„სააკაშვლის პრეზიდენტობის დროს იყო დაპირისპირებისა და ელიტური კორუფციის ეპოქა“

n3

(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი:

_ ბატონო თემურ, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვადის გასვლასთან დაკავშირებით თქვენს მიმართვას პარლამენტისადმი რა სახე ჰქონდა, რომ პარლამენტი მას არ იხილავს?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, მიმართვა, რომელსაც ხელს აწერენ მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანო ბაგრატიონი, რეზო ჩხეიძე, 80 არასამთავრობო ორგანიზაცია, მიმართვა, რომელიც ეყრდნოა კონსტიტუციას, მიმართვა, რომელიც შეადგინეს ქართველმა და უცხოელმა კონსტიტუციონალისტებმა, მიმართვა, რომელიც არის გამოსავალი შექნილი მდგომარეობიდან, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა და 89 ხმით მიიღება გადაწყვეტილება, პარლამენტის განხილვის საგანი აუცილებლად არ უნდა გამხდარიყო. საერთოდ, პარლამენტში შესული ნებისმიერი დოკუმენტი განხილვის საგანი უნდა გახდეს.გულდასაწყვეტია, რომ დაპირება არ სრულდება. როცა ბატონმა რეზო ჩხეიძემ გადასცა დოკუმენტები, პარლამენტის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ ორივე დოკუმენტი განიხილებოდა. ერთი ეხებოდა ჩვენს პროექტს. ჩვენი წინადადება ასე მთავრდებოდა: არ გააკეთებთ თქვენ, ამას გააკეთებს ხალხი, ანუ წინასწარ ვუთხარით, რომ სასურველია, ეს მათ გააკეთონ. ამაზე კანონიერად, ადამიანურად, სწორად როგორ უნდა გვეთქვა. მივედით და ვუთხარით: განიხილეთ. არ მოგწონთ, გვითხარით. ვიკამათოთ, დისკუსია იყოს. ცნობილი კონსტიტუციონალისტი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე რომ აკეთებს ასეთ დოკუმენტს, ხომ არ შეიძლება, უყურადღებოდ დატოვო? სამწუხაროდ, ჩვენი მიმართვა უყურადღებოდ და¬ტო¬ვეს და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

_ თქვენ პარლამენტში პროექტის ინიცირებისთვის საჭირო ხმებზე მეტი მოაგროვეთ.

_ ეს არაფერ შუაშია. ჩვენ მილიონ 200 ათასი ხმა მოვაგროვეთ არა იმისათვის, რომ შემდგომი მსვლელობები განგვეხორციელებინა.

_ დოკუმენტისთვის აუცილებელი განხილვის ფორმა რომ მიგეცათ?

_ ჩვენ ამას არ ვაკეთებდით. სრულიად კანონიერად მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ. როდესაც დავრწმუნდით, რომ ვისაც მივაკითხეთ, მათი 80-90% ერთსა და იმავე აზრზე იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, მივსულიავით პარლამენტში და ეს წინადადება მიგვეტანა.

_ არ ჯობდა, პარლამენტში შეტანილი დოკუმენტისთვის ინიციატივის სახე მიგეცათ, რომ აუცილებელი განხილვის რეჟიმში ჩამდგარიყო?

_ ეს რომ დავიწყეთ, არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა ხალხის განწყობა. პროცესი დავიწყეთ არა იმისათვის, ხალხისთვის გვეთქვა, საკანონმდებლო რაღაც ინიციატივებისთვის ვაკეთებდით, არამედ ხალხს ვუთხარით, რომ გვაინტერესებდა მათი აზრი. როდესაც ვნახეთ, რომ ხალხის განწყობა იყო საოცრად კარგი და პოზიტიური, შემდეგ ცნობილი ადამიანებისა და 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით მივედით პარლამენტში. ამის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, პარტიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ და პარლამენტს დოკუმენტები პირადად ბატონმა რეზო ჩხეიძემ ჩააბარა. მეტი რა¬ღა უნდა გაგვეკეთებინა.

_ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში სააკაშვილის ვადის გასვლასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა შეიძლება მომავალში მოხდეს.

_ ქალბატონი ეკა ბესელია გახლავთ ის პიროვნება, რომელიც ამას იტყოდა. ასევეა თეა წულუკიანიც. იგივე თქვა პირველმა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც. უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა დავით საგანელიძემ მას ვადაგასული უწოდა. დათო ბერძენიშვილიც კი ტრიბუნასთან მდგომი ამბობს, რომ ის არის ვადაგასული პრეზიდენტი. არ შეიძლება, ერთი მხრივ, ვუწოდებდეთ ვადაგასულს (სწორადაც ვუწოდებთ) და ვტოვებდეთ. მეორე მხრივ, ვიცოდეთ, რომ ვადაგასულია, კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი აღარ არის, პროფესიონალი მატყუარაა და თანაც ვადაგასული, რა მოხდა ასეთი, რომ ვერ ვუშვებთ პრეზიდენტის პოსტიდან?

_ 8 თებერვლის შეხვედრაზე პრეზიდენტის სასახლეში სააკაშვილს უცხო ქვეყნების დიპლომატები ტაშით შეხვდნენ. თქვენ რას მიაწერთ ამას?

_ დიპლომატები სწორად შეხვდნენ. დიპლომატებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ისინი ჩვენ გულში დაგვცინიან და ამბობენ, რა ქვეყანა ხართ თქვენ, თუ პრეზიდენტს ირჩევთ 5 წლის ვადით, როგორ შეიძლება, მეექვსე წელს კიდევ პრეზიდენტი იყოს? დიპლომატმა რომ თქვას, სააკაშვილი პრეზიდენტი არ არისო, ვინ ეკითხება დიპლომატს? დიპლომატი დაექვემდებარება პარლამენტის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ უნდა ვდიოთ პრეზიდენტს უკან. პრეზიდენტს არასდროს არ უნდა ვდიოთ უკან. პრეზიდენტი არც უნდა გვიყვარდეს და არც უნდა გვძულდეს. პრეზიდენტის კონტროლს უნდა ვახორციელებდეთ. ის უნდა მუშაობდეს იმ პროგრამებზე, რომ დაგვპირდა, მაგრამ სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი და ხალხი ამბობს, რომ უნდა წავიდეს. რატომ უნდა ვდიო მე მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს? ჩვენ დღეს პრეტენზიები გვაქვს პარლამენტთან, იმ პარლამენტთან, რომელმაც უნდა მიიღოს დადგენილება. არაფერი საქმე ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან აღარ გვაქვს. ის არის თვითმარქვია, მატყუარა და და სოციალური დემაგოგი. 21-ე საუკუნემ აღიარა, რომ 21-ე საუკუნის ტერორისტული აქტი არის სოციალური დემაგოგია. სხვათა შორის, პლატონი და არისტოტელეც ამბობდნენ თავის დროზე, რომ ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი უბედურებაა ხალხისთვის. სააკაშვილი ძალიან კარგად ახერხებს, ილაპარაკოს ხალხის ენაზე. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. მნიშვნელოვანია 8 თებერვლის ფაქტის გაანალიზება.

_ რო¬გორ აფასებთ 8 თებერვლის ფაქტს- რა იყო 8 თებერვალს ყველაზე მთავარი ინტრიგა? რატომ მაინცდამაინც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს?

_ სააკაშვილი ეჯიბრება დავით აღმაშენებელს._ ეს თავისთავად სისულელეა, მაგრამ პარლამენტს თავიდანვე რომ აცნობა, მე მო¬ვალ არა 6 თებერვალს, არამედ 8 თებერვალსო, უნდა ეთქვათ, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეაო და, როგორც აღდგომა დღეს არ შეიძლება პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება, როგორც ქრისტეშობას არ შეიძლება რაიმე ღონისძიების ჩატარება, ასევე არ შეიძლება დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიებების ჩატარება. ჩვენთვის დავით აღმაშენებელი მეფეთმეფეა. არ შეიძლება, მეფეთმეფის ხსენების დღეს ასეთი ღონისძიებები ჩაატარო.

_ წმინდანიც არის.

_ დიახ, წმინდანია, მეფეთმეფეა და მეფეთმეფის ხსენების დღეს თვითმარქვია კაცს ვაძლევდით ტრიბუნას სალაპარაკოდ. ერთი დღე ეკუთვნის დავით აღმაშენებელს და იმასაც ვართმევთ? 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე დავანაგვიანეთ. ეს ეკადრება ვინმეს? ეს იყო მთავარი ინტრიგა, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა.

_ სააკაშვილისაგან ეს გასაკვირი არ არის. მან აღმაშენებლის ძეგლებიც ქა¬ლაქგარეთ გაიტანა, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.

_ მაგრამ კაცი არ აღმოჩნდა მთქმელი, დავით აღმაშენებელს რას ერჩი, ერთი ძეგლი გაიტანე, მეორე გაიტანე და მისი ხსენების დღეს კიდევ ებრძვიო? ანუ ყველაზე დიდ ქართველს, მეფეთმეფეს ასეთ რამეს რომ უკეთებ, შენ ვინ ხარ? 8 თებერვალს მე ვიყავი გელათში. არასოდეს მინახავს ასე ცოტა ხალხი. მძიმე ზამთარშიც კი ათჯერ მეტი ხალხი იყო, ვიდრე 8 თებერვალს. რატომ? იმიტომ რომ გელათისა და დავით აღმაშენებლის საფლავის პოლიტიზება მოხდა. როდესაც ისტორიაში პოლიტიზება შეიპარება, ხალხის ინტერესი კვდება. 8 თებერვალს ვიგრძენი ის, რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა _ არც გელათი და არც დავით აღმაშეებლის საფლავი. დავითობა დღეს აღარ არის ის, რაც იყო 15-20-30 წლის წინ. ეს გააკეთა სააკაშვილმა.

_ თუმცა, სააკაშვილმა განაცხადა, გელათში ხალხი მელოდებოდა, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეო.

_ 8 თებერვალს ხალხს უნდოდა, 10 კაცი შეეგზავნა ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე. ეს ხომ პარლამენტი არ არის, შევიდოდნენ და საჯაროდ კითხვებს დაუსვამდნენ. ამას მოჰყვა ყველაფერი. ხალხს ჰგონია, რომ იქ შეკრებილებს ბიბლიოთეკის შენობაში სააკაშვილის ან გიგი უგულავას შეშვება არ უნდოდათ. ეს ტყუილია. სააკაშვილი დიდი სოციალური დემაგოგია. ის, რაც მან 8 თებერვალს გაითამაშა, მზაკვრობაა.

_ რა გაითამაშა სააკაშვილმა 8 თებერვალს?

_ როცა ხალხი იყო შეკრებილი, იქ გაუშვა სამეგრელოს გუბერნატორი. იმ კაცის იქ გამოჩენა, თუ შენ პრეზიდენტი ხარ, თუ შენ ქართველების სიმშვიდე გინდა, კაცი, რომელიც იყო მოადგილე ციხეებში და იმ უბედურებებთან იყო დაკავშირებული, რომელიც ბოლო დროს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება, იმ დღეს გამოაჩინო. სააკაშვილმა კი წინ გაუშვა, ისევე, როგორც 26 მაისს. ვინმემ მაჩვენოს, როგორ შეიძლება, კოლონაში მეოთხე მანქანამ მოკლას ადამიანი. იქ ხელი ჰკრეს პოლიციელს და შეაგდეს. ვინ ჰკრა ხელი? მაშინდელმა ხელისუფლებამ. ასევე გააკეთეს 8 თებერვალსაც _ სპეციალურად გაუშვეს გუნავა ბიბლიოთეკასთან. სააკაშვილს ეგონა, ხალხი გუნავას ჩაქოლავდა. მერე სააკაშვილიც აღარ გამოვიდოდა სიტყვით, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იტყოდა, ხედავთ, ვისთან მაქვს საქმე? ესენი პაპუასები არიან. 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან შეკრებილ ხალხს მადლობა ეკუთვნის, რომ გუნავა არ ჩაქოლა. იგივე ითქმის გიგი უგულავაზეც. 8 თებერვალს ხალხმა წარმოუდგენელი რამ მოითმინა.

_ ხალხთან საუბრისას ამერიკის ელჩმა დაგმო 8 თებერვლის ფაქტი, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რაც მას ერთმა მოქალაქემ უთხრა, თქვენ მოქალაქე სააკაშვილს ესაუბრეთ და არა პრეზიდენტსო. მათ პრეზიდენტს უფლებამოსილება რომ გასვლოდა, მის პრეზიდენტად დარჩენას დაუშვებდნენ?

_ არა, რა თქმა უნდა. ამერიკის კონსტიტუციის ფუძემდებლები ამბობდნენ, რომ ამერიკის კონსტიტუციის პირველი მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის ბუნებითი უფლებები და ადამიანის ბუნებითი უფლებები არის ღვთის მიერ ნაბოძები. რას თვლიდნენ ადამიანის ბუნებით უფლებებად? სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას. რომელია საქართველოში დაცული? ამერიკა, რომელიც თავის ქვეყანაში ყველაზე დიდ ფუნდამენტს ხედავს, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლის, სიტყვისა და საკუთრების უფლება, საქართველოში იცავს იმ კაცს, რომელიც სამივეს ანგრევს. ამიტომ დაკარგა ამერიკამ ავტორიტეტი საქართველოში. ნუ ჰგონიათ ამერიკის ელჩსა და ამერიკელებს, რომ ამერიკის ავტორიტეტი საქართველოში დღეს რაიმეს წარმოადგენს. ამერიკის ავტორიტეტი საქართველოში დაინგრა იმის გამო, რომ რასაც არ დაუშვებდნენ ამერიკაში, იმას პატიობენ სააკაშვილს და იმის დაშვება უნდათ საქართველოში. 26 მაისს ამერიკის ელჩმა სააკაშვილს მისცა უფლება, მიდით და დაარბიეთო. 8 თებერვალს ამერიკის ელჩმა განცხადება გააკეთა და უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, წადით სახლშიო. რა უფლება აქვს ამერიკის ელჩს, უთხრას მოქალაქეებს, სახლში წადითო? საქართველოს ელჩმა რომ მიმართოს ამერიკელებს ამერიკაში, ისინი სასაცილოდ ხომ აიგდებენ? კენედი და რეიგანი ჩემთვის არის ორი დიდი საზომი პოლიტიკაში. კენედი იყო მართლაც დიდი დემოკრატი. რეიგანი 70 წლის გახდა პრეზიდენტი. ის ამბობს, როდესაც ორი ვადა გამითავდა და პრეზიდენტობიდან მივდიოდი, მეგონა, ყველაზე მეტის გაკეთება მაშინ შემეძლო, მაგრამ მე ვთქვი, ამერიკა იმიტომაა ძლიერი, რომ ერთი საათითაც არ შეიძლება, იმაზე მეტ ხანს იყო, ვიდრე კონსტიტუციითაა განსაზღვრულიმეთქი.

_ სააკაშილსაც ასე ჰგონია, რომ ახლა ბევრის გაკეთება შეუძლია.

_ არა. სააკაშვილმა ქვეყანა დააქცია. ვიდრე სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ის გახლდათ დაპირისპირებისა და ელიტური კორუფციის ეპოქა. აი, იმ გუმბათს რომ ხედავთ (ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული სახლისკენ მიმითითა _ გ.ბ.), იმ სახლზე ორივე მხრიდან დაშენებულია მე-7 სართული. ორივე სართული სააკაშვილისაა.

_ ამბობენ აღმაშენებლის გამზირის შენობებზე დაშენებები ვანო მერაბიშვილისააო.

_ თურქებმა მითხრეს, მთელი აღმაშენებლის გამზირი ჩვენიაო. მთელი ზღვა ჩვენიაო. მარტვილში მითხრეს, ამის იქით ჩინეთიაო. ჩინელებს აქვთ მთელი ტყეები ნაყიდი. ვინ გააკეთა ეს? ვისაც მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვს, მე იმის ქართულ განწყობაში ეჭვი მეპარება. რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს დღეს, თუ ის გაცნობიერებული აქვს და სწამს, რასაც ამბობს, თეთრი ხალათი უნდა ჩავაცვათ და სპეციალურ სახლში გავუშვათ. თუ არ სწამს და ამას თავისი პარტიის გადარჩენისთვის აკეთებს, არაფერი გამოუვა. მისი პარტია უნდა გასამართლდეს. საინტერესოა, რატომ იღებენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის ქმედებებზე ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია.

 

ესაუბრა გულიკო ბალაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *