საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ახალი კოდექსი: რეფორმა თუ კონტრრეფორმა?

 

gia mefarishvili2010 წლის პირველ ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ამ ახალმა საკანონმდებლო აქტმა ბევრი სიახლე შემოიტანა, მათ შორის პირველად ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ისტორიაში ოფიციალურად დაკანონდა დისკრეციის პრინციპი.

კანონშემოქმედებითი საქმიანობა ერთ-ერთი ურთულესია და იგი ყოველთვის ორ ძირითად საწყისს ეფუძნება – შედარებითი სამართალმცოდნეობის მონაცემებს და იურიდიულ მეცნიერებას. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაცნობის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანონშემოქმედებითი საქმინობის ორივე ზემოთ აღნიშნული საწყისი მასში საფუძველშივეა უარყოფილი.
“დისკრეცია” ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი შეხედულებისამებრ. ქართულ საკანონმდებლო ტერმინოლოგიაში იგი დიდი ხანი არაა, რაც დამკვიდრდა. მაგალითად, საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება გაგებულია როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს, თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ ტერმინს არ იცნობდა.

ახალმა საპროცესო კოდექსმა სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილება მიანიჭა მხოლოდ პროკურორს. პროკურორი, გამოძიების სტადიაზე შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული, უფლებამოსილია, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ანუ ცნოს პირი ბრალდებულად ან უარი თქვას ბრალდებაზე.

სისხლისსამართლებრვი დევნის როგორც დაწყება, ასევე შეწყვეტა გამოძიების სტადიაზე წარმოადგენს პროკურორის განსაკუთრებულ კომპეტენციას, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით (მუხლი 16). გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების საფუძველს ახალი საპროცესო კოდექსი ცალკე განსაზღვრავს. ეს საფუძვლები არახალია, მაგრამ 105-ე მუხლის მე-3 ნაწილში შეტანილია ნოვაცია, რომლის მიხედვითაც სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაძლო,ა არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი საჯაროა (ხაზგასმა ჩვენია – გ. მ., ი. ჩ.)

დაისმის კითხვა: მაშინაც კი, როდესაც პირის ბრალდებულად ცნობისთვის სახეზეა საკმარისი საფუძველი, უფლება აქვს თუ არა პროკურორს, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ან შეწყვიტოს დაწყებული დევნა, თუ, მაგალითად, პირი იმხილება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში? საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამაზე არაფერს ამბობს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ასეთი რამე, სავსებით შესაძლებელია, მოხდეს.

დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს არა კანონი, არამედ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელსაც, საქართველოს კანონის “პროკურატურის შესახებ” მე-8 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მივაქციოთ ყურადღება კანონის კონსტრუქციას: სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი საჯაროა, ხოლო კერძო ნაწილი – დახურული, საიდუმლო (?!). ვერაფერს იტყვი, ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საკითხის “გადაბარება” იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ საიდუმლო ნორმატიულ აქტზე ფრიად “ორიგინალური მიგნებაა” და მას ანალოგი არსად მოეძებნება, საქართველოს გარდა.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ქართველი კანონმდებელი კვლავ აღიარებს საიდუმლო ნორმატიული აქტის არსებობას, რაც იურიდიული ნონსესია და თანაც ადამიანის უფლებების სფეროში.

დავუბრუნდეთ ისევ საპროკურორო დისკრეციის საკანონმდებლო კონსტრუქციას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი სასამართლოში არ საჩივრდება. იგი ერთჯერადად შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოში არ საჩივრდება, ასევე, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება. იგი შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს მხოლოდ დაზარალებულმა, მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან (106-ე მუხლის პირველი ნაწილი). ახალი საკანონმდებლო აქტის ეს მიდგომები მეტად დამაფიქრებელია და საგანგაშო.

აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განვითარდა გაუარესებისკენ და არა პირიქით. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ. ჩვენი აზრით, დისკრეციის პრინციპის შემოღება და დაკანონება თანამედროვე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ნაჩქარევად მოხდა, აშკარად გაუაზრებლად და იგი ისეთ ხარვეზებს შეიცავს, რომელიც დაუყოვნებლივ გასწორებას მოითხოვს. მაინც საიდან შემოვიდა დისკრეცია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში და იყო თუ არა ამის აუცილებლობა? ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილების გაცნობა, თუ რას ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული მეცნიერება.

დასაწყისშივე აღვნიშნავთ, დისკრეციის პრინციპს საერთო სამართლისა და კონტინენტური ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა, დიდი ხანია, რაც იცნობს. შესაბამისად არსებობს ორი ძირითადი კონცეფცია, რომლებიც ეხება პროკურორის დამოკიდებულებას ბრალდების მოცულობასა და ბრალდების ბედზე. პირველი უფრო კონტინენტური ევროპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც პროკურორი დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას ვალდებულია აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გამოძიება, შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მხარი დაუჭიროს მას სასამართლოში. აქ პროკურორის შეხედულება მინიმალურია და იგი, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია, განახორციელოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი. მეორე, საერთო სამართლის ოჯახში შემავალი ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც პროკურორი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და სწორედ ის განსაზღვრავს საკუთარი შეხედულების საფუძველზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თუ უარი თქვას სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.

სისხლისსამართლებრივი დევნის (ბრალდების) მოცულობას განსაზღვრავს პროკურორი და აქ ამ დროს სასამართლო კონტროლი მასზე არ ხორციელდება. არსებობს საინტერესო ფუნდამენტური კვლევები სისხლის სამართლის საპროცესო მეცნიერებაში, სადაც დისკრეციის პრობლემები დეტალურადაა შესწავლილი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ან არ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ, ან იცოდნენ და სპეციაულურად გააუარესეს კანონმდებლობა. ორივე დამაფიქრებელია და საგანგაშო.

თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამჟამად რადიკალურ ცვლილებებს განიცდის. კანონმდებლობა ვითარდება ლიბერალიზაციის, სისხლისსამართლებრივი რეპრესიების გამოყენების რაც შეიძლება შეზღუდვის მიმართულებით. შესაბამისად, კაცობრიობა ეძებს სრულიად ახალ გზებს და უარს ამბობს უკვე დრომოჭმულ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არაადამიანურ სასჯელებზე.

ლიბერალიზაციის ტენდენცია იკვეთება სისხლის საპროცესო სამართალში. შემოდის სრულიად ახალი საკანონმდებლო მიდგომები, რათა, რაც შეიძლება ლიბერალური გახდეს სისხლის სამართლის იუსტიცია. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ინერგება იუვენალური იუსტიციის (არასრულწლოვანთა საქმეებზე) ლიბერალური მოდელები, აღდგენითი სამართალწარმოება (ღესტორატივ ჯუსტიცე – სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოების დამთავრება ბრალდებულის და დაზარალებულის შერიგებით, რომელშიდაც ჩართულია მედიატორი) და ა. შ. დისკრეციის ინსტიტუტი ერთ-ერთი ასეთია.

1987 წლის 17 სექტემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროსაბჭოს შემადგენლობაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს მიმართა შესაბამისი რეკომენდაციით, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში “დისკრეციული სასამართლო დევნის” რაც შეიძლება ფართოდ დანერგვას, თუ ამ სახელმწიფოებში არსებული ისტორიული გარემოებები ან კონსტიტუცია ამის საშუალებას იძლევა. აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, დისკრეციულ წარმოებაზე გარკვეული პირობებით უარის თქმის ან მისი შეწყვტის საკითხის დაყენებისას, საჭიროა ბრალდებულის თანხმობა. აღნიშნული თანხმობის არარსებობის შემთხვევაში დევნის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, გააგრძელოს ბრალდებულის დევნა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ბრალდების წაყენებაზე სხვა მიზეზით იტყვის უარს (პუნქტი მე-7).

ბევრმა ქვეყანამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეს რეკომენდაცია წარმატებით შეასრულა (მაგ.: საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ და ა. შ.). ასე რომ, თანამედროვე ევროპული სამართლისთვის დისკრეცია ნამდვილად არაა უცნობი მოვლენა. აშშ-ის სისხლის სამართლის პროცესში დისკრეცია უფრო “საპროკურორო დისკრეციის” სახელწოდებითაა ცნობილი. იგი გულისხმობს პროკურორის თითქმის შეუზღუდავ უფლებამოსილებას, წარუდგინოს პირს ბრალდება დანაშაულის ჩადენაში თუ უარი თქვას ბრალდების წაყენებაზე. მაშინაც კი, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებებია მოპოვებული ბრალდების წასაყენებლად, პროკურორს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, არ გააკეთოს ეს და უარი თქვას ბრალდების წაყენებაზე “მიზანშეწონილობის” გამო.

“მიზანშეწონილობის” დეფინიციის შინაარსი კანონმდებლობის მიერ არ განიმარტება და იგი წყდება პრაქტიკაში დამკვიდრებული სტანდარტების საფუძველზე. პროკურორისთვის ესოდენ ფართო უფლებამოსილების მინიჭება იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკულ სამართალში, რომ ამერიკელი იურისტები მას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევენ.

ევროპულ და ლათინური ამერიკის ქვეყნებში სრულიად სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. იქ, იმ ქვეყნებში, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე პროკურორი, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია, “სავალდებულო გამოძიება” ჩაატაროს, გულმოდგინედ განიხილოს ის მტკიცებულებები, რომლებსაც მას პოლიცია ან საქმით დაინტერესებული პირები წარუდგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს – წარუდგინოს თუ არა ბრალდება დანაშაულის ჩამდენ პირს. ამერიკელი იურისტები საკმაოდ კრიტიკულები არიან პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას ესოდენ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების გამო. მათი აზრით, ფაქტობრივად, შეუზღუდავი დისკრეცია აშკარად შეიცავს სუბიექტივიზმის საფრთხეს.

ასე მაგალითად, ერთ-ერთ შტატში პროკურორმა გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და არ წარუდგინა პირს ბრალდება იმ მოტივით, რომ სამართალწარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები მიზანშეწონილი არ იყო, დახარჯულიყო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ კონკრეტულ პირზე, მისი საზოგადოებისთვის მოსალოდნელი საფრთხის ხარისხისა და ჩადენილი ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო. არსებობს საკმაოდ შთამბეჭდავი ლიტერატურის სია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონტროლი საპროკურორო დისკრეციაზე და რას უნდა ემყარებოდეს დისკრეცია პროკურორის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ავტორთა დიდი ნაწილი იხრება იმ აზრისაკენ, რომ უმჯობესია, დისკრეციის საფუძვლები განსაზღვროს კანონმა, რომელმაც ზუსტად უნდა დაადგინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლები და ამით მნიშვნელოვნად შეზღუდოს ან თითქმის გამორიცხოს სუბიექტივიზმი. ეს მკვლევარები, საკმაოდ არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რომ სწორედ კანონის მეშვეობით დისკრეციის გამოყენებაა ის ერთადერთი გზა, რომელმაც უნდა გამორიცხოს სუბიექტივიზმი გადაწყვეტილების მიღებისას და ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლონ არაობიექტური სტანდარტების დამკვიდრება სისხლის სამართლის პროცესში.

რაც შეეხება კონტროლს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე, ამერიკელი იურისტები ერთადერთ სწორ გზად, პროკურორის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერ და რაც შეიძლება გამჭვირვალედ განსახორცილებლად, მიიჩნევენ სასამართლო კონტროლის შემოღებას. დაზარალებულსა და საქმის შედეგებით დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება და ამ გზით მოიხსნება ის უხერხულობები, რომლებზეც ზემოთ უკვე ვთქვით. ძლიერი და საჯარო სასამართლო კონტროლი არის ის ერთადერთი გზა, რამაც უნდა აიძულოს პროკურატურა, ჩაჯდეს კანონის მოთხოვნებში და მიუკერძოებელი იყოს დისკრეციული გადაწყვეტილების მიღებისას.

რაც შეეხება კონტინეტური ევროპის სისხლის სამართლის საპროცესო სისტემებს: გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, პროკურორი ვალდებულია, რეაგირების გარეშე არ დატოვოს ყოველი ეჭვი დანაშაულის შესახებ. ამ მიზნით, იგი ვალდებულია, ჩაატაროს გამოძიება (გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის $152 (2), $160, $170-ე (1)). ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, პროკურორი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში, ოღონდ ვალდებულია საკუთარი პოზიცია წერილობით დაასაბუთოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერების პინციპი გერმანულ სისხლის სამართლის პროცესში არ მოქმედებს შეუზღუდავად, რადგან საპროცესო კანონი ($153) შეიცავს გამონაკლისსაც, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებს უფლებამოსილება გააჩნიათ, უარი თქვან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. გერმანულ ლიტერატურაში ასეთ მოვლენას უწოდებენ “ოპორტუნიტეტის” პრინციპს.

”გერმანული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს პროკურორს, დისკრეციული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წერილობითი პასუხი გადასცეს პირს, ვისი განცხადებითაც დაიწყო წარმოება სისხლის სამართლის საქმეზე. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში ($171-172). გერმანელი იურისტები საკმაოდ კრიტიკულნი არიან ოპორტუნიტეტის (მიზანშეწონილობის) პრინციპთან დაკავშირებით. მათი აზრით, მხოლოდ კანონმა უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული საფუძველი, როდესაც პროკურორი გარკვეული მოსაზრებით უარს ამბობს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.

საინტერესოა, რომ “ოპორტუნიტეტის პრინციპი” სისხლის სამართლის პროცესში ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს იყო ერთ-ერთი აქტუალური თემა გერმანულ სისხლის სამართლის საპროცესო მეცნიერებაში. საინტერესოა ცნობილი გერმანელი სწავლულის, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის – კლაუს როქსინის პოზიცია “ოპორტუნიტეტის” პრინციპის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, კანონიერების პრინციპმა თავდაპირველი თეორიული ბაზისი გენერალური და სპეციალური პრევენციის კანონმდებლობაში შემოღების შემდეგ მთლიანად დაკარგა. დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი მოითხოს, რომ კანონმდებელმა თავად განსაზღვროს დანაშაულებრივი ქმედების დასჯადობის პირობები და ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მისი აზრით, აღნიშნული ზოგადსამართლებრივი მოთხოვნიდან შესაძლებელია გამონაკლისიც, რომელიც დაიშვება კონსტიტუციით გარანტირებული “პროპორციული მიზანშეწონილობის” საფუძველზე, როდესაც სახელმწიფომ პროკურორის მეშვეობით უარი თქვა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, სწორედ პრევენციული მიზანშეწონილობის გამო.

პროფესორი კლაუს როქსინი ცალკე გამოყოფს გერმანულ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ოთხ დიდი ჯგუფს, რომელთა საფუძველზე პროკურორი უფლებამოსილია, უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. კერძოდ: 1. ბრალდება, რომელიც უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის საფუძველზე ნაკლებად მნიშვნელოვანია; 2. როცა სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესი შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნას სხვანაირად (მაგალითად: პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით აანაზღაურა მიყენებული ზიანი, თავიდან ააცილა საფრთხე სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ან/და იყო შანტაჟის ობიექტი და ა. შ.); 3. როცა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას გერმანულ სახელმწიფო ინტერესებს (მაგალითად, სახელმწიფო დანაშაულის საქმეებზე); 4. როდესაც დაზარალებულს თავად შეუძლია განახორციელოს კერძო სისხლისამართლებრივი დევნა.

საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რესპუბლიკის პროკურორი უფლებამოსილია, დაიწყოს სისხლისსამართლებრვი დევნა დანაშაულის ჩამდენის მიმართ. დისკრეციული უფლებამოსილება საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით შეზღუდულია და იგი არ გამოიყენება მძიმე დანაშაულის ჩამდენის მიმართ; პირის მიმართ, რომლის მიმართაც ადრე გამოყენებული იყო დისკრეციული უფლებამოსილება და ა.შ. სისხლის სამართლის ფრანგული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას, სასამართლოში (საგამოძიებო პალატა) გაასაჩივროს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე (აღძვრაზე) უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

თითქმის ანალოგიურადაა გადაწყევტილი საპროკურორო დისკრეციის საკითხი ესპანეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (მუხლი მე-100) და სხვა ევროპული ქვეყნების საპროცესო კანონმდებლობაში. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდისა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, საბჭოთა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისთვის უცხო არ იყო საპროკურორო დისკრეციის ინსტიტუტი, ოღონდ იგი სხვანაირად იწოდებოდა. ასე მაგალითად, საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-61, მე-62, მე-7, მე-9 და მე-91 მუხლები ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესაძლებლობას, პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, ამხანაგური სასამართლოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, პირის თავდებქვეშ გადაცემით სისხლის სამართლის საქმის აღუძვრელად. ამ საფუძვლებით წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი საქმე წყდებოდა ან არ აღიძვრებოდა პროკურორის თანხმობით.

საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დეტალურად ითვალისწინებდა, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებოდა აღნიშნული ზომები და ვის მიმართ. 1995 წლიდან კოდექსში შემოღებული იქნა პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების წესიც (მუხლი 2211-2214). წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები სპეციალურ ლიტერატურაში იწოდებოდა “სასამართლო-საგამოძიებო დეკრიმინალიზაციად”.

რუსეთის ფედერაციის 2002 წლის პირველ ივლისს ძალაში შესული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროკურორო დისკრეციის ესოდენ ფართო ჩამონათვალს უკვე აღარ ითვალისწინებს. თუმცა ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ვითარების შეცვლის გამო, ბრალდებულის მიერ მცირე მნიშვნელობის დანაშაულის ან საშუალო სიმძიმის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (მუხლის 26-ე). პრაქტიკულად, იმავეს ითვალისწინებდა საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც (28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო სივრცეს: საქართველოს კანონის “პროკურატურის შესახებ” მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერების პრინციპი პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით პროკურორი ვალდებულია დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაიწყოს გამოძიება (მუხლი მე-100) და განახორციელოს სისხლისამართლებრივი დევნა, თუ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (მუხლი 105-ე). ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პოზიცია ემთხვევა კონტინენტური ევროპის ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების პოზიციებს. მაგრამ, თუ რის საფუძველზე უნდა მიიღოს პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან შეწყვეტისას, სუფთა ამერიკულია.

ამასთან, აღარ არსებობს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. დაზარალებულს უფლება აქვს, მიმართოს საჩივრით მხოლოდ ზემდგომ პროკურორს. ამ მხრივ, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მნიშვნელოვნად აუარესებს დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობას, რადგან ის მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლო კონტროლის მეშვეობით შეძლოს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თუ გავითვალისწინებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ დაზარალებული უკვე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღარ წარმოადგენს მხარეს და იგი უფლებრივად გაუთანასწორდა მოწმეს, ძნელი არ იქნება შესაბამისი დასკვნის გაკეთება, რომ უფლებრივი დაცულობის საკითხი დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა. გარდა ამისა, სასამართლოსთვის მიმართვის არ დაშვება პროცესის მონაწილეების მიერ აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან.

დასასრულს გვინდა გავაკეთოთ დასკვნა: თანამედროვე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შემუშავებისას უცხო ქვეყნის საკანონმდებლო გამოცდილების რეცეფცია (გადმოღება) გარდუვალია. მაგრამ ასეთი გადმოღებები უნდა იყოს კარგად გათვლილი, შესაბამისობაში საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და პირველ რიგში – კონსტიტუციასთან. ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვლა, თუ როგორ იმუშავებს ესა თუ ის საკანონმდებლო კონსტრუქცია ქართულ სინამდვილეში. ჩვენის აზრით, ქვეყანაში, სადაც ოფიციალურადაა გამოცხადებული მკაცრი სისხლისამართლებრივი პოლიტიკა, “ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავეთა მიმართ” პროკურორისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებანი არ იქნება გამოყენებული დასჯითი პრაქტიკის ლიბერალიზაციის კუთხით. მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა და ლიბერალიზაცია ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიებია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შემოტანილი დისკრეციის პრინციპის თეორიული და პრაქტიკული მხარეები მოითხოვს შესაბამის კორექტირებას, თან რაც შეიძლება სწრაფად.

“თავისუფალი აზრის სახლის“ საზოადოებრივი საბჭოს წევრი,
სრული პროფესორი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლე გია მეფარიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ია ჩხეიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *