(საქართველო და მსოფლიო) პოლ რობერტსი: ობამას მიერ გამოცხადებული სანქციები ვაშინგტონის სისუსტეს მოწმობს.

 

577946_525922400754032_2146749128_n_1152აშშ ინტერნეტსივრცეში («Open News.com») გავრცელდა დოქტორ პოლ რობერტსის ყურადსაღები წერილი, რომლის საგაზეთო ვარიანტსაც დღეს შემოგთავაზებთ, მანამდე კი ავტორს გაგაცნობთ. ბატონი რობერტსი პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშ ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა და კურირებდა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საკითხებს. ამჟამად გაზეთ Wall Street Journal-ის რედაქტორის თანაშემწე და მიმომხილველია. მიმომხილველია აგრეთვე Buseness Week-ის და საინფორმაციო სამსახურ Scripps Howard News Service-ის რედაქციების. პარალელურად ჯერალდ სელანტეს ჟურნალის Trends Journal-ის ავტორი და რედაქტორია. მოკლედ, შემთხვევითი კაცი არ არის.
პოლ რობერტსი წერს, რომ ობამას მიერ გამოცხადებული სანქციები, რომლებითაც იბლოკება რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების ხელმისაწვდომობა ამერიკული ბანკების კრედიტებისადმი, ვაშინგტონის სისუსტეს მოწმობს.

დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ობამას ზურგი შეაქცია ამერიკელ ბიზნესმენთა ორმა უმსხვილესმა კომპანიამ. აშშ-ის სავაჭრო პალატამ და მრეწველთა ეროვნულმა ასოციაციამ The New York Times-ში, Wall Street Journal-სა და Washington Post-ში გამოაქვეყნეს სარეკლამო განცხადება და ამ ფორმით გამოხატეს თავიანთი პროტესტი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

მრეწველთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ორგანიზაცია გულგატეხილია, რადგან «შეერთებული შტატები აფართოებს სანქციებს, რასაც სულ უფრო ხშირად ცალმხრივად აკეთებს. საბოლოოდ, ეს დააზარალებს ამერიკის კომერციულ ინტერესებს».

კომპანია «ბლუმბერგმა» კი ფართო საზოგადოებრიობას აცნობა, რომ «ბრიუსელში შეხვედრაზე ეროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს ზომების მიღებაზე, რომლებიც შეერთებული შტატების მიერ დაწესებულის ანალოგიური იქნებოდა».

ავტორი მიიჩნევს, რომ სანქციები გავლენას ვერ იქონიებს რუსეთის კომპანიებზე, რადგან ისინი საბანკო კრედიტების უფრო მეტი რაოდენობის მიღებას შეძლებენ ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან.

ვაშინგტონს, გვეუბნება რობერტსი, სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს _ ქედმაღლობა, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და კორუფცია. ამ სენით დაავადებულ ადამიანებს უნარი არ აქვთ, ისწავლონ რამე. «როცა წინაამდეგობას შეხვდებიან, ისინი მოსყიდვით, მუქარითა და იძულებით უპასუხებენ. დიპლომატია სწავლის უნარის არსებობას მოითხოვს, მაგრამ ვაშინგტონმა მრავალი წლის წინათ უარი თქვა დიპლომატიაზე და მთლიანად ძალის გამოყენებაზეა გადასული».

ძალადობის იმპერიაა.

ძალადობა პრობლემებს არ შველის, პირიქით, ამ სანქციებით ვაშინგტონი ძირს უთხრის საკუთარ ძლიერებას და უკიდურესად ასუსტებს თავის გავლენას.

სხვა ქვეყნებს დოლარებით ანგარიშსწორების სისტემიდან გამოსვლისკენ უბიძგებს. ამას ადასტურებენ Bank of France-ის და BMP Paribas-ის ხელმძღვანელები. ფრანგული BMP Paribas იძულებული გახდა, გადაეხადა უზარმაზარი თანხა იმის გამო, რომ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ვაშინგტონს გულზე არ ეხატება.

სანქციები ელოდება გერმანულ ბანკს _ Commeerzbank-საც.

ზემოთ დასახელებული და მრავალი სხვა მაგალითი აძლიერებს მოძრაობას, რომელიც მიმართულია დოლარებზე ვაჭრობის სისტემის გამოყენების წინააღმდეგ. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გააფორმა ორმხრივი ხელშეკრულებები სავაჭრო პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ივაჭროს საკუთარი ეროვნული ვალუტებით.

ბრიკსის ქვეყნებმა _ ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, რომელთა ეკონომიკური პოტენციალი უდიდი შვიდეულის» ეკონომიკების ოდენობას აჭარბებს, უკვე გადადგეს პრაქტიკული ნაბიჯები აშშ-ის გლობალური ბერკეტების შესასუტებლად და ამყარებენ ახალ, დოლარისგან დამოუკიდებელ ანგარიშსწორების მეთოდებს, ქმნიან საკუთარ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელიც მოემსახურება სავაჭრო დისბალანსების დაფინანსებას.

ფინანსისტების აზრით, არცთუ შორეულ მომავალში იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდის გამო შეერთებული შტატების ეკონომიკაში დამკვიდრდება ინფლაცია და ამერიკელებს ცხოვრების დონის დაწევა რეალურად დაემუქრება.

21-ე საუკუნეში გაიზარდა ვაშინგტონისადმი უნდობლობა, რომელსაც საფუძველი დაუდო სიცრუეთა იმ ციკლმა, რომლის მსოფლიოსთვის თავსმოხვევა ამერიკელებმა სცადეს ერაყული «მასობრივი განადგურების იარაღის», «ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების» და «ირანის ატომური ბომბების» დიდი ტყუილის მეშვეობით. მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის შესწავლამ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საშიშროებად ამერიკას მიიჩნევს.

ვაშინგტონის იმპერია ინგრევა, ეს კი ვაშინგტონის მხრიდან თავზეხელაღებული მოქმედების მიზეზი ხდება. რაც მთავარია, _ არაადეკვატურის. მაგალითად, მალაიზიური ბოინგის კატასტროფა, რომელიც უკრაინის თავზე მოხდა, საზოგადოებრიობას წარუდგინეს, როგორც რუსეთისა და უკრაინელი სეპარატისტების პროვოკაცია; რომ მალაიზიური ლაინერი რუსული იარაღით იქნა ჩამოგდებული.

არავინ დაინტერესებულა, რა მოგებას აძლევდა უკრაინელ სეპარატისტებს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება. რა აზრი ჰქონდა? ამის ნაცვლად პირდაპირ და სრულიად დაუსაბუთებლად განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალი და პასუხისმგებლობა დადასტურებულია.

«ომის გამჩაღებლები რიგში ჩადგნენ, _ წერს შემდეგ პოლ რობერტსი, _ ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ავიალაინერი «ცაში ააფეთქეს», რომ ეს «არ იყო უბედური შემთხვევა». ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, ასე დეკლარაციულ დასკვნებს არ გააკეთებს, თუ წინასწარ გამზადებული გეგმა არ აქვს… აუცილებელი მონაცემების გარეშე ბაიდენმა რუსეთის დადანაშაულება დაიწყო. ვაშინგტონის მიერ გამოყენებულ მეთოდებს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ამგვარ ბრალდებებს დაახვავებს იმ მომენტამდე, როცა აღარავითარი ჩვენება და დასტური საჭირო აღარ იქნება».

სენატორმა ჯონ მაკკეინმა მყისიერად მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ თვითმფრინავის ბორტზე შეიძლება ამერიკის მოქალაქეებიც იყვნენ და მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ განეხორციელებინათ სადამსჯელო ღონისძიებები. სენატორი ამას აცხადებდა მაშინ, როცა მგზავრთა სია დადგენილი არც იყო, არ იყო გარკვეული, თუ რა მოხდა უკრაინის ცაში.

«ვისთვისაა სარფიანი?» გავიხსენოთ ეს ძველბერძნული გამოთქმა. ისიც ვთქვათ, რომ გამოძიებას აწარმოებს ვაშინგტონის სალამურზე მოცეკვავე კიევის მარიონეტული ხელისუფლება და, ეტყობა, უნდა ვერწმუნოთ პოლ რობერტსს, რომელიც აცხადებს: «ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა შედეგით დამთავრდება გამოძიება… მაღალი ალბათობით, საქმე გვექნება დიდი რაოდენობის მონაჩმახთან.

მაშ, ვისთვისაა სარფიანი? ბუნებაში არ არსებობს გონიერი მოტივი, რომელიც აიძულებდა სეპარატისტებს, ჩამოეგდოთ ეს თვითმფრინავი, მაშინ, როცა ვაშინგტონს ასეთი მოტივი ჰქონდა _ დაებრალებინა რუსეთისთვის. შესაძლოა, რომ სხვა მოტივიც არსებობდა. გაჩნდა და გავრცელდა ხმა, რომ 37-წუთიანი ინტერვალით მოფრინავდა იმავე მარშრუტით, რომლითაც მალაიზიური ავიალაინერი. მოფრინავდა რუსეთის პრეზიდენტიოს ბორტი #1. ამან გამოიწვია სპეკულაცია თემაზე, თითქოს ვაშინგტონს სურდა ამ ხერხით პუტინის მოცილება. მალაიზიური ლაინერი პუტინის ბორტში აერიათ, რადგან ორივე თვითმფრინავი ერთმანეთს ჰგავს.

არ გაგიკვირდეთ ასეთი მიამიტობა _ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონელი სპეციალისტები ასეთი არაპროფესიონალები არიან. მაგრამ გავიხსენოთ, რომ, როცა ამერიკელებმა ირანის სივრცეში ირანული ავიალაინერი ჩამოაგდეს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ 290 მგზავრი, რომლებიც მათ დახოცეს, იმყოფებოდა ამერიკული წარმოების ირანის ავიაგამანადგურებელ F-14 თომცატ-ის ბორტზე. ეს გამანადგურებელი მაშინ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო თვითმფრინავების საყრდენი იყო. თუ ამერიკელების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ საკუთარი «მშრომელი ცხენი» ირანული ლაინერისგან განასხვავონ, მაშინ ორი, ერთმანეთის მსგავსი თვითმფრინავის ერთმანეთში არევა არ უნდა გაგვიკვირდეს.

უკრაინის კატასტროფაზე საუბრისას ირანის შეთხვევა არავის გახსენებია.

ინციდენტის გამოძიების შედეგი როგორიც გინდა იყოს, _ განაგრძობს პოლ რობერტსი, _ იგი (ინციდენტი) მიგვითითებს იმ საშიშროებაზე, რომელიც ვაშინგტონის მკაცრი აგრესიის წინააღმდეგ პუტინის რბილ პოლიტიკაშია დამალული. პუტინის გადაწყვეტილებამ, უპასუხოს დიპლომატიის მეშვეობით და არა სამხედრო საშუალებებით ვაშინგტონის პროვოკაციებს უკრაინაში, უზრუნველყო რუსეთის პრეზიდენტი თვალსაჩინო უპირატესობით. ამას მოწმობს, თუნდაც, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საქმიანი წრეების ოპოზიციური დამოკიდებულება ობამას სანქციების მიმართ. მაგრამ ისიც არის, რომ პუტინის ასეთმა პოლიტიკამ ღიად დატოვა კარი სხვადასხვა მაქინაციისთვის, რაშიც ვაშინგტონი დიდი სპეციალისტია.

რადგან აშშ-ის ადმინისტრაცია უკან არ დაიხევს ნებისმიერი საზიზღარი ქმედების ჩასადენად, პუტინი და რუსეთი შეიძლება ემსხვერპლონ ვაშინგტონის უსინდისო მაქინაციებს.

და დასკვნა: რუსეთს არ სჭირდება დასავლეთი, მაგრამ ევროპას სჭირდება რუსეთი, ამიტომ რუსეთს ისღა დარჩენია, დაელოდოს ევროპის ინიციატივით მოსკოვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *