(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: ,,მოქალაქე სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ძალადობის გამო მზად ვართ, პასუხი ვაგოთ!’‘

198941_137527276315997_2345779_nრა 4 კანონპროექტი მომზადდა ,,ოცნების’‘ გამოსაცდელად და ვინ აპირებს ,,სასიკვდილო შიმშილობის’‘ დაწყებას სააკაშვილის რეზიდენციის წინ

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 850 000 ხელმოწერა უკვე შეგროვილია, 20 იანვარს 13 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან ,,ღირსების შეკრება’‘ დაგეგმილი, ვერდიქტი კი _ წინასწარ გამოტანილი: ,,თუ სააკაშვილი იგნორირებას გაუკეთებს ხალხის ნებასა და საქართველოს კონსტიტუციას, არ მიიღებს ქვეყნისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას 20 იანვარს და მისი არჩევიდან 5 წლის ვადის გასვლისთანავე არ გადადგება, საქართველოს მოქალაქეები შექმნიან ისეთ მდგომარეობას, რომ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ხელისუფლების ძალაუფლებით მიტაცებას’‘, _ ნათქვამია პრეზიდენტის წინააღმდეგ შექმნილი მემორანდუმის ერთ-ერთ პუნქტში, რომელსაც ხელს სხვადასხვა ცნობილი სახეები და ორგანიზაციები აწერენ. როგორც საქართველოს მოსახლეობის სახელით მოლაპარაკე ძალათაგან ერთ-ერთის, პარტია ,,თეთრების’‘ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი გამოგვიტყდა, ამ პროცესში დიდად არც სააკაშვილის კეთილგონიერების იმედი აქვთ და არც ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისა, ამიტომაც 21 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრა და მისთვის 4 კანონპროექტის შეთავაზება იგეგმება, უკიდურეს შემთხვევაში კი, ,,სასიკვდილო შიმშილობა’‘ _ 20 იანვრის შემდეგ განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ დეტალებს ,,ვერსიას’‘ თემურ შაშიაშვილი უამბობს.

_ იმ ხალხს, ვინც 20 იანვრის შემდეგ სააკაშვილისნარი პრეზიდენტის ქვეყანაში ყოფნას ვეღარ მოითმენს, ღირსება აქვს! ჩვენი მიზანი არაა მიტინგების გამართვა და ამით ხალხის დაღლას არ ვაპირებთ. არ მესმის, საკუთარი მოსახლეობა იქამდე როგორ უნდა მიიყვანო, ასეთ რადიკალურ განცხადებებზე წავიდნენ, ხანდახან საკუთარი თავისაც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, დღეს განწყობა ასეთია _ 20 იანვრის მერე მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში აღარ შევუშვებთ! აქციის ჩატარებას 20 იანვარს, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეს ვაპირებთ, მაგრამ მერე იძულებული ვარ, დავეთანხმო აზრს, რომ უკვე 21 იანვარს იგი სამუშაოდ აღარ უნდა შევუშვათ რეზიდენციაში!

_ საინტერესო ისაა, ამას როგორ, რა ფორმებით აპირებთ?

_ ჩვენ ვიწყებთ პროცესს და არ იქნება მიტინგები, მიტინგი ხალხს უნდა მოენატროს. ჯერ საჯაროდ არ გაგვიჟღერებია, მაგრამ გეტყვით, რომ შევთანხმდით, ყოველდღე ,,მხილების საათი’‘ დავაწესოთ, როცა ნებისმიერი პიროვნება შეძლებს, მოვიდეს და მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი დოკუმენტებით ამხილოს. რამდენიმე ასეთი ადამიანი უკვე გვყავს, მაგალითად, მოვიდა რამდენიმე ადამიანი, ვინც მოიტანა დოკუმენტები, თუ ვის და როგორ წაართვა საკაშვილმა კახეთში მამულები. მსგავს მასალებს საზოგადოებას რეზიდენციის წინ ყოველდღე გავაცნობთ. პროცესის მიმდინარეობის ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორია იქნება, მაგრამ იქ ბინას დავიქირავებთ თუ კარავს გავშლით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შემდგომ მოქმედებებს უკვე პროცესი გამოკვეთს. თუ არსებული ხელისუფლების დამოკიდებულება არ იქნება შესატყვისი და კვლავ გაგრძელდება საუბრები კოჰაბიტაციაზე, ჩვენი ჯგუფიდან რამდენიმე პიროვნება ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებაზე წავა _ სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, მზად ვიქნებით, ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ და თუნდაც სასიკვდილო შიმშილობა გავმართოთ. პირადად ამისთვის მზად ვარ!

_ არსებული ხელისუფლება არც თქვენს პიკეტებს იწონებს და არც აქციებს, მეტიც, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც არ იგეგმება _ მათი პოზიციები ისედაც გაცხადებულია და კიდევ რა რეაქციას ელით?

_ მათგან სხვას არც არაფერს ველოდი, მეტიც, ბიძინა ივანიშვილიც კი უმცირესობაში აღმოჩნდება თავისი გუნდის შიგნით, სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი რომ დასვას. სხვათა შორის, თავიდან ამაზე ბიძინაც საუბრობდა, მერე ამერიკელებმა უთხრეს, სიტყვა ,,იმპიჩმენტი’‘ არ ახსენოო და მართლაც, აღარც უხსენებია. დღეს საქართველოს პარლამენტშიც ის ადამიანები არიან, ვინც 2010 წლის 25 ნოემბერს ხელი სააკაშვილის იმპიჩმენტს აუწია. ესენი ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და სხვები იყვნენ. ერთ-ერთი პირველი გახლდათ ვახტანგ ხმალაძეც, რომელიც 2013 წლის 20 იანვარს სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებაზე საუბრობდა, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო _ იყავით თანმიმდევრულნი! თუ ბიძინა უკანდახევას იმის გამო აპირებს, რომ ორ მთავრობას შორის კოჰაბიტაცია შედგეს, ჩვენ ჩავთვლით, რომ მას არ ესმის, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა!

_ არ სურს ახალ ხელისუფლებას ეს იმპიჩმენტი, არც პროცესის უფრო დაძაბვა და როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის უმრავლესობა თქვენს იდეებს დაუჭერს მხარს თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ხმა მისცა?

_ ვინც ფიქრობს, სააკაშვილი 21 იანვრის მერე ისევ პრეზიდენტი იქნება, ღირსებადაკარგულია და ამას მხოლოდ სკამისთვის აკეთებს! ვინც ამას იტყვის, ქვეყანას სკამისთვის გაყიდის _ ჩემთვის კონკრეტულ გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ავტორიტეტი არ არსებობს! გულწრფელად გეუბნებით, მაოცებს ,,ოცნების’‘ ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, 21 იანვარს დიდი ჯგუფი ქუთაისში წავიდეს და შეხვდეს დავით უსუფაშვილს. ჩვენ პარლამენტში 4 კანონპროექტით მივდივართ. ერთ-ერთი ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია თვითონ იცავს თავს _ 106-ე მუხლში წერია, რომ ცვლილებები ან სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის საწყის ეტაპზე მიღებულ პუნქტებს, ანულირებული უნდა იქნას, ასეთი კი საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაა. აქ ბევრი არაფერია გასაკეთებელი, თუმცა ,,ოცნებამ’‘ შეიძლება გვითხრას, ეს კანონპროექტი რომც გავიტანოთ, მხარს ვინ დაუჭერსო. რაც თვითონ უნდათ, ის ხომ გაიტანეს, ამიტომ ვნახოთ, ახლა რას იზამენ, თუ არც ცდიან, გამოდის, არ სურთ, გადადგეს! კიდევ ერთი კანონპროექტი უკვე გადაეცა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც, თავის დროზე, ასევე აუწია ხელი სააკაშვილის იმპიჩმენტს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ,,ოცნებას’‘ არ აწყობს სერიოზული ოპოზიცია ქვეყანაში და სჭირდება წაქცეული, მიწასთანგასწორებული ნაციონალური მოძრაობა. ,,ოცნებას’‘ ურჩევნია, ხალხს უთხრას, ჩასაფრებულია პრეზიდენტი და დაპირებები ამიტომ ვერ შევასრულეთო. ახლა ვაჩვენებთ ივანიშვილს, რას ნიშნავს სამოქალაქო კონტროლი პროგრამის შესრულებაზე _ მოვაცილებთ, ბატონო, სააკაშვილს და ეტყვის მერე, ხალხი ბიძინას: ხომ მოგაცილეთ ეს ჩასაფრებული, ხომ აგირჩიეთ, ახლა ადექი და პროგრამა შეასრულეო!

_ თუ არ დაგიჭირათ მხარი ივანიშვილმა და უსუფაშვილმა, ეს თქვენი კანონპროექტები განსახლველადაც კი არ გავიდა, მაშინ ,,ოცნებასთან’‘ ღია კონფრონტაციაზე წახვალთ?

_ თუ მხარი არ დაგვიჭირეს, ე.ი. აწყობთ სააკაშვილის პრეზიდენტობა. ამ შემთხვევაში, ,,ოცნებასთან’‘ მე კი არ წავალ კონფრონტაციაზე, თავად ,,ოცნება’‘ დაუპირისპირდება ხალხის ნებას! ყველასთვის დიდი გამოცდის დღეა 20 იანვარი: თუ ბიძინა ივანიშვილი 21 იანვარს უკან დაიხევს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ გზაზე დგას, რომელმაც სააკაშვილი უკვე დაღუპა. მე, როგორც რიგითი ქართველი, ვისურვებდი, ივანიშვილი ფეხქვეშ არავის გაეგოს და თავის ძველ აზრზე დარჩეს სააკაშვილთან მიმართებაში.

_ ,,ოცნების’‘ გადაწყვეტილებას თავი დავანებოთ, რას ნიშნავს ფრაზა მემორანდუმში: ,,თუ სააკაშვილი 20 იანვარს არ წავა, საქართველოს მოქალაქეები შექმნიან ისეთ ვითარებას, რომ სააკაშვილი ხელისუფლების მიტაცებას ვეღარ მოახერხებს’‘ _ რა ვითარების შექმნაზეა საუბარი?

_ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, როცა პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, პარლამენტი ვალდებულია, მისი ამ პოსტზე დარჩენის საკითხი განიხილოს. ეს საკითხიც პარლამენტისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება. ეჭვი მეპარება, ჩვენს ამ წამოწყებას მხარი დაუჭირონ, მაგრამ რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *