პოლიტიკური ოპოზიციის შესახებ

        ნებისმიერ სახელმწიფოში და ბუნებრივია, საქართველოშიც,

          საზოგადოებრივი  განვითარებისა და საზოგადოებრივი პროცესების

        განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი.

      საქართველოში არსებული  შიდაპოლიტიკური  ვითარება ხასიათდება, ერთის მხრივ, ოპოზიციის ხელისუფლებასთან პაექრობის  სრული უუნარობით, ორგანიზაციული სისუსტით, იდეოლოგიური პროგრამის უქონლობით, ხელისუფლებასთან „კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე“ წასვლით

და,  მეორეს მხრივ მოსახლეობის დიდი ნაწილის  ხელისუფლების მხრიდან დემონიზაციით, რის შედეგია შიში იმისა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეთი არ შეიცვალოს და  დღევანდელი მდგომარეობაც კი, სანატრელი არ გაუხდეს.

ალბათ, არ დარჩენილა მასმედიის არცერთი წარმომადგენელი და არცერთი პოლიტოლოგი თუ ექსპერტი, რომელსაც არ გაუანალიზებია და არ გამოუქვეყნებია საკუთარი შეხედულება ამ უცნაურ ფენომენზე–„ქართულ ოპოზიციაზე“, რომლის ყველაზე უფრო აქტიურ და თვალსაჩინო ნაწილს უთუოდ უხდება სიტყვა „ეგრეთწოდებული“.

ოპოზიციაში მყოფი პარტიების, მოძრაობების და სხვადასხვა სახის სტრუქტურების ერთი საერთო თვისება და სურვილია – არ იქნან დავიწყებულნი, არ დაკარგონ თავისი როლი იმ მრავალწლიან და უკვე ერთგვარად, მოსაწყენ პროექტში, რომელსაც „ქართული  ოპოზიციური პოლიტიკა“ ეწოდება.

ალბათ, გასაკვირი არც არის ის გარემოება, რომ ამ პროექტში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების მოწოდება „დიდი ოპოზიციური გაერთიანების“ ჩამოყალიბებისა, უშედეგოდ დასრულდა.

და არა მხოლოდ, უფრო სწორედ, არა იმდენად იმის გამო, რომ ყველა ოპოზიციური ერთეულის პირველი პირი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელად.

ალბათ, არც იმის გამო, რომ ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული პროგრამები აქვთ შემუშავებული ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისა  და

განვითარების, რადგან ყველა ოპოზიციური სტრუქტურის გამოქვეყნებული (ან დეკლარირებული) პროგრამები,  თავისი ძირითადი შინაარსითა და პათოსითაც კი,  აბსოლუტურად იდენტურია. 

ჭეშმარიტი მიზეზი არის სხვა.

     არცერთი ოპოზიციური სტრუქტურა არ არის რეალურად მზად ხელისუფლების ხელში ასაღებად.

     მითუმეტეს, საკუთარ პროგრამებში დაფიქსირებული გეგმების რეალიზაციის აუცილებლობის გათვალისწინებით.

გაცილებით უფრო კომფორტულია და უსაფრთხოც, იყო სტაბილური კრიტიკოსის, “უშეღავათო მებრძოლის” წაუგებელ პოზიციაზე.

       მითუმეტეს, რომ არც საქართველოს გარეთ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალები ზედმეტად არ „გტვირთავენ“ გარანტირებული და საკმარისი მხარდაჭერის დაპირებებით და არც საქართველოს მოსახლეობა ცალსახად და მტკიცედ არ გამოხატავს საკუთარ მზადყოფნას, ბოლომდე გაყვეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს ან ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას.

 

 როგორც მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა გვიჩვენებს, ნებისმიერ, მეტნაკლებად დემოკრატიული პრინციპების ერთგულ სახელმწიფოში, სოლიდური, ტრადიციული, ძლიერი ოპოზიცია იგივე აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფოს სტაბილური, ნორმალური ფუნქიონებირებისათვის, როგორც – მთავრობა, რომელიც განვითარების მოცემულ ეტაპზე , ფაქტიურად,ამომრჩეველთა უმრავლესობას  წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს  შიდაპოლიტიკური  საყრდენია ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. 

       საკმარისია, ხელისუფლებაში, ამა თუ იმ მიზეზის გამო თავი იჩინოს კრიზისმა, ინიციატივას და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პერსპექტივაზე, თავის თავზე ოპოზიცია იღებს. 

აქედან გამომდინარე, თუ არ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლების გამოცლის შედეგად – რაც გარდაუვალია, საერთოდ საყრდენის გარეშე  დარჩეს, ერთობლივი ძალისხმევა ოპოზიციური საყრდენის გაძლიერებისაკენ, ან თუნდაც,  სრულიად ახალი საყრდენის შექმნისაკენ უნდა მივმართოთ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *