ეკოციდი (დაწვრილებით – დანართში)

.                 

         ეკოციდი არისატმოსფეროსა და წყლის რესურსებისათვის, მცენარეული და ცხოველური სამყაროსათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებმაც ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება გამოიწვიონ.

       გარემოსდაცვითი პრობლემები უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი მცირე  და ეკოლოგიურად მყიფე ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო.

უნიკალური ბუნებით, გარემოსდაცვით სფეროში მაღალკვალიფიციური კადრებით და ბუნებისადმი მოსახლეობის ფართო წრეების განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეული ქვეყანა, ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.

      ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის უქონლობის გამო, ქვეყანას არ გააჩნია ეკოლოგიური ქმედების სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის განვითარების საერთო სტრატეგიის ორგანული ნაწილი.

       საქართველოს მთავრობის 2008-2012 წლების პროგრამაში – `საქართველო სიღარიბის გარეშე”, ეკოლოგიურ პრობლემებს დათმობილი აქვს მხოლოდ 4 პწკარი და აღნიშნულია რომ ` . . . ბუნებრივი რესურსების მართვას განახორციელებს კერძო სექტორი . . . (!!), რაც, იმის გარდა, რომ აშკარად მიუღებელია, უპრეცედენტოც არის.

ეკონომიკის რეფორმირება უნდა წარმოადგენდეს ბუნების რესურსებისადმი დამოკიდებულების შეცვლის საფუძველს, ისეთი საციალურ-ეკონომიკური განვითარების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს გარემოს შენარჩუნებას, რადგან თავისი ეკოლოგიურად მოწყვლადი   ტერიტორიით, საქართველო შეიძლება მიუკუთვნოს მთელი რიგი გადაუჭრელი ეკოლოგიური პრობლემების მქონე  სახელმწიფოთა რიგს.

ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური პრობლემების არსებობა ნათლად გამოაშკარავდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული ეკოლოგიური აგრესიის დროს.

ქვეყანა  სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ექსტრემალურ ეკოლოგიურ ვითარებას, რამაც საგრძნობი ეკონომიკური და სოციალური ზარალი გამოიწვია.

 

     მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მაგალითი მოწმობს, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების უალტერნატივო  საფუძველს.

     ამჟამად მსოფლიოში გაბატონებულია არამდგრადი განვითარების საბაზრო-მომხმარებლური მოდელი, რომლის არსი მდგომარეობს ბუნებრივ-ენერგეტიკული და ნედლეულის რესურსების უგუნურ დამუშავებასა და გამოყენებაში.

    საქართველოში ეს მოდელი განსაკეთრებული წარმატებით მუშაობს.

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპაში აგრობიოლოგიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

     ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ საქართველო არის მთელი რიგი კულტურული მცენარეების, მათ შორის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.

      საქართველო ეკოსისტემების ლანდშაფტების საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

      მას ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია ევროპაში.

        სამწუხაროდ, საქართველოს ბუნება  ხელისუფალთა და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების მძლავრი წნეხის ქვეშ იმყოფება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ სახეობებს, ისე ეკოსისტემებს და ლანდშაფტებს.

         ბოლო პერიოდში საქართველოს ბიომრავალფეროვნებას დიდი ზიანი მიადგა: 

       ტყეების დანაშაულებრივი გზებით პრივატიზაციის შედეგად,  გახშირდა უსისტემო ჭრები, გაძლიერდა ნიადაგების ეროზია, დეგრადირება, დამლაშება-გაბიცობების და გამჟავიანების პროცესები, უკანონო ნადირობა და თევზჭერა, შიდა და ზღვის წყალსატევების დაბინძურება, მცენარეების ჭარბი დამზადება, უცხო სახეობების ინტროდუქცია, ბიოლოგიური რესურსების არამდგრადი გამოყენება, რამაც, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში,შესაძლოა, მაღალი ალბათობით,   ეკოციდის ხასიათი მიიღოს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *