ვიამაყოთ! ეს ჩვენი ისტორია და დიდი კულტურაა…

 

ვიამაყოთ!  – ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან, ერთი პატარა წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით. ამ წიგნში ორი ნაწარმოებია წარმოდგენილი: ილია ჭავჭავაძის “დავით აღმაშენებელი” და აკაკი წერეთლის “თამარ მეფე”. , რომლებიც საშობაო ლიტურგიაზე წასვლის წინ წავიკითხე.

შეუცვლელად ვაქვეყნებ, რაც იმ დღეს დავწერე, რამეთუ ვთვლი, რომ ეს დღეს ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი დიდი სიმაღლეა და მინდა ვიცხოვრო სწორედ იმ განწყობით, რაც ამ დღემ მათქმევინა.

“მთავარი ის კი არ არის,რომ საშობაო ლიტურგიას დაესწარი,არამედ იშვა თუ არა შენში კიდევ ერთხელ იესო და რა განწყობით დაბრუნდი სახლში,მიწიერ ცხოვრებაში!

დიდი პოეტი იყო სილეციუსი, რომელმაც თქვა : ქრისტე ათასჯერ რომ დაიბადოს ბეთლემში,თუ ყოველ შობას კიდევ ერთხელ შენში არ დაიბადა ,მაინც დაღუპული ხარ!

ქრისტე იშვა… 

ჭეშმარიტება თავისუფლებაშია…თავისუფლება-სინანულში,სიყვარულსა და პასუხისმგებლობაში!

წმიდა მამები ამბობენ:

თავისუფლებისათვის სისხლის ფასად გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები!”

ზეციური ნათქვამია.

როგორია ბიბლიური ანუ ჭეშმარიატი თავისუფლება,როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი?

“ალალი,წრფელი,ღვთის მოშიში, ბოროტისაგან თავისუფალი”..

რა ბედნიერებაა!

ტაძარი,მით უფრო საშობაო წირვა-ლოცვის დროს ,საუკეთესო ადგილია შენი ცხოვრების ანალიზისა და გააზრებისთვის,სინანულისა და ზიარებისთვის…იმისთვის,რომ იფიქრო მომავალზე,მომავლის საქართველოზე და ეს სხვებსაც გაუზიარო….

ტაძარში ბევრი ვიფიქრე , როგორ მეთქვა ჩემი საშობაო და საახალწლო სათქმელი….დავრწმუნდი,რომ უკეთესად ვერ ვიტყვი,ვიდრე ეს შევძელი ორი ათასწლეულის გასაყარზე,როგორც ჩამოვაყალიბე 2000 და 2001 წლების საშობაო და საახალწლო მილოცვებში:

სიყვარული აგვამაღლებს!

● ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვინც კარგ დროს ელოდება,ცუდს ახანგრძლივებს!

● პატიოსნება რომ შეინარჩუნო-ძალიან ძლიერი უნდა იყო და ცხოვრობდე პრინციპით:ნუ კითხულობ რად გაძლევს საქართველო,იკითხე რას აძლევ საქართველოს!

● ბედნიერია:…რწმენის კაცი… მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს…ვისთვისაც სინდისი ეს არის ,,გონებაი მამხილებელი.

მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მომიწყო,ბევრჯერ გამლახა, მიწაზე მწარედ დამანარცხა , ამ პრინციპებს არ ვღალატობ,რამეთუ გაცნობიერებული მაქვს ბიბლიური სიბრძნე:

“უბედურება ის კი არ არის,რომ წაიქეცი,არამედ ის,რომ ადგომა არ გინდა”..

ამიტომ განსაცდელსაც გაგებით ვხვდებოდი,ვცდილობდი მასში სიკეთე დამენახა და არა ბოროტება და წაქცევასაც არ ვეგუებოდი-ვდგებოდი.

სწორედ ამ ძალამ გამაცნობიერებინა მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნეც:

● მთავარია სხვას კი არა საკუთარ თავს მოერიო ..

● უმჯობესია რამდენიმე მოაზროვნე,პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს…

● თუ გინდა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნა,უნდა იცოდე მთავარი:შენ მსახური ხარ და არა უფროსი,უნდა იცხოვრო ეროვნული განწყობით და ზოგადკაცობრიული იდეალებით, მაგრამ იყო ხალხში ,გრძნობდე ხალხის განწყობას,ტკივილსა და სიხარულს იცხოვრო ხალხის ცხოვრებით..იყო ქვეყნის და ხალხის არა ხელისუფალი,არამედ ჭირისუფალი!

● თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს,ადამიანი ამაღლებს თანამდებობას და ადამიანისთვის კი სიმდაბლით ამაღლებაა მთავარ

და კიდევ ერთი და მთავარი,რომლიც არ დავთმე უდიდესი რაოდენობის ოქრო-ვერცხლის და უმაღლესი თანამდებობის შემოთავაზების ფასად და არც მომავალში არ ვაპირებ:

“ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა… გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთდა არა პატრონები! ”

მწამს და მჯერა,ღირსებით ცხოვრება ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრეა,რომელსაც ვერავინ წაგართმევს,ნაგრამ ყელაზე ძნელი და იმავდროულად ამაღლებულია…დაუმარცხებელია მხოლოდ სიმდაბლით ამაღლებული ადამიანი…ესაა ფილოსოფიური სიმაღლე და რაც უფრო ცდილობენ ამ სიმაღლიდან შენს გადმოგდებაზე თანამდებობაზე მყოფნი,მით უფრო მაღლა მიდიხარ,მაშინ როც თანამდებობრივ სიმაღლიდან გადმოვარდნილნი იმსხვრევიან და იმავე წამში არარაობანი ხდებიან..

ვიცი,კარგად ვიცი , რომ არც ერთ ტყვეობაში ყოფნა არ ვარგა, მაგრამ არაფერი სჯობს , როგორც დიდი მუხრანი ამბობს, „ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებას ..

ვიცროვრებთ ღირსებით-ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!

ყოველივე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული…სწორედ ამ განწყობით დავწერე საუკუნეთა გასაყარზე ეს ორი საშობაო და საახალწლო მილოცვა.

ღმერთო მომეცი იმის ძალა,რომ ყოველ დღეს ვთქვა და ვთქვა და შევასრულო ერთი რამ პოეტ რეზო ამაშუკელის ლექსიდან:

ისეთი დილა გათენდა-

მტერს რომ შევყროდი-

ალალ ძმასავით გავუღიმებდი!!!”  

და კიდევ,შენში უნდა იყოს, რომ იცხოვრო განწყობით:

სიყვარული აგვამაღლებს! 

ნუ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო, იკითხე, რას აძლევ საქართველოს! 

ვიცი, კარგად ვიცი, რომ  ეს განწყობა ბევრშია. ამ განწყობამ მოიტანა დღევანდელი საქართველო. მასთანაა დაკავშირებული საქართველოს მომავალიც.

წარსულში ჩარჩა ყველა, ვისაც დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი წარსულში ჰგონია და საკუთარი ისტორიის უარყოფით და სხვათა განდიდება-გაფეტიშებით ცხოვრობს.

ვიამაყოთ, სწორედ რომ ვიამაყოთ იმით, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავართ, რომ დიდი წინაპართა შთამომავალნი ვართ.

რომ იამაყო, ფეხზე მაგრად უნდა იდგე და უნდა აცნობიერებდე, რომ ღვთით ნაბოძები ამ მიწით, ამ წყლით, ამ ჰაერით, ამ სითბოთი,ამ ინტელექტით, ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით – ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. გარედან არ უნდა ვიმართებოდეთ.

მწამდა და მწამს, რომ ყოველი ქვეყანა, ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. კაცობრიობის გამოცდილებაც და ჩვენი სამშბოლოს ისტორიაც ადასტურებს, რომ ჩვენ მაშინ ვიყავით ძლიერი, როდესაც ქვეყანას ეროვნული სულის პლანეტარულად მოაზროვნე ხელმწიფენი და ხელისუფალნი მართავდნენ.

ამის დასტურია ოცგვერდიანი სიბრძნით სავსე წიგნი, რომელიც საჩხერის რაიონის ყოფილი გამგებლის, ეროვნული კაცის, ამჟამად აკაკი წერეთლის სხვიტორის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ცეზარ ლაშხის რედაქტრობით გამოიცა. ამ პატარა წიგნში დასტამბულია ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლისთამარ მეფე“.

მართლაც საოცრებაა, ორი დიდი მეფე ერთ პატარა წიგნში ორი უდიდესი მწერლის გააზრებით. ეს წიგნი კი არა, საუნჯეა. ეროვნული სიმდიდრეა.

გენიალურად იწყებს ილია ჭავჭავაძე მის სიტყვას დავით აღმაშენებელზე: „… ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს…“

გენიალურია, მართლაც გენიალური… დღეს ჩვენ ეს დიდი ავადმყოფობა გვჭირს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ. როგორ უნდა ვუმკურნა;ლოთ, ეს აკაკი წერეთლის „თამარ მეფე“-ში შეგვიძლია ამოვიკითხოთ.

„საარაკო და უჩვეულო მოვლინებამ 1184წ. მიიზიდა საქართველოს ყოველ კუთხიდან თფილისისაკენ ხალხი.

სამეფო ტახტზე აჰყავდათ მეფე გიორგი III-ის ასული თამარი, მშვენიერებით განთქმული. მისის მშვენიერებით თვალმოჭრილი დამსწრენი, მისმა სეფე-სიტყვამ კიდევ უფრო გააოცა.ამ სიტყვებით მიმართა ერს ტახტზე ასულმა მეფემ:

შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი, კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით. პირველათ თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილო, მხედართმთავარო მეომარნო. მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა, გავიმაგრო სამეფოს საზღვრები, გარეშე მტრების მოსაგერიებლათ.მერმე მივყობთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ, წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორ სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობახორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა: აქმეფის და იქზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ, დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედათ უნდა დაიდვას საერო სიყვარული

თამარ მეფის სიტყვა მისი მეფედ კურთხევისას წარმოთქმული, გენიალურია არა მარტო იმ ეპოქისთვის, არამედ დღევანდელი მსოფლიოსთვის, მომავლის საქართველოსთვის.

ეჭვი მეპარება, ასეთი სიღრმის, სიბრძნის, ასეთი მასშტაბის, ასეთი დემოკრატიული სულის საინაუგურაციო სიტყვა მოიძებნოს მსოფლიო ისტორიაში. დღევანდელი საქართველოსთვის ეს არის პროგრამა. არაფრის ძიება არ გვჭირდება. მეფემ უპირველესად, საზღვრების გამტკიცება ჩათვალა, „უნდა მიწინამძღვროთო“ – ასეთი დიდი პატივისცემით მიმართა სასულიერო პირებს და საერო ხელმძღვანელთ უთხრა ის, მთავარია ისეთი მიმდევრობით, როგორიც სწორედ დღეს სჭირდება ჰაერივით ჩვენს ქვეყანას.

შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას, და ნიჭს“ და ნახეთ, რით ამთავრებს, რომ სწავლის, შრომის და ნიჭის ქვაკუთხედად უნდა დაიდგას საერთო სიყვარული“.

ვიამაყოთ, სწორედ რომ ვიამაყოთ, რომ ჩვენი მეფეები, თითქმის ყველანი და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, უპირველესად სწორედ სწავლას მიიჩნევდნენ, რომ მათი ძალაუფლება ნიჭსა და სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

კარგად წავიკითხოთ და გავაცნობიეროთ მეფის სიტყვები მეფედ კურთხევისას: „შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლითყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი კუთვნილებაა თქვენივე.“ მართლაც, ზოგადკაცობრიულია ეს სიტყვები. ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა მისი ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფალის ასეთი სიტყვებით, რომლითაც ჩვენმა მეფემ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და თანამდებობა გამდიდრების კი არა, ხალხის მსახურების ადგილია.

ვამაყობ და ვიცი, იგივე განწყობა დაეუფლება უამრავს, ვინც წაიკითხავს თამარ მეფის სიტყვას მეფედ კურთხევის დღეს და განსაკუთრებით, მეფის ამ სიტყვებს:„მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით“.

ილია ჭავჭავაძისდავით აღმაშენებელიდა აკაკი წერეთლისთამარ მეფე – ეს დიდი საგანძურია და არა მარტო ქართული… ეს პატარა ბროშურა უნდა გამოიცეს ქართულ ენაზე მაღალპოლიგრაფიულად და ყველა ოჯახში უნდა იდოს, როგორც დიდი რელიკვია. საამაყო წიგნი და ქართველობისთვის, საქართველოში ცხოვრებისთვის დიდი პასუხისმგებლობის წიგნი.

ეს პატარა წიგნი თითქმის ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს და „ვეფხისტყაოსანთან და დიდ ქართულ წიგნებთან ერთად, მთავარი სასაჩუქრო უნდა იყოს ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა მისცა მსოფლიო კულტურის საგანძურს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქვეყანამ, დიდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ იდეოლოგიაზე აღზრდილმა ხალხმა.

ჩვენც უნდა ჩამოვირეცხოთ სირცხვილი და წლების წინ დაწყებული პროცესი ახლა მაინც დავასრულოთ: ბაგრატოვანთა 1200-წლოვანი სამეფო დინასტია ვაღიაროთ კულტურულ მემკვიდრეობად.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს სწორედ წელს გაკეთდება ეს წელი ხომ სწორედ სახელწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის წელია. თუ ამ დიდ ქართულ მისიას ხელისუფლება გაემიჯნება, მჯერა, გამოჩნდებიან სახელმწიფო კაცები, რომლებიც ამას გააკეთებენ.

 თეიმურაზ შაშიაშვილი

გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

2018 წელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *