ამირან აფციაური. ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებისა და გამოყენების შესახებ

დასაბუთება

ქვემოთ ნაჩვენებია რომ, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამონახავს მწვანე ტარიფის დასაფინანსებლად სახსრებს წელიწადში 58 მილიონი დოლარის ოდენობით და აღნიშნულ დაფინანსებას უზრუნველყოფს 6 წლის განმავლობაში, ჩვენთან,  უმოკლეს ვადებში, ექსპლუატაციაში შევა 500 მეგავატი სიმძლავრე, რაც დაჯდება 348 მილიონი დოლარი. ამასთან, ეს თანხა სახელმწიფოს მიერ გაიხარჯება ნაწილ ნაწილ (6 წელში), შემდეგ კი დაიწყება მისი უკუგება ბიუჯეტის (ან ინვესტორის) სასარგებლოდ. იმავდროულად, 50 000 ოჯახი გადავა სრულ ენერგეტიკულ ავტონომიაზე. ხოლო თუკი ყოველწლიური დაფინანსების ხსენებული მოცულობა 3 ჯერ გაიზრდება, აღნიშნულ ოჯახებს გაუჩნდებათ თვეში 540 ლარზე მეტი  სტაბილური შემოსავალი, ქვეყნისათვის მიწოდებული ენერგიის ოდენობა კი ნამახვანის გამომუშავებას საგრძნობად გადააჭარბებს.

დასაბუთება

იმ შეთხვევაში, თუკი სახელმწიფო (ან ინვესტორი), 6 წლის ვადით დააწესებენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე ტარიფს, 60 თეთრი/კვტსთ, კერძო სექტორისათვის ძალზედ აქტუალური ხდება მზის ენერგიის წარმოება და გაყიდვა. (როგორც ეს მოხდა, თუნდაც, უკრაინაში)

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები (მაგალითისათვის https://axiomplus.com.ua/ news/solnechnye-paneli-dlya-zarabotka/ ) ადასტურებენ რომ, 10 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური, მონტაჟის ჩათვლით,   ჯდება 12000 დოლარი. ამასთან, თუკი მომწოდებელთან გაფორმდება შეკვეთა დიდ რაოდენობაზე, სრულიად რეალურია  ღირებულება 10 – 11 ათას დოლარამდე დავიდეს.  10 კილოვატიან მზის ელსადგურს წელიწადში შეუძლია გამოიმუშაოს საშუალოდ 12000 კვტსთ ენერგია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი ხარჯებისათვის ოჯახისათვის საშუალოდ საკმარისია წელიწადში 3000 კვტსთ, მისთვის შესაძლებელი გახდება 9000 კვტსთ-ს გაყიდვა, რაშიც იგი წელიწადში დამატებით 5400 ლარს მიიღებს.  შესაბამისად, 6 წელიწადში, ოჯახი დამატებით მიიღებს 32400 ლარს (მიახლოებით 10000 დოლარს) და პრაქტიკულად სრულად ამოიღებს გაღებულ დანახარჯებს (პროექტის გამოსყიდვის ეს ვადა დასტურდება სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით).

აღსანიშნავია რომ წელიწადში 5400 ლარის დამატებითი შემოსავალი საკმარისია იმისათვის რომ 6 წელიწადში დაიფაროს 7000 დოლარიანი საბანკო სესხი. შესაბამისად, თუკი ოჯახს არა აქვს სრული თანხა და შეულია გამოძებნის 3000 დოლარი თანადაფინანსებისათვის, მას შეუძლია აიღოს ბანკიდან სესხი, რომელსაც დაფარავს ელსადგური, ოჯახს კი, პირველივე თვიდან ჩაერთვება უფასო ენერგია.

6 წლის შემდეგ სახელმწიფო შეწყვეტს მწვანე ტარიფის დაფინანსებას და მინიმალური ფასით  (2-3 თეთრი /კვტსთ) მიიღებს ენერგიას, რომელსაც გაყიდის არსებული ტარიფით და დაიწყებს გაწეული ხარჯის ამოღებას.

სახელმწიფოს მიერ მწვანე ტარიფისათვის ყოველწლიურად 58 მილიონი დოლარის მობილიზება შესაძლებელს ხდის 50 000 ოჯახს დაუფინანსდეს 10 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური, რაც ქვეყნისათვის 500 მეგავატია. თუკი ხსენებული ოჯახები დააყენებენ 30 კილოვატიან მზის ელექტროგენერატორებს, სიმძლავრე სამჯერ გაიზრდება ენერგიის წლიური წარმოება კი ნამახვანისას საგრძნობლად გადააჭარბებს.

აი, ამგვარად, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში გადაწყდება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრობლემა

  1. საქართველო მიიღებს 500 მეგავატ დამატებით ენერგიას
  2. პროექტის განხორციელებას დასჭირდება ნამახვანზე თითქმის 3 ჯერ ნაკლები ხარჯი (თანაც თანდათანობითი დაფინანსებით)
  3. თავს ავიცილებთ ჩვენი მშობლიური მიწის უცხოელებზე გადაცემის დამღუპველ პროცესს
  4. გადავარჩენთ ჩვენს ბუნებას განადგურებისაგან
  5. აღმოიფხვრება ჩვენი ჩამორჩენა მზის ენერგეტიკის განვითარების მსოფლიო ტენდენციებთან
  6. საქართველოს 50 000 ოჯახი, ანუ 200 000 მდე მოქალაქე, მოიპოვებს სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და დამატებითი შემოსავლის წყაროს.

ამ პროექტის ერთადერთი „ნაკლოვანება“ ის გახლავთ, რომ ის არაა მიმზიდველი ენერგეტიკის სფეროში ჩართული ბიზნესმენებისათვის. მაგრამ ის მიმზიდველია ქართველი ხალხისათვის და მიმზიდველი უნდა იყოს იმ ხელისუფლებისათვის, რომელიც ზრუნავს ხალხზე და არა ბიზნესმენებზე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *