თემურ შაშიაშვილი: მთავარია ადამიანები არ დაგვეღუპოს შიმშილით და არ მოიშალოს ეკონომიკა

დღეს მთავარია ფიქრი არა პიროვნულ გამარჯვებაზე, არამედ სიძულვილის სიყვარულით დამარცხებაზე და ქვეყანაში  სიკეთით გამარჯვებაზე.

ეს, პრაქტიკულად, ჩემთვის არის იძულებითი სათქმელი. ამ დღეებში, მეც და „თეთრების“ წევრები, თავს ვიკავებდით განცხადებების გაკეთებისგან. ასეთ სიტუაციაში პოლიტიკსოთა სიჩუმეს მეტი სიმშვიდის მიცემა შეუძლია ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ ვრჩებით ამ მიდგომისა და პრინციპის ერთგულად, ვრჩებით იმის ერთგულად, რაც უკვე ვთქვით, რომ დღეს არ არის არც დაპირისპირების და არც ხელისუფლების კრიტიკის დრო. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსები, პარტიები კი უნდა დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს, რაც არ უნდა მძიმე და ძნელი იყოს ამის გაკეთება.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი რჩევები ჩამოვაყალიბეთ. ეს ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ. ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რომელიც პირადად გამაჩნია, როგორც ყოფილ დეპუტატს, მერსა და გუბერნატორს.

ვადასტურებ, რომ დღეს მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სიმშვიდის საფუძველი კი არის რწმენა მოსახლეობაში, რომ ხელისუფლება ფიქრობს მასზე, არის იმედიანად და არ არის დათრგუნული შიშის გამო.

მე ვიწონებ იმ ნაბიჯებს, რასაც ხელისუფლება დღეს დგამს, მაგრამ პატივისცემით ვამბობ იმასაც, რომ გაკეთება შეიძლება გაცილების მეტის, თუ ქვეყნის, მეცნიერების, საერთოდ მოაზროვნე ადამიანების პოტენციალი ამოქმედდება.

მთავარი, რის გამოც ამ განცხადებას ვაკეთებ. საგანგებო მდგომარეობა.  აზრი გაყოფილია. მე პირადად ჩემს პოზიციას ვაყალიბებ ლაკონურად, მარგამ მკვეთრად: შექმნილი მდგომარეობის გაუბრალოება არ შეიძლება, მაგრამ არც ხალხის დაზაფვრა მოგვცემს კარგ შედეგს. აქამდე არ ვთქვი, ის, რა აზრიც მქონდა სახელისუფლებო მოწოდების „იყავით სახლში“ გამო. როცა ამ მოწოდებას ექიმები აკეთებან,  ეს ზუსტია. მაგრამ ხელისუფლების ფუნქცია ამ შემთხვევაში გრანდიოზულია. მარტივ რამეს ვამბობ: მოსახლეობის 90% სახლიდან გამოდიოდა ლუკმა-პურისთვის. ეს იყო სახლიდან გამოსვლა პრაქტიკულად, არსებობისთვის. არგამოსვლა ხომ მისთვის უკვე უმძიმესი შედეგებისკენ მიმავალი გზაა.

მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაშიც კი, ამერიკაში, პრეზიდეტი ფიქრობს ყოველ მოქალაქეს 1000 დოლარით დაეხმაროს. უამრავმა ქვეყანამ კომუნალური გადასახადების პასუხისმგებლობა აიღო. ბევრგან მოსახლეობას უპროცენტო სესხის სისტემა შესთავაზეს. დემოკრატიულ ქვეყნებში პენსიონერთა , უმწეოთა დაცვის არნახული მექანიზმები მოიყვანეს მოქმედებაში. თითქმის ყველგან სტუდენტთა სწავლის გადასახადის პრობლემებზე იფიქრეს . განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ ყველა ქვეყანამ არნახული პირობები შეთავაზა მეწარმეებს, განსხვავებით იმისგან დიდი თუ მცირე ანუ ყველგან ცდილობენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი ელემენტარულით მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ ბევრი გვაქვს საფიქრალი. მით უფრო ხელისუფლებას და იმ ხალხს, ვის ხელშიც, პრაქტიკულად ფულის დიდი ნაწილია თავმოყრილი. მსოფლიოში არ დარჩა მდიდარი, რომელმაც, მილიონზე მეტი, არაერთმა, ათეულობით და ასეულობით მილიონი , მილიარდერებმა კი, მილიარდთან მიახლოებული თანხები არ გაიღეს. როცა იტალიერი მოდელიერი ჯორჯო არმანი 200 მილიონ დოლარს გაიღებს, ცნობილი სპორტსმენები ათეულობით მილიონებს გასცემენ, სასაცილოდ ჩანს ქართველ მილიონერთა ტრაბახი 10, 20 30 თუ 100 ათასი ლარის გაღებით. ესეც დამაფიქრებელია. მორალის და ზნეობის მაჩვენებელია.

მთავარი კი, საგანგებო მდგომარეობა კარგია, როცა გაქვს სისტემა, რომელიც იძლევა თითოეული ადამიანის დაცვის გარანტიებს. ვფიქრობ, ადრე რომ შემოღებულიყო , გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს ბევრმა სახელმწიფომ გააკეთა და შედეგებიც საუკეთესო აქვთ: ან საერთოდ არ ჰყავთ, ან მათი რაოდენობა 10-ს ფარგლებშია.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის პასუხი წმიდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაზე. ქვეყანაში ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან. როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს,  მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის სულის მსახურია და კავშირი არ გაწყვიტა ღმერთთან. როგორც ეს არაერთ ეკლესიას დაემართა. ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორია, რადგან თვლის, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ, გულისტკივილით ვამბობ, ჯერ ერთი, რომ  ადრე არ გამოცხადდა, მეორე, საგანგებო მდგომარეობას ემთხვევა დიდი მარხვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანსვეტები: ხარება, ბზობა, დიდი პარასკვი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ვიფიქრო, ხალხი და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საგანგებო მდგომარეობის არათუ გაგრძელება დაგვჭირდეს, არამედ  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებამდე დასრულდეს.

გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უკვე არა მარტო დიდი მოაზროვნენი, არამედ პოლიტიკოსებიც კი, საუბრობენ იმაზე, რომ ეს განსაცდელი არის გარკვეული სასჯელი სამყაროში დაგროვილი დიდი ურწმუნოების გამო. ჩვენც დაგვიგროვდა ბევრი ისეთი რამ, რაც გამოსასწორებელია. ვისურვებდი, ამ პერიოდში პარლამენტს გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიბლიასთან და უპირველესად, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

ეს ჩემი ადამიანური და სუბიექტური მოსაზრებებია. დღეს ვდგევარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი, როგორც მართლმადიდებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დიდი მარხვის პერიოდში, ვარ სინანულში და როგორც საქართველოს მოქალაქე, ვასრულებ ხელისუფლების გონივრულ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე,  ვითხოვ მისგან, მოქმედების ისეთ პროგრამასა და სისტემას, რომ არც ერთი ადამიანი არ დაგვეღუპოს შიმშილით  და არ მოიშალოს ქვეყნის  ეკონომიკა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ინკასოების გზა არ არის ქართული გზა. არ არის დღევანდელობის შესაბამისი ქმედება. მით უფრო, როცა ის საინფორმაციო საშუალებების  მიმართ და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილთა მიმართ ხორციელდება…

დღეს მთავარია ფიქრი არა პიროვნულ გამარჯვებაზე, არამედ სიძულვილის სიყვარულით დამარცხებაზე და ქვეყანაში  სიკეთით გამარჯვებაზე.

პ.ს განცხადება გავრცელდება ყველა სააგენტოში, დაეგზავნება ყველა გაზეთს, ტელევიზიას.

იხ. ჩვენი ხედვა – მისაზრებები და განცხადებები პანდემიასთან დაკავშირებით

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *