“26 მაისის დარბევაზე უარის თქმისთვის 400-მდე ძალოვანი გაათავისუფლეს”

26-maisi“2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმეს პროკურატურა იძიებს. დარბევაში მონაწილე რაზმების შესახებ ინფორმაციას კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებენ. პროკურატურაში ამბობენ, რომ დარბევაში მონაწილე ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მათი ბრალეულობის დამტკიცების შემდეგ დადგება. ამ ეტაპისთვის კი ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 26 მაისის შემდგომ გათავისუფლდა ის 400-მდე ადამიანი, რომელმაც დარბევაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “26 მაისის დარბევაზე უარის თქმისთვის 400-მდე ძალოვანი გაათავისუფლეს”.

“ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარბევაში შს სამინისტროს სპეცრაზმთან და სამხედრო პოლიციასთან ერთად სასჯელაღსრულების სპეცრაზმიც მონაწილეობდა. თუმცა, ამ ინფორმაციას მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრო კატეგორიულად სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა. ახლა კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. მაშინდელი ოპოზიციისა და ამჟამად პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცრაზმი გამოიყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსაკუთრებულ სისასტიკეში დიდი კურსი აქვთ გავლილი”, – აღნიშნავს გამოცემა.

“მიხეილ ამისურაშვილი, რომელიც 26 მაისს მიტინგზე იმყოფებოდა და დარბევაში მოყვა, იხსენებს: “ეს იყო აქციის მონაწილეების პირდაპირი დასჯა, მათზე შურისძიება. კინოთეატრში, რომელსაც მომიტინგეები თავს აფარებდნენ საშინელები მოხდა. არავის ინდობდნენ – არც ქალს, არც მოხუცს, არც ბავშვს, ყველას უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით. მოხუცებს სულ თავები დაუტეხეს და იატაკზე დაყარეს ხელშეკრულები. ბიჭები წამოცვივდნენ – ქალები და მოხუცები მაინც გაუშვით, ჩვენ, რაც გინდათ, ის გვიყავითო. მაგრამ სპეცრაზმმა ჯიბრზე სამი 16-17 წლის გოგონა თმით გამოათრია და დარბაზის შუაგულში, პირდაპირ სცენაზე ცემა დაუწყო. თქვენც ეგ დღე გელითო, – ხალხს ემუქრებოდნენ. საწყალ გოგონებს სულ შემოახიეს ტანსაცმელი, წიხლები და ხელკეტები სახეში და მუცელში ურტყეს, ეს არ იკმარეს და იატაკზე სისხლის გუბეში მწოლიარეებს გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ”, – იხსენებს ამისურაშვილი”, – განაგრძობს გამოცემა.

“ყოფილი ძალოვანი “რეზონანსთან” საუბარში ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ “წარმატებული ოპერაციისთვის” შსს-სა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ყოველთვიურად პრემიებს იღებდნენ. ხოლო ისინი, რომლებმაც უარი განაცხადეს დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა, სამსახურებიდან დაითხოვეს. ერთ-ერთი მათგანია გელა მამალაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის ხელის გარტყმის გამო დააკავეს და შემდგომ 2.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვიყავი. 2011 წლის 26 მაისს უარი ვთქვი აქციის დარბევაში მიმეღო მონაწილეობა, რის გამოც სამსახურიდან დამითხოვეს. ვიცი, რომ იმ დღეს თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” და სამხედრო პოლიციის სპეცრაზმი. ასევე გასული იყო ბატალიონი “ივერიონი”, რომელიც უშუალოდ ბაჩო ახალაიას ექვემდებარებოდა. ეს ადამიანები, ყველანი, არჩევნებამდე მუშაობდნენ და მათი დიდი ნაწილი ახლაც მუშაობს. თუ თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულად ამ ადამიანების გვარების გარკვევა სურს, ეს მარტივია. ჩაიხედოს უწყისებში და ვისაც 26 მაისის შემდეგ პრემიები აქვს აღებული, სწორედ მათ გამოიჩინეს თავი მიტინგის დარბევისას. გაგვათავისუფლეს მხოლოდ ისინი, რომლებმაც უარი ვთქვით დარბევაში მონაწილეობის მიღებაზე. ასეთი სულ 400-მდე ადამიანი იყო”, – ამბობს მამალაძე”, – დასძენს გამოცემა.

 

სააგენტო “ინტერპრესნიუსი”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *