თეიმურაზ შაშიაშვილი: წინათქმა მუხრან მაჭავარიანის „ასი ლექსისათვის“

muxran

„პოეზია მადლია, ნიჭია და ამავე დროს მძიმე ტვირთიც არის“ – დიდი ილიას ამ სიტყვების დასტური იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ხასელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართული მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო.

ვიჯექი დარბაზში და ვხედავდი, როგორ იკვრებოდა ერთ მუშტად გათითოკაცებული სიკეთე. ვხედავდი და ვრწმუნდებოდი, რომ მხოლოდ ერთს, მხოლოდ ერთადერთს – სიყვარულს შეუძლია ადამიანის ამაღლება. მწამს და მჯერა, გაწამებული ცხოვრებით დატვირთულ ადამიანებს ამ საღამომ გაახსენა დიდი შოთა: „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“. საოცრებაა ისიც, რომ ამ საღამოზე ქართული ცეკვაც კი ლექსი იყო – მუხრან მაჭავარიანის ლექსი.

უდიდეს პატივად მივიღე ბატონი მუხრანის, სარამოს მონაწილე მწერალთა და საერთოდ, მთელი დარბაზის თხოვნა, ამ საღამოზე ზეპირად წარმოთქმული ჩემი სიტყვა წინათქმად წამძღვარებოდა პოეტის 100 ლექსის კრებულს.

*  *  *

ადამიანში ორი სიმაღლე ცნობიერდება: გეოგრაფიული და ფილოსოფიური, ანუ სულიერების. ისტორიულად, ადამიანს ორივეს დაპყრობის სურვილი ამოძრავებს. ასევე ისტორიულად-ადამიანთა მოდგმა ორივე მწვერვალზე ასულს ეკრძალვოდა. კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ნაწილი მწვერვალის აღების (დაპყრობი) და მწვერვალთან დამარცხების, ან მოშურნეთაგან მწვერვალიდან გამოგდების ისტორიაა.

მუხრან მაჭავარიანი მუდმივი ფილოსოფიური სიმაღლეა. რაც უფრო მეტად და ხშირად ცდილობდნენ მის გამოგდებას, მით უფრო მაღლა მიდიოდა და მიუწვდომელიც ხდებოდა.

„ … ვაბიჯებ ჰაერს

და ნელ-ნელა ავდივარ მაღლა“.

კაცმა, რომელმაც ცას დააბრალა – „მოწას რომ არ აჩნია ჩემი პატიმრობის მკრთალი ნაფეხურები“ – ცაზე ავიდა დინოზავრის ნაკვალევიტ და სწორუპოვარი გახდა; კაცმა, რომლის ქალაქიდან წასაყვანადაც სოფლიდან გაზაფხული მოდიოდა, უფრო დიდი გაზაფხული შიგნით – სულში შექმნა და მარადიული გაზაფხულის გარემოში ცხოვრობს.

მუხრა მაჭავარიანი – პოეზიის მეფე, – ძლიერი ისტორიული ფესვის პოეტთა ქვეყანას შეუძლია სიცოცხლეშივე ასეთად აღიაროს იგი.

რა ბედნიერია ის, ვის მიმართაც ასეთი განწყობაა, რა ბედნიერია ისიც, ვინც ამას ამბობს. ქართველთა ეს სულისთქმა ქუთაისში გაცხადდა – აკაკის, გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა ქალაქში, დიდი პოეტური სული, დიდი პოეტებისა და მათ წინაშე ქედმოხრილ ქალაქში, სოლომონის სიბრძნის ქალივით ლამაზ ქალაქში, დიდი დათვის ქალაქში.

სწორუპოვარმა ქუთაისმა სწორუპოვარ პოეტს დიდი თამარის ხსენების დღეს პოეზიის მეფე უწოდა.

ასე დაიწყო ახალი ათასწლეული ბებერმა ქუთაისმა, ქალაქმა, წომელსაც წარსულზე დიდი მომავალი აქვს.

პოეზიის მეფე უწოდა კაცს, რომელმაც გული სოფლიდან წამოიღო სწორუპოვარი და ძმაკაცივით გადაკოცნა დილა თბილისის, კაცს, რომელსაც ცხოვრების უკუღმართობამ ათქმევინა:

„ტირიფზე ნამუსიანი

ამქვეყნად არაფერია“.

მუხრან მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენა ზნეობის ტყვეობაშია, რომ ადამიანი მაადიული სრულყოფისაკენ მიმსწრაფი, სულიერების მესაძირკვლე და ცოდვათა ღვთის წინაშე მუხლმოდრეკით მავედრებელი ქმნილება უნდა იყოს. პოეტის ღრმა ფილოსოფიურ ნააზრევში სოლომონ დოდაშვილისაგან („აღსარება თქმული სოლომონ დოდაშვლის მიერ თბილისის სიონში, აღდგომის წინა დღეს“). აღმაშენებლისეული სიბრძნეც გაკრთება – რომ უცოდველი არავინაა, ოღონდ შენი მუშაკობით ზნეობის წარუვალ პრინციპებს მსახურებდე:

„ვარ დამნაშავე, –

რამეთუ ვცხოვრობ

ვხედავ:

სულს ვღაფავ თევზივით უხმოდ.

თუ ვქმნი რაიმეს,-

იმიტომ მხოლოდ

სასჯელი მინდა შევიმსუბუქო“.

ქვეყნის გადარჩენა ქმნაში, კეთებასა და შენებაშია. ბოროტება იმიტომ მძლავრობს, ზეიმობს, მხარ-მკლავს შლის, რომ სიკეთე გათითოკაცდა, რომ: „საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა“. ცალკე ადამიანის კეთილდღეობა არ არსებობს. ბოროტებაზე დაშენებული სიკეთე კი უფრო დიდი ბოროტებაა. ადამიანის აქაური ყოფიერება სხვისი გახარების ნიჭითაც იზომებაო – გვეუბნება მუხრანი:

„სხვისიც ყოფილა თუ ყოფილა

ჩემს თვალზე ცრემლი

ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით

მრავალჯერ ჩუმად,

ყოვლადძლიერო!..

გახარება თუ გინდა ჩემი, –

უნარი სხვისი გახარების

მიბოძე უმალ!“

სხვისი გახარების სიბრძნით, ნიჭით და უნარით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე მუხრან მაჭავარიანი,

ვიცი, ყოველ ქართველს გაახარებს მესამე ათასეულის პირველ ღვთისმშობლობას გამოსული ეს წიგნიც.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

14 მაისი, 2001 წელი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *