დღევანდელი საქართველო

დღევანდელი საქართველო – უნიკალური სახელმწიფო ფენომენია.

მსოფლიო თანამეგობრობაში, ალბათ, ვერ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, მეორე ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი განცხადებებით, მოქმედებებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით, საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებით, ქვეყნის მეურნეობის მართვის მეთოდებით – სტაბილურად, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს აღწევდეს.
1991 წელს საქართველოს სახელმწიოფრიობის აღდგენიდან განვლილ 20 წელიწადში, არც ზ. გამსახურდიას და არც ე.შევარდნაძის მთავრობებს არ ჩამოუყალიბებიათ ისეთი ვითარება, რომელიც მეტნაკლებად მისაღები ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის – იმ შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფების გამოკლებით, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, ანდა ამა თუ იმ სახით, ემსახურებოდნენ მას.
რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მან მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა, ძირითადად, ორი საკითხის გადასაწყვეტად:

პირველი –მოსახლეობის უმრავლესობის სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების მინიმიზაცია; მოქალაქეებში ნიჰილიზმის, უიმედობის, სოციალური და პოლიტიკური პასიურობის ჩამოყალიბება; არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შიშით, საკუთარი, თუნდაც ელემენტარული მოთხოვნების რეალიზაციაზე, საკუთარი ულებების დაცვაზე უარის თქმა.

მეორე – დასავლეთის გავლენიანი სახელმწიფოებისა და ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, საქართველოს არა მარტო მოსათმენ ან თუნდაც, მისაღებ, არამედ სასურველ და სასარგებლო დანამატ– სახელმწიფოდ გადაქცევა, განსაკუთრებით იმ გლობალურ და კვაზი–გლობალურ პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და მისი მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცხოვრებასა და განვითარებასთან.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ,რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ განვლილი 8 წლის განმავლობაში ორივე ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვიტა.

ხოლო ძირითად ხელშემწყობად მოვლენების ასეთი სახით განვითარებაში მას, სწორედ საქართველოს მოსახლეობა მოევლინა.

რამ განაპირობა პროცესების ამ გზით განვითარება?
პასუხის გასაცემად ღრმა და სრულყოფილი კვლევის ჩატარებაა საჭირო , ხოლო ობიექტურობის მაღალი ხარისხის მისაღწევად, აუცილებელია დღევანდელ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის განხილვა და შეფასება.

რას წარმოდგენს დღევანდელი საქართველო ?

– ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 1979 წელს შეადგენდა 5 450 000 ადამიანს, დღეს ოფიციალურად დავიდა 4 440 000–მდე, ხოლო ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით – 3 700 000–მდე.

– 1990 წლიდან ქვეყნის სათავეში მყოფი, სხვადასხვა ხელისუფალთა მცდარი და უპერსპექტივო პოლიტიკის გამო, მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

– აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენენ, საკუთარ ქვეყანაშივე იქცა ლტოლვილად და მათი საერთო რაოდენობა 300 000 ადამიანია, ანუ მთელი მსოხლეობის 8 პროცენტზე მეტი.

– ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.
განსაკუთრებით, ეს მწარმოებლურ დარგებს ეხება და, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას.

– უმუშევრობის რეალურმა დონემ 60 პროცენტს გადააჭარბა.

– უკიდურესად დაბალია მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით, პენსიონერების, ხეიბრების, მარტოხელა და უმწეო ადამიანების.

– მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილისათვის, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ჯანმრთელობის რეალური დაცვა, ხოლო სამედიცინო დაზღვევის სისტემა ხელისუფლების მიერ დადგმულ მორიგ ფარსად იქცა.

– ხელისუფლების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით შექმნილმა მონოპოლიებმა, გამოიწვიეს უპრეცედენტო ინფლაციური პროცესები და ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების, კომუნალური გადასახადებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების გადახდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა.

ხელისფლების მიერ გაატრებული საგარეო პოლიტიკა, მთლიანობაში ქვეყნისთვის, მისი განვითარებისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის და, რაც მთავარია, მოსახლეობის მოთხოვნებისა და ინტერესებისათვის – აშკარად ზიანის მომტანია.

არსებული ხელისუფლების რვაწლიანმა მართვამ გამოიწვია:

– ქვეყნის ეკონომიკის მართვაში, უცოდინარობითა და არაკომპეტენტურობით გამოწვეული სერიოზული ჩავარდნები.

– რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებების სათავეში გამოუცდელი, პროფესიულად შეუსაბამო და უუნარო ხელმძღვანელების დანიშვნა.

– ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის მიმართ მკაფიო და პერსპექტიული პოლიტიკის უქონლობა.

– მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საწინააღმდეგოდ მიმართული საქმიანობის გააქტიურება.

– ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრული მოშლა და მისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განადგურება.

– განათლების ეროვნულ სისტემაში ქაოსის დამკვიდრება, რაც ხელს უწყობს მნიშნელოვანი ხარვეზების წარმოქმნას მოსწავლეთა აღზრდაში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და ჩვევებით მათ შეიარაღებაში.

– უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვალიფიურ სპეციალისტთა მომზადების უკიდურესად დაბალი ხარისხი.

– მსოფლიოში აღიარებული ქართული სამეცნიერო სკოლების დონის და პროდუქტიულობის დაცემა, ქართველ მეცნიერთა ნაშრომების კონკურენტუნარიანობისა და აქტუალობის სერიოზული დაქვეითება.

– საქართველოს სამრეწველო პოტენციალის დაცემა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ამაღლებასა და საექსპორტო მაჩვენებლების მკვეთრ გაუარესებაში.

– სოფლის მეურნეობის შეგნებული და თანამიმდევრული განადგურება. მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეხილეობის და სხვა დარგების ღრმა კრიზისი.

– მეჩაიობის, მეთამბაქეობის, მეაბრეშუმეობის სრული და შეუქცევადი განადგურება.

– მოსახლებისათვის მიწოდებული სურსათის დაბალი, ხშირ შემხვევებში კი, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხი.

– სრული უკონტროლობა იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით მედიკამენტებზე, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმზე, საშენ მასალებზე და ა.შ., რაც საქართველოში რიგი საშიში პროცესების განვითარებას უწყობს ხელს.

– საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში საქართველოს სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის სრულიად დაუსაბუთებული და გაუმართლებელი ინიციატივა, რასაც უკვე მოჰყვა მრავალი მსხვერპლი და რაც, ქვეყნის მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება.

– დაპატიმრებულთა და პრობაციონერთა რაოდენობის უპრეცედენტო მატება.

– სუიციდის შემთხვევათა მკვეთრი ზრდა.

– პენსიებისა და შემწეობების უკიდურესად დაბალი დონე, რაც ისედაც ხელოვნურად შემცირებული საარსებო მინიმუმის ნახევარის ტოლია.

ამ ნუსხის გაგრძელებაც შეიძლება, თუმცა ეს აზრს არის მოკლებული, რადგან მოტანილი ბრალდებებიდან, მხოლოდ რომელიმე ერთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, მოხდებოდა, სულ ცოტა, მთავრობის გადაყენება, ხოლო უმრავლეს შემთხვევებში – ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა.

საქართველოს ხელისუფლების საკმაოდ მშვიდი და კომფორტული ცხოვრების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი არის მისი რწმენა (არსებული რეალობის მიერ არაერთხელ დადასტურებული), რომ, რა სახის გადაცდომა თუ დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, პასუხს მაინც არავინ და არაფერზე არ მოსთხოვს.
აქ არ იგულისხმება თითო–ოროლა ოპოზიციონერისა, თუ ამა თუ იმ საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლიანი, მაგრამ იურიდიულად და, ხშირად, აზრობრივადაც არასაკმარისად ნათლად ჩამოყალიბებული პრეტენზიები.

ვგულისხმობთ არგუმენტირებულ, საკითხის სრულად და ღრმად შესწავლის შედეგად ჩამოყალიბებულ, მკაფიოდ სტრუქტურირებულ ბრალდებებს, რომლებიც საჯაროდ გამოცხადების შემდეგ, დასაბუთებული იურიდუილი დოკუმენტის სახეს მიიღებს და სარჩელის სახით წარედგინება სასამართლოს.

კარგად გვესმის, რომ საქართველოში მოქმედი სასამართლო სისტემის ხასიათისა და მოქმედების პრაქტიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი, როცა ფიზიკური და იურიდიული პირების ხელისუფლებისა და მისი ქვედანაყოფების მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხება საქმე, ობიექტური შედეგების მიღების ალბათობა, ძალიან დაბალია.

მაგრამ მსგავსი სარჩელების სიმრავლე, საბოლოო ჯამში, სულ ახლო მომავალში, კონკრეტული შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

სხვადასხვა დონის სასამართლოების მიერ სარჩელზე უარის თქმაც – იურიდიული შედეგია, რომელიც აპელაციური და საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრებულ იქნას.

ამავე დროს, პოლიტიკური რეალიების შეცვლის შემთხვევაში, განაჩენის გამომტანი სასამართლოც და მოსამართლეც პასუხისმგებლის პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდნენ.

სამწუხაროდ, ოპოზიციური სტრუქტურები თითქმის არ იყენებენ ამ საქმეში მრავალრიცხოვანი ქართველი ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეულ მაღალკვალიფიურ სპეციალისტთა ანალიტიკურ მასალებსა და დოკუმენტებს, რომელთა ზედაპირული გაცნობაც კი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მუდმივად დეკლარირებული წარმატებები, ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად, ყველა სფეროში, არა მარტო უარჰყო, არამედ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,

სამართლებრივი პასუხებიც მოსთხოვო ხელისუფლებას, ყალბი ინფორმაციის, წინასწარი განზრახვით გავრცელების გამო.

განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

მოსახლეობის დასაქმება,
საარსებო მინიმუმის ოდენობა,
უცხოეთიდან მიღებული მატერიალური სახსრების ხარჯვა,
სახელმწიფო შესყიდვები,
ხელისუფლების მიერ ჩატარებული ტენდერები,
საგზაო მშენებლობაზე გახარჯული თანხები,
პენსიონერთა, უმწეოთა, ინვალიდთა სოციალური დაცვა,
ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა,
ხელოვნური მონოპოლიების ფორმირება,
სახოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციის, ენერგომატარებლების, სურსათის ფასები
და ბევრი სხვა საკითხი, რაზედაც მოსახლეობას უნდა გააჩნდეს სრული და ზუსტი ინფორმაცია.

რა არის საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა ძირითადი მიზეზები?
ამ მიზეზების დაყოფა, ვფიქრობთ, სამ ჯგუფად შეიძლება:

1. საქართველოს ხელისუფლებაზე გარეშე პოლიტიკური და საფინანსო– ეკონომიკური ძალების უპირობო და მძლავრი ზეგავლენა და, ფაქტიურად, მისი სრული მართვა, რაც შემდეგი ძირითადი მიზნების რეალიზაციას ემსახურება:

– საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული რესურსების საკუთარი ინტერესების სამსახურში ჩაყენება.

– საქართველოს მოსახლეობაში (განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში) დასავლური ფასეულობების (რაც სრულ წინააღმდეგობაშია წინამორბედი თაობების ფასეულობათა შინაარსთან), დამკვიდრება და ფეტიშიზაცია.

– დაუნდობელი კონკურენციის ხელშემყწობი პირობების შექმნა არა მხოლოდ პროფესიულ სფეროებში, არამედ ადამიანთა უშუალო ურთიერთობათა სფეროებში, მათ შორის, ოჯახში.

– ეროვნული ხასიათის და მენტალობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი და ფარული მეთოდების გამოყენება.

– საქართველოს მოსახლეობის შემცირების არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და გაღრმავებისაკენ მიმართული პროცესების ხელშეწყობა.

–ადგილობრივი სამეწარმეო და ინტელექტუალური პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის შემცირება, რის შედეგად ქვეყანა მისთვის უცხო ტიპისა და სტანდარტების პროდუქციაზე გახდება დამოკიდებული, რაც მისი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის ერთ–ერთ უმთავრეს საშიშროებას წარმოადგენს.

– საქართველოს მოსახლეობაში მისთვის არაბუნებრივი და, ხშირად, მიუღებელი კულტურის ელემენტების შეტანა ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებეული და საკმაოდ მდგრადი კულტურული, მენტალური მემკვიდრეობის ტრანსფორმაციის მიზნით.

2. საქართველოს ყველა ხელისუფლების (1991 წლიდან–დღემდე) და მათი მთავრობების წარმომადგენელთა უკიდურესად დაბალი კვალიფიკაცია და არაკომპეტენტურობა იმ სფეროებსა და საკითხებში, რასაც ისინი ხელმძღვანელობენ.

ამის შედეგად, საქართველოში მივიღეთ ისეთი რეალობა, რასაც საქართველოში, საკუთარი გეგმების განმხორციელებელი გარეშე ძალებიც კი არ ელოდნენ.
კერძოდ:

– საქართველოში, მეოცე საუკუნის ბოლოს მოქმედი ორასამდე სამეცნიერო–კვლევითი, სამეცნიერო–ტექნოლოგიური, საკონსტრუქტორო, სამეცნიერო–საწარმოო ორგანიზაციების ეტაპობრივი ლიკვიდაციის, დაფინანსების კლების, ახალი კადრებით შევსების შეწყვეტის პროგრამა, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა ძალებმა, თითქმის ერთბაშად, სულ რაღაც ორ–სამ წელიწადში „დამკვრელურად“ შეასრულეს.

– მთლიანად განადგურდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემა, მასში შემავალი ინსტიტუტებით, მუდმივმოქმედი კომისიებით, სხვა სამეცნიერო–კვლევითი და ტექნოლოგიური ხასიათის სტრუქტურებით, სადაც 30 ათასამდე მეცნიერი მუშაობდა, მათ შორის, 12000–მდე – სამეცნიერო ხარისხის მქონე, უამრავი, მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი.

– ე.წ. უმაღლეს სასწავლებელთა რაოდენობის კატასტროფიული ზრდის შედეგად (1989 წელს – 19 უმაღლესი სასწავლებელი, ხოლო 2010 წელს – ორასზე მეტი) მკვეთრად შემცირდა სწავლების ხარისხი და დონე, ხოლო ბევრ, ახალი ტიპის უნივერსიტეტსა და სასწავლებელში იგი ადრინდელი საშუალო სკოლის დონეზეც კი დაბალია ( ათიოდე დადებით გამონაკლისი, მხოლოდ ამძაფრებს უმაღლეს სასწავლებლებისთვის დამახასიათებელი სწავლების ხარისხისა და კომერციალიზაციის ჩრდილოვან მხარეებს).

– სრული გაუგებრობაა შექმნილი საშუალო განათლების სისტემაში, სადაც პერმანენტულად მიმდინარე „რეფორმებად“ წოდებული რეორგანიზაციები, მრავალრიცხოვანი, საკმაოდ საეჭვო შინაარსისა და დანიშნულების სახელმძღვანელოები (რომელთა შესაბამისი აუცილებელი მეთოდური მასალებიც არ შექმნილა), პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და სრული ქაოსი სკოლების აღმზრდელობით ფუნქციებში, უზრუნველყოფს კიდეც „ძირითად დამკვეთთა“ მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელებას – უცხო ენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ფლობას და მომხმარებლური ფსიქიკით და უნარებით გამორჩეული ახალი თაობის ფორმირებას.

ის, რომ ეს ამოცანა წარმატებით ხორციელდება, უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ყოველწლიურად კლებადი რაოდენობა და მათი მომავალი პროფესიის არჩევისას გამომჟღავნებული პრიორიტეტები ადასტურებენ.

3. დაბოლოს, ხელისუფლების ამორალური ხასიათი, რაც ვლინდება ცხოვრებაში ისეთი „წესების“ და „პრინციპების“ დამკვიდრებაში–იქნება ეს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ზოგადად – ეკონომიკა, თავდაცვა და საზოგადოების წესრიგის დაცვა, კულტურა და ა.შ., რასაც მოსახლეობის სულიერი და მორალური დეგრადაციის, სოციალური და პოლიტიკური პასიურობის მიზეზია.

ბოლო წლებში საქართველოში შექმნილია ბიზნესის ორგანიზებისა და განვითარების ისეთი მოდელები და სქემები, რომლებიც საფუძველშივე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენის აუცილებლობის შემცველია.

ყოველივე ეს კი, მაკონტროლებელ და საფინანსო ორგანოებს, დამნაშავეობასთან საბრძოლველად შექმნილ სტრუქტურებს, „წარმატებული“ მუშაობისათვის ყველა პირობას უქმნის.

სწორედ ამან შექმნა სრულიად ახალი რეალობა ქართულ
სამრეწველო სივრცეში.

„თეორია“ ასეთია:
გსურს მუშაობა – კომპანიის შექმნა შესაძლებელია სულ რაღაც სამ–ოთხ დღეში, ყოველგვარი თხოვნების, ქრთამების და ბიუროკრატიული ხელშეშლის გარეშე (ეს მართლაც ასეა).
გინდა შენმა ბიზნესმა მოგიტანოს მოგება–გაითვალისწინე უკლებლივ ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონი.

და თუ კი მაინც გადაწყვეტ ბიზნესის განვითარებას, „უყურადღებოდ“ არ დარჩები.
რეალობაში კი, სამეწარმეო სივრცის პრაქტიკულად, ყველა სფეროში არსებული მძლავრი, ხელისუფლების მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი მონოპოლიების გამო, დამოუკიდებელი, კავშირებსა და „საჭირო“ ურთიერთობებს მოკლებული მეწარმისათვის, ახალი საქმის დაწყება ძალზე რთულია.

ხოლო ის, ვინც მაინც იწყებს, მინიმალური, მხოლოდ ოჯახის შესანახი მოგების მისაღებადაც, იძულებულია ამა თუ იმ სახით, მაინც დაარღვიოს კანონი.
ეს კი შეუმჩნეველი არ რჩება.

სწორედ ასეთი სქემების მოქმედების გამოა საქართველოს ციხეებში 28 000 პატიმარი და, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, 100 000–ზე მეტი ე.წ. საპროცესო შეთანხმების მონაწილე, რითაც, ჯამში, საქართველო მსოფლიო უპირობო ლიდერია, ხოლო უშუალოდ საპყრობილეებში არსებული კონტინგენტის რაოდენობის მიხედვით მხოლოდ აშშ–ს და რუსეთს ჩამორჩება (100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით).

რა თქმა უნდა, კანონი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ კანონიც რეალურად უნდა იცავდეს თითოეული მოქალაქის უფლებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნებრივ სურვილებს, მის კონსტიტუციურ უფლებას – ჰქონდეს სამუშაო და ამ სამუშაოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური შესრულების შემთხვევაში, მიიღოს ისეთი ანაზღაურება, რომელიც მისი და მისი ოჯახის ელემენტარული ცხოვრებისეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
ყოველივე ეს კი საქართველოს ძირითადი კანონის, ქვეყნის კონსტიტუციით უნდა იყოს არა მხოლოდ დეკლარილებული, არამედ გარანტირებულიც.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *