ფასადები, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები

პოზიცია განსჯისა და განხილვისათვის

 

1990 წელს,როცა,როგორც ქალაქის თავი-საბჭოს თავჯმდომარე, ოფიციალური ვიზიტით ვიყავი დიდ ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრ ტეტჩერის ოფისში მიღებისას კომუნალურ საკითხთა მრჩეველმა მითხრა:“ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით, ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე”.

შორს წასვლა არ გვინდა,ნახეთ ბაგრატის ტაძარზე,ჯერ კიდევ ლეონ მეფის დროს გაკეთებული უნიკალური საკანალიზაციო და წყლის სისტემები.

ფასადები თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები-ეს არის მართვის ორი სხვადასხვა ფილოსოფოსია: პირველი-დამანგრეველი, მაგრამ სკამზე ორიენტირებული, მეორე-მომავალზე და ხალხზე ორიენტირებული.

ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის საქართველოს ფიარისა და ფასადების ხელისუფლება მართავს. ამას არც ხელისუფლება მალავს. ჯერ კიდევ 2003 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ნაციონალების მთავარი ეკონომიკური და სოციალური იდეოლოგი, რომან გოცირიძე როგორი თავგამოდებით საუბრობდა ფასადური პოლიტიკის ენით ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ამ ფასადურ პროგრამას დამღუპველი და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და ხალხის მოსყიდვის პოლიტიკა, ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკაა – ორიენტირებული დღევანდელზე და არა ხვალინდელზე.

სააკაშვილის ფასადური პოლიტიკის გვირგვინი იყო და არის მის მიერ ბოლო პერიოდში წარმოთქმული მოსაზრებები. განსაკუთრებულად კი ის, რაც მან ქუთაისში თქვა: ქუთაისი იყო წარსულის ქალაქი, და ჩვენ ვაქციეთ მომავლის ქალაქადო. ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქალაქი, რომელსაც ისეთი წარსული აქვს, როგორც ქუთაისს და უბედურება იმაშია, რომ ქალაქი, რომლის მომავალი რეალურად მის სტუდენტურ და ბიზნესის ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული, სააკაშვილისათვის შეღებილი ფასადების და მის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული.

მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისში ყოველი გამოჩენისას მაკრიტიკებს მე და ტრაბახობს შეღებილი ქუთაისით, დავით აღმაშენებლის მოედნიდან გატანილი დიდი მეფის ძეგლით და იქ გაშენებული შადრევანით, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე ხეხილის ხეების ამოძირკვით და მათ ადგილზე პალმების გაშენებით და დიდი მეფის პროსპექტზე ველოტრეკის გაყვანით.

მე, როგორც ქალაქის ყოფილი მერი, ვამაყობ იმით, რომ დავით აღმაშენებლის მოედანზე დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა ახალგაყვანილ უნიკალურ პროსპექტს და ამ პროსპექტზე დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის თავკაცობით დაირგო სწორედ ის ხეები, რომლებიც დიდი მეფის ბაღში ხარობდა მის სიცოცხლეშივე. ვამაყობ იმით, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს აშენდა საკანალიზაციო კოლექტორი, ფარცანაყანებიდან გამოყვანილ იქნა საქართველოში იმ დროისათვის ყველაზე გრძელი, წერტილი დაესვა გარეცხილი რიონის წყალით ქალაქელთა წყალმომარაგებას და ქუთაისს აქვს საქართველოში საუკეთესო სასმელი წყალი.

კიდევ ერთი ქუთაისთან დაკავშირებით: მიხეილ სააკაშვილი, როგორც „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ქუთაისთან და იმერეთთან დაკავშირებულ ჩემს ინიციატივებს. როგორ შეიძლება ქუთაისში მასწავლებლებს და კულტურის მუშაკებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე დანარჩენ საქართველოშიო – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით „მოქკავშირმა“. ჩემს ეკონომიკურ და საფინანსო-საბიუჯეტო პროგრამას, წარდგენილს 2000 წლის თებერვალში პარლამენტში, წინ დაუდგა, როგორც იუსტიციის მინისტრი. პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელიც 10 მილიონი ლარის გამოყოფის შემთხვევაში მთელი ქალაქისათვის სახის შეცვლას – შეეწინააღმდეგა როგორც „მოქკავშირის“ ლიდერი და იუსტიციის მინისტრი. ის, რის გაკეთებასაც 10 მილიონით ვაპირებდი, მინიმუმ ორჯერ მეტია, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს 100 მილიონზე მეტის დახარჯვის პირობებში მოხდა. მზად ვარ, ჩემი ყველა ნათქვამი დავიცვა საჯარო შეხვედრაზე მისი მონაწილეობით, სწორედ ქუთაისში.

ქვეყანას დიდი მომავალი აქვს იმიტომ, რომ დღეს საბედნიეროდ საქართველოში ბევრია პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლებისაგან სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკა და პროგრამები აქვთ. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.

სამწუხაროა,რომ ხშირად ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს მედროვე და ფასადების ხელისუფლება და ნაკლებად უჭერენ მხარს მომავალზე ორიეტირებულ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს. ეს ტრაგიკული რეალობაა -ტრაგიკული შედეგებით.

მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოაზროვნე ადამიანისათვის საკამათო არ არის, რომ ფასადური და ფიარის პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული ფაშიზმთან. უფრო მეტიც, ფასადური პოლიტიკა არის ფაშიზმის არათუ თანმდევი, არამედ მისი მთავარი საყრდენი. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზე აქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებით, ჯარის და პოლიციის გაძლიერებით, ფასადების შეღებვით, შადრევნების კეთებით, გზების დაგებით, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიით დამთავრებული.

ეს მსოფლიო ისტორიული გამოცდილებაა.

წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში, ფაშიზმს – გერმანიასა, იტალიასა და ესპანეთში. პოლიციურ რეჟიმს – ბელორუსიასა და თურქმენეთში; გზების დაგებას, შადრევნებს, ფასადების შეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში.

გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენ შევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში”. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხი სამოთხის მოლოდინით ტკბებოდა, აქებდა და ადიდებდა იმ მთავრობას, რომელიც ციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით.

ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდ, ჩვენი წარსულია.

სამწუხაროდ, წარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ და ვგმობთ.

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით, ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე (!!!).

თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 13 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *