პროფ. ამირან აფციაურის მიმართვა საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

ასლი: საქართველოს ეროვნულ ბანკს

ბატონო გიორგი,

უახლესი მონაცემებით, მწვანე ენერგიის  ხვედრითი წილი,  რამდენიმე წელიწადში  გაორმაგდება და 30 % მდე მიაღწევს.  აქედან ნახევარზე მეტი მზის ენერგეტიკაზე მოდის.  ფოტომოდულების და მზის ელექტროსადგურების მწარმოებელი წამყვანი  კომპანიები (HEVEL, LONGI, ABI-SOLAR, SOLARCITY, VIESSMANN, JINKO SOLAR და სხვა) ყოველწლიურად 160 000 მეგავატამდე სიმძლავრეს აწარმოებენ.  მაგალითისათვის, კომპანია LONGI წელს პოლონეთში აშენებს 300 მეგავატიან ელექტროსადგურს. მთლიანად კი ეს კომპანია ყოველწლიურად  30 000 მეგავატამდე სიმძლავრის დანადგარებს უშვებს. ინდოეთში, ჩინეთში, არაბულ ქვეყნებში მუშაობენ ზემძლავრი მზის სადგურები, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე   2000 ზე მეტ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს („ბხადლა“  „ ნურ აბუ-დაბი“ და სხვა).

თუკი გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს ენერგეტიკის განვითარების მსოფლიო ტენდენციას, მსოფლიოში ჩვენი მოსახლეობის რაოდენობის ხვედრითი წილის შესაბამისად, ჩვენთან, ყოველწლიურად, მზის ენერგიაზე მომუშავე 70-80 მეგავატის სიმძლავრე უნდა შედიოდეს ექსპლუატაციაში.

ალბათ გასათვალისწინებელია, რომ, უკიდურესად ჩრდილოეთით მდებარე ნორვეგიაშიც კი, ზღვაში, მოტივტივე პონტონებზე მზის ელსადგურები იდგმება. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობარმა უკრაინამ, 2017 წლის პირველი იანვრიდან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე დააწესა ეგრეთწოდებული „მწვანე ტარიფი“  5.327 გრივნა /კვტსთ – ს ოდენობით (ჩვენს ვალუტაში დაახლოებით 60 თეთრი/ კვტსთ) ამ ქვეყანაში 3, 5 და 10 კილოვატიანი საოჯახო ელექტროსადგურები სოკოებივით მრავლდება, ვინაიდან, ასეთ ვითარებაში, მოსახლეობა ყიდის  ზედმეტ ენერგიას და 5-7 წელიწადში იბრუნებენ დახარჯულ თანხას, რის შემდეგაც, მინიმუმ 20 წელი ისინი  ენერგიაში ფულს კი არ გადაიხდიან,  პირიქით,  დამატებით შემოსავალს მიიღებენ.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ 3 კილოვატიანი მზის სადგურის ფასი  2300 დან 3000 დოლარამდე იცვლება, ამ ეტაპზე,  230-300 მილიონი დოლარის ინვესტირებით, საქართველოს 100 000  ათასი მოსახლე სრულ ენერგეტიკულ ავტონომიაზე გადავა.

2300-3000 დოლარიანი დანადგარის შეძენას ბევრი ოჯახი შეძლებს, ხოლო თუკი ამას დაემატება საბანკო სესხებიც, ამ იდეის  განხორციელებას წინ არაფერი უდგას. ამისათვის კი საჭიროა რომ,  პროექტის სტიმულირებისათვის, ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენი მეგობარი უკრაინის ანალოგიურად, ბიუჯეტში ყოველწლიურად გაითვალისწინოს  60 მილიონი ლარი მწვანე ტარიფისათვის. ხოლო თუ ეს თანხა გასამმაგდება, საქართველოს მოსახლება ენერგეტიკაში ჩადებს სამჯერ მეტს, ანუ იმდენს, რაც ჯდება ძალზედ საეჭვო ნამახვანის პროექტი. იმავდროულად, მკვეთრად გაიზრდება საბანკო კაპიტალის ბრუნვა და მოგება ჩვენივე ენერგეტიკაში.

მაშ, რატომ ჩამოვრჩებით მსოფლიო ტენდენციას?

უფრო მწვავედ კი ისმება კითხვა, რატომ ვყიდით ჩვენს მიწას? რატომ ვანადგურებთ წინაპართა დანატოვარს?

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საბანკო სექტორს, ქართულ საზოგადოებასთან და ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად, რომლებსაც საკმაოდ დეტალურად აქვთ დამუშავებული ეს საკითხი, კიდევ ერთხელ, სიღრმისეულად გაიაზროს მომავლის ენერგეტიკული პოლიტიკა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები.

 

პატივისცემით

ტ.მ.დ. პროფესორი

ამირან აფციაური

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *