თემურ შაშიაშვილი: პასუხი ოპონენტებს
პარტია „თეთრების“ ლიდერის ერთ-ერთ პუბლიკაციას ფეისბუქზე საკმაოდ მკვეთრი კომენტარები მოჰყვა. ჩვენ მივესალმებით ოპონენტების გამოხმაურებას და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, თუ სამართლიან ოპონირებას გაგვიწევენ.
მათთვის, ვისაც სურს წარსული გამონათქვამები უარყოფით კონტექსტში გაგვახსენოს, ვეტყვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, ის ვითარება, რაც ქვეყანაშია, არის ძირითადი მიზეზი, რატომაც „თეთრების“ ლიდერი მხარს უჭერს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. ამის შესახებ მან გარკვეული განმარტება გააკეთა რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ.
„ დიდი მადლობა გულახდილობისა და ჩემდამი დამოკიდებულებისათვის… ყოველთვის ვაღიარებდი, რომ ჩემზე მწვავედ ცოტა ვინმე თუ აკრიტიკებდა ნინო ბურჯანაძეს… გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1.მე აღარ მსურს ქვეყნის მაღალ პოსტზე “თავისუფლების ინსტიტუტის”, “სოროსის ფონდის” და ენ – დი -აის სათავეებთან მყოფი, მათი და სხვადასხვა მასონური მიმართულების, სექტების თუ ჯგუფების წინაშე ანგარიშვალდებული პიროვნება… მარგველაშვილი ასეთია… ეს ფაქტებით დასტურდება და ასევე მისი განცხადებებითაც. ერთის მოტანაც კი საკმარისია: მან თქვა, რომ ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, ნიკა რურუა და გიგა ბოკერია (ეს კი პრაქტიკულად მთელი თავისუფლების ინსტიტუტია თუთბერიძის ჩათვლით) მისი მეგობრები არიან.
2. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითრებას არნახულად სჭირდება პრეზიდენტი ქართული ოცნების გარეთ. ხოლო მარგველაშვილის არჩევა ბიძინა ივანიშვილის დასასრულად მიმაჩნია..არასდროს არსად მომავალი არ ჰქონია და არ აქვს ერთი კაცის ხათრით არჩეულ პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს.
3.ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების“ კანდიდატია, მე, როგორც კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ კრების საპრეზიდენტო კანდიდატს. აქვე მინდა ვთქვა, “სახალხო კრება” დიდი ხანი ფიქრობდა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო: თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს პრეზიდენტად, ჩვენ მას დავუჭერდით მხარს, თუ ბატონი ივანიშვილი წამოაყენებდა საზოგადოებისთვის ისეთ ცნობილ პიროვნებას, როგორიც მინდია უგრეხელიძეა, ჩვენ მას დავუჭერდით მხარს… მე მქონდა კერძო პოზიცია ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, თუ ბატონი ბიძინა მის კანდიდატურას დააყენებდა, მე ან ნეიტრალურ პოზიციას დავუჭერდი, ან თუ იგი გაიზიარებდა ჩვენს მოთხოვნებს, შეიძლებოდა მისთვის დამეჭირა მხარი. ასეთივე განსაკუთრებული პოზიცია მქონდა იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ცნობილაძესთან დაკავშირებით. თუ ბატონი ბიძინა მის კანდიდატურას დააყენებდა – მე მას დავუჭერდი მხარს. სამწუხაროდ, ბატონმა ივანიშვილმა ისეთი კანდიდატი წამოაყენა, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია – იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე.
4. კანდიდატთა შორის ნინო ბურჯანაძე ყველაზე მეტად არის ქართული ტრადიციების ერთგული მიმდევარი და პატივისმცემელი, ის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და რაც მთავარია, მე მჯერა „სახალხო კრების“ და იმ პრინციპების, რის გამოც მისი კანდიდატურა დავაყენეთ…
დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში ამას მთელი საქართველო დაინახავს…
5. როგორც ჩანს, ჩემი ოპონენტები არ იცნობენ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს მონაწილეობით, “თეთრებისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” შეხვედრის მასალებს. ჩემს გამოსვლას, იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენ გადავეცით, იმ პირობებს, რომლებიც ჩვენ დავუყენეთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. გაგახსენებთ ერთს ამ გამოსვლიდან : “თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საკუთარი ვალდებულება პერსონალურად “თეთრების” რომელიმე წევრის მიმართ, მაგრამ თქვენ გექნებათ განსაკუთრებული ვალდებულება ჩვენი პროგრამების შესრულებაზე” (სრულად ყველა მასალა ნახეთ “თეთრების” ვებ.გვერდზე
6. უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელთათვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელი იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ხმამაღლა ადასტურებს მისდამი მხარდაჭერას. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტად არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, რადგან ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ არ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელსაც “ქართული ოცნება” და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს. კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსს, მით უფრო ხელისუფალს, ჰაერივით სჭირდება ასეთი პიროვნების გვერდით დგომა. არ შევცდები, თუ ვიტყვი: ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. გულწრფელად მინდა, პირველი იყოს.
7. ეს დასკვნის სახით: რაც გინდა წერეთ, როგორც გინდათ, მაკრიტიკეთ, ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, ოღონდ საქართველო დაინდეთ – ვეღარ გაუძლებს უცხოეთის მასონური წრეების ათწლიანი ბატონობის გაგრძელებას საქართველოში.
პოზიციას არ ვიცვლი ოპონენტების მიმართ: ღმერთმა შეუნდოთ… სიძულვილის კენჭი რომ მესროლონ, სიყვარულის ლოდს დავახვედრებ.
ამ საკითხებზე საუბრისათვის მზად ვარ ნებისმიერ პიროვნებას შევხვდე როგორც ღია დეპატებში, ასევე პირადად“
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ქალბატონი ბურჯანაძის მხარდაჭერა იყო არა მარტო თემურ შაშიაშვილის პიროვნული გადაწყვეტილება, არამედ პარტია “თეთრების” გადაწყვეტილება. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკურპულოზურად განიხილებოდა ყველა სერიოზული საპრეზიდენტო კანდიდატი და ჩვენის აზრით საკმაოდ დასაბუთებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქალბატონი ბურჯანაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ის აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პარტია „თეთრებმა“ ჩამოაყალიბა საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პარტია “თეთრები” მაღალ შეფასებას აძლევს ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამას, რაც არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი მხრიდან მისი მხარდაჭერისა.
აქვე მოგვყავს ამონარიდი თემურ შაშიაშვილის გაზეთ “ასავალ- დასავალისთვის” მიცემული ინტერვიუდან.,
„თუ არჩევნები არ გაყალბდა, პრეზიდენტი იქნება ბურჯანაძე! ჩემზე მეტად ბურჯანაძე არავის უკრიტიკებია, მაგრამ მისი გადადგომის შემდეგ რაც მოხდა, ნინო ბურჯანაძე ძალიან შეცვალა. ბატონო ბიძინა, რა გაგიკეთათ ისეთი დასავლეთმა, რომ ორივე პიროვნება, ვინც თქვენი იდეალია, ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე, „სახალხო კრებაშია“ და ამ დროს მარგველაშვის უჭერთ მხარს?! პირდაპირ გაოგნებული ვარ!.. ვინც მარგველაშვილს უჭერს მხარს, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს!..“ – ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და შემდგომი განმარტებები უადგილოა.
თეთრების პრეს-ცენტრი
15.10.2013