(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას „განვითარების ბიუჯეტის“ გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

news_83318პარტია „თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს არა სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, არამედ „განვითარების ბიუჯეტი” სჭირდება. ამის შესახებ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, თუ რას ითვალისწინებს განვითარების ბიუჯეტი და რა უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტი.

„პოლიტიკური პარტიები იმის მიხედვით, მემარცხენეები არიან თუ მემარჯვენეები, აყალიბებენ ბიუჯეტს. პოლიტიკაში ასე იზომება. პარლამენტში არსებული პარტიები აცხადებენ, რომ არიან მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და ბიუჯეტს კი მემარცხენეს სთავაზობენ ქვეყანას. აღრეულია ყველაფერი. თუ ხარ მემარცხენე, კი ბატონო, გამოიტანე სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. მაგრამ, ყველა ამბობს, რომ მემარჯვენეა და გამოაქვს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს აღარ არის პოლიტიკა. ეს არის სკამისთვის ბრძოლა.

 ამ პოლიტიკოსებმა გაანადგურეს ქვეყანა, გააზარმაცეს ხალხი. ამ სოციალურმა დემაგოგებმა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა.

 მიმაჩნია, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული არ არის. სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი როდესაც აქვს ქვეყანას, იქ საარსებო მინიმუმს უტოლდება მინიმალური ხელფასი, პენსია, სტიპენდია და შრომითი შემწეობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში, დამოუკიდებელი ექსპერტების გამოთვლით, საარსებო მინიმუმი გახლავთ 500 ლარი. ჩვენი ხელისუფლება კი თავად აყალიბებს საარსებო მინიმუმს და ესეც პარადოქსია.

 უმუშევრებითაა სავსე ქვეყანა. ამ ადამიანებს არავინ ეხმარება. სტუდენტობა მიტოვებულია. არ არსებობს ინსტიტუტი, სადაც ათასობით სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო შეჩერებული არ ჰქონდეს სტატუსი.

 სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ჰქვია იმ ბიუჯეტს, სადაც 20 %-ია საშემოსავლო გადასახადი? შეიძლება, რომ კაცს, რომელსაც მისცემ 500 ლარს, 100 უკან გამოართვა? ამის მერე კი ლაპარაკობდე, რომ ბიუჯეტი გაზარდე? ეს უკვე სამარცხვინოა.

 თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, ქვეყნის ბიუჯეტის 10 % მეცნიერებაში უნდა ჩაიდოს. განვითარება ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ყველა ნაწილში საუბარი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნაზე.

 საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ჩვენი ყველა ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.  გამოდის, რომ 1990 წლიდან, 25 წელია სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვს და ცუდად რატომ ვცხოვრობთ? რატომ ვცხოვრობთ უარესად, ვიდრე ვცხოვრობდით?

 უნდა ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, განვითარების ბიუჯეტზე. ხელისუფლება გადამხელუნარიანს უნდა გვხდიდეს, კონკურენტულ გარემოს უნდა აყალიბებდეს. ჩვენ გვჭირდება მეცნიერებაზე ორიენტირებული, განათლებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. აი, ამას ნიშნავს განვითარების ბიუჯეტი”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *