მომავლის წერილი

მის აღმატებულებას, აკადემიკოს ევგენი ველიხოვს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ევგენი პავლეს-ძევ,

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და მოგმართავთ, ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ უაღრესად კონკრეტული მიზეზით ნაკარნახევი და, რაც მთავარია, მომავალზე ორიენტირებული წერილით.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ XXI საუკუნეში ძნელია რამემ გააკვივროს ადამიანი, მით უფრო მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ და სწორედ ეს არის სამწუხარო, რომ ამ წერილმა, თუნდაც, მისმა მრავლისმთქმელმა დასათაურებამ – „მომავლის წერილი“, მართლაც, გამოიწვიოს თქვენი გაკვირვება და სწორედ ეს არის მომავლის საფიქრალი.

სამწუხაროა ფიქრობდე, რომ პლანეტარული აზროვნების ეპოქაში წერილმა თბილისიდან მოსკოვში საქართველოში არც თუ უცნობი ადამიანების ხელმოწერით წერილმა არა ლანძღვის და გინების, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს არის მიღებული, წერილმა არა თხოვნის და ხვეწნის, როგორც ეს საბჭოთა ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი, არამედ წერილმა მადლიერების, სწორედ ხაზგასმული მადლიერების ასეთივე პატივისცემის და მომავალზე ორიენტირებულმა წერილმა თქვენც კი გაგაკვირვოთ. გაგაკვირვოთ პიროვნება, რომელიც ყოველთვის ადრეც და დღესაც, მართლაც, ხაზგასმულად კეთილად განწყობილი ხართ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და დღეს ამაზე უკვე საუბრობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ უბრალო ადამიანებიც.

ყველა დროის ყველაზე დიდი ფანტასტიც ვერ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როცა საქართველოში შიში იქნებოდა მოსკოვის ხსენებისას, რომ მოღალატედ ჩაითვლებოდა ყველა, ვინც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იფიქრებდა, რომ დაიჭერდნენ ან შერისხავდენ ყველა რუსეთში წასულს .

ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე რუსეთი ასეთ დამანგრეველ როლს შეასრულებდა საქართველოსათვის, უპირველესად იმით, რომ საქართველოში საკმაო ხანია სწორედ რუსეთის ლანძღვა-გინებას მოჰყავს ანტიქართული ხელისუფლება.ჩვენდა სამარცხვინოდ, ხელისუფლებაში ირჩევენ იმას, ვინც მეტად შეაგინებს და გალანძღავს რუსეთს, მის ხელისუფლებას და ყოველივე ამის გამო თავზე გვენგრევა საქართველო, ვართ მუდმივ ომში.

ჩვენ ვთვლით. რომ უკიდურესად სამარცხვინოა მდგომარეობა რომელშიც პოლიტიკოსებმა ჩაგვაგდეს, მით უფრო მაშინ, როცა ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს სხვა ორი ქვეყანა, რომელთა ინტერესები კონკრეტულ რეგიონში ისე ემთხვევა ერთმანეთს, როგორც საქართველოსა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში.

ჩვენ მივიჩნევთ რომ მხოლოდ ძლიერი და სტაბილური რუსეთია, როგორც საქართველოს ასევე მთელი მსოფლიოს ინტერესებში, რომ მსოფლიოსათვის კატასტროფული იქნება თავისი შედეგებით სუსტი და არასტაბილური რუსეთი… ისევე როგორც რუსეთისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში უნდა იყოს მშვიდობიანი კავკასია, ძლიერი და სტაბილური საქართველო.

ჩვენ სწორედ სიძლიერე გაგვაერთიანებს და სისუსტე გვაპირისპირებს, როგორც სჩანს, სისუსტის გამოა ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები ამორფული.

ეს არის ჩვენი პოზიციაც და განაცხადიც მომავლისათვის .

ევგენი პავლეს-ძევ,

ეჭვი არ გვეპარება და ესეც სამარცხვინოა, რომ ამ შინაარსისა და გან ყობის პირველი წერილია საქართველოდან რუსეთისაკენ 1991 წლის შემდგომ.

ჩვენ დავძლიეთ შიში, გვეყო გამბედაობა და შევძელით მომავლის წერილის გამოგზავნა.

ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად თანამშრომლობის დიდი ისტორიისა და ტრადიციისა,საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში უნდა დაიწყოს სრულიად ახალი განზომილების, სრულიად სხვა კონფიგურაციის, სრულიად სხვა ფილოსოფიის ეპოქა. იგი უნდა დაეყრდნოს ტრადიციულ ფასეულობათა პატივისცემას, თანასწორობით თანამშრომლობას და არა უფროს-უმცროსის ყავლგასულ თეორიებს, დაეყრდნოს სულიერებას და არა ძალას. ყველაფერი ეს სახალხო დიპლომატიით, ჩვენი ურთიერთობებისათვის ადამიანური სახის მიცემით უნდა დაიწყოს.

სწორედ ეს იყო გასულ წელს სოჭში დაფუძნებული „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი გზავნილი, რომლის მოქმედებაში მოყვანა საქართველოს სახელისუფლებო წრეებში დიდ წინააღმდეგობას აწყდება. მიუხედავად ყოველივე ამისა, დღეს ეს პროცესი იწყება, ძალას იკრებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს მომავალი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე, ისე, როგორც, ჩვენი აზრით, არც რუსეთისათვის არ არის მეორეხარისხოვანი საქართველოსთან კეთილი ურთიერთობები.

სწორედ ამ დიდი მიზნებიდან გამომდინარე ვუწოდეთ ამ წერილს მომავლის წერილი. ჩვენთვის საამაყოა რომ ამ წერილს ვაგზავნით კაცთან რომელიც განსაკუთრებულად გვეიმედება… ეს არის ჩვენი გზავნილი რუსეთის უდიდესი ტრადიციების მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებისადმი,ინტელიგენციისადმი საერთოდ, წერილი რუსეთის საზოგადოებრივი პალატისადმი.

ევგენი პავლეს-ძევ,

პირდაპირ გვინდა ვთქვათ , რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად ამ წერილს აქვს კონკრეტული საფუძველი, რომ არა 2010 წლის 25-26 მაისის ვლადიკავკაზის, 2010 წლის ივლისის სანკტ-პეტერბურგის შეხვედრები, რომ არა ქართველებისა და ოსების, მართლაც, მონატრებული სიყვარულით შეხვედრა ვლადიკავკაზსა და პეტერბურგში, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, რომ არა ისეთი პიროვნება, როგორიც ბატონი გოჩა ძასოხოვია- მისი ავტორიტეტით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც ქართველებში, ასევე ოსებში – არც ეს შეხვედრები შედგებოდა და არც ეს მომავლის წერილი დაიწერებოდა.

ყველა ნამდვილი ქართველისათვის ცხადზე უცხადესია, რომ მხოლოდ ოსური ტრადიციების პატივისმცემელი ოსი და მხოლოდ აფხაზური ტრადიციების პატივისმცემელი აფხაზი იქნება ქართველთა ნამდვილი მეგობარი და პირიქით, მხოლოდ ნამდვილი ქართველი შეიძლება იყოს ძმობით სავსე აფხაზისა და ოსის მიმართ, რომ მხოლოდ ასეთ სულგრძელ ადამიანებს შეუძლიათ ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. გვინდა გავიხსენოთ დიდი მაესტროს, ჩვენი დიდი მეგობრის, ვალერი გერგიევის მიერ ცხინვალში წარმოთქმული სიტყვები: „მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ოსები კარგები არიან და ქართველები ცუდები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ძმები და მეგობრები ვართ და ჩვენი ვალია, ძმებმა ერთმანეთის სისხლი არ დავღვაროთ, არ დავუშვათ ომი კავკასიაში.“ ეს სიტყვები მან პეტერბურგის შეხვედრების დროსაც დაადასტურა.

გულწრფელად გვინდა ვაღიაროთ, რომ ამ წერილის გამოგზავნაში საქართველოს ხელისუფლებაც დაგვეხმარა. ვლადიკავკაზისადა სანკტ-პეტერბურგის შეხვედრების შემდგომ მისი მონაწილენი სახელისუფლებო ტელევიზიებმა, პრესამ პასკვილებით აგვავსო. ბატონი გოჩა ძასოხოვი, პიროვნება, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ადრე საქართველოს გმირს უწოდებდა, უპირველეს მტრად გამოაცხადდა. ასეთივე მიზეზების გამო იდევნება ცნობილი სპორტსმენი, ბიზნესმენი და მოღვაწე კაცი, „ქართულ-ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე, ბატონი ლერი ხაბელოვი.

სამწუხაროა, როცა ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი ქცევებით რუსეთს აზიანებს. არ ვეჭვობთ, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები სწორედ საქართველოსათვის არის ზიანის მომტანი.

არა უშავს. ჩვენ ვიცით თქვენდამი მოწერილი წერილის მნიშვნელობაც და ფასიც ჩვენი ქვეყნების შემდგომი ურთიერთობებისათვის. გვაძლიერებს ის, რომ მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეების მხარდაჭერით, რუსეთში, შემდგომ ამერიკასა და გაეროში საქართველოს ელჩის, ცნობილი დიპლომატის, ბატონი პეტრე ჩხეიძის კეთილი განწყობით დაფუძნებული, მართლაც, უნიკალური ორგანიზაციის „თავისუფალი აზრის სახლის“გამოკვლევით ვლადიკავკაზის ქართულ-ოსური შეხვედრები აღიარებული იქნა ამ წლის მთავარ მოვლენად, ხოლო „ქართულ ოსური მისია“ – იმედის მისიად.

თქვენოაღმატებულებავ, ბატონო ევგენი პავლეს-ძევ,

ჩვენი დიდი სურვილია, ეს წერილი და თქვენი მხარდაჭერა მომავლის დიდ ურთიერთობათა საფუძვლად იქცეს.

ჩვენ გვინდა გავხდეთ დიდი საყრდენი საქართველოში საქართველოსა და რუსეთის მეცნიერთა. კულტურის მოღვაწეთა, სტუდენტთა, სპორტსმენთა, საერთოდ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან მომავლის ურთიერთობებისათვის.

დღეს<ამის კარგი საფუძველია: რუსეთის საზოგადოებრივ პალატას თქვენ ხელმძღვანელობთ, საზოგადოებრივი პალატის შემადგენლობაში საქართველოში დიდი ავტორიტეტის მქონე ჩვენი თანამემამულეები არიან, შექმნილია მძლავრი ორგანიზაცია „საქართველოს ხალხების ასამბლეა“, დღეს უკვე რუსეთის ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, განსაკუთრებით მეცნიერებაში, კულტურაში, მედიცინასა და ბიზნესში მოღვაწენი.

სწორედ ამიტომ გადმოგცემთ „ქართულ-ოსური მისიის“ დიდ თხოვნას, გვეწვიოთ საქართველოში და იყოთ ჩვენი ქვეყნის დიდი სტუმარი თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. ასეთივე განწყობის წერილს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ გიგზავნით „თავისუფალი აზრის სახლი“, რომელიც დღეს საქართველოში არის მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა, თავისუფალ მოაზროვნეთა ნავთსაყუდელი.

ბატონო ევგენი პავლეს-ძევ,

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უაღრესად კეთილ განწყობასა და საზოგადოებრივი პალატასთან თანამშრომლობის დიდ სურვილს. ამ წერილში ჩვენ ჩავდეთ საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ხალხის დიდი ნაწილის განწყობა და სურვილი. ეს მომავლის წერილია თბილისიდან მოსკოვში – რუსეთში, საქართველოში საერთოდ მსოფლიოში კეთილი მისიის ელჩად აღიარებულ ევგენი პავლეს-ძე ველიხოვთან.

სწორედ ამ განწყობით გილოცავთ მოახლოებულ შობა-ახალ წელს, თქვენ, საზოგადოებრივი პალატის წევრებს, რუს ხალხს, რუსეთის მთელს მოსახლეობას.

ერთი, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი დეტალიც. ეს წერილი მივიღეთ ქართულ-ოსური მისიის 13 დეკემბრის ღია სხდომაზე, რომელიც ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრების“ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. წინა დღით ამავე ტელევიზიით დაიწყო დისკუსია ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალზე, ნაჩვენები იქნა ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია, გადაიცა მაიაკოვსკის დღეების ამსახველი დოკუმენტური მასალები. ეს იყო იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ღიად და პირდაპირ ვიწყებთ ფიქრს ახალი არქიტექტურის ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ეჭვი არგვეპარება, ამ პოზიციას გაიზიარებენ და ამ პროცესში ჩაერთვებიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები ამერიკაშიც, ევროპაშიც, აზიაშიც, კავკასიაშიც, რაც მთავარია, განსაკუთრებული მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლეობაში.

რწმენით და მომავლის დიდი იმედით

ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებლები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *