(ახალი თაობა) ივანიშვილის ხათრით პლასტელინის კაცს პრეზიდენტად ვერ ავირჩევთ

brifinვისი ბრალია კობა დავითაშვილის კოალიციიდან გასვლა და რატომ ნანობს ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკური მოძრაობა `თეთრების~ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

_ ბატონო თემურ, რა ვითარება შეიქმნა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოსვლის 10 თვის თავზე, ელოდით, რომ ასე მოკლე პერიოდში კოალიცია `ქართული ოცნება” რღვევას დაიწყებდა?

_ დრო ადასტურებს ბრძნულ გამოთქმას: სისულელეში შესვლა ადვილია, გამოსვლა _ ძნელი, ზოგჯერ პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენ 9 წლის განმავლობაში შევედით სისულელეში, ხალხი აყვა სააკაშვილის ზღაპრებს, და დღეს ეს სიმძიმე გვაწევს თავიდან ბოლომდე. ამას ემატება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისთვის უცხო პიროვნება იყო. სამწუხაროდ, მან გუნდი ვერ შექმნა. ისეთი კონგლომერატი შექმნა, რომელიც დასამარცხებლად არის განწირული. ამიტომ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საჭირო. ასეთმა კონგლომერატმა დაღუპა ზვიად გამსახურდია, დაასრულა შევარდნაძე. ასეთი კონგლომერატი დაასრულებს ივანიშვილსაც, თუ თავად არ დაასრულა ეს ყველაფერი. არ შეიძლება შეუთავსებელთა შეთავსება. როგორ შეიძლება ერთად ყოფილიყვნენ კობა დავითაშვილი და ვთქვათ, ირაკლი ალასანიას გუნდი. კოალიციაში ბევრი პიროვნებაა, რომელზეც შემიძლია ანალოგიური ვთქვა. იდეოლოგიურად სრულიად სხვადასხვა პარტიებია კოალიციურ მმართველობაში. ეს არის `პოლიტიკური აჯაფსანდალი~, რაც ქვეყნისთვის არის დამანგრეველი. პოლიტიკური აჯაფსანდალი ჰქონდა თავიდან სააკაშვილსაც და შემდეგ მონების მმართველობა შექმნა. `პოლიტიკური აჯაფსანდალი~ გააკეთა ბ-ნმა ბიძინამაც. აი, რატომ არ უნდა მაჟორიტარი დეპუტატები. ხედავს, ყველა მაჟორიტარად არჩეულია არა ვინმე სხვა, არამედ ივანიშვილი. ძნელია აკონტროლო მაჟორიტარები რას აკეთებენ, როგორ დააჯდნენ ხალხს. ამიტომ, პოლიტიკურადაც სწორია გადაწყვეტილება, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანას სჭირდება გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიციის მქონე პიროვნებები. ეს არის დანიშნული ბიზნესმენების და დანიშნული პოლიტიკოსების ქვეყანა. მეტი რა გინდათ, ვანო მერაბიშვილს პოლიტიკოსი ერქვა. საქართველოში, პირველ რიგში, გასაკეთებელია პოლიტიკური რეფორმა. ამის გარეშე არაფერი გამოვა. პოლიტიკური შეფასების კრიტერიუმები სრულიად სხვა უნდა იყოს. პოლიტიკოსად უნდა გაღიარონ. დღეს საქართველოში ან რამდენიმე კაციანი პარტიაა, ან ქუჩის მყვირალა პოლიტიკოსები. რატომაა ძნელი სიტუაციის შეცვლა? იმიტომ, რომ ყველა ქალაქსა და რაიონში 15-20 კაცს აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკა. ხვალ ვინც ეტყვის მათ, მე დაგაფინანსებთო, იმის პარტიაში გადავლენ. ხალხი სწორად ამბობს `ჩალიჩმაისტერთა~ არენად იქცა პოლიტიკაო.

_ ანუ ივანიშვილი პოლიტიკურ ფლანგზე თავიდანვე არასწორი სვლები გააკეთა?

_ რა თქმა უნდა. ჩემს პირველ განცხადებაში, რომელიც ივანიშვილისთვის მტკივნეული აღმოჩნდა, ვთქვი: იცის ივანიშვილმა სად მოდის?! თუ ვინმეს დავალებით არ მოდის-მეთქი, ძალიან კარგია. მაგრამ თუ იცის, სად მოდის და ვინმეს დავალებით მოდის, დამანგრეველია. ფაქტია, არ იცოდა, სად მოდიოდა, იმიტომ უნდა ახლა წასვლა. ფიქრობს, იმაზე მეტის გაკეთებას ვერ შეძლებს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები ვერ მართავენ. ასეთ აბსურდს თუ ივანიშვილი ოდესმე მხარს დაუჭერდა, არ მეგონა.Kპარტია უნდა დაფინანსდეს მიღებული ხმების რაოდენობითო. გააყალბა ხმები ნაცმოძრაობამ და ამის მიუხედავად, მეტი ფული უნდა მისცე?!. დამანგრეველია ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვისაც და თავად ივანიშვილისთვისაც. ნაცმოძრაობას, რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას და რომლის გასამართლებასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ითხოვს, 2 მლნ-ით გაუზარდეთ დაფინანსება. დღეს ტელევიზიების 80%ს ეს პარტია აკონტროლებს. ჯერ ერთი, შეცდომა იყო თითო-თითო მილიონო რომ დაურიგა იმ პარტიებს, რომელიც მოსწონდა. სხვები უნდა მოვსპოვო. ნახეთ, რომელ პარტიებს არ აფინანსებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა ყველაზე მეტმა დარტყმამ. 90-იანი წლები გადავიდა ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებულ პარტიებზე. ამ დიდმა ეროვნულმა განწყობამ მოიტანა საქართველოში დამოუკიდებლობა. ორი პარტია იყო, რომელმაც უთხრა ივანიშვილს, ოღონდ თქვენ დაასრულეთ ეს რეჟიმი და ჩვენ ვსხნით ჩვენს პარტიებს არჩევნებიდანო. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ეს და ჩვენ, `თეთრებმა~. მე ქუთაისში კენჭი რომ მეყარა, `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ვერ გაიმარჯევდა. როგორ შემიძლია ვიფიქრო, რომ ივანიშვილს სამართლიანობის მოტანა შეუძლია ქვეყანაში. ყველა პარტია გაჩერდა, რომელიც ფულით დააკმაყოფილეს. მრცხვენია იმ პარტიების გამო, რომლებსაც დაფინანსება არ ეკუთვნოდათ, მიიღეს და იციან, რომ ბურჯანაძე და `თეთრები~ არ ფინანსდება, ეროვნული პარტიები არ ფინანსდებიან, უხარიათ და ბანკეტებს მართავენ, ფული ხომ მოვიპოვეთო. დიდმა ფულმა გაანადგურა ეს ქვეყანა. ფული არის სწორედ ამ უზნეო პოლიტიკოსების და დანიშნული ბიზნესმენი მეჯღანუაშვილების ხელში. ორი სისხლისმწოველი ყავს დღეს ქვეყანას: მედროვე პოლიტიკოსები ანუ ის ყვარყვარეები, რასაც ჰქვია და ესენი აკეთებენ მეჯღანუაშვილების ტირაჟირებას. მეჯღანუაშვილი უფრო პროგრესული პიროვნება იყო თავის ეპოქაში, ვიდრე დღევანდელი ბიზნესმენები არიან დღევანდელ პროგრესთან დაკავშირებით.

_ ანუ დღეს პოლიტიკური ელიტა სახელმწიფოებრივ პოლიტიკას კი არ ატარებს, ვაჭრობაშია ჩართული და ფულის შოვნაში…

_ ფული, რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ქვეყნის განვითარების წინაპირობა არის, კონკურენტული გარემო. სად არის დღეს კონკურენტული გარემო? მილიონ-მილიონი რომ მისცა ივანიშვილმა თავის სასურველ პარტიებს, ამით კონკურენტული გარემო მოსპო. როგორ შეიძლება მერაბ ბერძენიშვილი გყავდეს და იმას არ ეთათბირებოდე. ბერძენიშვილან კოსმოპოლიტი რომ შეხვიდე, ეროვნული სულისკვეტებით გამსჭვალული გამოხვალ. სამაგიეროდ, ჩვენი პოლიტიკოსები რიგში დგანან ამერიკის ელჩთან, უგზავნიან წერილებს, მიგვიღეო. ამერიკის ელჩთან მივიდე და ვუჩივლო ივანიშვილს და `ქართულ ოცნებას~, დემოკრატიული გარემო არ არისო?! როგორ შეიძლება ასეთი რამ გავაკეთო. ბურჯანაძე ამერიკის ელჩთან რომ არ მისულიყო, ათას რამეს მიაკერებდნენ. ვიმეორებ, შეცდომაა ამერიკის ელჩთან გუნდ-გუნდად საჩივლელად მისვლა. გამოვიდეთ რა ამ მონური ფსიქოლოგიიდან.

_ ივანიშვილი მუდმივად აფიქსირებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოა და ეს 1 ოქტომბერმა მოიტანა.

_ დღეს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტად მარგველაშვილის ამრჩევი რომ არ არის, ეს ფაქტია. თუ აირჩევენ, აირჩევენ ივანიშვილის ხათრით. ივანიშვილის ხათრით არის ყველა დეპუტატი არჩეული. ახლა კიდევ პრეზიდენტიც მისი ხათრით ავირჩიოთ? სამარცხვინოა ეს. ეს ნიშნავს, რომ მონების ქვეყანა ვართ. ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გამორიცხულია ხმა იმ კაცს მივცე პრეზიდენტად, პლასტელინი რომ უწოდა თავის თავს და რომელმაც `თავისუფლების ინსტიტუტი~ შექმნა. საქართველოს დღეს სჭირდება ქართული განწყობის ადამიანი. ჩემზე მეტი დაპირისპირებული ვინ იყო ბურჯანაძესთან, მაგრამ ამ არჩევნებში მხარს მას ვუჭერ. ეს არის პიროვნება, ქართული ტრადიციის პატივისმცემელია და ვიცი, ამერიკასთან ურთიერთობაშიც ზომიერება ექნება და რუსეთთან ურთიერთობაშიც. ეს ზომიერება გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს ამერიკასთან ურთიერთობა. ყველაფერზე შემიძლია უკან დავიხიო და ვთქვა, ოღონდ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ არა ვართ მონები, არავის არაფერს ვეხვეწებით.

_ რატომ ფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრი მძიმე მდგომარეობაშია?

_ იმიტომ არის მძიმე მდგომარეობაში, რომ არ იცოდა, საქართველოში როგორი იყო პოლიტიკოსთა მდგომარეობა. ივანიშვილს ეგონა, მისადმი ერთგულად ნათქვამი სიტყვა ქვეყნის ერთგულებას ნიშნავს. კობა დავითაშვილი რომ კოალიციიდან გავიდა, როგორ ფიქრობთ, ეს დავითაშვილის ბრალია? თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო, დავითაშვილი კოალიციაში რომ მიიწვია. ივანიშვილს იმის მიხედვით კი არ უნდა შეერჩია ხალხი, ვინ გაეგებოდა ფეხქვეშ, არამედ იმის მიხედვით, ვინ როგორ ემსახურა ამ ქვეყანას.

_ მაინც რა იყო დავითაშვილის კოალიციიდან გამოსვლის მიზეზი? თავად განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ორ ბრალდებაში გამართლება იყო ამის მთავარი ფაქტორი.

_ ახალიასთან რაც დაფიქსირდა, ამისთვის კი არ უნდა წამოხვიდე, უნდა შიგნით დარჩე და გამაგრდე. ხედავთ ნაცმოძრაობამ როგორ შეაფასა – ივანიშვილს პასუხისმგებლობა აღარ უნდა აიღოს შემდგომ მომავალზეო. ნაციონალებს რომ ხმის ამოღების საშუალებაა დღეს კიდევ ამ ქვეყანაში, ესა დავითაშვილის და `ქართული ოცნების~ ბრალი და იმის, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ ამდენი ხნის მანძილზე. დამოუკიდებელ საქართველოში პარლამენტი ყოველთვის იყო დემაგოგიური და დანიშნული პოლიტიკოსებით სავსე. იპოთეკებთან დაკავშირებით რა კანონიც პარლამენტმა მიიღო, ამიტომაა ივანიშვილი ცოდო. ივანიშვილმა ეს კანონი შეაჩერა და დღეს ყველა მას ლანძღავს. მე მხარს ვუჭერ ამაში პრემიერს. ეს არის არასახელმწიფოებრივად მიღებული კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ვიმეორებ, რაც ამ კანონში წერია, იპოთეკართა პრობლემებს არათუ წყვეტს, არამედ ამძიმებს, რადგან 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოხსნის. 6 თვის შემდეგ კი მათ მიმართ გახცილებით რადიკალური ზომები იქნება გასატარებელი, ეტყვიან, 6 თვე ხომ გაცალეთო. ეს კანონი დამანგრეველია საბანკო სისტემისთვის. უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებთან დაკავშირებულ ადამიანებს, იმათ, ვისაც ბანკებში ფული აქვთ შეტანილი. ასე შეიძლება 80-იანინ წლების ქაოსამდე მივიდეთ. ვისთვისაა კარგი იპოთეკებთან დაკავშირებული კანონი _ ორი პარტიისთვის, რომლებიც პარლამენტში არიან. იმიტომ, რომ გარეთ რომ გავლენ ხალხში, მეტი სათქმელი არაფერი ექნება. იტყვიან, ჩვენ ხმა მივეცით იმ კანონს, რომ თქვენ ოპოთეკარებს 6 თვე გადაგივადეთ აღსრულება. ისევ ტყუილი. ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს ეთქვა, ბატონებო, ჩვენ იპოთეკარების საკითხი ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ეს გადაწყვიტა ამერიკამ კრიზისის დროს. სახელმწიფომ გადაწყვიტა იქ და ბანკებს არ გადაუწყვეტიათ; ისე, როგორც გადაწყვიტა ევროპამ კრიზისის დროს. ამის გაკეთება იპოთეკარებისთვის იქნებოდა ბრწყინვალე რამ. მაგრამ ამ გზით კი არ წავიდნენ, პოპულიზმი, ნაჯახი… ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ისევ ამ ორმა პარტიამ მიიღოს ხმები არჩევნებში. როდემდე ასეთი პოპულიზმი?! როდემდე ასეთი პარლამენტი, რომელიც ხალხს უსმენს, მაგრამ ხალხის არ ესმით. მძიმე რამეს ვამბობ: პოლიტიკოსებმა კარგად ისწავლეს ხახლის ენაზე ლაპარაკი; პოლიტიკოსებმა კარგად დაიწყეს იმ პოზის დაჭერა, რომ ვითომ ხალხს უსმენენ, მაგრამ ხალხის არ ესმით. პოლიტიკოსი არის ის, რომელიც პროგრესის მატარებელია, ხალხს ზემოდან არ უყურებს და ხალხის თავისკენ მიყავს. გამასხრდა ეს ქვეყანა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ჩამოდიან და ეუბნებიან, ვინც რა უნდა უთხრას, იმას კი არ ეტყვიან, უკანონოა, ოპოთეკარების პრობლემის ასე გადაწყვეტა არ შეიძლება, არა, ეუბნებიან, თქვენ მართალი ხართო. ყველა მართალი როგორ არის ამ ქვეყანაში?! ამან საშინელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ამაში ივანიშვილს ვეთანხმები და ყველა იპოთეკარს ვეუბნები: გატყუილებთ ის ორი პარტია, რომელიც პარლამენტშია. ეს არის ქვეყნისთვის დამღუპველი. არავინ ამბობს, ეს კანონი რა სიმძიმედ დააწყვება ხვალ-ზეგ ქვეყანას და იმ ოპოთეკარებს.

_ რაზე მიანიშნებთ, რომ ივანიშვილს და მის მთავრობას ქვეყნის მართვა უჭირთ?

_ არა, მართვა არ უჭირთ. ივანიშვილი, ხელისუფლება და პოლიტიკოსების 90%, არიან ფეხქვეშ გართხმული ამერიკელი პოლიტიკოსების წინ, ნაწილი უსმენს რუსეთში ვიღაცას. ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ეს ხალხი ანადგურებს საქართველოში ამერიკის ავტორიტეტს. თუ რამე არ გამოდის, თურმე ამერიკის ელჩმა უნდა გადაწყვიტოს. კანონი რომ მიიღო პარლამენტმა იპოთეკარებთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი ჩავიდა პარლამენტში და უთხრა, ნუ მიიღებთ ამ კანონსო. სირცხვილია ეს. ამიტომ ვამბობ, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეფორმა.

_ ბოლოს, რას ფიქრობთ, სამართლებრივ ფლანგზე მიმდინარე პროცესზე და ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

_ ამ ხელისუფლებას რომ სასამართლოზე გავლენა არ აქვს, ეს დადასტურტდა ახაალიას საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამითვე დადასტურდა, რომ სასამართლო არის ძველი ხელისუფლების მონა. ჩვენ გვინდა თავისუფალი სასამართლო, არამარტო ხელისუფლებისაგან თავისუფალი. ამ სასამართლომ დაადასტურა, რომ ის არის მონა ძველი ხელისუფლების. როგორ შეიძლება კოტე კუბლაშვილს ენდო?! ბიძინა ივანიშვილს მივმართავ: მიდით რა ბატონო ბიძინა, ნახეთ ბუკიას ბაღი ვინ მიითვისა და რა ორი სახლია აშენებული. შეიძლება ამ ადამიანებს ენდო? სასამართლოსთან დაგავშირებით მინდა გითხრათ, რომ ის რაც ამ დღეებში სასამართლომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გადაწყვტია, ეს რომ სასამართლოს თავისუფლების ნიშანი იყოს, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ეს დიდი უბედურების ნიშანია. ილუზიაა ივანიშვილის და მისი გუნდია აზრი, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდა.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *