(sazogadoeba.ge)”ჯეოსელი”, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს

“ჯეოსელი”, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს. ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლებასაკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონო მოსმენებს ახორციელებდა , ყველასათვის კარგად ნაცნობი ამბავია. თუმცა, “ფრანც პრესის” ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონო მოსმენებისთვის ცნობილი შვედური ტელეკომუნიკაცია “ერიქსონის ” და კომპანია “ჯეოსელის” გამოყენების შესახებ სენსაციური აღმოჩნდა.

კომპანია “ერიქსონის” წარმომადგენელთა განცხადებით, ტექნოლოგია თავდაპირველად დამნაშავეთა მოსასმენად შეიქმნა და “ერიქსონმა” 2005 წელს კომპანია “ჯეოსელს” მიჰყიდა. “ტექნოლოგიის დანიშნულება კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მას სხვა მიზნებისთვის იყენებს”, – აცხადებს კომპანია “ერიქსონის” პრესმდივანი ფრედრიკ ჰალსტანი.

მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა, რომელთა ერთი მესამედი “ჯეოსელის” აბონენტია. “ფრანს-პრესში” ნათქვამია, რომ “ჯეოსელის” აღმასრულებელი დირექტორის, პასი კოისტინენის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით მოსმენები სამართლებრივი იყო.

– “ჩემთვის ეს მიუღებელია და ვისურვებდი ამ კანონის შეცვლას. მაგრამ რადგან მოსმენები კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნის კანონმდებლობა”,-აცხადებს პასი კოისტინენი.

შვედეთის Amnesty International-ის პრესმდივანის ელიზაბეთ ლოფგრენის განცხადებით, მობილურმა კომპანიებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანთა უფლებები. არგუმენტი, რომ მათი ქმედებები სამართლებრივია, მათ არ ამართლებს.

“თუ ეს მოსმენები უკანონოა, ცხადია, “ერიქსონმა” და “ჯეოსელმა” პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ”, – აღნიშნავს ელიზაბეთ ლოფგრენი.

“ფრანს-პრესის” ინფორმაციას კომპანია “ჯეოსელი” ეხმაურება: ” თელიასონერასა” და მისი ადგილობრივი წარმომადგენლის “ჯეოსელის” უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანის უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მოქალაქეთა პირადი დაცვის უზრუნველყოფა. ჯეოსელი პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიალოგი წამოიწყო მთავრობასთან, რადგან კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, მომხდარიყო კანონის ცვლილება იმგვარად, რომ აღარ განხორციელებულიყო შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირი წვდომა სასამართლოს დადგენილების გარეშე. ამ მხრივ უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა და ჩამოყალიბდა კომიტეტი, რომელიც მოსმენებზე მუშაობს,”-ნათქვამია ჯეოსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა კომენტარს აკეთებენ ყოველივე ამის შესახებ ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები? აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყება თუ არა გამოძიება? ხომ არ აგრძელებს ახალი ხელისუფლება უკანონო მოსმენებს იმავე ტექნოლოგიებით? ამის შესახებ დღეს პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა:

” შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა: ჩვენ მოსმენებს არ ვაწარმოებთ”- აცხადებს sazogadoeba. ge-თან საუბრისას შინაგან საქმეთა სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა მოსმენა მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.

დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი:

– რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, არ ვიცი. სახელმწიფოს სჭირდება მოსასმენი აპარატურა. მოსასმენი აპარატურის შეძენა ისევე საჭიროა, როგორც მოქალაქისათვის საკვების შეძენა. სახელმწიფოს მოსასმენი აპარატურა სჭირდება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის ფარგლებში მოსმენა ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუ რამე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს დამატებით დაზუსტებას მოითხოვს. ძალიან ბევრ ადამიანს თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით უსმენენ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფოებს აქვთ. უბრალოდ ამას თავისი კანონი და პროცედურა აქვს.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:

– მოსახლეობას შემიძლია გარანტირებულად ვუთხრა, რომ უკანონო მოსმენები დღეს არ ხორციელდება და არც მომავალში განხორციელდება, ვინაიდან ეს არღვევს იმ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის გარანტიც ჩვენი კანონმდებლობა და ხელისუფლებაც უნდა იყოს.

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

მოსმენები მთლიანად მოქცეულია სასამართლო კონტროლქვეშ. შვედურ ტექნიკას იყენებენ, თუ იაპონურ ტექნიკას, ეს არ არის არსებითი. მთავარია, წარმოებს თუ არა მოსმენები მოსამართლის კონტროლის ქვეშ.

ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

ადრე რომ ყველას და ყველაფერს უსმენდნენ ვიცით, მაგრამ დღეს ეს ამბავი წარმოუდგენლად მეჩვენება. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არცერთი მოსმენა არ ხორციელდება. შეგვიძლა გადაჭრით ვთქვათ, რომ ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, გაჰყვა სააკაშვილს და მერაბიშვილს.

მაგათ რომ არ ეთქვათ, ჩვენც ხომ ვიცოდით, რომ წარსულში უკანონო მოსმენები ხორციელდებოდა. შვედური ერიქსონი იყო თუ რა, ეს ჩვენ არ ვიცოდით. მაგრამ ის, რომ მოსმენები მიმდინარეობდა, ახალი არ არის. რა გამოცანა ერგებათ ამ შემთხვევაში? არა მარტო მოსმენები, არამედ ვიდეოფირები და რა არ არის შემონახული. ნაწილი განადგურდა ამ ფირების, მაგრამ როგორც ვიცი, დარჩენილ მასალაზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს. ხომ უნდა გავიგოთ, ვისი დავალებით ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. ამას დრო სჭირდება. ეს არ არის ერთი დღის საქმე.

-ის, რომ მოსმენები ხორციელდებოდა, ახალი არ არის, მაგრამ აქ საქმე “ჯეოსელზე” და “ერიქსონზეა”. გავრცელებული ინფორმაციით, 21 000 მობილური ტელეფონის მოსმენა ხორციელდებოდა, მათგან ერთი მესამედი ჯეოსელის აბონენტი იყო. უნდა დაიწყოს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება?

-ეს ამბავი, ალბათ, გაირკვევა. გამოძიების პროცესმა უნდა აჩვენოს, ამ საქმეში რომელი კომპანია და ადამიანთა ჯგუფი ამოტივტივდება. პირდაპირ თითის გაშვერა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. ის, რომ ეს ამბები გამოსაძიებელია, ამას რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *