ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

 

სამოქმედო  პრინციპი: „მთავარში ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული!“

 

„თავისუფლების სახლი“ – ტელეკომპანია „ქართული“

ზოგიერთი მოსაზრება კონცეფციასთან დაკავშირებით

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ვაანალიზებთ რა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას,  იმ რესურსებს, რომელიც ქვეყანას ისტორიულად გააჩნია, როგორც ინტელექტუალური, ბუნებრივი, თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით და ვფიქრობთ რა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე – რეალურად ვხედავთ ორ უდიდეს პრობლემას, რომელთა გადაწყვეტის გარეშე ქვეყანას არ აქვს დიდი მომავალი.

პირველი პრობლემა ძირითადში ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია ერთის მხრივ  ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას – და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს.  და, მეორეს მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ  მეგობრებად.

მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებლობაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… იმის გაუცნობიერებლობაში, რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობას საქართველოში სასწაულის მოხდენა შეუძლია… ამის შედეგია ის, რომ საქართველო აგრძელებს ბელადომანიით განწყობით ცხოვრებას.

რეალური კოლონიზატორი მეგობრის როლში და დღევანდელი მოჩვენებითი ბელადი – მხსნელის, ეს არის ქვეყნის ორი დიდი პრობლემა: ბრძოლა საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოებრიობის, ქართული ცნობიერების და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიულ ღირებულებათა წინააღმდეგ.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო, მისი ადამიანური, გეოგრაფიული და  ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე,  არის დიდი პოტენციალის ქვეყანა და მისი მოქმედებაში მოყვანა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ძალაუფლებას – „ნიჭის ძალაუფლებას“. საქართველოში ასეთი ძალაუფლების დამყარების უპირველესი საყრდენი და საფუძველი არის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის დემოკრატიული ბუნება, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც  იმაზე მეტად გამოუყენებელია დამოუკიდებელ საქართველოში, ვიდრე საბჭოთა პერიოდში.

„თავისუფლების სახლი“ –ტელევიზია „ქართული“, ეს არის ბრძოლა საქართველოში ნიჭის ძალაუფლებისათვის.

ჩვენთვის, „თავისუფლების სახლი“ – ეს არის იგივე დემოკრატიის ცენტრი, იგივე მომავლის კერა,  იგივე ინტელექტუალური ინსტიტუტი.

ჩვენ სწორად უნდა გავიაზროთ წარსული, რომ დავინახოთ დიდი ქართული მომავალი და ვიმოძრაოთ მისკენ ქართული ცნობიერებით. ჩვენ უნდა შევძლოთ კარგად გავიაზროთ გლობალიზაცია, როგორც ობიექტური მოვლენა და პროცესი და შევძლოთ ეროვნულის და ეროვნულობის შენარჩუნება; ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს შეძლოს საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა.

ჩვენ ვართ დიდი წარსულის, მძიმე დღევანდელობის, მაგრამ გაცილებით დიდი მომავლის ქვეყანა.

დღეს მთელი მსოფლიოს პროგრესული თავები ფიქრობენ იმაზე, როგორ შეაერთონ ერთმანეთთან კაპიტალიზმის საუკეთესო მონაპოვარი – კონკურენცია და ევროპული სოციალიზმის მთავარი მონაპოვარი – ‘’დაცული ადამიანი“. ამ მიზანს დიდი თეორიაც – „კონვერგენციის თეორიაც“ ემსახურება. ჩვენს მეფეს დავით აღმაშენებელს ეს პრინციპი ათი საუკუნის წინ ჰქონდა დაცული: მხარს უჭერდა ძლიერს და იცავდა სუსტს. ამ განწყობით ცხოვრობს დღეს დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც ხშირად  ჩვენ გვასწავლის იმას, რაც ჩვენს მეფეს, ჩვენს სახელწიფოებრიობას საუკუნეების სიღრმეში ჰქონდა.

სწორედ ამ დიდი მიზნებისათვის ვქმნით „თავისუფლების სახლს“ და ტელევიზიას, რომლის სახელწოდებაშიც დომინანტი იქნება სიტყვა „ქართული“. ჩვენ ვქმნით „თავისუფლების სახლს“ და ტელევიზიას ქართული ცნობიერებით და ქართული ტოლერანტობით. ისტორიულად ქართული ცნობიერება სრულ თანხმობაშია ზოგადკაცობრიულთან.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ დამანგრეველია ურაპატრიოტიზმიც და დამანგრეველია კოსმოპოლიტიზმიც. საქართველოსთვის ქართული ცნობიერება და ქართული ტოლერანტობა ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას.

ჩვენ გამოკვეთილად და ხმამაღლა ვამბობთ, რომ გარე სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობას სამი საყრდენი აქვს: ქართული ცნობიერება, ინტელექტი და ბიზნესი. სწორედ ამ განწყობით ვიწყებთ ფიქრს, ოცნებას და რეალურ მოქმედებებს „თავისუფლების სახლისა“ და ქართული ტელევიზიისთვის შექმნისათვის.

„თავსუფლების სახლი“ – ქართული ტელევიზია – ეს იქნება დიდი კონგლომერატი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გააერთიანებს:

  • სახელმწიფო კაცების საკრებულოს
  • საზოგადოებრივ პარლამენტს
  • „თავისუფალი აზრის სახლს“
  • ეროვნული იდეოლოგიის ცენტრს
  • მოძრაობას – „მშვიდობიანი კავკასია“
  • „ქართულ-ოსური“ და „ქართულ-აფხაზური“ მისიებს
  • სტრატეგიული კვლევის ცენტრს
  • მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზს
  • მედიაჰოლდინგს „თავისუფლების სახლი“
  • ქართული დემოკრატიის მუზეუმს
  • ხალხის სასამართლოს (პროექტი –  „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“)
  • ქართულ ჰაიდ-პარკს
  • დოკუმენტური ფილმების სტუდიას

მეცნიერთა დიდი ჯგუფის კონკრეტულ ქმედებათა შედეგად დღეს რეალურად არსებობს ტელეკომპანია „ქართული“ საერთო მაუწყებლობის ათწლიანი ლიცენზიით, სატელიტური მაუწყებლობით ( turksat 11472MHz,  S/R23450, Poll:H,  FEC516 ) სრულიად ევროპაზე, უფრო მეტიც, პორტუგალიიდან – ურალამდე.  სწორედ იმ პაკეტში, სადაც საქართველოს მხოლოდ რვა ტელევიზიაა (პირველი არხი, რუსთავი – 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია, 25-ე არხი, ტვ3, ტელეკომპანია „ქართული“), ინტერნეტ და ფართო საკაბელო მაუწყებლობით (ნოემბრის ბოლოს დასრულდება ჩართვა საქართველოში მოქმედ ძირითად საკაბელო ტელევიზიებში). მიმდინარეობს მუშაობა სატელიტურ გადამცემ „ასტრა“ – სთან, რათა მაუწყებლობა გავრცელდეს მთელს მსოფლიოზე.  ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, ერთის მხრივ ნიჭმა და მეორეს მხრივ, გაჭირვებამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღმოაჩინა მილიონნახევარზე მეტი ქართველი და საქართველოს მოქალაქე. პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთან დიალოგის შენარჩუნებას, მათ ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

კიდევ ერთი და გამორჩეული: „თავისუფლების სახლი“, ტელევიზია „ქართული“ განთავსებულია იმ უნიკალურ სახლსა და ეზო-გარემოში, სადაც გერმანელებმა გასული საუკუნის დასაწყისში შექმნეს პირველი ქართული რადიო  – ეს იყო კავკასიაში პირველი  რადიო. სასიამოვნოა, რომ ეს სახლი შენარჩუნებულია ზუსტად ისე, როგორც ეს ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ააშენეს გერმანელებმა.

დასკვნის სახით: პრაქტიკულად ეს იქნება „თავისუფლების სახლი“ და ტელევიზია ძირითადში ორიენტირებული კულტურაზე ამ მცნების ფართო გაგებით: დაწყებული ყოფითი და პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობათა კულტურით, დამთავრებული  საქართველოში მცხოვრები ყველა სოციალური ფენისა და ეთნოსის ურთიერთობის  კულტურით; ისტორიით, ტრადიციებით, რელიგიით, მეცნიერებით, განათლებით, მედიცინით, სპორტით; ეს იქნება ინოვაციურ აზროვნებაზე ორიენტირებული ტელევიზია და „თავისუფლების სახლი“, რომლის ერთი მაგალითიც გახლავთ მასთან ჰარვარდის კურსდამთავრებულთა მოძრაობის შექმნა და მეორე – ამერიკელ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ დაწყებული და უკრაინელ მეცნიერთა მიერ მხარდაჭერილი „რეპუტაციის ინსტიტუტის“ შექმნა – დღეს დამკვიდრებული იაფფასიანი იმიჯის ინსტიტუტის სანაცვლოდ.

ეს იქნება ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მეგობრები გაცილებით მეტად მოუსმენენ ხალხს, მეცნიერებს, მოღვაწეებს, მოაზროვნე ადამიანებს, ვიდრე პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს… გაცილებით მეტს გაიგებენ რეალურ ყოფასა და ცხოვრებაზე ქვეყანაში… გაცილებით მეტად გაიცნობენ რეალურ ამერიკას, რეალურ ევროპას, ვიდრე ამას სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები აკეთებდნენ აქამდე: ერთნი აფეტიშებდნენ, მეორენი უარყოფდნენ. რეალური სულ სხვაა და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. საქმიანობის ამ მიმართულებას გააძლიერებს ამოქმედება პროექტისა  „საქართველოს ემიგრაციის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

დავიწყეთ რა ეს ეროვნულ საქმე, თავშივე შევთანხმდით, რომ როგორც მართვის მექანიზმი, ასევე საფინანსო სისტემა იქნება დემოკრატიული. სწორედ ამ მიზნებისათვის იქმნება „მეგობართა დარბაზი“  (შემდგომში დარბაზი).

ჩვენ ვქმნით ეროვნული და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნების განწყობის ტელევიზიას ქართველ მამულიშვილთა მონაწილეობითა და დაფინანსებით. … ტელევიზია, რომლის უკანაც  არ იქნებიან კონკრეტული პიროვნებები და პოლიტიკური ძალები, ვიქნებით ყველანი ერთად – მეგობართა დარბაზის სახით

აშკარაა, რომ მდგომარეობა ქვეყანაში იმაზე უარესია, ვიდრე გვგონია და ასეთ დროს ეროვნული, სახელმწიფოებრივი განწყობის მოძრაობის დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავლის საქართველოსათვის. დღეს რაც არ გვაკლია საქართველოში, პირიქით, დამანგრეველად ბევრია – ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია, ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები. პირველს არნახულად აფინანსებენ გარედან, მეორე კი, რომელიც სასიცოცხლოა საქართველოსათვის, სულს ღაფავს.

„დარბაზი“დაფიქრებულ მოქმედებაზე ორიენტირებული ერთობაა, რომელსაც ქვეყანაზე მოფიქრალი ყოველი ადამიანის რეალური თანადგომის იმედი აქვს. შეიძლება ბევრ რამეზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ საქართველოსათვის სიყვარულით ერთობა რომ გვჭირდება, ვფიქრობთ ეს არავისთვის საკამათო არ არის. სწორედ ამიტომ გამოვიტანეთ  ჩვენი ერთობის მთავარ პრინციპად საუკუნეების სიღრმიდან მომავალი სიბრძნე:

„მთავარში ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული!“

მართლაც, ბიბლიური სიბრძნეა.

მოქმედება კი დაწყებულია და მას განსაკუთრებულ მასშტაბს სწორედ დარბაზის შექმნით ვაძლევთ.

I. დარბაზი. დარბაზის წევრობა. დარბაზის წევრთა უფლება-მოვალეობანი.

  • დარბაზი არის „თავისუფლების სახლის“ მართვის უმაღლესი ორგანო, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ვიდრე ღია სააქციო საზოგადოებამდე ხდება გარანტი, რომ მისი საქმიანობა იყოს საჯარო, დემოკრატიული, ხალხის და მომავლის საქართველოს ინტერესების გამომხატველი.
  • დარბაზის წევრი შეიძლება იყოს საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქე, იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს „თავისუფლების სახლის“ და ტელეკომპანია „ქართულის“ კონცეფციას.
  • საინიციატივო ჯგუფი აკეთებს საჯარო განცხადებას დარბაზის შექმნის თაობაზე და ქმნის ყოველ პირობას, რომ ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს მასში გაერთიანების შესაძლებლობა.
  • დარბაზის დაფუძნება ხდება 8 დეკემბერს. შემდგომში ყოველი წლის დეკემბერში ტარდება დარბაზის კონგრესი, რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. კონგრესზე ჯამდება გაწეული მუშაობა, განისაზღვრება შემდგომი პროგრამა.
  • დარბაზის ყოველ წევრს აქვს ერთნაირი უფლება -მოვალეობანი.

 

 

დარბაზის წევრს აქვს უფლება:

 – მონაწილეობა მიიღო პროგრამების შედგენა – განხორციელებაში;

– მისთვის სასურველ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ თემაზე გააკეთოს ერთწუთიანი განცხადება ტელევიზიით, გამოაქვეყნოს მისი პოზიციის გამომხატველი მასალები „თავისუფლების სახლის“ ბეჭდურ გამოცემებში,   ვებ.გვერდებზე (ტელევიზიით განცხადების პერიოდულობა: 500- წევრამდე პირობებში   – თვეში ხუთჯერ, 500-დან – 1000 წევრამდე პირობებში – თვეში სამჯერ, 1000 წევრს ზემოთ – თვეში ორჯერ. განცხადების გაკეთების რაოდენობრივი შესაძლებლობა თვიდან თვეში არ გადადის);

– წელიწადში ერთხელ გამოიყენოს ტელევიზიის დრო მისთვის  სასურველი ნებისმიერი გადაცემისთვის (500- წევრამდე პირობებში   – წელიწადში ერთი საათი, 500-დან – 1000 წევრამდე პირობებში – წელიწადში 40 წუთი, 1000 წევრს ზემოთ – წელიწადში 30 წუთი) ტელევიზიის  პროგრამაში პერსონიფიცირებულად გვარის ჩვენებით იქნება დაკონკრეტებული დრო (მაგალითისათვის: „ მანანა ორბელიანის დრო“ );

 

დარბაზის წევრი ვალდებულია:

 –  მონაწილეობა მიიღოს დარბაზისა და მისი ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულებაში;

–  მატერიალურ –  ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს  ‘“თავისუფლების სახლსა“ და ტელეკომპანია „ქართულს“ ;

– ყოველი წლის დასაწყისში გადაიხადოს საწევრო მინიმუმ  200 ლარის (ან შესაბამისი თანხა ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობით (პიროვნება, ან პირთა ჯგუფი იურიდიული პირი, რომელიც ტელევიზიის განვითარებისათვის სამი წლის განმავლობაში შეიტანს თანხას  2000 , ან მის ჯერად თანხას, ხდება ყოველ 2000 ლარზე ერთი ლოტის მფლობელი 2000 აქციით);

 

– წლის განმავლობაში  დარბაზის წევრობისათვის რეკომენდაცია გაუწიოს

თორმეტ კაცს (სასურველია თვეში ერთს);

– იზრუნოს სატელევიზიო და სხვა პროგრამების სპონსორთა მოძიება – მოზიდვისათვის აღნიშნული  თანხის თემატური მიზნობრივი განკარგვამოხდება მომძიებლის სურვილის გათვალისწინებით , კონკრეტულ მოლაპარაკებათა საფუძლევზე;

– მსოფლიოს ცნობილ მედია-ორგანიზაციებთან ურთიერთობის ყოველი შემთხვევა გამოიყენოს  ტელეკომპანია „ქართული“ – ის ინტერესებისათვის.

 

I I.  მართვის სისტემა:

 

  • დარბაზი ირჩევს თავმჯდომარეს, 21 თანათავმჯდომარეს  და, საჭიროების შემთვევაში, საპატიო თავმჯდომარეებს.  სასურველია  თანათავმჯდომარეები იყვნენ სხვადასხვა პროფესიის საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები, რომელთა ეროვნულობასა და ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი ერთგულებაში საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სრული თანხმობაა.

თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარეების ერთობა წარმოადგენს დარბაზის ხელმძღვანელ ორგანოს..

  • თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები წარმოადგენენ „თავისუფლების სახლს“ და ტელეკომპანიას სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი ანგარიშვალდებულია დარბაზის წინაშე.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი  სამი  წლის განმავლობაში (ვიდრე შესაძლო  სააქციო საზოგადოებამდე)  განაგებს ტელევიზიის სრულ პაკეტს და მასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს სრული კონსესუსის პირობებში.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი  განსაზღვრავს „თავისუფლების სახლის“ სტრუქტურას,  თითოეული სტრუქტურული დანაყოფის დებულებას,  ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზაციის და კონტროლის მიზნით ამტკიცებს აღმასრულებელ საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი  ტელევიზიის  მაღალპროფესიონალური და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს და ამ უკანასკნელის რეკომენდაციით გენერალურ დირექტორს (მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ტელეკომპანია „ქართულის“ გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყვნენ იმავდროულად თანათავმჯდომარეები).

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტის სხდომები ტარდება აუცილებლობის მიხედვით, მაგრამ თვეში არანაკლებ ერთისა. სხდომა, როგორც წესი, გადაიცემა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, თუ ხმათა უმრავლესობით თავად არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი ორგანიზებას უკეთებს  დარბაზის წევრთა ყოვეთვიურ შეხვედრებს საქმიან სადილზე

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი ყოველწლიური შედეგების მიხედვით აკეთებს შესაბამის ფინანსურ დასკვნას, რომლის შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნას სამი წლის მანძილზე სააქციო საზოგადოებად მისი გარდაქმნის პროცესში.

 

  • თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი ადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც სამი წლის განმავლობაში  ტელეკომპანია „ქართული“ შეიძლება გადაიქცეს  სააქციო საზოგადოებად. ამ შემთხვევაში  მისი ფუნქცია ამოწურულად ითვლება და სააქციო საზოგადოება გადავა მართვაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

I I I.  საფინანსო სისტემა: ტელევიზიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სავარაუდო საჭირო თანხები, ფინანსური უზრუნველყოფა. 

  • ტელევიზიის სასურველ დონეზე ფუნქციონირებისათვის  ყოველთვიურად საჭიროა 80 ათასი ლარი:

– 30 ათასი ლარი (17 700 დოლარი):“თურქსატისათვის“  სატელიტური მაუწყებლობის გადასახადი

– 10 ათასი ლარი: კომუნალური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, საიჯარო და სხვა გადასახადები

– 30 ათასი ლარი: აუცილებელი პროგრამებისათვის

– 10 ათასი ლარი: ტელევიზიის მომსახურე პერსონალის ხელფასები.

  • ტელევიზიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის იმ პირობით, რომ ტელევიზია გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე და სამი წლის შემდეგ ჰქონდეს იმ დროისათვის შესაბამისი უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბაზა, საჭიროა მინიმუმ 3 მილიონი ლარი, სასურველია 5 მილიონი და მეტი
  • ეტაპობრივად რომ მოხდეს   დაგეგმილი პროგრამების (დანართი თან ერთვის) რეალიზება –  მინიმუმ  3.0  მილიონი ლარი, სასურველია –  6.0 მილიონი

 

ფინანსური უზრუნველყოფა.

  • ტელევიზიის მეგობართა დარბაზის საწევრო შემონატანები სამი  წლის მანძილზე იქნება როგორც მინიმუმ   2,0 მლნ. ლარი  და რეალურია იყოს 3.0 მლნ. ლარი

– 2013 წლის 23 ნოემბრიდან 2014 წლის  1 თებერვლამდე გაწეული მუშაობიდან გამომდინარე 500-მდე დამფუძნებლის მიერ შემოტანილი იქნება 100 ათას ლარამდე.

– 2014 წელს  – 1,0 მლნ. ლარი,  შესაძლებელია – 2.0 მლნ ლარი

– 2015 წელს – 2,0 მლნ. ლარი, შესაძლებელია – 4.0 მლნ ლარი

  • რეალური გათვლებიდან გამომდინარე, სამი წლის შემდგომ, „თავისუფლების სახლისა“ და ტელეკომპანია „ქართულის“ თვითღირებულება იქნება 6 მლნ. ლარი. შესაძლებელია იგი დაიყოს  3 000 ლოტად,  თითოეული  2000 აქციით და ღირებულებით   –   2 000 ლარი. შემოსული თნხების მოცულობა სავარაუდოდ იქნება 6 მილიონამდე   
  • პროგრამების დაფინანსებისათვის (მათ შორის გრანტებით)  რეალურია  –  0,7  მლნ. ლარის და  შესაძლებელია – 1.5 მლნ. ლარის მობილიზება 
  • სარეკლამო საქმიანობით შესაძლებელია  რეალურია 0,5 მლნ ლარამდე, შესაძლებელია  – 2.0  მლნ. ლარამდე მოზიდვა 
  • შემოწირულობებით რეალურია – 0,5 მლნ. ლარამდე,   შესაძლებელია 1.0 მლნ  ლარამდე თანხის მობილიზება 
  • საგამომცემლო საქმიანობით რეალურია  0.2   მლნ. ლარის, შესაძლებელია  – 1.0 მლნ. ლარის მობილიზება 
  • სხვადასხვა პროგრამებში პარტნიორული მონაწილეობით შესაძლებელია მინიმუმ 1.0 მლნ. ლარის მობილიზება

 

P.S. თანხების გადარიცხვა:

პირველი ვარიანტი – ყველა თანხა პირდაპირ ირიცხება ტელევიზიის ანგარიშზე

მეორე ვარიანტი –  თანხების მობილიზება ხდება მხარდაჭერის ფონდში, რომელსაც განკარგავს  დარბაზის ხელმძღვანელი ორგანო

 

ბოლოთქმა

საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ ამ დოკუმენტს დათათბირებისა და მოქმედების დაწყებისათვის.

ქვეყანა სიკეთეზე და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც მილიონით შეეწევა. დალხინებული არავინ ვართ, მაგრამ წესდებით განსაზღვრულ 200 ლარს უამრავი ადამიანი შეწირავს. ეს პროცესი დაწყებულია. ეჭვი არ გვეპარება, რომ დეკემბერში დარბაზის დაფუძნებისთვის ბევრზე ბევრი ვიქნებით.

ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დიდი მხარდაჭერა. კარგი და სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიამ თავისი პირველი პირდაპირი მაუწყებლობა  სვეტიცხოვლობით დაიწყო. მე ამის თაობაზე სპეციალური წერილი გავუგზავნე პატრიარქს და სწორედ მან დალოცა სვეტიცხოვლის საკურთხეველში ტელეკომპანია „ქართული“,  ეს ჩვენი დიდი ეროვნული წამოწყება. ეჭვი არ მეპარება, რომ „დარბაზის“ დაფუძნებაზე პატრიარქი ჩვენთან იქნება. ჩვენთან იქნებიან სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

ვიცი, რომ გერმანელთა მიერ ერთი საუკუნის წინ აშენებულ პირველი ქართული რადიოს შენობაში ტელეკომპანია „ქართულის“ დაფუძნებას დიდ სიხარულით შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიური კორპუსის და უცხოეთის მისიების დიდი მხარდაჭერა გვექნება.

არ ვეჭვობ, რომ ჩვენ შევძლებთ საქმიან ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან. როგორც პრეზიდენტთან, მთავრობის მეთაურთან, მთავრობასთან საერთოდ, პარლამენტთან და სასამართლოსთან, პოლიტიკურ პარტიებთან.

ჩვენ გვაქვს სურვილი განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდეს საქართევლოს მეცნიერებათა აკადემიასთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან, აკადემიებთან საერთოდ. შემოქმედებით კავშირებთან, დედა – უნივერსიტეტთან და უმაღლეს სასწავლებლებთან საერთოდ. მეგობრობით ვიქნებით მედიის საშუალებებთან.

გვინდა ვიფიქროთ, რომ ამ დროისათვის სამოქალაქო სექტორში გადასული ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ჩვენთან ერთად იქნება, იმის გამო, რომ რასაც ჩვენ ვქმნით, ეს არის ის, რაზეც ბატონი ბიძინა ოცნებობს და რის გამოც ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და ხდება ინიციატორი ხელისუფლებაზე ხალხის კონტროლის დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის.

ჩვენი მიზანიც ეს არის. სწორედ ეს ჩავწერეთ 2006 წლის 13 ივნისის დეკლარაციაში, რომელსაც „შერატონ მეტეხი პალასში“ ბევრმა ჩვენგანმა – 1000-ზე მეტ მეცნიერთან, კულტურის, განათლების, მედიცინის, სპორტის მოღვაწესთან და თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) მოაწერა ხელი .

მაშინ ითქვა: “ჩვენ დავნერგავთ პრინციპს:  ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებახელისუფლებას მართავს საზოგადოებასაზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

ძნელი გახდა ამის გაკეთება. მიზეზები ყველამ ვიცით. 2012 წლის 1 ოქტომბერმა გახადა რეალური ბრძოლა ამ პრინციპის დანერგვისათვის.

ჩვენ ვერთიანდებით და ვიწყებთ დიდ მოძრაობას საქართველოში ადამიანური ცხოვრებისათვის. დღემდე ქართული ყოფისათვის შემარცხვენელი და დამთრგუნველი  – ბრძოლა არსებობისათვის უნდა დასრულდეს და ყოველ ადამიანს მიეცეს საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციის, ნიჭის რეალიზაციის. ეს დიდი საქართველო იქნება. ღირს ბრძოლა და თავგანწირვა ამისათვის.

ჩვენ ვიწყებთ!

 

„მეგობართა დარბაზის“ შექმნის საინიციატივო ჯგუფი:

  • რეზო ჩხეიძე
  • ნონა გაფრინდაშვილი
  • რეზო ესაძე
  • ანზორ ერქომაიშვილი
  • თემურ გუგუშვილი
  • ომარ მხეიძე
  • დემურ ბაშალეიშვილი
  • ავთანდილ საყვარელიძე
  • არნოლდ გეგეჭკორი
  • აპოლონ სილაგაძე
  • პეტრე ჩხეიძე
  • თემურ მამაცაშვილი
  • რომან რურუა
  • რეზო ძოძუაშვილი
  • მანუჩარ მაჩაიძე

 

საკონტაქტო პირი

მისი პირადი ინიციატივით, რეზო ჩხეიძე (ტელ. 599 16 72 00; 579 70 05 13)

თამთა ბერიაშვილი  – ტელევიზიის გენერალური პროდუსერი(ტელ. 599 24 22 07)

ტელევიზია „ქართული“ განთავსებულია ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქ. 48 -ში

e-mail:  megobartadarbazi@gmail.com

 

საბანკო ანგარიშის ნომერი:  თი-ბი-სი ბანკი, მიმღების  დასახელება  – შპს ქართული-ტვ.

ანგარიშსწორების ანგარიში – GE42 TB71 6273 6020 1000 01.

ანგარიში  დოლარსა და ევროში თან ერთვის.

 

 003

002

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *