვაწეობაა, ვიდრე საქმიანობა), ჩემში უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს, მეტიც, ძალას გაძლევს და გარწმუნებს, რომ შეუძლებელის შეძლებაც კი რეალურია, თუ ცხოვრობ იმ წესით, რომელიც შეუდარებელი ოსტატობით ჩამოგვიყალიბა დიდმა მუხრანმა:
სხვისიც ყოფილა,თუ ყოფილა ჩემს თვალზეც ცრემლი,
ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით მრავალჯერ ჩუმად…
ყოვლადძლიერო, გახარება თუ გინდა ჩემი, –
უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ
ლელა კუხიანიძე და მთელი მისი ოჯახი, მეუღლე – ტატო მეფარიშვილი, მათი ბიჭები, სწორედ სხვისი გახარების უნარით არიან დაჯილდოებულნი – ეს სიკეთის ოჯახია, რომლის ძალა გადამდებია და სწორედ ამ ძალამ არა მარტო შექმნა „ნერგელები“ და მათ ისტორია, არამედ, თითოეული “ნერგელიც” ამ განწყობით ცხოვრობს… სხვისი გახარების უნარით ცხოვრობს.
ვიღაცას გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ ეს შეფასება, მე კი მგონია, რომ ისე ვერ ვამბობ, როგორც ამ ოჯახს და „ნერგელებს“ ეკუთვნით. რაც მეტი დრო გავა, მით მეტად დავრწმუნდებით, რომ ქალბატონმა ლელამ, მისმა ოჯახმა, „ნერგელებმა“, მართლაც, შეუძლებელი შეძლეს ჩვენგან შორეულ შვედეთში. იქ დღეს ყველა ეთნიკური ჯგუფი ცდილობს ოდნავ მაინც მიუახლოვდნენ იმ მასშტაბებს, რომელიც იქ ამაყად უჭირავს ქართულ დიასპორას. ყოველთვის მქონდა აზრი, რომ საქართველო არის იქ, სადაც გულიანი და მოაზროვნე ქარველია. „ნერგელებია“ ამის დასტური, ლელა კუხიანიძეა ამის დასტური, მისი ოჯახია ამის დასტური.
საქართველომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც „ნერგელები“ ჰქვია შვედეთში და როგორი ავტორიტეტიც შექმნეს მათ ხალხში, როგორი კეთილგანწყოილი დამოკიდებულება არის მათ მიმართ შვედეთის ხელისუფლების ყველა ეშელონში.
ხშირად მომყავს ორი მაგალითი: მერაბ ბერძენიშვილის ეზო, მისი შემოქმედების ანარეკლით, არაქართველსაც კი ქართველად რომ გამოგიშვებს და რომან რურუას ეზო – როგორც ადამიანურ შესაძლებლობათა ეზო. ლელა კუხიანიძის, მისი ოჯახის, „ნერგელების“ მოღვაწეობა – ეს არის ნიჭის და ნიჭიერების საქვეყნო საქმედ ქცევის გამოცდილება.
ამ დღეებში, მართლაც, სასწაული რამ შევიტყე – ქალმა, რომლის თავზეც ლამის წისქვილის ქვაც კი დატრიალდა, დიდი ქართული სამყარო შექმნა შვედეთში, შვედური ენის დაუფლებით ყველა ქართველისთვის და არა მარტო. ინგლისურ თუ რუსულენოვანი ეიგრანტებისთვისაც კი იმედად იქცა. ვაგრძელებ ამ განწყობას – წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთში დედის ეზო-გარემო გააცოცხლა და დედის მიერ დარგული ხის გვერდით ულამაზესი სახლი ააშენა. როგორც იტყვიან, სოფელი დაამშვენა.
ეს ქალბატონი და მისი ოჯახი ყოველი წლის 1 აგვისტოს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კრებს დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს, დახმარებას უწევს, რაც მთავარია, როგორც ასეთი შვილის დედა, იმედს აძლევს ბავშვებსაც და მშობლებსაც, რომ აქაც შეუძლებელის შეძლებაა შესაძლებელი. მისი ბიჭი შვედეთში უკვე მეტყევედ მუშაობს და საკუთარი შემოსავლებიც კი აქვს.
ბიბლიური შეგონება უნდა მოვიტანო ეკლესიასტედან: „… აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.“
არაადამიანური ქცევებით მოჭარბებულ სამყაროში ღვთის წყალობით, ბევრი ნუგეშისმცემელია. ასეთია ლელა კუხიანიძე. ეს განწყობაა მის ოჯახში, ეს განწყობაა „ნერგელებში“.
ქალბატონ ლელას მისი სკოლის ასაკიდან ვიცნობ. ჟურნალისტი იყო და მე, როგორც ქალაქის მერს, მოსვენებას არ მაძლევდა სხვათა გაჭირვებითა და პრობლემებით. დღეს ის იმ თვალსაზრისითაც უნიკალურია, რომ მისი გული არამარტო ჩაგრულებთანაა, არამედ მისი ცხოვრება, ეს არის – მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამორჩეული მაგალითი.
ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი შვილები! სწორედ, ისინი შეძლებენ იმას რომ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ ვცხოვრობდეთ. როცა „ქართული ერთობის დარბაზმა“ და „მეცნიერთა კონგრესმა“ ხალხს მიმართეს: „გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, ხელისუფლება“, უამრავმა, ასეთ პიროვნებად ლელა კუხიანიძე და მისი მეუღლეც – ტატო მეფარიშვილი დაასახელა.
ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ხალხის ინტერესების გამომხატველ ამ საზოგადოებრივ პარლამენტში შეუძლებელის შეძლბის განწყობით მოვლენ. სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება მიწით, წყლით, ჰაერით, სითბოთი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით, ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალით გამორჩეულ საქართველოს, რომ ჩვენ სამშობლოში ვცხოვრობდეთ ბედნიერებით და ის გამოცდილება, რომელიც ისტორიულად გვაქვს, გაჭირვების ამ ეპოქამ მოგვცა, რითაც ემიგრანტები შეაიარაღა გარეთ ცხოვრებამ – სწორედ საქცეყნო საქმედ იქცევა.
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის, „ნერგელებო“, მამულიშვილნო, ჩვენო მრავალტანჯულო ემიგრანტებო!
თეიმურაზ შაშიაშვილი
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი,
„მეცნიერთა კონგრესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი