მართალი კაცი

ოდითგან მესმოდა გამოთქმა: „წესიერი რომ არის, იმიტომ არის ძლიერი“. დრომ დამარწმუნა, რომ ყველაფერი პირიქითაა: ძლიერი უნდა იყო, რომ ამ არაადამიანურ ეპოქაში ადამიანური სახე შეინარჩუნო, პატიოსანი დარჩე (!).

ჩემდა საბედნიეროდ, ბევრს ვიცნობ ასეთს. მათ შორისაც კი სრულიად გამორჩეულია ბატონი თამაზ იმედაძე. ვინც ვიცნობთ, რომ დავწეროთ, როგორია ის, აბსოლუტურად არ დაგვიჯერებენ ისინი, ვინც არ იცნობენ. არ დაიჯერებენ, რომ არსებობს ასეთი კაცი, ასეთი დიდი ბიოგრაფიით, მაღალი თანამდებობებით და… ასეთი უმწიკვლო… პატიოსანი…კეთილშობილი…

არ გაუკვიდრებათ ჩემი ეს სიტყვები ჩოხატაურში, სამტრედიაში და მის მშობლიურ ქუთაისში,  სადაც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში უმაღლესი თანამდებობები ეჭირა.

ეს სიმპათიური, დახვეწილზე დახვეწილი გემოვნებით ჩაცმული კაცი პირველად მაშინ ვნახე, როცა კომკავშირში მიმიღეს. ქუთაისის ახალგაზრდობის ნამდვილი ლიდერი იყო. ჩვენი შემდგომი შეხვედრა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში შედგა. წიგნის საქვეყნოდ ცნობილ ამ სახლს, წიგნიერებით სავსე კაცი, დავით მანდარია ხელმძღვანელობდა. არ აკადრა ბატონმა თამაზმა, წიგნის სუნით გაჟღენთილი  ამ  ორგანიზაციის კომკავშირის საანგარიშო-საარჩევნო კრებას სხვა დასწრებოდა და მიუხედავად კომკავშირული ორგანიზაციის მცირერიცხოვნებისა, პირადად ეწვია. ამით ხაზი გაუსვა წიგნისადმი პატივისცემასაც და მისი ხელმძღვანელის დიდ ავტორიტეტსაც, მისადმი დამოკიდებულებასაც.

კრება არ გამოვიდა წყნარი. დიდი და რთული პრობლემები მოაქცია მის არეალში. დღემდე ვამაყობ იმ შეფასებით, რომელიც ბატონმა თამაზმა კრებაზე ჩემს გამოსვლას მისცა: „ სკოლა წარჩინებით დაამთავრა, საღამოს დასწრებულზე სწავლობს, მუშად დაიწყო მუშაობა და 16 წლის ბიჭი ასე აზროვნებს, ეს ყველასგან დასაფასებელია“.  ამ დღიდან მოყოლებული, თვალი რომ დამადგა, მე – პიროვნებას, რომელსაც ოჯახში არც დედის და არც მამის მხრივ, არც პარტიის წევრი მყოლია ვინმე და არც მაღალი თანამდებობის პირი, გვერდიდან არ მიცილებდა.

ორი წლის შემდგომ, კომკავშირის საქალაქო კომიტეტში მიმიწვია სამუშაოდ. დღეს,  როცა ვიხსენებ ამ პერიოდს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მიწევდა მუშაობა, სამი სიტყვა მომდის ჩემში თავისდაუნებურად: წესიერება, პასუხისმგებლობა, ინტელექტუალური ერთობა. თამაზ იმედაძე იყო ასეთი. ასეთივე ადამიანები ვნახე აპარატში მისვლის პირველივე დღიდანვე: მერი ფაჩუაშვილი, რამაზ მხეიძე, მურმან ხაჭაპურიძე, მერაბ ნავროზაშვილი, ტარიელ ჭაბუკიანი, ზურაბ კობახიძე, ვაჟა ქავზინაძე – ძლიერი, გამორჩეული პასუხისმგებლობის, მაღალი განათლების, ქართული სულის ადამიანები იყვნენ.

თბილი ღიმილით, ხელქვეითებთანაც კი სრულიად ბუნებრივი თამდაბლობით, მაგრამ შეუვალი კატეგორიულობით  აღწევდა, რომ ყველა ლამპიონი განათებული ყოფილიყო; ყველა წყალმშეკრებ კოლექტორს ისე ემუშავა, თავსხმა წვიმისას  წყალი არ დამდგარიყო ქუჩაში; ყველა სასიცოცხლო ობიექტს უხინჯოდ ემუშავა ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი.

ნაცნობ-უცნობისათვის გულისსითბოს გამზიარებელი მშობლებისადმი მზრუნველობის განუმეორებელ მაგალითს იძლეოდა. დაუძლურებულ დედას სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში მომვლელის მიყვანა ვერ  აკადრა და თავად იკისრა კაცისათვის ეს არცთუ ადვილი მოვალეობა.

ერთხელ, ჩემი გუბერნატორობის დროს, ბატონმა თამაზმა თავის მამაპაპისეულ სახლში მიმიწვია. მთელი ნათესაობა იყო შეკრებული. მივედი დანიშნულ დროს და გამიკვირდა, რომ ჭიშკართან უამრავი ბავშვი დამხვდა. როგორც ჩანს, უნდოდათ ენახათ, ესკორტითა და დაცვით მისული იმერეთის უმაღლესი თანამდებობის პირი. ეს რომ ვერ ნახეს – მივედი ყველაფერი ამის გარეშე -იმედგაცრუებულნი სახლში შეცვივდნენ და ბატონ თამაზს შესჩივლეს: ეს რა გუბერნატორია ესკორტის და დაცვის გარეშეო. ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ არასდროს ენახათ თავად ბატონი თამაზი როგორ დადიოდა, როცა სრულიად ახალგზრდას გამორჩეულად მაღალი თანამდებობები ეჭირა. ის თავისი განათლებით, დახვეწილობით, პასუხისმგებლობითა და პატიოსნებით იყო გამორჩეული და ვერ იტანდა იმ ხელისუფალთ, რომლებიც ხალხს  სახელისუფლებო ეპოლეტებით უფრო ამახსოვრებდნენ თავს. სწორედ ამიტომ იყო ჩემი პასუხი ბავშვებისათვის ძალიან მოკლე: „მე თამაზ იმედაძის გაზრდილი ვარ“.

არ ვიცი, სხვას ვის ერგო წილად, მაგრამ თამაზ იმედაძის გაცილება ქუთაისის ახალგაზრდობის ლიდერობიდან, ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის მადლიერი ხალხით გადაჭედილი დარბაზიდან მოხდა. ვიცი, რომ ასეთივე მადლიერებით დაემშვიდობნენ მას ჩოხატაურლები და სამტრედიელები. დასაფასებელია ისიც, რომ ამ განწყობას დღესაც უამრავი ინარჩუნებს ამ ქალაქებში და მათვე ეკუთვნით ინიციატივა „მადლიერების წიგნის“ გამოცემის თაობაზე.

დღეს, ტყუილითა და ცილისწამებით გულნატკენს, სასაცილოდ არ მყოფნის, როცა არაერთი  აგდებულად საუბრობს წარსულზე და ხშირად, ამას სწორედ იმ პერიოდის მაღალი თანამდებობების კომუნისტურ ოჯახებში აღზრდილები  კადრულობენ. თითქოს ტაძრებში უკრძალავდნენ შესვლას, საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობას, რაღაცას არ უბეჭდავდნენ. სიტყვის თქმას უკრძალავდნენ.

ქუთაისში პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში, დარწმუნებული ვარ, დღესაც არსებობს ჩანაწერი, რომ 1968 წელს, კომკავშირის საქალაქო კომიტეტის თანამშრომელმა, ბავშვი მოვნათლე. დღემდე ვამაყობ იმით, რომ ბატონი თამაზ იმედაძის თავკაცობით, გელათში, გელათის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრების ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი. საერთოდ, წიგნის და განათლების გარეშე ვინ მიგაკარებდა ხელმძღვანელის სკამს.

დღესაც მახსოვს იმ პერიოდის გამორჩეული და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც სულიერად მეგობრობდნენ თამაზ იმედაძესთან და შემდგომში ჩვენ ეს ყველას გადმოგვედო. მარტო არქიტექტორი  ამურ ფხაკაძე, ან კიდევ, მუსიკოსი ოთარ ბრეგაძე რად ღირდა… ორთავენი როგორც ჩვენში იტყვიან, ენციკლოპედიური განათლების მქონენი იყვნენ. თავისუფლად მოაზროვნენი, ძლიერი პიროვნებები. მათ ყოველთვის განსაკუთრებული, განსხვავებული და გამორჩეული ხედვა ჰქონდათ, მაგრამ არავინ ებრძოდა, პირიქით, მათთან მეგობრობდა ჩვენი ლიდერი,თამაზ იმედაძე.

არის რამდენიმე ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელთაც ჩემი მშობლების შემდგომ, განსაკუთრებული კვალი დატოვეს. მათი უმრავლესობა მასწავლებლები არიან.

არის სამი სახელმწიფო მოღვაწე: თამაზ იმედაძე, ჟიული შარტავა და მამუკა ასლანიკაშვილი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ბედნიერი ვარ, რომ დღესაც ვმეგობრობ თამაზ იმედაძესთან.

ცხოვრობს დღეს თბილისში, კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი, თავის დროზე უმაღლესთანამდებობებგამოვლილი, პროფესორი, დოქტორი, დღეს მეცნიერებათა აკადემიების მიერ აღიარებული სოფლის მეურნეობის დიდებული სპეციალისტი, ინტელიგენტი კაცი,  რომელიც ინარჩუნებს ახალგაზრდულ პეწს.  ცხოვრობს, როგორც იტყვიან, საუკუნის წინ  მიღებულ ოროთახიან  ბინაში. გიხარია, რომ იცნობ ასეთ ადამიანებს და გული გწყდება, რომ უკვე დიდი ხანია, საქართველოში ძლიერებს აღარ აფასებენ, რომ საქართველოში დიდი ხანია, სუსტთა იდეოლოგია ბატონობს.

მინდა  მივმართო ბატონ თამაზს:

მართლაც ძლიერი კაცი ხართ, ბატონო თამაზ, რომ ამ ურთულეს ეპოქაში შეინარჩუნეთ ის, რითაც გვეამაყებით – წესიერება, ოჯახის ტრადიცია, ქვეყნის სიყვარული.

მართალი კაცი ხართ! სანთელივით მართალი კაცი ხართ!

დიდი მადლობა ყველაფრისათვის!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

2014 წლის დეკემბერი.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *