(ქართული სიტყვა) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას სჭირდება აკადემიური პოლიტიკა

392399_365024420206703_1607785787_n

არჩევნებში მონაწილოება არ მიიღო. თვლის რომ თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა კენჭი აუცილებლად ქუთაისში უნდა ეყარა. ქუთაისში კი ვერაფრით დაუპირისპირდებოდა მასწავლებელს და ექიმს, რომლებმაც ხელისუფლების სახელით გაიმარჯვეს არჩენებში. კობა ნარჩემაშვილთან დაპირისპირებას კი, შეიძლება „ნაციონალის“ გამარჯვება მოჰყოლოდა.  ახლაც, როცა საარჩევნო პერიოდი დამთავრდა, ექვსთვიანი ტაიმაუტი აიღო და მოვლენების განვითარებას გვერდიდან დააკვრიდება.  თვლის, რომ ასეთი შანსი რაც ამ არჩევნებმა მოგვცა, საქართველოს არ ჰქონია_ პოლიტიკური ველი თავისუფალია ერთმანეთის პირისპირ კი ხელისუფლება და ხალხი დგას. ამ შანსს  კი, თუ კარგად გამოვიყენებთ ქვეყანა სწრაფად განვითარდება.

`ქართული სიტყვა” პოლიტიკური არენიდან დროებით გვერდზე გამდგარ `თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა

_ დღეს არჩევნების უკვე მეორე ტურია თქვენ კი ამ პერიოდის განმავლობაში არსად ჩანხართ, რატომ ბატონო თემურ?

_ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში   მონაწილეობა იყო უაზრობა.

_ რატომ, ბატონო თემურ?

_ აშკარაა რომ ქართული საინფორმაციო სივრცე, პირველ რიგში კი სატელევიზიო, ისეთ პოლიტიკოსებზეა მიმართული, რომლებიც ძირითადში სენსაციებზე ცხოვრობენ. ქვეყანას სჭირდება აკადემიური პოლიტიკა, ეს კი არ ჩანს. ქვეყანა ცხოვრობს არჩევნებიდან არჩვენებამდე და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომელსაც სატელევიზიო შოუები მიყავთ, ხალხის ზომბირებას ახდენენ.  ამიტომ გეტყვით, რომ არ მგონია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ისეთივე დარტყმა მიაყენა საქართველოს მოსახლეობას, რაც მიაყენეს ტელევიზიებმა. თუ საქართველოში ქართული განწყობის სატელევიზიო სივრცე არ შეიქმნა, ეჭვი მეპარება, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს.  ვხედავ უამრავ ძლიერ პოლიტიკოსს ქვეყანაში, რომელსაც ტელევიზიებს არ აკარებენ.

_ ახლა არ მითხრათ, ბატონო თემურ, რომ ყველაფერ ამას`ზემოდანუკვეთავენ?

_  ქუჩის პოლიტიკამ, რომელიც 1991 წლიდან მოდის საქართველოში პოლიტიკოსთა შემადგენლობა დაანაგვიანა და პარტიებში სერიოზული ზნეობის დეფიციტი გააჩინა. ზნეობრივი ადამიანები პოლიტიკას გაურბიან. ტრაგედია იმაშია, რომ ის, ვინც დღეს პარლამენტს და ქვეყნის მომავალს  სჭირდება  პარტიებს არ ეკარებიან. არადა არჩევნებში პარტიები მონაწილეობენ. საქართველო დილემის წინაშე დგას. გამოდის რომ რომელმა პარტიამაც არ  უნდა გაიმარჯვოს, რეალურად ეს ის ხალხია, რომელიც ქვეყნისთვის დიდ სიკეთეს ვერ მოიტანს.   ეს პრობლემა თუ დაძლეული არ იქნა, კატასტროფა იქნება. როდესაც ერთ კაცს შეუძლია, რომ მთელი პოლიტიკური სიტუაცია ან  აჭრას ან დაალაგოს.  ეს ქვეყანა არ არის. მე მომხრე ვარ ორპარტიული მმართველობისა. მათემატიკურადაც კი ასეა- როცა არსებობს ორი ძალა ყოველთვის არის ბალანსი.

_ უნდა იყოს ორი პარტია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს `ოცნება და `ნაცმოძრაობა?

_ ამ არჩევნებით მოხდა საოცრება და თუ საქართველოს მოსახლეობა ამ მონაპოვარს სწორად გამოიყენებს ქვეყანა სხვა გზით წავა. ეს იქნება მისი აღმავლობის გზა. მე ასე ვფიქრობ, ამ არჩევნებმა პოლიტიკურად გააკოტრა გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. მაგრამ, მინდა ვიფიქრო, რომ ხალხმა დაიბრუნა  პოლიტიკოსების მიერ წართმეული ხელისუფლება. დრო იტყვის სწორ შეფასებას ვაკეთებ,  თუ არა  და საზოგადოება აღმოჩნდება თუ არა იმ სიმაღლეზე, რომ ეს გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს.

_ ამ არჩევნებს მთელი პოლიტიკური სპექტრი “ოცნების” გარდა  ეჭვის  თვალით უყურებს და თქვენ რა საოცრებაზე საუბრობთ, ბატონო თემურ?

_ არჩევნებზე მისვლით თუ არმისვლით  ხალხმა ძალიან მძიმე დამოკიდებულება გამოხატა პოლიტიკისებისა და პარტიების მიმართ. დღესაც, როცა არჩვენების მეორე ტურში ძალიან დაბალი აქტივობაა და ხალხი არ მიდის, ეს იმას ნიშნავს რომ ის ორი თუ სამი პოლიტიკური ძალა, რომელთა წარმომადგელობები იღებენ არჩევნებში მონაწილოებას, აშკარაა რომ ტყუილს ამბობენ როცა აცხადებენ, რომ ამდენი პარტიის წევრი გვყავსო. თუ ამდენი წევრი გყავს, ისინი მაინც ხომ უნდა მოდიოდნენ არჩვენბზე. სულ ოთხი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ მეორე ტურში. ფურცელზე დაწერილი  ამ პარტიის წევრები რომ დააჯამო ხუთი მილიონი გამოვა, საქაართველოს მოსახლეობაზე მეტი. სად არიან ისინი? რატომ არ მიდიან არჩვნებზე?კიდევ ერთხელ ვამბობ:  რეალურად ამ არჩევნებმა  შეიძლება დაამთავროს პარტიების და პოლიტიკოსების პარპაში თუ ამ ქვეყანას ისინი მიხედავენ ვისაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

_ და ვინ არიან ისინი, ბატონო თემურ?

_ ვინ და მეცნიერები, ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები.  საქართველოში ეს განსაკუთებულად შესაძლებელია იმიტომ, რომ ჭკვიანმა ადამიანებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მრჩეველი. თუ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლებაა, რომ შენს რჩევას არ იღებს, მაშინ შენი პასუხისმგებლობაა იბრძოლო იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს. საქართველოში პირიქითაა, მეცნიერები საერთოდ გაურბიან პოლიტიკას იმიტომ რომ პოლიტიკა დანაგვიანდა.

_ რას გულისხმობთ?

_ საერთოდ ქართული პილიტიკა ბაზრად იქცა. ქვეყანაში არც ერთი ბაზარი ისე არ მუშაობს, როგორც პოლიტიკური ბაზარი. ყიდულობ და ყიდი ხმას, ყიდულობ პარტიას, პარტიის ლიდერს, ყიდულობ ვიღაცის პარტიიდან გასვლას, ყიდულობ პარტიაში ვიღაცის შესვლას . თუ სადმე რაიმე სახის ვაჭრობა არსებობს ეს ყველაზე დიდი რაოდენობით არის პარტიებში. რეალურად კი ისე გამოვიდა, რომ ცხოვრობენ ხელისუფლებისა და პარტიების წარმომადგენლები, დანარჩენები არსებობენ.

_ მაინც  არ მეუბნებით, ამ არჩევნებზე, ისეთი რა მოხდა  რამაც იმედი გაგიჩინათ..

_ ვერც შევარდნაძის დროს როცა ამბობდა რომ საშუალებას არ მაძლევენ გადაწყვეტილებები მივიღოო,  ვერც სააკაშვილის დროს როცა ამბობდა რომ მტერი მყავს და იმიტომ ვერაფერს ვახერხებო, და ვერც ბიძინა ივანიშვილის დროს, როცა ამბობდა რომ ერთი წელი ძველი პრეზიდენტი, იყო, ორი წელი ძველი ადგილობრივი თვითმმართველობა  ვერ მოხერხდა  და ახლა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური ველი თავისუფალია.  პირისპირ დარჩა ხელისუფლება და ხალხი. ხალხი გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. ახლა იმათ დროა, ვიზეც ზემოთ ვსაუბრობდი მეციერების, კულტურის მოღვაწეების და იმ ადამიანების, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და ვინც არ გაიყიდა.

_ მაგრამ ამ სფეროს წარმომადგენლებიც  იყიდებიან, ბატონო თემურ

_ ხოდა ჩვენი უბედურებაც ესაა. ხალხი იმას წუხს რომ ინტელიგენცია გაყიდაო. მეცნიერებიც კი  გააჩუმესო… ხედავთ სანამდე მივედით?თუ ახლა ინტელიგენიცა არ გაიყიდება საქმე სხვაგვარად იქნება.  მერე რა, რომ ვიღაცა მოგეხმარა და გვერდით დაგიდგა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კომპრომისზე წახვიდე. შენ რომ ვიღაცა კარგად გაცხოვრებს, იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა იყოს მძიმე მდგომარეობაში. მე რომ მკითხოს კაცმა, ჩვენ ისეთი მეცნიერები და ინტელიგენცია გვყავს საერთოდ, მათ სამართხოვრო არაფერი სჭირთ. მით უფრო, ქვეყანას სწორედ ის მტრობს, ვინც ცდილობს, თუ ახერხებს ინტელიგენციის და მეცნიერების ყიდვას.  მთელ მსოფლიოში, მეცნიერებადა ინტელიგენცია ითვლება ხელისუფლების ბუნებრივ მეკავშირედაც და ოპონენტადაც. მისი პასუხისმგებლობა დიდია ხალხის წინაშე. დღეს  ასეთი რამ ხდება, ვიღაცას ფულით ეხმარებიან, ვიღაცას გვერდით უდგანან და ამ დროს მოსახლეობის 99% შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს. ასე არ შეიძლება მთელს მსოფლიოში ინტელიგენტის პასაუხისმგებლობა არის სხვა. ის ფეხქვეშ არ ეგება, გუნდრუკს არ უკმევს ხელისუფლებას და ის არის ბუნებრივი ოპოზიცია.ინტელიგენციასა და მეცნიერებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს ჩვენ კონსტიტუციურადაც გვევალება  და გეუბნებით ხელისუფლებას,  რომ ეს არის გასაკეთებელი. თუ ამას არ გააკეთებ უნდა წახვიდე, რადგან ასე წერია კონსტიტუციაში. ამიტომ ვამბობ, ახლა ის დროა, როცა ვერავის ვერაფერს დააბრალებს ბიძინა ივანიშვილი. ერთ მხარეს დგას `ქართული ოცნება“მეორე მხარეს ხალხი.

ჩვენი ამოცანა იყო ხალხს უარი ეთქვა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და კოჰაბიტაციის პროინციპზე. ახლა, როცა პოლიტიკური ველი თავისუფალია, უნდა გამოჩნდეს სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა. ეჭვი მეპარება, რომ `ოცნება“ პოლიტიკურ არენაზე დარჩენას შეძლებს. ნაციონალური მოძრაობა რომ სექტაა და არ უნდა დარჩეს ეს ხომ თავისთავად ცხადია. ასე რომ, საქართველო არის მოლოდინში და თუ ჩვენთანაც ისე მოხდება, რომ იარსებებს ორი პარტია როგორც სხვა ძლიერ ქვეყნებში ძალიან კარგი იქნება. ყველა ვინც ოცი წელია პარტიის ლიდერია და გაიძახის რომ პარტია მაქვსო უნდა წავიდეს. ეს არ არის პოლიტიკა. ის არის ლიდერი, რომელმაც პოლიტიკა ბიზნესად აქცია. პოლიტიკოსთა სიმრავლეში არ არის დემოკრატია. კლასიკური პოლიტიკური პარტია საქართველოში არ არსებობს. თუ შეიქმნა ასეთი პოლიტიკური პარტიები    საქართველოს დიდი მომავალი ექნება

_ პრობლემა ივანიშვილშია რომელიც არ აძლევს გასაქანს სხვა პარტიებს?

_ პრობლემა ორივეშია, მყიდველშიც და იმაში, ვინც იყიდება.  ეს უკანასკნელი რომ არ არსებობდეს, პირველიც არ იქნებოდა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ფული ჯოჯოხეთს ანათებს.  რაც შეეხება ივანიშვილს. მაღალი კულტურის პოლიტიკოსების მიერ ივანიშვილი იქნებოდა დიდი საყრდენი საქართველოსთვის. დღეს ის დიდი საყრდენი კი არა,   შეიძლება უფრო მეტად,   დიდი უბედურებაა.

 

 – რატომ?

– მას გონია, რომ ყველაფერი იცის, ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, რეალობა კი ის არის, რომ ივანიშვილი კი არა მისი სიდიდრე წყვეტს ყველაფერს . საქართველო იმდენად დაამშიეს და დააუძლურეს, რომ ფულს ამხელა ძალა მიეცა ქვეყანაში. ამიტომ ივანიშვილს რადგან ფული აქვს იყიდა ყველა და ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლებოდა. ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი ვინც მას გაეკარა და ვინც მის ორგვლივ იყო  არცერთი მომავლის პოლიტიკოსი არ არის. ვინც იყო მოქალაქეთა კავშირში, ვინც იყო ნაცმოძრაობაში, ვინც იყო ივანიშვილთან ესენი ყველა გაყიდულია და არც ერთს შეუძლია ქვეყნის მართვა. პარტია რომელიც იყიდება ის ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს. ამიტომაც არ ვჩანვარ და არც არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა.

_აქტიურობას   არც მომავალში აპირებთ ?

_ მე დღეს ვფიქრობ იმაზე, როგორ უნდა შეერთდეს ხალხი, ზნეობრივი ავტორიტეტები, ინტელიგენცია, პოლიტიკოსები როგორ შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. მარტო პოლიტიკოსებზე დამოკიდებული საქართველო ვერ განვითარდება ეს რეალობაა.

ჩემი ფორმულა ასეთია, ქვეყანას უნდა მართავდეს ხელისუფლება. ხელისუფლებას კი უნდა ირჩევდეს და მართავდეს საზოგადოება. საზოგადოებას კი ინტელექტი და ზნეობა უნდა მართავდეს.   განსაკუთრებულია დღეს ზნეობრიობის საკითხი.  ზნეობრივი ადამიანები არავის უნდა მიეყიდონ. საქართველოში კაპიტალი 10-15 კაცს გააჩნია და ისინიც კი ახერხებენ მათ ყიდვას. მიხარია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ ამას რომ საქართველოში არ არის საშიში კონსტიტუციური უმრავლესობა თუ ქვეყანას ჰყავს საზოგადოება. საზოგადოება კონსტიტუციურ  უმრავლესობას    თავხედობის უფლებას  არ მისცემს.  არ მისცემს იმის უფლებას რომ ხელისუფლების და ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს, არც იმას, რომ თავის ნებაზე აკეთოს ყველაფერი. არადა საქართველოში რაც დამოუკიდებლობა აღდგა სულ ერთი კაცი წეყვეტს ყველაფერს. ერთი კაცის გემოვნებით მიდის მშენებლობა, ერთი კაცის გემოვნებით_ საგარეო ურთიერთობები, ერთი კაცის გემოვნებით ყალიბდება პოლიტკური პარტიების შემადგენლობა, ერთი კაცის გემოვნებით_ მტავრობა. ეს შემარცხვენელი და შეურაცმყოფელია. მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა ტვინით გატენილი ადამიანებითაა სავსე და მათ არვინ არფერს ეკითხება. ამან მიგვიყვანა იქამდე რომ საქართველოში არის ველური საბანკო კაპიტალიზმი.

_ რას გულისხმობთ?

_ რას  და, – მთელი საქართველო ეკუთვნის ბანკირებს. ბანკირის ფსიქოლოგიით ქვეყნის მართვა წარმოუდგენელია ეს ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. დღეს სადაც კი გაიხედავ ყველგან ბანკი და ბანკირია. ეს არ მოიტანს შედეგს, დღეს დაგვაჯდებიან თავზე ბანკირები და მაგრამ ნურავის გონია რომ ასე გაგრძელდება. გავა რამდენიმე წელი და მათ უნდა ეშინოდეთ არა პოლიტიკოსების, არამედ ხალხის, და კიდევ უფრო მეტად, ღმერთის. გუშინწინ ერთერთ ჩემს ახლობელს სადეპუტატო პენსიის 24 თვის გამოტანა დასჭირდა. შვიდი კაცი ვრეკავდით და ვეძებდით პიროვნებას თავდებში რომ დამდგარიყო. ორი დღის განმავლობაში ვეძებეთ…   ოთხმოცამდე კაცი ვნახეთ, ყველა შავ სიაში იყო. მთელი საქართველო შავ სიაშია. ბანკირების ხელშია ეს ქვეყანა და ნაცვლად იმისა, რომ ბატონი ბიძინა კარგად გარკვეულიყო ამაში, თვითონაც ბანკირის ფსიქოლოგიით გააგრძელა მართვა. ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. ვინც მას ტაშს უკრავს და სიმღერებს უმღერის, ისინი არიან წახალისებული და პრემიებს იღებენ.

_ და ეს მარტო საბანკო სექტორის დამსახურებაა? გასდით და აკეთებენ. Pპოლიტიკური ნება არ არსებობს და იმიტომ

_ თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას უნდა ვეძებდეთ? მაკკეინი უნდა გვმართავდეს, ჟირინოვსკი უნდა მეუფროსებოდეს? სააკაშვილი ჟირინოვსკის რომ დაელაპარაკა დედა იმას შევეკამათეო და ხალხი მოატყუა. ამ ყველაფერს ტაშს უკრავენ, ამ ტაშმა დაღუპა ეს ქვეყანა. რეეალობა უფრო რთულია. კიდევ შემეკითხებით რატომ არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობაო?

ნახეთ დეპუტატობის კანდიდატები შეეშინდება საქართველოს ისეთები არიან. ერთმა ვინმემ ხომ უნდა დაამთავროს ეს, რომ ასეთებს მეორედ აღარ გაუჩნდეთ სურვილი დეპუტატობისა. ყველა დეპუტატი უნდა დასვა ისე, როგორც ეს ხელისუფლება მოსწავლეებსა და სტუდენტებს უწყობსგამოცდას და უთხრა, რომ ხელით დაწერონ თავისი ბიოგრაფია . ათბალიანი სისტემით ვინც ორს მიიღებს, იმას კიდევ არაუშავს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ არ იცის ვინ მოიყვანა. მერე კი იძახდა ვინც კარგი იყო მე მოვიყვნეო და დანარჩენბები დაგვლანძღა. ვინც კარგებია მოვიყვანე და ვინც ცუდები ხართ დარჩით გარეთო და მეც დავრჩი გარეთ. კარგით ბატონო, ერთ კაცი დამისახელეთ, ვინც ნამდვილად ისეთ თანამდებობაზე ზის  რომელსაც იმსახურებს? ხალხი ხომ ხედავს სოფელში, რაიონში ვინ მართავს? როცა ივანიშვილი მოვიდა ხომ გახსოვთ რამდენი შეშინებული იყო? თუნდაც ოქრუაშვილი გავიხსენოთ. ვინ არის ოქრუაშვილი? კალოშებით რომ მოვიდა პოლიტიკაში და ახლა როგორ გრძნობს თავს? ბეჟუაშვილი გავიხსენოთ შეჭამა ქვეყანა. მედიკამენტების ბიზნესი გავიხსენოთ. საშუალოდ ერთი ოჯახი ყოველ თვე ორასი ლარის წამლებს ყიდულობს. წარმოგიდგენიათ რა ბიზნესია ეს? ჩვენი ავადმყოფობა ამთთვის ფულის შოვნის საშულებაა. ივანიშვილი და სხვები ამათ ათამამებენ და პარლამენტში შეყავთ.   ამიტომ გამოვაცხადეთ მორატორიუმი, ვაცლით ექვსი თვე და ვაკეთებთ ანალიზს. როცა ეს დრო გავა მე ვილაპარაკებ ამ ყველაფერზე და იმაზეც რომ ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც, ის სამედიცინო დაზღვევა რომელსაც ესენი ტაშს უკრავენ. მიუღებელია!

_ ანუ?

_ წამლის ბიზნესიტ უფრო მეტი ფული შედის ბიუჯეტში, ვიდერე სამედიცინო  პროგრამებზე ხარჯავს საქართველოს ხელისუფლება. გამოდის ,ჩვენ რომ წამალს ვყიდულობთ იმით ვიკეთებთ ოპერაციებს, რისთვისაც  ტაშს ვუკრავთ ხელისუფლებას . გარკვეული წამლები ჩვენთან გამოცდას გადის თვალებში  გვიყურებენ და გვამადლიან.  კაცმა არ იცის, ეს წამალი კარგია თუ ცუდი.  მე ერთი ქართველიც კი არ მემეტება რომელიმე წამლის გამოცდისათვის.

H_ჰეპატიტის პროგრამას გულისხმობთ?

_ არა მარტო მას . ამბობენ რომ ვიღაცა ათ და ხუთ მიალიარდს დებსო. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ წამალს გამოცდის და თუ ის გამოდგება 50 მილიარდს მიიღებს. თუ არ გამოდგება და ჩვენ ვიკითხოთ ამ ხალხს რა ეშველება. შეიძლება ერთი და ორი წელი რაღაც შდეგეგი მოგვცეს, მაგრამ მერე გენეტიაკში რას იძლევა იცის  ვინმემ?. ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს? და ეს  მარტო ამ საქმეს არ ეხება

სხვათაშორის ქუთაისში უნდა მეყარა კენჭი. ჯერ ერთი, იმიტომ ვთქვი უარი, რომ პედაგოგი იყრის კენჭს მარგველაშვილი და მე პედაგოგს ჩემს ცხოვრებაში არ დავუპირისპირდები. იმ პედაგოგს არა მგონია, რომ კენჭი   უნდა ეყარა, მარგველაშვილი ძალიან კარგი პედაგოგია და რას ერჩიან არ ვიცი.  მეორე  – ბატონი მხეიძე, ექიმია. ძალიან კარგი ექიმი და ვერასდროს დავუპირისპირდები ექიმს. ვფიქრობ, არც მას    უნდა ეყარა კენჭი.

 – რატომ? 

რატომ და, როცა პედაგოგნა თუ ექიმმა  იციან, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელთა ყოფნა   პარლამენტში სასიკეთო იქნებოდა ქვეყნისათვის.  მთელს მსოფლიოში ასეა, მაგრამ არა საქართველოში. მასწავლებელს და ექიმს უნდა ვემსახურო, მაგრამ არ უნდა მოვიყვანო ის მსახურად. კობა ნარჩემაშვილი იყრიდა კენჭს იმ უბანში, სადც მე ვცხოვრობ და ის ხუთი თავიღ მაღლა იდგა იმათზე, ვინც ქუთაისში იყრიდა კენჭს. მაგრამ ისიც არ იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ქუთაისისთვის.

_ სხვათა შორის, ნარჩემაშვილი პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეა, თქვენ , ბატონო თემურ?..

_ ამ თემაზე სხვა რამეს ვფიქრობ – , პარლამენტი ქუთაისს არაფერს აძლევს. ეს არის პოლიტიკური ღორობა, როცა საუბრობენ უნდა დარჩეს თუ არა ქუთაისში პარლამენტი. Mმე ქართველი ვარ და ვიცი, რომ დავით აღმაშენებელმა ქუთაისიდან დედაქალაქი თბილიში გადმოიტანა იმისთვის, რომ საქართველო გაეერთიანებნა. ვინმეს მაშინ რომ რეფერენდუმი ჩაეტარებინა არ მისცემდნენ ამის ნებას და დღეს საქართველო ასეთი არ იქნებოდა. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ის ზედმეტი ორმოცი-ორმოცდაათი მილიონი, რაც ყოველწლიურად პარლამენტის ქუთაისში შენახვა ჯდება  ქუთაისში ბიზნესის განვითარებას რომ მოახმარონ, ეს ქალაქი აყვავდება. ქუთაისს უთხრეს ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი უნდა გახდესო. არ ვიცი, ეს უკვე აღარ ვიცი. ქუთაისი უნდა იყოს ინტელექტუალური ცენტრი.

_ არ მოგწონთ ქუთაისში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა?

_ არა და იმიტომ, რომ რომელი ქალაქებიც ტურიზმის ცენტრად იქცა იტალიასა და საბერძნეთში ყველა განადგურდა. არ შეიძლება შენი გამორჩეული ქალაქი, მით უფრო, ეროვნულობის დიდი საყრდენი ქალაქი,  ტურიზმის ცენტრად აქციო, მას უნდა გაუფრთხილდე.

_ ქუთაისში არც საერთაშორისო  არც უნივერსიტეტის მშენებლობა მოგწონთ?

_  ეს  უნივერსიტეტი 60 ათას სტუდენტზეა არის გათვლილიო.  ამდენი სტუდენტი მარტო საქართველოში რომ მოიკრიფოს ეს გაანადგურებს ყველა უნივერსიტეტს. მაგრამ ხომ ვიცით, რომ  50 ათასზე მეტი უცხოელი იქნება. ისიც ხომ ვიცით, რომ ძირითადში მესამე ქვეყნებიდან. ეს ხომ მარტო ქუთაისის კი არა, მთელი დასავლეთ საქართველოს დამანგრეველი შეიძლება გახდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეროვნულობაზე საუბარი უკვე ზედმეტი იქნება  გენიოსებმა  შექმნეს დედაუნივერსიტეტი თუ ნახევარი მილიარდის გაღება შეგიძლია ახალი კი არ გაკეთო ამ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს მიხედე. გააძლიერე ისე, რომ არა მარტო ქუთაისში, არამედ ყველა დიდი ქალაქში გახსენი უნივერსიტეტი, დიახ ქუთაისი უნდა იყოს საუვენირსიტეტო ქალაქი და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი.  ქუთაისს    სხვა მომავალი არა აქვს. თუ  გინდა გადაარჩინო ასე უნდა მოიქცე. როგორ გააკეთა ეს ამერიკამ? არსებობს ერთი დიდი უნივრსიტეტი და მას სხვა ქალაქებში აქვს ფილიალები. ეს რომ ამერიკაში ვნახე გავოცდი რაც კარგია არ მოაქვთ და რაც ცუდია იმას ხელად გადმოიღებენ ხოლმე. ამიტომაც არ შევედი მათთან პოლემიკაში და უარი ვთქვი ყველაფერზე. მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ დიდი დისკუსიის გარეშე საკითხები ასე  წყდებოდეს. იმ ფულით რომელიც მათ აქვთ ბიუჯეტში მინიმუმ ხუთჯე მეტი რამის გაკეთება შეიძლება.

_ და რა არის ამისთვის საჭირო?

_ რა და ის, რომ ჭკვიან ადამიანებს ეთათბირენბოდნენ და  გადაწყვეტილებას ერთი კაცი არ იღებდეს. ქვეყანას თავზე ნუ დავაჯენთ, ნუ ჩავუგდებთ ხელში ბანკირებს, ხალხს და ქვეყანას ნუ დავამონებთ და ნუ დავამშევთ.   კარგის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამას სჭირდება მეტი თბილი ადამიანური ურთიერთობები. ხელისუფლება არ შეიძლება ეუფროსებოდეს ხალხს, ხელისუფლება არის მსახური. ჩვენ ვირჩევთ მსახურს. ნორმალურ ქვეყანაში არავის უნდა იყოს ხელისუფლებაში. შვეიცარიაში არავის უნდა პრეზიდებტობა და მინისტრობა. იქ ყველაფერი სხვანაირად არის, ხალხიც კი ფოსტით აკეთებს არჩევანს. ახლა ვინმე იტყვის, რომ ის შუა ევროპაა. ჩვენ ნუ ვლანძღავთ ჩვენს მეზობლებს, აქაც შეიძლება ძალიან კარგად ბევრი რამის გაკეთება. როცა ქუთაისში ვიყავი, ვირჩევდით პოლიციის უფროსს, განათლების საბჭოს, არაფერში ვერეოდი და ვიყავი ბედნიერი იმით, რომ პასუხს ვთხოვდი არჩეულ ადამიანებს. თუ მაშინ შეიძლებოდა ამის გაკეთება ,რომ სტუდენტს გამოცდის გარეშე ვიღებდით უნივერსიტეტში და არ ვახდებინებდით ფულს ახლა აღარ შეიძლება?  მე მასთან ხელშეკრულებას ვაფორმებდი, რომ როცა დაამთავრებდა თუ  საარსებო მინიმუმზე სამჯერ მეტი ხელფასი ექნებოდა, მაშინ იქედან 10%-ს ნელნელა დააბრუნებდა.  მე პასუხისმგებლობას ვიღებდი, რომ  საარსებო მინიმუმზე სამჯერ მეტი ხელფასი ექებოდა ამ სტუდენტს. მე ვიცი ეს სისტემები როგორ არის და ასეთი საქართველოში უამრავი ადამიანია. საქართველოში სულ სხვანაირად არის. მოიყვენენ უცბათ კაცს და ანდობენ ქეყანას.

_ და ეს ცუდია, ბატონო თემურ?

_ ამერიკაში როგორ არის? ოცი წელი უყურებენ კაცს, ისე არსად არ ირჩევენ. საქართველოში ვინმეს ერთი ტელევიზიით გამოჩენაა საკმარისი. ჩინეთში სამოცი წელი თუ არ შეუსრულდა სერუიზულ თანამდებობას არ აძლევენ, იაპონიაში 56 წელს უნდა გადაცდეს. ესე იგი ყველგან სიბრძნეა და გამოცდილება მთავარი. რომ ამბობენ უცხოერთში აქვს განათლება მიღებულიო. კურსები კი არ უნდა გაატარო და ისე მოიყვანო, ისეთი უნდა მოიყვანო, ვინც რამდენიმე წელი სწავლოიბდა უცხოეთში და მერე რამდენიმე წელი მუშაობდა. ჰგონიათ რომ ესენი აგვაშენებენ. არადა მე უამრავი ადამიანი ვიცი, ამერიკასა და ევროპაში, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი სხვადასხვა თანამდებობებზე.  მას კი არავინ აკეთებს. ქვეყანას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, გეოგრაფიული რესუსი და ვცხოვრობთ ყველაზე ცუდად. რაღაც მაგალითებით გველაპრაკებიან არადა სულ ახლახანს ლიტვაში ჩატარდა არჩევნები და გლეხების პარტიამ გაიმარჯვა. დღეს, 21-ე საუკუნეში პარტიის სახელწოდება არის ასეთი. ყველა დასავლურ და ყველა რუსულ პარტიას უთხრეს უარი დაგვანებეთ თავი, საქმის გაკეთება გვინდაო. Dგაგვანებონ საქართველოშიც თავი, საქმის გაკეთება გვინდა. პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება ამ ქვეყნისთვის ტრაგედიაა. პოლიტიკოსი ის კი არ არის ვინც, გვეუფროსება, პოლიტიკოსი ის არის, ვინც მაღლაა თავისი განათლებით და ხალხის საქმეს აკეთებს. საქართველოში რა ხდება? ჩამოვიდნენ ხალხი შევიდნენ ხალხში მათ ენაზე ვლაპარაკობთო და ისინი იპოვებენ ავტორიტეტს. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ბრბოს ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი კატასტროფააო. დღეს რა გაუხარდება ხალხს იციან, მივლენ და ეუბნებიან რომ მე გაგიკეთებ გზას, მე მოგიყვან წყალს . ვინ ეკითხება პარლამენტარს ამას? ე ს არის სოციალური დემაგოგია რომელმაც ეს ქვეყანა წაიღო. საქართველოში ყველაზე კარგი სიტყვა ქურდს ჰქვია_ ავტორიტეტი. ყველაზე არაეროვნულ პარტიას , „ნაციონალური“. ახლა ვკითხულობთ  ნაციონალების ლოზუნგს ტრადიციული საქართველოსთვისო. ყველას აქვს ამის უფლება მაგრამ მათ არა.  ამიტომ ვამბობ, რომ დღეს განსაკუთრებული დრო დადგა და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ იმათ ვისზეც ვლაპარაკობდი. უნდა შეიკრიბოს ყველა ის ინტელიგენტი, ვინც ამ ხელისუფლების მომხრეა, მივიდნენ ბატონ ბიძინასთან და უთხრან, გილოცავთ, მაგრამ ასე აღარ შეიძლება გაგრძელებაო.

_ ბატონო თემურ ყველაფერზე ისაუბრეთ, ბატემ ისიც მითხარით, რატომ გაემიჯნეთ ნინო ბურჯანაძეს ?

_ მე არასდროს ვყოფილვარ ნინო ბურჯანაძის პარტიაში. დღესაც ვამაყობ იმით, ვისთან ერთადაც ვიყავი „სახალხო კრებაში“ . ეს ინტელექტუალური ერთობა იყო, დიდი ეროვნული განწყობის. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში.

_ მაგრამ  მასთან ასოცირებული იყავით..

_ იქნებ ის იყო ჩემთან ასოცირებული?ვიმეორებ,   მე არასდროს ვყოფილვარ ნინო ბურჯანაძის პარტიაში. მე ვიყავი იქ, სადაც იყო ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე,ელიზბარ ჯაველიძე , გია ბურჯანაძე  იყვნენ…  ვიყავი იქ სადაც იყო დიდი ხალხი.  გია ბურჯანაძე არჩვნების დროს, სულ დაყვება ნინო ბურჯანაძეს მაგრამ მის პარტიაში არ არის. ჩვენ ვიყავით ის ხალხი რომელმაც ჯერ კიდევ 2006 წელს ეროვნული ყრილობის მოწვევის დეკლრაცია მიიღო და ნინო ბურჯანაძე კი მისი წინააღმდეგი იყო.. ჩვენ გვინდოდა ეროვნული ყრილობის ჩატარება, მაშინ ნინო ბურჯანაძე ხელისუფლება იყო. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი  არის გამაერთიანებელი. სადაც ის დადგება, მეც ვიქნები იქ. ძალიან მწყდება გული, რომ ბოლო პერიოდში ის გაჩუმდა და მესმის მისი კეთილი განწყობა ივანიშვილისადმი.  ყველას, ვისაც ეს კეთილი განწყობა გაქვთ, გეუბნებით ,რომ ამ კაცს ქვეყნისათვის დიდი საქმის გაკეთება შეუძლია მაგრამ არა პოლიტიკოსის რანგში. თუ დათვურ სამსახურს არ უწევთ, უთხარით, რომ ჩამოცილდეს ხელისუფლებას,, მართვას, პოლიტიკას და გარწმუნებთ რომ საქართველოც დაისვენებს, ბიძინა ივანიშვილიც დაისვენებს და გაცილებით მეტი საქმე გაკეთდება.  მე იმიტომ ვმეგობრობდი მერაბ ბერძენიშვილთან რომ მას ეყო ძალა ეთქვა, რისთვის მაძლევთ ამ ფულსო. დადგით ჯერ ძეგლი და იმაში მომეცით ფულიო.  ასე უნდა იქცეოდეს ყველა და ინტელიგენციის ასეთი პასუხისმგებლობის პირობებში,  მართლაც, დიდ საქართველოს შევქმნით.

 

ესაუბრა ნათია ვერძეული

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *