(euronews.ge)50 წლის კაცი ტყიბულის ცენტრში ტირის, რამდენი ხანია, პური არ მიჭამიაო” _ რატომ უნდა შაშიაშვილს პრეზიდენტობა

  ,,დღეს ამ ადგილზე დაპირისპირებულთა დიდი შერიგება იწყება”, – განაცხადა 19 ოქტომბერს, ქუთაისში, გუბისწყალთან, ამომრჩეველთან  შეხვედრის დროს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა. მან გაიხსენა 1998 წლის 19 ოქტომბერი, როცა ამბოხებული აკაკი ელიავას სამხედრო დანაყოფი სენაკიდან თბილისისკენ დაიძრა. ამბოხებულების მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და მაშინდელი ხელისუფლების დამხობის იმიტირება იყო. როგორც გვახსოვს, ამბოხებულები ქუთაისის შესასვლელთან შეაჩერეს და ასე გადაურჩა საქართველო მოსალოდნელ სისხლისღვრას. ამ მოვლენის ეპიცენტრში იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი იყო.

თეიმურაზ შაშიაშვილი:
კოლონები თბილისისკენ მოიწევდნენ. მათ უნდოდათ ქუთაისზე გავლა, მაგრამ  ქუთაისმა მათი ტანკები არ გაატარა და დედაქალაქი კატასტროფისგან იხსნა. შევარდნაძე მთხოვდა, კოლონები გამეტარებინა. ტელეფონზე მის საუბარს ისმენდა მეუფე კალისტრატეც და ყველაფერში დამემოწმება. ჩემი პასუხი ასეთი იყო: „გადაივლიან ჩემზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ თბილისაკენ წამოსვლას! თქვენ შეგიძლიათ გამათავისუფლოთ. მე ვიქცევი ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია იმერეთს და ქუთაისს!“. დღესაც ვამაყობ ჩემი ასეთი  გადაწყვეტილებით და ამის ძალა ჩემმა იმერეთმა და ჩემმა ქუთაისმა მომცეს.

    _ ბატონო თეიმურაზ, დიდი შერიგებისკენ კონკრეტულად ვის მოუწოდებთ?  

_ მოვუწოდებ იმ მხარეებს, ვინც აქ იდგა: გამსახურდიას მხარეს იდგა ვახტანგ ქობალია, რომელიც, როგორც ვიცი,  იგივეს ფიქრობს. მათთან დაპირისპირებულ მხარეს იყო გია  ყარყარაშვილი და მასაც აქვს ამისი სურვილი.  ეს დაპირისპირება დაიწყო 1992 წლიდან და ასე მოვედით დღემდე. ამის გაგრძელება აღარ შეიძლება.

შერიგების  პროცესი დაწყებულია და საუბარი უკვე მიდის გარკვეულ ჯგუფებს შორის. ბატონი ზაზა ქვარაია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, დაწყებული დიდი  შერიგების მონაწილეა. მამამისი, ბატონი ვალერი ქვარაია გახლავთ გენერალი, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესებში ჩართული. ისინი  უკვე საუბრობენ ამ საკითხებზე ერთმანეთში. ზუგდიდში რომ ჩავალ, ყოველგვარი ტელევიზიების გარეშე მივადგები რამდენიმე მათგანს სახლში და ვეტყვი, პოლიტიკური ტანკია დღეს დასამარცხებელი და მტკიცე ერთობაა საჭირო. აი, ასეთი მიმართვა გავაკეთე გუშინ, გუბისწყალთან.

_ ზვიადის მომხრეები დღემდე ლეგიტიმურ ხელისუფლების, ანუ ზვიადის ხელისუფლების დაბრუნებას და მომხდარზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ამაზე რას აზრის ხართ?

_ ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან ჩემი მეგობრები. ასეთი იყო აკადემიკოსი მაგალი თოდუა; არჩილ კოსტავა, გურამ გაბუნია, პეტრე ვაჭრიძე, არსენ ფოჩხუა… როცა ქალაქის მერად მოვედი, გავაკეთე განცხადება, რომ უნდა ჩატარებულიყო  გამოძიება იმ ყველაფერზე, რაც მაშინ მოხდა.

1992 წელს ვამბობდი, რომ უზენაესმა საბჭომ- ძველმა და მოქმედმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეიქმნას შემთანხმებლური ჯგუფი. რეალობას უნდა გავუწიოთ ანგარიში, პოლიტიკა არის რეალობის აღიარება. გაერომ აღიარა ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა გადატრიალების შემდგომ, ამიტომ უნდა ვიყოთ რეალისტები მეთქი. გადაწყვეტილება უნდა მიეღო ორ პარლამენტს და ეს სამართლებრივი ვაკუუმი მოსპობილიყო, მაგრამ ამ აღიარებას სჭირდებოდა გარკვეული კომპრომისები. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა სერიოზული მუშაობა, რაც არავინ გააკეთა. დოკუმენტზე, რომელზეც მოგიყევით, ჩემს წიგნშიც არის საუბარი. ყოფილმა დეპუტატებმა მოვაწერეთ ხელი და სწორედ იქ ჩავწერეთ მთავარი პრინციპები, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყოველივე.

მე პრეზიდენტობისთვის იცით რატომ ვიბრძვი, მინდა, ქვეყანა შეიცვალოს უკეთესობისკენ. დათრგუნული ვარ, როდესაც ხალხს ამ მდგომარეობაში ვხედავ. ხალხი სულს ღაფავს, თერჯოლის ცენტრში რომ კაცი გეტყვის, პური მენატრებაო და 50 წლის კაცი ტირილს რომ დაიწყებს ტყიბულის ცენტრში, რამდენი ხანია პური არ მიჭამია და ბალახს ვჭამო, რომელ საუკუნეში ვართ?! ხელისუფლებას, ძველს და ახალს არ რცხვენიათ. პლაკატები გამოაკრეს სოფლებში ყველა ჭიშკარზე, ყველა ბოძზე გამოკრულია მათი გაღიმებული სურათები. ხალხი ტირის, მაგრამ თურმე ასე ყოფილა დასავლური ტექნოლოგია, ხალხმა რომ მიგიღოს, თურმე სურათზე გაღიმებული უნდა იყო. თვალით არ უნახავთ პრეზიდენტობის კანდიდატი და სურათებით ბოძებიდან და ღობეებიდან ელაპარაკებიან. ამიტომ ვამბობ, რომ სხვა პროცესია საჭირო და ჩვენ ამ სხვა პროცესის პროგრამით მოვდივართ.

წყარო:  http://euronews.ge/uuu50-წლის-კაცი-ტყიბულის-ცენტრ/

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *