ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემა
აუცილებელია პოლიტიკური სისტემის რეფორმა
ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ამ პოლიტიკური აზროვნებით და ამ პოლიტიკური პარტიებით, საქართველოს მომავალი არ აქვს
მე კარგად მესმის ჩემი განცხადების სიმძიმე, ვიცი, რომ მას პოლიტიკოსთა არც ერთ წრეში, არ ექნება მხარდაჭერა, ან თუ იქნება პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილში. შეიძლება ბევრი ამ იდეას ხიშტითაც შეხვდეს. იქნება იგნორირება, თითქოს არაფერი თქმულა, ან შესაძლოა მოხდეს კატეგორიული უარყოფა ყველაფერი იმისა, რაზეც ვსაუბრობ. მაგრამ დე, ხალხმა და მომავალმა შეაფასოს. მე კი ვფიქრობ, რომ უაღრესად მტკივნეულ, უმთავრეს და უპირველეს თემას შევეხე.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა აქ გაბატონებულმა ავადმყოფმა პოლიტიკურმა სისტემამ წარმოშვა. ავადმყოფი სისტემა კი ანდამატივით იკრებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს, რომელთა რაოდენობამ პოლიტიკაში კრიტიკულ ზღვარს გადააჭარმა. ეს ის ზღვარია, რომელიც ებრძვის და ამარცხებს ძლიერს და ზედაპირზე ამოჰყავს სუსტი.
ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების პირობებში ვიფიქროთ ქვეყნის დიდ მომავალზე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა გარედან მართულ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ასეთ რაოდენობას; ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ასეთ აგრესიულ და დემაგოგიურ პოლიტიკურ პროცესებს და ასეთ დემაგოგ და აგრესიულ პოლიტიკოსებს.
ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსები ბოდიშს ვიხდიდეთ მოსახლეობის წინაშე, მეტი მოკრძალება გვქონდეს ხალხის მიმართ, ყველა იძახის, რომ ის არის მართალი, „მე ხომ ვამბობდი“, ეს გამოთქმა ხშირად ისმის პოლიტიკოსთაგან. თუ ყველა მართალია, რატომაა ქვეყანაში ასეთი სიტუაცია?
პოლიტიკოსებმა კარგად ვისწავლეთ ხალხის ენაზე საუბარი. კარგად ვისწავლეთ ისეთი პოზის დაჭერა, თითქოს ვუსმენთ ხალხს, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გვესმის ხალხის. დემაგოგიის მწვერვალია, როცა ხალხის ენაზე ლაპარაკობ, თითქოს უსმენ ხალხს, მაგრამ აბსოლუტურად არ გესმის ხალხის.
გავიხსენოთ: „მოქკავშირი“ საარჩევნოდ გვპირდებოდა ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს იყო ხალხის მოტყუება ხელისუფლებაში სკამების მოპოვების მიზნით. შედეგად მივიღეთ მილიონი უმუშევარი ქვეყანაში და მილიონზე მეტი შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქე გასული ქვეყნის გარეთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად.
გაცილებით აგრესიული დემაგოგიული პროცესი დაიწყო 2003 წლის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ მიერ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სიღარიბის დაძლევა – ამ დაპირებებით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში. 9 წლიანი მმართველობა კი დაასრულა საქართველოს მოსახლეობის გენოციდით და ელიტური კორუფციის არნახული მასშტაბებით.
დანგრეული ქვეყანა – ეს არის პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ პარტიათა აგრესიული დემაგოგიური პოლიტიკის შედეგი. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს იძენს.
დრო არ ითმენს, დღეს სრულიად სხვა ფილოსოფიის და განზომილების, მომავალზე ორიენტირებული პროცესია საჭირო ქვეყანაში. ჩემის აზრით, აუცილებელია შეიქმნას პოლიტიკურ პარტიათა კვლევის სერიოზული ცენტრი, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემა, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფასების ნათელი კრიტერიუმები.
პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიის შეფასების კრიტერიუმად არჩევნებზე მოპოვებული ხმების აღიარება დემაგოგიური და აგრესიული პოლიტიკის შედეგი უფროა, ვიდრე მათი პარტიის რეალური წონის შედეგი. დღეს საქართველოში წონა აქვს არა პოლიტიკურ გონებას, არამედ პოლიტიკურ ემოციას და აგრესიას. დღეს საქართველოში წონა აქვს დემაგოგიურ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსებს.
სწორედ ამ მდგომარეობამ გადააწყვეტინა ცნობილ მეცნიერთა ერთ ჯგუფს მეცნიერთა „სადისკუსიო დარბაზის“ დაფუძნება და მეცნიერთა მეორე ჯგუფს, ეფიქრა „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ გამოცემაზე. სწორედ ამბობენ მეცნიერები: იმაზე კი არ უნდა ვწეროთ ვინ ვინაა პოლიტიკაში, რაც დითირამბები და ქება-დიდება უფროა, არამედ თუ ვინ რა არის პოლიტიკაში და რეალურად ვის რა წონა აქვს პოლიტიკაში, ისეთ წიგნზე, რომელიც იტყვის, რომ „ვინც არა ჰგავს კახაბერს მე ვერ ვიტყვი კახაბერად“
მე კარგად მესმის ჩემი განცხადების სიმძიმე, ვიცი, რომ მას პოლიტიკოსთა არც ერთ წრეში არ ექნება მხარდაჭერა, ან თუ ექნება, პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილში. შეიძლება ბევრი ამ იდეას ხიშტითაც შეხვდეს. იქნება იგნორირება, თითქოს არაფერი თქმულა, ან შესაძლოა მოხდეს კატეგორიული უარყოფა ყველაფერი იმისა, რაზეც ვსაუბრობ. მაგრამ დაე, ხალხმა და მომავალმა შეაფასოს. მე კი ვფიქრობ, რომ უაღრესად მტკივნეულ, უმთავრეს და უპირველეს თემას შევეხე.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი