მერაბ ჯიბლაძე: “წინა ორი ხელისუფლების “წარმატებულმა” რეფორმამ რომ სკოლები გაარემონტა და სასწავლო პროცესი დაანგრია”

 

 

merabiწინა ორი ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა `წარმატებულმა” რეფორმამ რომ სკოლები გაარემონტა და სასწავლო პროცესი დაანგრია, ალბათ ბევრი დამეთანხმება. მართლაც, სკოლების ფასადებზე აბრა `საშუალო სკოლა” გაქრა და ის `საჯარო სკოლამ~ შეცვალა.

რა იყო ამ თითქოსდა უმნიშვნელო შეცვლის მიზეზი?

მიზეზი კი ძალზე სერიოზულია.

ამერიკასა და ევროპაში რამდენიმე ტიპის სკოლაა: უმდაბლესი ხარისხის სკოლები ამერიკაში უფასო ` Public School „-ებია, სადაც სასწავლო პროგრამა მეტისმეტადაა გამარტივებული და გონებასუსტი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. შემდეგი ხარისხის სკოლა `საშუალო~ სკოლაა, რომელსაც მოსდევს `მაღალი“ და `აკადემიური“ სკოლები.

რატომღაც ჩათვალეს, რომ ქართველი ბავშვებისთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნის შვილებისათვის, `Public School , ანუ `საჯარო სკოლა“ სრულიად საკმარისია და სასწავლო პროგრამების გამარტივებასთან ერთად სკოლების სახელწოდება შესაბამისად შეიცვალა.

გადაშალეთ დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები (განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში) და ადვილად ნახავთ, რომ ისინი მართლაც გონებასუსტი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული!

სამაგიეროდ, სახელმძღვანელოები იმდენად უაზრო ფერად-ფერადი სურათებითაა დახუნძლული, რომ მხოლოდ მისი მოცულობის გაზრდას და გაძვირებას ემსახურება. მართლაც, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მეათე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოში ფერად სურათზე გამოსახულია ანთებული ჩვეულებრივი გაზქურა, რომლის ქვეშ შემდეგი განმარტებაა: `ბუნებრივი აირი იწვის”. იქვე, ფერად სურათზე ელექტროგადამცემი ხაზებია გამოსახული, მეორეზე კი აისბერგი ტივტივებს ოკეანეში შესაბამისი განმარტებით (ყინულის მთები ყოფილა). ვისთვისაა ეს ინფორმაცია განკუთვნილი, თავად განსაჯეთ. ამგვარ ინფორმაციას თქვენც მრავლად იხილავთ სხვადასხვა სახელმძღვანელოებში და დარწმუნდებით, რომ ისინი გონებაჩლუნგი ბავშვებისთვისაა დაწერილი!

უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების გამოცემა ბიზნესის საგანი გახდა და დაგვიგროვდა მაკულატურა, რომელშიც მშობელი საკმაოდ დიდ თანხას იხდის. თანაც, რადგან დადგინდა, რომ ერთი სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ერთი საგნის სახელმძღვანელო 5 ნაწილად გაჰყვეს და თვითოეული 10 ლარად იყიდება. საბაზრო ეკონომიკის კანონების სახელმძღვანელოთა ბიზნესში შემოსვლამ ბოლო მოუღო მათ შინაარსობრივ ხარისხსს, თუმცა, პოლიგრაფიულად მართლაც მაღალ დონეზეა გამოცემული. ამასთანავე გაჩნდა კორუფციის ახალი არხი, რომელიც ავტორს სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან აკავშირებს.

გარკვეული სასიკეთო ძვრები შეინიშნება მათემატიკის მაღალი კლასების სახელმძღვანელოებში, მაგრამ ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის სახელმძღვანელოების დონე უაღრესად არადამაკმაყოფილებელია.

სამაგიეროდ, ეს მდარე ხარისხის სახელმძღვანელოები საკმაოდ მსხვილყდიანი და სქელტანიანი აღმოჩნდა. ფერადმა სურათებმა წიგნებიდან არა მარტო ტექსტი განდევნა, არამედ საკმაოდ დაამძიმა და მეოთხეკლასელის სკოლაში წასაღები ჩანთის წონამ 4 კილოგრამს გაააჭარბა!!!

რას ვერჩით ბავშვებს რატომ არ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას? თუ მათი ნორმალური განათლება არ გვადარდებს, მათ ჯანმრთელობას მაინც ხომ უნდა გავუფრთხილდეთ?EA

ნორმალური სწავლის ნაცვლად მძიმე ჩანთების ტარება ბავშვების ხერხემალს ზიანს ხომ არ მიაყენებს?

1993 წელს ამერიკელებთან ერთად `მომავლის სკოლა“ დავაარსე. მართალია, სასწავლო პროგრამა არ მომწონდა, მაგრამ სწავლების ფორმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. სწავლების სისტემა ბავშვებისთვის ინდივიდუალური იყო და ძლიერი მოსწავლე სუსტს არ `ელოდებოდა~. ზოგი ჩამორჩებოდა, სხვა კი წინ მიიწევდა თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ თითოეული სახელმძღვანელო 12 სასწავლო რვეულისაგან შედგებოდა. ფერადი სურათები იქ არ იყო წარმოდგენილი და ამდენად, სახელმძღვანელო მთლიანობაში საკმაოდ იაფი იყო.

თავისუფალი ბაზრის პირობებში ალბათ არ შეიძლება სახელმძღვანელოების ფორმისა და მოცულობის აკრძალვა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება ამ ამერიკული მიხვედრის ჩვენთან გადმოტანა? მაშინ სახელმძღვანელოები არა მარტო მკვეთრად გაიაფდება, არამედ სასკოლო ჩანთის წონაც მნიშვნელოვნად შემცირდება და ბავშვებს ჯანმრთელობასაც შევუნარჩუნებთ.

თუმცა, ზოგმა, შედარებით შეძლებულმა მშობელმა სახელმძღვანელოების ორი კომპლექტი შეიძინა: ერთი სკოლაში დატოვა, მეორე კი სახლში. კარგი მიხვედრაა, თუმცა საკმაოდ ძვირი.

მე სხვა გზა ავირჩიე და გადავწყვიტე სახელმძღვანელოები დამეფურცლა, რათა სკოლის ჩანთა შემსუბულებულიყო. შედეგად, ჩანთის წონა კილონახევრამდე შემცირდა, თუმცა, პერსპექტივაში მისი შემდგომი შემცირებაც შეიძლება, თუ სქელ რვეულებზე უარს ვიტყვით და 12-ფურცლიანებზე გადავალთ.

მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოცემული ფერად-ფერადად აჭრელებული სახელმძღვანელოების შინაარსობრივი დონე ძალზე ჩამორჩება იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც `კომუნისტური რეჟიმის~ დროს ყველა მოსწავლსთვის აუცილებელი იყო. მართალია, მათი დაძლევა ყველას არ შეეძლო, მაგრამ გარკვეული მიმართულების ნიჭის მქონე ბავშვისთვის ის აუცილებელი იყო. ზოგი მათემატიკურ ან საბუნებისმეტყველო მიართულებას ირჩევდა, სხვა ჰუმანიტარულ საგნებს ეუფლებოდა და მათემატიკა ნაკლებად ეხერხებოდა. ეს ყველგან ასეა, მაგრამ ნიჭიერი ბავშვების განათლება დაბალი დონის სახელმძღვანელოებით შეზღუდო, უდავოდ დანაშაულია ნიჭიერი ბავშვის მიმართ.

რას ვერჩით ნიჭიერ ბავშვებს? რატომ არ ვაძლევთ მათ ნიჭის გამოვლენის საშუალებას?

მე მქონდა ლექციების სერია სკოლის ბავშვებთან და ბევრი ნიჭიერი და სწავლის მსურველი ბავშვი ვნახე. აღფრთოვანებული ვარ აგვისტოს ბოლოს ბათუმში ჩატარებული სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და მათ შესაბამის დონეზე განათლებას ხელი უნდა შევუწყოთ.

თუ გვსურს, რომ საქართველოში განათლება მთლიანად არ განადგურდეს და ნიჭიერება გადავარჩინოთ, აუცილებელია დაარსდეს თუნდაც რამდენიმე მაღალი დონის აკადემიური სკოლა, სადაც ძირითადად ნიჭიერი ბავშვები მოიყრიან თავს მაღალი დონის მასწავლებლებთან ერთად და იქნებ ამ სკოლებისთვის მაინც შეიქმნას სპეციალური მაღალი დონის სახელმძღვანელოები?

საზოგადოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ განათლების სისტემაში კორუფცია დავძლიეთ. რა იყო კორუფციის მიზეზი?

მიზეზი ოყო ის მანკიერება, რომ მშობელი უცოდინარობისთვის იხდიდა ფულს, ხოლო უსინდისო ლექტორი აბითურიენტს და სტუდენტს დაუმსახურებელ შეფასებას უბოძებდა.

რა შეიცვალა დღეს?

მხოლოდ ის, რომ დღეს მშობელი უხდის უმაღლეს სასწავლებელს საკმაოდ მოზრდილ თანხას, რომლის ნაწილი პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასზე იხარჯება.

რომელი პროფესორი დაწერს უარყოფით შეფასებას, როდესაც კარგად იცის, რომ მისი და მისი კოლეგების ხელფასი სწორედ ამ სტუდენტების შენატანებზეა დამოკიდებული? ეს ხომ ისევ ჩვეულებრივი კორუფციაა, მხოლოდ სახელმწიფო ხაზინის გავლით `გაპრავებული”?

სამწუხაროდ, ჩვენთან ზოგიერთ, განსაკუთრებით ეკონომიურ და იურიდიულ სპეციალობებზე, მკვიდრდება სახელმძღვანელოების იძულებით მიყიდვა სტუდენტებზე. ლექტორები წერენ სახელმძღვანელოებს და გამოცდების წინ თავიანთ სტუდენტებზე იძულებით ყიდიან. ეს სტუდენტებისგან დამატებით ფულის `ამოქაჩვის~ იძულებითი ფორმაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. მიუხედავად `საბაზრო ეკონომიკის~ კანონებისა, აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეიქმნას შესაბამისი მაღალკვალიფიციური საბჭოები, რომელთა მკაცრი განხილვისა და რეკომენდაციის გარეშე არ უნდა გამოიცეს სასკოლო სახელმძღვანელოები. სრული თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკის კანონები სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხსს მხოლოდ დასწევს.

Mაინც საინტერესოა, როგორ უნდა შედგეს საგამოცდო ტესტები ეროვნული გამოცდებისთვის სახელმძღვანელოების ასეთი მრავალფეროვნების პირობებში, როცა მათში განხილული მასალები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება?

ყოფილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა: `ჩვენ ვაფინანსებთ არა უმაღლეს სასწავლებლებს, არამედ სტუდენტებს!~

სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ უმაღლესი სასწავლებლები განუწყვეტლივ სტუდენტების ძიებაშია და რასაკვირველია, რომ `ნაშოვნი~ სტუდენტები, თუ ფულს გადაიხდიან, სასწავლებლიდან არ გაირიცხება უმდაბლესი აკადემიური დონის მიუხედავად.

ამიტომაც, უნივერსიტეტების მთავარი მიზანი სტუდენტების მოზიდვა და მათგან `ფულის ამოღებაა~. ცხადია, ამ დროს ლექციებისა და საერთოდ, სასწავლო პროცესის ამაღლებაზე საუბარი სრულიად ზედმეტია.

სამაგიეროდ ნიჭიერი ბავშვები გვეჩაგრება და მათაც, შესაძლებლობის მიხედვით საზღვარგარეთ გაქცევა ურჩევნიათ.

თუმცა, საზღვარგარეთაც ასეა. მე მომიწია ამსტერდამის უნივერსიტეტში მეოთხე კურსელებისთვის სპეციალური ლექციების მცირე კურსის წაკითხვა და გამაოცა სტუდენტების არც თუ მაღალმა დონემ. გამოცდა უნივერსიტეტის პროფესორ ფრვერდასთან ერთად ჩატარდა და გამოცდის შემდეგ პროფესორმა განმიმარტა, რომ უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები უკვე მეორე-მესამე კურსიდან ამერიკაში გარბიან და ჩვენ ვინც გვრჩება, უკეთეს შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლობა შეუძლიათო.

მახსოვს, განათლების სამინისტროში ჩემი მუშაობის პერიოდში 1991 წელს ჩამოვიდა ევროპელ განათლების მუშაკთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტების ევროპულ სისტემაში აკრედიტაციით იყო დაინტერესებული. აკრედიტაციის პირობა 20-მდე საკითხსს შეიცავდა. ცხადია, იყო ფინანსური მოთხოვნებიც და სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიების რაოდენობა და აღჭურვილობა, მაგრამ ერთი მოთხოვნა იყო ძალზე საინტერესო: `უნივერსიტეტი არ უნდა დაამთავროს შესულთა 20%-ზე მეტმა!~

გამეღიმა და წამსვე შეკითხვა მივიღე: `თქვენ არ ეთანხმებით ამ მოთხოვნას? ჰარვარდის უნივერსიტეტს მხოლოდ შესულთა 15-17% ამთავრებს~

ვუთხარი, რომ ეს გენიალური მოთხოვნაა და მართლაც განსაზღვრავს გამოცდების ობიექტურობის ხარისხსს. გამახსენდა, რომ პალერმოს უნივერსიტეტს ფიზიკის განხრით წელიწადში მხოლოდ 7-9 სტუდენტი ამთავრებდა.

უნდა ვაღიარო, რომ სასესიო გამოცდებზე ჩემს მიერ დაწერილი დადებითი შეფასებებიდან 80% არ იმსახურებდა ამ შეფასებას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, რადგან კანონის თანახმად, უნივერსიტეტის დაფინანსება სტუდენტების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული და 7 `არადამაკმაყოფილებელი~ შეფასება ერთი პროფესორ-მასწავლებლის შტატის შემცირებას ნიშნავდა (ასე იყო კომუნისტების დროს 1973 წლიდან)

ამ მხვრივ დღეს მდგომარეობა უარესია და სწორედ ამიტომ კატასტოფულად დაეცა ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების დონე (განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში). სწორედ ამიტომ, 2006 წელს მე უარი ვთქვი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელებთან ლექციების კურსზე, რადგან სასესიო გამოცდაზე სტუდენტთა დაახლოებით 75 %-ის ცოდნა არ აღემატებოდა ადრინდელი საშუალო სკოლის მერვეკლასელის დონეს ფიზიკაში.

როგორ გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან?

აუცილებელია, რომ თუნდაც ერთი უნივერსიტეტი, სადაც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება, მთლიანად სახელმწიფოს და სხვა შემოწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებდეს, მაღალი სტიპენდიებით და იმდენად ობიექტური გამოცდებით, რომ ეს უნივერსიტეტი 20 %-ზე მეტმა არ უნდა დაამთავროს. სტუდენტთა გაცხრილვა კურსიდან კურსზე გადასვლისას უნდა მოხდეს და კორუფციის თავიდან ასაცილებლად, მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს სტუდენტთა ცოდნაზე. სხვათაშორის, სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა ცოდნის დონის კონტროლი დაწესებულია ისრაელის სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც განათლების სამინისტრო პერიოდულად ატარებს ბავშვების ტესტურ გამოცდებს და თუ შეფასებები განსხვავდება მასწავლებლების შეფასებებისგან, მასწავლებელი იგზავნება კვალიფიკაციის ამაღლების მრავალთვიან სპეციალურ კურსებზე, რომლის შემდეგ მასწავლებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი უბრუნდება სასწავლებელს. ისრაელში ასეთი წესი არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სკოლებზეც ვრცელდება და ამიტომ კერძო სკოლები ბიუჯეტის 30 %-ს სახელმწიფო აფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუდენტი იხდის იმ თანხის მხოლოდ 10 %-ს, რაც უნივერსიტეტი მისი სწავლებისთვის ხარჯავს. დანარჩენ თანხას ძირითადად შემოწირულობებით აგროვებენ. მართალია, ზოგ ტექნიკურ სპეციალობებზე სწავლა უფასოა, მაგრამ იურიდიულ, ეკონომიკურ და სამედიცინო სპეციალობებზე გადასახადები მნიშვნელოვნად გაზრდილია.

სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონია მიწასთან იყო გასწორებული, იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის 60 % განათლებისთვის გამოჰყო. თუ რას მიაღწია იაპონიამ, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. შეუძლებელია ეკონომიკის, და საერთოდ, ქვეყნის განვითარება, თუ სათანადოდ არ დაფინანსდა განათლება და მასთან მჭიდროდ დაკავშირემული მეცნიერება. მეცნიერება სწორედ ის შუქურაა, რომლისკენაც ნიჭიერი ახალგაზრდა მიისწრაფის და მათი მაღალი დონის განათლების მიღების მოტივაციას უზრუნველყოფს. ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტმა მეცნიერებისა და განათლების კანონებს საფუძვლიანად უნდა გადახედოს, უნდა დაბრუნდეს სამეცნიერო ხარისხები და პროფესორის წოდება მხოლოდ ღირსეულთა ხვედრი უნდა გახდეს, ხოლო პროფესორი სათანადოდ უნდა დაფასდეს.

მართალია, დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სახელმწიფოს ვერ მოსთხოვ გაიღოს ის თანხა, რომელიც აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების სრულყოფილი განვითარებისათვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ თუნდაც ერთი უნივერსიტეტისა და მასთან დაკავშირებული სპეციალური მაღალი დონის რამდენიმე სკოლის შექმნით, რომლებიც მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფოსა და შემოწირულობების ხარჯზე. შესაძლოა ეს უკვე არსებულ უნივერსიტეტში სპეციალური დეპარტამენტის გახსნით და მისი სთანადო ფინანსირებით უნდა განხორციელდეს.

მაშინ გადავარჩენთ ნიჭიერი ბავშვების გარკვეულ რაოდენობას და ეს განათლების სისტემის ერთ-ერთი უპირველისი მოვალეობა უნდა გახდეს.

პროფესორი მერაბ ჯიბლაძე

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *