სტატისტიკური შოკი

download-1სამხრეთ კავკასიაში განხორციელებულიპირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/4 (73,3%) აზერბაიჯანზე მოდის. ამ ქვეყანაშიპირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მარტო2006–2011 წლებში შეადგინა 41 მილიარდი აშშდოლარი, მაშინ, როდესაც საქართველოშიმხოლოდ 7,3 მილიარდი აშშ დოლარია დასომხეთში – 7,6 მილიარდი აშშ დოლარი.

წერილი პირველი

ეკონომიკის ექსპერტმა, სტატისტიკისსპეციალისტმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მარკით  გამოაქვეყნა  საინტერესო ნაშრომები «თანამედროვე საქართველოს ეკონომიკა»

აღნიშნულ ეკონომიკურ-სტატისტიკურ ანალიზში წარმოჩენილია  საქართველოს ეკონომიკაში დღეისათვის არსებული ვიწრო ადგილები, რომელთა გამოუსწორებლობამ ან დროში გაჭიმულობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. აღნიშნული მასალის გამოქვეყნების ძირითადი მიზანი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საზოგადოებისათვის სწორი წარმოდგენის შექმნაა. ცალკეული ინდიკატორების მიხედვით ჩამორჩენის დემონსტრირებამ კი უნდა გაზარდოს საზოგადოებრივი და სახელისუფლო მოტივაცია მათი უმოკლეს ვადებში დაძლევისა და ქვეყნის განვითარებისთვის ახალი დამატებითი იმპულსების ჩამოყალიბებისთვის.

სამხრეთი კავკასია: 2003-2011 წლები

ზოგიერთი დემოგრაფიული და მაკროეკონომიკური ასპექტი

საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ბოლო წლებში აგებს დემოგრაფიულად:მოსახლეობის მატების ტემპი სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში საქართველოსთან შედარებითუფრო მაღალია, რის გამოც სისტემატურად მცირდება საქართველოს მოსახლეობის წილი ჩვენსრეგიონში. თუ 2003 წელს იგი 27,2 პროცენტი იყო, 2011 წლისთვის 26,4 პროცენტამდე შემცირდა.

მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის პარალელურად, ხარისხობრივად უარესდება საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობაც. საქართველოს თავის მეზობლებთან შედარებით გაცილებით ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს: ჩვენი მოსახლეობის მედიანური ასაკი ბოლო ოცი წლის მანძილზე გაიზარდა 6 წლით და 37,6 წელს მიაღწია, რაც 8 წლით აღემატება აზერბაიჯანის და 5 წლით – სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ყოველი სამი წლის განმავლობაში თითო წლით ბერდებოდა.

მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, საშუალო ასაკის ზრდა ამცირებს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – ადამიანისეული რესურსის გამოყენების ეფექტიანობის პოტენციალს, შეიცავს ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი, სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების მზარდ ნეგატიურ კუმულატიურ მუხტს. ექსპერტული შეფასებით, მოსახლეობის საშუალო ასაკის თითო წლით მატება იწვევს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის დაახლოებით 2,5 პროცენტით შემცირებას.

საქართველოს არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას კარგად ახასიათებს დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტი – საპენსიო ასაკის მოსახლეობის (65 და მეტი წლის) რაოდენობის თანაფარდობა ბავშვების რაოდენობასთან (0–15 წლის). აღნიშნული თანაფარდობა ბოლო ათი წლის მანძილზე, 2000 წლიდან დღემდე, საქართველოში გაიზარდა 2/3-დან 9/10-მდე. ამჟამად პენსიონერების ერთსა და იმავე რაოდენობაზე საქართველოში  აზერბაიჯანთან შედარებით 3-ჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით 1,8-ჯერ ნაკლები ბავშვი მოდის.

მაკროეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი სურათი

2003 წელს საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველ ადგილზე იყო ეკონომიკური განვითარებით. მიმდინარე ფასებით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში იქმნებოდა 919 აშშ დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი (სამხრეთ კავკასიის საშუალო მაჩვენებლის 104,3 პროცენტი), მაშინ, როდესაც სომხეთში _ 874 აშშ დოლარის (99,2 პროცენტი), ხოლო აზერბაიჯანში _ 864 აშშ დოლარის მშპ (98,0 პროცენტი). 2011 წელს, წინასწარი შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებულმა მშპ-მა შეადგინა 5466 აშშ დოლარი, მათ შორის, სომხეთში – 3048 დოლარი (55,8 პროცენტი), აზერბაიჯანში – 7510 აშშ დოლარი (137,4 პროცენტი), საქართველოში – 3098 აშშ დოლარი (56,7 პროცენტი).

მთლიანად სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2011 წელს, 2003 წელთან შედარებით, გაიზარდა 162 პროცენტით. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის 78 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდიოდა (საქართველოზე _ 12 პროცენტი, ხოლო სომხეთზე _ 10 პროცენტი). აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მშპ-ის წილი სამხრეთ კავკასიაში 2003 წლის შემდეგ თითქმის განახევრდა, ხოლო აზერბაიჯანის წილი 1,5-ჯერ გაიზარდა.

ამჟამად აზერბაიჯანის ეკონომიკური პოტენციალი თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოსა და სომხეთის ჯამურ პოტენციალს, მაშინ, როდესაც 2003 წელს მხოლოდ უმნიშვნელოდ (დაახლოებით 7,0 პროცენტით) აღემატებოდა.

მიუხედავად საგრძნობი ეკონომიკური ზრდისა, მსოფლიო ეკონომიკაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წონა საკმაოდ მოკრძალებულია _ მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 0,2 პროცენტზე ნაკლები (0,172%). 2003 წელთან შედარებით მსოფლიო ეკონომიკაში აზერბაიჯანის წილი გაიზარდა 0,065 პროცენტული პუნქტით (0,053%-დან 0,118%-მდე), საქართველოსი _ 0,005 პროცენტული პუნქტით (0,026%-დან 0,031%-მდე), ხოლო სომხეთისა _ 0,004 პროცენტული პუნქტით (0,019-დან 0,023%-მდე).

სამხრეთ კავკასიის წილი მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით 1,4-ჯერ დაბალია, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობაში. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ერთ სულზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ფასებით დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლები მთლიანი პროდუქტი იქმნება, ვიდრე მსოფლიოში. ამასთან, აღნიშნული ინდიკატორით აზერბაიჯანი თითქმის უკვე გასულია საშუალო მსოფლიო დონეზე, ხოლო საქართველო და სომხეთი მსოფლიო დონის დაახლოებით 30-30 პროცენტის დონეზე იმყოფებიან. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგომარეობა რამდენადმე უკეთესია: მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში იწარმოება მთლიანი პროდუქტის საშუალო მსოფლიო დონის 52 პროცენტი, სომხეთში – 51 პროცენტი, ხოლო აზერბაიჯანში – 130 პროცენტი.

სახელმწიფო ბიუჯეტი

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს საქართველო სამხრეთ კავკასიაში განვითარების დონით(მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) პირველ ადგილზეიმყოფებოდა, ეკონომიკის ადმინისტრირების, გადასახადების მთლიან შიდა პროდუქტთანთანაფარდობით იგი აუტსაიდერი იყო _ ბიუჯეტის შემოსავლების თანაფარდობა მშპ-სთანსაქართველოში შეადგენდა მხოლოდ 16 პროცენტს, მაშინ, როდესაც სომხეთში _ 17,8 პროცენტი,ხოლო აზერბაიჯანში 26,8 პროცენტი იყო.

მომდევნო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიც აუმჯობესებდნენ ადმინისტრირებას, საქართველოს მიღწევები ამ მხრივ გაცილებით შთამბეჭდავი იყო _ სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრირების დონე 2011 წლისთვის, 2003 წელთან შედარებით, გაიზარდა 1,8-ჯერ, მაშინ, როდესაც სომხეთში _ მხოლოდ 1,2-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანში _ დაახლოებით 1,6-ჯერ. ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან შეადგენს: საქართველოში _ 28,2 პროცენტს, სომხეთში _ 21,4 პროცენტს და აზერბაიჯანში _ 41,7 პროცენტს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საშუალო წლიური მატების ტემპი საქართველოში 2004-2011 წლებში 25,4 პროცენტი იყო, სომხეთში – 20,2 პროცენტი, ხოლო აზერბაიჯანში _ 39,9 პროცენტი.

მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2011 წელს 873 აშშ დოლარია, მაშინ, როდესაც 2003 წელს მხოლოდ 147 დოლარი იყო. განვლილ პერიოდში მოსახლეობის ერთ სულზე საქართველომ საგრძნობლად გადაუსწრო სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს (2003 წლის -5,5%-დან 2011 წლის +34,0%-მდე), თუმცა, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩამორჩენა აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებლისგან (2003 წლის -36,5%-დან 2011 წლის -72,9%-მდე). აზერბაიჯანში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე (3133 აშშ დოლარი) 3,6-ჯერ აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს. უფრო მეტიც, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, აზერბაიჯანის საბიუჯეტო შემოსავლები აღემატება (1,1%-ით) საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს.

მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა საქართველოში შეადგენს სომხეთის ანალოგიური მაჩვენებლის 122%-ს და აზერბაიჯანის მაჩვენებლის 39%-ს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მოზიდულ პირდაპირ უცხოურინვესტიციებში საქართველოს წილი 1,7-ჯერ (2006 წლის 17 პროცენტიდან 2010 წლის 10,7პროცენტამდე) შემცირდა. დღეისათვის სამხრეთ კავკასიაში განხორციელებული პირდაპირიუცხოური ინვესტიციების თითქმის 3/4 (73,3%) აზერბაიჯანზე მოდის. ამ ქვეყანაში პირდაპირმაუცხოურმა ინვესტიციებმა მარტო 2006–2011 წლებში შეადგინა 41 მილიარდი აშშ დოლარი,მაშინ, როდესაც საქართველოში – მხოლოდ 7,3 მილიარდი აშშ დოლარია და სომხეთში _ 7,6მილიარდი აშშ დოლარი.

ინფლაცია

ფასები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ხასიათდებოდა სტაბილური ზრდის ტენდენციით, რის გამოც 2011 წლისთვის 2003 წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსმა შეადგინა: საქართველოში – 179,1%, სომხეთში – 152,6% და აზერბაიჯანში – 209,3%.

ამჟამად საქართველოში ფასების ინდექსი მსოფლიო დონის 57 პროცენტს შეადგენს, სომხეთში _ 56,5 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანში _ 73,5 პროცენტს. ბოლო რვა წლის განმავლობაში განსხვავება ფასების ეროვნულ და მსოფლიო დონეებს შორის შემცირდა საქართველოსა და სომხეთში  _ 1,6-1,6-ჯერ თითოეულში, აზერბაიჯანში _ 2,7-ჯერ.

ამასთან, ფასების ზრდისა და მათი მსოფლიო დონესთან დაახლოების პირობებში სულ უფრო მწვავედ დგება შემოსავლების უკმარისობისა და დაუბალანსებლობის პრობლემები – საქართველო, მაგალითად, აშშ-ს ჩამორჩება: ფასების დონის მიხედვით – მხოლოდ 1,76-ჯერ (43 პროცენტული პუნქტით), ფასებით ბიგ–მაკზე «მაკდონალდსის» სწრაფი კვების ობიექტებში კიდევ უფრო ნაკლებად _ 15 პროცენტული პუნქტით, მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასით ჩამორჩება 8,2-ჯერ, ხოლო საარსებო მინიმუმით – 11,9-ჯერ.

საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შეადგენს 64 პროცენტს, რაც თითქმის 1,6-ჯერ აღემატება 2003 წლის დონეს (2003 წ. – 40,0%). აღნიშნული ინდიკატორით საქართველო საგრძნობლად უსწრებს სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ქვეყნებს (სომხეთში საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა ამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შეადგენს 51,1 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანში _ 51,4 პროცენტს).  ამასთან, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საქართველოში მხოლოდ 30,5 პროცენტია. სომხეთში აღნიშნული თანაფარდობა საქართველოზე ოდნავ დაბალია (27,8%), ხოლო აზერბაიჯანში, ამ ქვეყნის ექსპორტში ენერგორესურსების განსაკუთრებული როლის გამო, ჯერადად მაღალი (323,6%).

საგარეო სავაჭრო ბრუნვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს საქართველოს მსოფლიო მეურნეობაში ჩართვის მაღალ დონეზე, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის ზემოხსენებული დონე _ საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის იმპორტზე მაღალ დამოკიდებულებაზე.

მოსახლეობის ერთ სულზე საგარეო სავაჭრო ბრუნვა შეადგენს: საქართველოში _ 1538 აშშ დოლარს, სომხეთში _ 1168 აშშ დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში _ 3090 აშშ დოლარს.

სახელმწიფო ვალი

სახელმწიფო ვალის სიდიდე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ბოლო წლებში განუხრელად იზრდება და ჯამში 16,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2003 წლის მაჩვენებელს 11,7 მილიარდი აშშ დოლარით, ანუ 3,4-ჯერ სჭარბობს. სახელმწიფო ვალის მოცულობა სამხრეთ კავკასიის ერთ მცხოვრებზე გაიზარდა 2003 წლის 306 აშშ დოლარიდან 2011 წლის 982 აშშ დოლარამდე. საქართველოს ყოველ მცხოვრებზე სახელმწიფო ვალის სიდიდე 1140 აშშ დოლარი, სომხეთში – 1264 აშშ დოლარი, ხოლო აზერბაიჯანში 802 აშშ დოლარია.

2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ვალის სიდიდე (აშშ დოლარებში) მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2003 წელს წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის აბსოლუტურ მოცულობას.

უმუშევრობა და დასაქმება

საქართველოში უმუშევრობის დონე გაცილებით აღემატება სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ქვეყნებში ოფიციალურად დეკლარირებულ დონეებს. 2011 წლისათვის უმუშევრობამ საქართველოში შეადგინა 15,9 პროცენტი, მაშინ, როცა აზერბაიჯანში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 6,0 პროცენტია, ხოლო სომხეთში – 10,1 პროცენტი. ამასთან, 2003 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2011 წელს სომხეთში ფაქტობრივად არ შეცვლილა, აზერბაიჯანში  შემცირდა 1,6-ჯერ (9,7%-დან 6,0%-მდე), საქართველოში კი გაიზარდა 1,3-ჯერ (11,5%-დან 15,1%-მდე).

დაქირავებით დასაქმების დონე ამჟამად საქართველოში თითქმის იმავე დონეზეა, როგორც 2003 წელს (აბსოლუტური მატება მხოლოდ 1,9%-ია). სომხეთში აღნიშნული მაჩვენებელი 2,3 პროცენტითაა (12,3 ათასით) შემცირებული, ხოლო აზერბაიჯანში, პირიქით, 12,7 პროცენტითაა (156,3 ათასით) მომატებული. ამჟამად მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობით საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს: მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 141 კაცი, სომხეთში – 162, ხოლო აზერბაიჯანში – 154 კაცი.

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი (ედი წარმოადგენს ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამს. შესაბამისად, მისი ზრდა ნეგატიური, ხოლო შემცირება პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებელია) საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ედი-ს საშუალო წლიური მნიშვნელობა შეადგენდა (პროცენტულად): საქართველოში _ 21,7-ს, სომხეთში _ 13,5-ს, აზერბაიჯანში _ 16,0-ს (ცნობისათვის: აშშ-ში _ 9,2-ს, ევროგაერთიანებაში _ 11,4-ს).

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის გათვალისწინებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის თვალსაზრისით, მდგომარეობა აზერბაიჯანში 1,4-ჯერ, სომხეთში 1,6-ჯერ, ევროგაერთიანებაში თითქმის 2-ჯერ, ხოლო აშშ-ში დაახლოებით 2,4-ჯერ უკეთესია, ვიდრე საქართველოში.

შრომის ანაზღაურება

ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება შრომის ანაზღაურებაც. საშუალო ხელფასი საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა – 2011 წლის მეოთხე კვარტალში მან 761 ლარს მიაღწია (რაც 2003 წლის მაჩვენებელს 6-ჯერ აღემატება) და გადალახა 400-დოლარიანი მიჯნა. საშუალო ხელფასის სიდიდით საქართველო უსწრებს სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს 1/3-ით, ხოლო აზერბაიჯანის მაჩვენებელს ჩამორჩება 1/10-ით.

საქართველოში ხელფასების საერთო დონის ზრდის პირობებში არ შეიძლება არ აღინიშნოს ხელფასების დაბალი დონე განათლების სფეროში, სადაც საშუალო ხელფასი საშუალო ეროვნულის მხოლოდ 47,4 პროცენტია. აღნიშნული აზერბაიჯანში 82,0 პროცენტია, სომხეთში – 74,1%. საქართველოს განათლების სფეროს ერთი მუშაკის შრომის ანაზღაურების სიდიდე დაახლოებით 31 დოლარით (14,4%-ით) ჩამორჩება სომხეთისას და 174 დოლარით (47,5%-ით) – აზერბაიჯანისას. საქართველოში განათლების სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების ჩამორჩენა საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელთან ჯერადად აღემატება სომხეთისა და აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებლებს _ თუკი სომხეთში განათლების სფეროს მუშაკთა საშუალო ხელფასი ამ ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს 77 აშშ დოლარით ჩამორჩება, ხოლო აზერბაიჯანში – 80 აშშ დოლარით, საქართველოში ეს ჩამორჩენა 210 დოლარია. შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა საქართველოში აზერბაიჯანთან შედარებით _ 2,6-ჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით 2,7-ჯერ უფრო მაღალია.

ამასთან, საქართველოს ამ ინდიკატორით მდგომარეობის დრამატიზმს ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ თუკი ბოლო წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შეინიშნებოდა განათლების სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასთან დაახლოების პროცესი, საქართველოში პირიქით, შეინიშნებოდა დაშორების პროცესი – საქართველოში ზემოხსენებული თანაფარდობა 2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის 7 პროცენტული პუნქტით დაეცა _  54,4 პროცენტიდან 47,4 პროცენტამდე.

საპენსიო უზრუნველყოფა

ბოლო რვა წლის განმავლობაში პენსიები საქართველოში 7-ჯერ და მეტად გაიზარდა (2003 წლის 14 ლარიდან 2011 წლის 100 ლარამდე), თუმცა, საპენსიო უზრუნველყოფა  ქვეყანაში კვლავაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. საშუალო პენსია საქართველოში ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 70 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სომხეთისა და აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებლებს – სომხეთში საშუალო პენსიის დონე საარსებო მინიმუმის 85 პროცენტია, აზერბაიჯანში კი – 105 პროცენტი. ამასთან, საშუალო პენსია საქართველოში 2,3-ჯერ ნაკლებია აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და თითქმის 1,3-ჯერ ნაკლები _ სომხეთთან შედარებით.

წყარო: საქართველო და მსოფლიო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *