რა შუაშია მერობა?!

თამადობა ერთი ცოდნააო, ––იტყვიან გურიაში. ვაღიარებ რომ ასეა. ბევრჯერ მინახავს თამადის მიერ გაცუდებული: ქორწილი, ძეობა, იუბილე და სხვ. ასევე მინახავს, თამადის მიერ დაუვიწყარ სანახაობად, ზეიმად ქცეული: ქორწილი, ძეობა, ნათლობა თუ იუბილე. ჭირის სუფრას, კარგი და ღირსეული თამადა (დარბაისელი), ამშვენებს.

დიდებულ თამადებთან გამიტეხია პური (მარტო ვახუშტი კოტეტიშვილი და ზურაბ ჭავჭავაძე რად ღირს!..) დღემდე მომყვება კარგი თამადების დადგმული „სპექტაკლები“ და ყურში ჩამესმის მათი ხმა. სიმონიკა სხირტლაძის (არ მოვსწრებივარ) და თემო ჩირგაძის თამადობას, უშუალოდ არ მიდევნებია თვალი, მაგრამ, რასაც ისინი ჩადიოდნენ ლხინის სუფრასთან, ცნობილი და სანდო ადამიანების გადმოცემით ვიცი. ახალგაზრდობაში ბევრჯერ მითამადია (მომწონდა კიდეც…) ლხინის სუფრასთან. ვთამადობდი და ვლაღობდი, თან ვსვამდი ბოლო წვეთამდე…

ორმოცდაათი წლის რომ გავხდი. განვაცხადე: აწი სხვამ ითამადოს-მეთქი (ლექსად ვთქვი). გურული მეგობარი მეწვია: ––ბიჭი დავაქორწინე, უნდა მითამადო!.. ––ჩემო იმანო, მე საქვეყნოდ განვაცხადე, 50 წლის რომ გავხდები, მერე მორჩა თამადობა… ––ძამა, ჩემი ბიჭი რომ დაქორწინდა, რაღა ახლა შეგისრულდა სამასი წელი (მკვდარი ყვავი რომ ჩამოვარდა გურულის ყანაში: რაღა ჩემს ეზოში შეგისრულდა სამასი წელიო!..) რა მექნა, ვუთამადე. მერე რამდენჯერ ვითამადე, ოდენ გამჩენმა იცის…

ჰოდა, ვერ ვუთხარი (ვინ გათქმევინა) უარი კარგ კაცს, მეცნიერს, დოქტორს, ქუთაისის ყოფილ მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს (ვცადე კი…) ქუთაისს ბევრი მერი ჰყავდა, ბევრიც ეყოლება… რამოდენიმესთან გამორჩეულად ვმეგობრობ. კაცმა მერობით კი არა, კარგი კაცობით, კეთილი ზნით, გონიერებით უნდა დაგამახსოვროს თავი და მასაც დღენიადაგ უნდა ახსოვდეს, რომ ქალაქის თავად, ხალხის არჩეულია და ცოტა ხნის შემდეგ, იმ სკამს სხვა დაიკავებს (ბარეორი, უგონო მერი გადაიყოლა ძალაუფლების ხიბლმა, რაც მინდა, იმას ვიზამო!.. ისინი, დღეს თავს ვერ ყოფენ საზოგადოებაში, არც ახსოვთ (დედის და მამის გინება სხვა საკითხია!..) არაფერს ვიტყვი ნიკო ნიკოლაძეზე თუ ლუკა ასათიანზე (ასეთი ქალაქის თავები სადღაა), მაგრამ თემურ შაშიაშვილი უმძიმეს დროში თავკაცობდა, დღემდე უყვართ და უამრავჯერ მომისმენია მისი ქება. მეც საუკეთესო ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს მასთან (საერთოდაც, არ მომწონს ის კაცები, თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ფეხებს უკოცნიან ადამიანს და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არაფრად აგდებენ, თან აგინებენ!..) ჰოდა, ნიკოსთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს, მას შემდეგ (იყო ქალაქის მერი, ვიცე მერი და ვიცე გუბერნატორი…) რაც არ უჭირავს მაღალი თანამდებობა. რა შუაშია მერობა?! ვითამადე მეგობრის, კარგი ადამიანის შვილის (ვაჟის) ქორწილში… ისე, რაღა დროს ჩემი თამადობაა, 914 წლისა მოვიყარე…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *