განთიადივით კაცი

მილოცვა ავთანდილ ყურაშვილს

ამ ორი სიტყვის ტყვეობაში მოვექეცი მაშინვე, როგორც კი ავთანდილ ყურაშვილზე სიტყვის თქმა გადავწყვიტე. ათი წლის წინ გამოსული ორტომეულის კიდევ ერთხელ გადაკითხვამ უდიდესი სიამოვნება კი მომაყენა, ბევრირამ გამახსენა, ბევრი რამის გამო სინანულიც გამიჩინა, ბევრ რამეზე მწარედ დამაფიქრა კიდეც, მაგრამ ამ ორი სიტყვის ტყვეობიდან ვერ დამიხსნა, ტყვეობაში გამაძლიერა.

ჩემი ბიჭობის ასაკიდან ვიცნობ მას, და ის, ჩემი აზრით, მართლაც განთიადივით კაცია მისი 70 წლის თავზე.

„განთიადივით კაცი“  – ეს უბრალოდ ლამაზი თქმა კი არ არის, ჰიპერბოლური, ან ხატოვანი გამოთქმა კი არ არის, „განთიადის“ რედაქტორობიდან კი არ მოდის, არამედ ეს არის სახე კაცისა, რომელმაც მთელი განვლილი ცხოვრება ზნეობის ტყვეობაში იცხოვრა.

განთიადივით ნათელ და მართალ კაცს შეეძლო „განთიადის“ გადარჩენა. ეს მის სახელთან დაკავშირებული ერთი ლიტერატურული სასწაულია. დიდმა კაცებმა, სწორუპოვარმა პოეტებმა და მწერლებმა ვერ შეძლეს დიდი საქვეყნო ჟურნალების გადარჩენა ჟამიანობის ეპოქაში. ავთო ყურაშვილმა ქუთაისელთა და იმერელთა თანადგომა შეძლო.

განთიადივით კაცი – აბა, მითხარით,  სხვა რა ვუწოდო ამის მთქმელს:

„შენ რომ დამტოვო,

ერთი წუთით შენ რომ დამტოვო,

სულო, გახეთქავს

მიწას ჩემი ხორცის სიმძიმე“

გენიალურია. ამ სტროფისათვის ღირდა პოეტობაც და პოეტური ცხოვრებაც.

სულს ეტრფის და უსულოდ დარჩენილი სხეული (მოქნეულად ხორცს რომ უწოდებს) აწვალებს პოეტს. პირველი სტროფი „ბოლნისიდან“ ამოვიღე, ეს კი „ „გელათიდანაა“ :

„აქ ზნემაღალი ხორცის წვალებას

აუტყორცნია ცაში გელათი“.

რა პოეტურია, რა ჰაეროვანი და დღევანდელობის როგორი სიზუსტეა მის ერთ სტროფში:

„როგორ დამძიმდა ეს სოფელი

ალუბლის ტოტზე უმსუბუქესი“.

კიდევ უფრო მძრაფრად ეს პრობლემა აქ სჩანს:

„ღმერთო, რამდენი კაცის გამო მინდა სიკვდილი.

მაგრამ ორიოდ ვინმეს გამოც მინდა სიცოცხლე.“

ეს კი, როგორც ჩანს, ცრემლით არის დაწერილი და ცრემლითვე იკითხება:

„ასე წამხდარი ქართველი არ მინახია ჯერაც,

თავის წარსულის ლანდია, ჰყიდის საკუთარ პერანგს

იმასაც ბოლოს მოუღებს, დარჩება შიშველ-ტიტველი,

მერე კი ცოლ-შვილს მოსდგება,

გამოუჩნდება მყიდველი“.

მართლა განთიადივით კაცია ავთანდილ ყურაშვილი.

განთიადი ხომ სიცოცხლის და ცხოვრების სიმბოლოა, განთიადი ხომ ზეცისა და მიწის ერთობაა.

„აი, ეს მიწა…

– თქვა და დიდხანს ეჭირა იგი,

როგორც სანთელი, როგორც ჩვილის ფაფუკი ხელი“.

მართლაც გენიალურია.

ავთანდილ ყურაშვილისათვის:

„მზე წვიმს“,

„მთვარე წვიმს“

და „ვარსკვლავები წყლის წვეთებით ეცემიან წეროთა ფრთებზე“

მე მჯერა იმ კაცის:

ვისაც „უყვარს თავისუფლება მშიერი და ტიტველი“

რომელსაც შეუძლია თქვას:

„თავისუფლება ისე მოსწყურდათ,

არად აგდებენ სიკვდილის ამბორს.“

ან კიდევ:

„ისე მიყვარხარ, გადავწყვიტე, რომ დაგივიწყო…

ისე მიყვარხარ! დაიჯერე, შენს გამო ვკვდები“

მე მჯერა იმ კაცის,  რომელმაც იცის,

„რომ კვლავ იჩქეფებს სისხლი ბიწული თავისუფლების ამ არტახებში“

ვისთვისაც,

სიკვდილი – „სინათლეა იგი მარადი“

რომლისთვისაც,

ქუთაისი ეს არის „ხომალდი, თანაც ოკეანეში“

მჯერა იმ კაცის, რომელსაც მოწყინდა სიცარიელე და წუხილით წერს:

„რისთვის არა ხარ დღეს ცოცხალი, ბერო თედორე?!“

რომელმაც ნახა და რომელსაც დღესაც ახსოვს

„ცისფერი ლომი ნახტომში გადატეხილი“

მჯერა იმ კაცის, რომელმაც იცის

„ქართველს ქართველზე უფრო დიდი მტერი არა ჰყავს“

და ღმერთს ევედრება:

„გვაკმარე ესე, ღმერთო ჰქმენი აწ სიყვარული“

არა მგონია, დედამიწის ზურგზე იყოს ადამიანი, ვინც ავთო ყურაშვილის ღალატი ნახა… იობივით კაცია: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას გარიდებული.

არც მისი ტირილი უნახავს დედამიწის ზურგზე ვინმეს. კვნესა – იცოცხლეთქო, ბევრი შეხვედრია. სწორედ ამის გამო წერს:

„საქართველოში კვნესიან,

კვნესიან, კი არ ტირიან,

ვინც უფრო უკეთესია,

უფრო მამულიშვილია.“

სიყვარულითაა სავსე – უყვარს სიკეთე და სიკეთის მქმნელი. მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე, როგორც ყველა ნამდვილი მამაკაცისათვის, ქალია… ქალი, კაცობის საზომი. კაცი, რომელიც სივრცეს არღვევს და რომელსაც, როგორც ამბობს მიაფრენს „…ასი ფარშევანგი“ შეუძლია ასეთი ლექსი შექმნას ქალზე:

„როგორც შრიალი მწიფობაში შესული ყანის,

ქუჩაზე მოდის ზღაპარივით მსუბუქი ქალი.

თეთრი ქუჩა მოფენილი უთეთრეს მთვარით.

თეთრია ქალი, ზღაპარივით თეთრია ქალი.

როგორიც შრიალი მწიფობაში შესული ყანის

ქუჩაზე მოდის ზღაპარივით მსუბუქი ქალი“

ყველაფერთან ერთად ავთანდილ ყურაშვილს ერთი დიდი სიკეთე აქვს და ეს მისი სიმართლიდან, პატიოსნებიდან, სისუფთავიდან მოდის – მისთვის ყველაფერი თეთრია: მზეც, მიწაც, მთაც, ბარიც, ქალაქიც, ქუჩაც, სიზმარიც:

„მესიზმრა: ღრუბლის თეთრი ბაღები,

თეთრი ვერები, თეთრი ღელენი,

თეთრი იები და ზამბახები,

ჩიორები და ჩიკორტელები“.

ავთანდილ ყურაშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული მისი დიდი წინაპრის ეპოქალური ნათქვამი: „რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინდს“. სწორედ ამიტომაა, რომ ასე აწუხებს „მშვენიერების სიკვდილი“, სწორედ ამიტომ ებრძვის საკუთარ თავშიც, მეგობართა წრეშიც, ქართულ გარემოშიც მშვენიერების მკვლელს.

„რა გულის გამომჭმელია

ეს უთავტანო დარდი“

ამბობს პოეტი, გლეხს უმადლის, რომ ამდიდრებს „ენით, ვაზით, ხატით, რჯულით“ და ამბობს დღევანდელი საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეულს:

„ბრბოს რომ უყვარდი და შენი სწამდა,

ბრალდებად ისიც გეყოფა ბოლოს…

… ეს საუკუნე შენ გადაგყევით

მიწას გაყრით და ვერ გმარხავთ ტირანს“.

მართლაც საშინელი დღევანდელობაა დიდი ხნის წინ დამარხული. ნათქვამი იმ კაცისგან, რომელიც საკუთარ თავს ამქვეყნიურს და იმა სოფლელს ეძახის და მამულს სთხოვს:

„რომ შენ მოგიკვდე და შენთვის მოვკვდე“.

გილოცავ, ჩემო ავთო, 70 წლის იუბილეს. გიჯერებთ იმასაც, რომ:

„მუნჯივით უნდა შეხვდე მზის ამოსვლას“

რომ მზის ამოსვლა, ანუ განთიადი

„უსაზღვრო არის, უფრო უსაზღვრო,

ვიდრე სიტყვები, მოქცეული მყიფე მარწუხებში“

შენ უნიკალურად თქვი გენიალურ ოთარ ჭილაძეზე:

„შემჩატებული და ფერნაკლული

ის  – ერთადერთი გზას ადგა კაცი,

მხოლოდ ქართულით,

მხოლოდ ქართულით,

მხოლოდ ქართულად  ნაზი და მკაცრი“

შენც ასეთი ხარ და ამიტომ ხარ განთიადივით კაცი.

 

 

მეგობრობით

თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *