შეუთავსებელთა შეთავსების დამღუპველი არსი

 1უკანასკნელი ორი ათწლეულის, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრცე ვერ გასცდა პოლიტიკოსთა მექანიკურ, არაბუნებრივ ერთობებს. სამწუხაროა, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ არ შედგა პარტიათა ბუნებრივი ერთობა. სწორედ ამის, ანუ მექანიკური და არაბუნებრივი ურთიერთობების და ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიების ქმედების შედეგია რევოლუციები, და ის, რომ პარლამენტში პრაქტიკულად ვერ ხვდება რეალური ოპოზიცია.

სამწუხაროა, რომ  მოსახლეობაც აიძულებს პარტიებს მექანიკური ერთობისაკენ და შეუთავსებელთა შეთავსების ყოვლად წარმოუდგენელ ნაბიჯებისაკენ.

ჩვენ ადრეც  არაერთხელ აღვნიშნეთ და დღესაც ვიმეორებთ, განსხვავებულთა საარჩევნო-პოლიტიკური ერთობა – თითოეულის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გაუგებარ და  მექანიკურ ერთობათა გამო ბევრი, უაღრესად საინტერესო და ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი დასრულდა, ხელისუფლება კი  გაძლიერდა. განსაკუთრებით საშიშია ასეთი პოლიტიკური ერთობა მაშინ, როდესაც ეს პარტიები ვერ ერთიანდებიან ისეთი ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ,  როგორებიცაა: დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შექმნა, კანონპროექტი „ოპოზიციის შესახებ“ . ანუ გამოდის, რომ სადაც თანხმობა უნდა ჰქონდეთ განსხვავებულებს, იქ ვერ თანხმდებიან, ხოლო სადაც თანხმობა გამორიცხული უნდა იყოს, იქ  თანხმობას აღწევენ. ამას ქვია თანხმობა ფულის ძალით ფულისა და სკამისათვის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

დღეს არჩევნებით ცხოვრობს საქართველო. საუბრები მიდის პარტიების გაერთიანებაზე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მექანიკური გაერთიანებების. არჩევნებში მონაწილოებისათვის უნდა ერთიანდებოდნენ ერთი იდეოლოგიის და  ფილოსოფიის პოლიტიკური ძალები. ისტორიამ ამის კარგი მაგალითი გვიჩვენა ახლო წარსულში.

ზვიად გამსახურდიას დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან შექმნა ეკლექტიკური გუნდი, იქ იყო პარტიების პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელმაც არ დაინდო და წალეკა  საქართველოს პირველი პრეზიდენტი.. მასთან ერთად დიდი ხნით დაასამარა არაერთი ეროვნული იდეა. შევარდნაძემ და სააკაშვილმა იგივე  გაიმეორეს. ბიძინა ივანიშვილმაც მოინდომა შეუთავსებლების შეთავსება და შედეგს ვხედავთ. ის  ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმეს გააკეთებდა  პოლიტიკოების ერთი ნაწილი რომ გაიწია გვერდზე და პროფესიონალებისათვის მიეცა ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობის საშუალება…  სამწუხაროდ ასე არ მოხდა. შედეგს ვხედავთ.

ახლაც არის პოლიტიკური ძალების  მექანიკური გაერთიანების მცდელობები. ჩვენ „თეთრები“, ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ  – სულ ერთი ხმაც რომ არ მივიღოთ , „თეთრები“ მაინც არ გავერთიანდებით იმ ძალებთან, ვის ფილოსოფიასაც არ ვიზიარებთ, იმ ძალებთან, ვინც რუსეთიდან ან ამერიკიდან იმართებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათი წინააღმდეგნი ვართ. მაგრამ  გვსურს, ამ არჩევნებზე მომავალი  ჰქონდეთ საკუთარი ხედვის პოლიტიკურ პარტიებს და არა ქვეყნის გარე ცენტრებიდან  მართვად ძალებს.

გვინდა ამ არჩევნებზე მაინც არ მოხდეს პარტიათა  მექანიკური გაერთიანების პროცესი.  ვხედავთ,  ამის გამო  ბევრი პოლიტიკოსი დაკარგავს ავტორიტეტს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მე დავუჭირე მხარი ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, როგორც „სახალხო კრების“ წარმომადგენელს, რადგან მიმაჩნდა, რომ იმ ეტაპზე უკეთესი იქნებოდა, თუ  ქვეყნის პრეზიდენტი  კოალიციის გარედან იქნებოდა არჩეული. დრომ დაადასტურა და ბატონი ივანიშვილი თავადაც დარწმუნდა, რომ პიროვნება, რომლის არჩევისთვის მან ლამის  თავი მოიკლა – სოროსის ფონდის და თავისუფლების ინსტიტუტი სათავეებთან მდგარი, სხვისი მსახურებით დაკავებული,  არაქართული ცნობიერების – პრეზიდენტად ქვეყანას ვერ გამოადგა.

ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ: ქართული ცნობიერების პოლიტიკოსები უნდა მართავდნენ ქვეყანას. ქართული ცნობიერება კი თავისთავად ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას და არა კარჩაკეტილობას.

გლობალიზაციის წინააღმდეგ წასვლა დღეს სისულელეა, მაგრამ ის პოლიტიკოსებია დღეს ქვეყნისთვის საჭირო, ვისაც გლობალიზაციის პირობებში შეუძლია  თვითმყოფადობა, ეროვნულობა შეინარჩუნოს.

საქვეყნო კაცი და პოლიტიკოსი არის არა ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს მაღალ სახელმწიფო ეშელონებში, არამედ ის, ვინც ფიქრობს და მოქმედებს კიდეც, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ღირსეული ადამიანები.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *