ხელისუფლების გადაუდებელი ამოცანები

1

მიმაჩნია,  რომ მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უდიდესი მნიშვნელობისა, არის სამი საკითხი, რომელთა გადაუწყვეტლად აღნიშნული არჩევნები შეიძლება დარჩეს ფიქციად, ხოლო საერთო-სახალხო ნების სრულად გამოხატვის შემთხვევაშიც კი  – არაფრის მომცემ, მოჩვენებით კომპანიად.

პირველი – აუცილებელია კანონი ოპოზიციის შესახებ, რომელიც საჭიროა არა იმდენად ოპოზიციისათვის, რამდენადაც ქვეყანაში  პოლიტიკური პროცესების გაწონასწორებისათვის, სახელმწიფოს მმართველობაში პროფესიონალების მოზიდვისა და შენარჩუნებისათვის, ზოგადსახელმწიფოებრივი პრინციპების მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის;

მეორე – ღიად რჩება სამხარეო მოწყობის პრობლემა – ყველა აქედან გამომდინარე გაუგებრობით, წინააღმდეგობით, სიძნელით;

მესამე – შეუძლებელია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება არ ასახავდეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.  აღნიშნულის გამო სახელწმიფოში სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოიხატება პარლამენტის უძლურებაში, შეასრულოს საერთო-სახალხო, საერთო – სახელმწიფოებრივი ნება კონკრეტულ საკითხთა გადაწყვეტის დროს.  მეტიც, ასეთი წინააღმდეგობის არსებობა ამუხრუჭებს სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომ განვითარებას და ქმნის წარსულში დაბრუნების დიდ საშიშოროებას.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა გახლავთ ოპოზიციის თაობაზე კანონის ოპერატიულად მიღების შემდეგ უმოკლეს პერიოდში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ამასთან, არჩევნების ჩატარება მოსახლეობის საყოველთაო სახელმწიფო აღწერის შედეგად მიღებული სიების მიხედვით და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საჭიროდ მიგვაჩნია შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ერთიც და მეორეც მემკვიდრეობით მიიღეს „ნაციონალური რეჟიმისაგან“ ყველა თავისი სიმახინჯით და ფასადური ცვილებებით, ანუ დღემდე რეალური შეუცვლელობა აღძრავს ყველაზე მძიმე საფუძვლიან ეჭვებს.

ყველა არჩევნები რაღაცით გამორჩეულია. მომავალ არჩევნებში ჩვენ გველოდება შეხვედრები სახელისუფლებო  კოალიციის წარმომადგენლებთან; გამგებლების, მერების, გუბერნატორების სავარძლებში მსხდომ ჩინოსნებთან; ახლად გამოჩეკილ ფსოვდოოპოზიციური პარტიების კანდიდატებთან, რომლებიც გუშინ იყვნენ „ნაციონალური“ ხელისუფლების ე.წ, სამართალდამცავი, ანუ სადამსჯელო ორგანოების მაღალი რანგის მოხელეები, ნაცების პარტიული ზონდერები. რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების საძირკვლის ჩამყრელები… დღეს ისინი კოალიციის სახელით და დემოკრატიის დროშით აპირებენ პოლიტიკური ტივტივის გაგრძელებას.

ეს ხდება მაშინ, როდესაც პირადად ვიცნობ ასობით უპატიოსნეს, მაღალი რანგის სპეციალისტს, გულანთებულ პატრიოტს – „ოცნების“ წევრს, რომლებმაც ვერ მოახერხეს შესაძლებლობათა რეალიზაცია ქვეყნის და საკუთარი ოჯახების საკეთილდღეოდ, ისინი ბოლო ხუთი – ათი წლის მანძილზე შიმშილამდე მისულ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

აქ როგორ არ გავიხსენო სიტყვები ჩემი უფროსი მეგობრის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბატონ ლევან სვანაძის მორიგი, რვაასგვერდიანი სამეცნიერო მონოგრაფიიდან: „… თუ ბიჭი ხართ, მოსთხოვეთ დემოკრატიას – დემოკრატია!“

ამიტომაც, ღრმად ვართ დარწმუნებულნი,  ჩვენს მიერ წარმოჩენილ საკითხთა უგულველყოფა მხოლოდ გააღრმავებს საერთო-სახელმწიფოებრივ კრიზისს, რომელსაც ვერ ხედავენ, თუ არ სურთ დაინახონ სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ეშელონები.

შეუძლებელია უცქირო სახელმწიფო დაწესებულებებსა და  პრესაში იმ სუბიექტთა აქტივობას, რომელნიც ათწლეულის მანძილზე ანგრევდნენ ქვეყნის სულიერ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამართლებრივ სივრცეს.

შეუძლებელია მოითმინო მოქკავშირის მემკვიდრე ნაციონალებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური სატელიტებისა თუ ცრუ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამანგრეველი საქმიანობა ყოვლისშემძლე უცხოელ დამფინანსებელთა სრული მხარდაჭერის ფონზე, სადაც სრულებითაც არ არის გამორიცხული თავად ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლების არაჯანსაღი ფინანსური ინტერესები.

შეუძლებელია უტყვად დაეთანხმო და დაუშვა სრული ასიმეტრია პარლამენტში ერთი-ორი კაცის ნებით ხელოვნურად წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალთა რეალურ სურათს შორის, ანუ პარლამენტის პოლიტიკურ ორიენტაციასა და ქართველი ერის ცნობიერებას, სულიერ მოთხოვნილებათა, პოლიტიკურ მისწრაფებათა შორის.

წინა ხელისუფლებისაგან უკეთესი, არ ნიშნავს ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს ხალხი, ქართველი ერი, ქართული სახელმწიფო.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *