(ლიბერალი)ლინკოლნ მიტჩელი: “დასავლეთს არ ესმის, რა ხდება საქართველოში”

ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის “ჰარიმანის ინსტიტუტის” ასოცირებული პროფესორია. 2006-2009 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი.
მიტჩელი სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო კამპანიების პოლიტიკურ მრჩევლად ნიუ-იორკში. 2008 წელს გამოვიდა მისი წიგნი “ბუნდოვანი დემოკრატია: ამერიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს “ვარდების რევოლუცია”.
2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იყო კოალიცია “ქართული ოცნების” მრჩეველი.

“ლიბერალი” ლინკოლნ მიტჩელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა

როგორ გამოიყურება დღეს თქვენთვის პოლიტიკურ ძალთა განლაგება საქართველოში?

ვაშინგტონიდან ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ დასავლური მთავრობები ყველაზე დიდ აქცენტს ამ, ეგრეთ წოდებულ კოჰაბიტაციაზე აკეთებენ. გასაგებია, რომ სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია და ქვეყანას ახალი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ საქართველოში კოჰაბიტაცია მაინც სხვანაირად გამოიყურება. სააკაშვილმა არჩევნებიდან ძალიან მალევე უკუაგდო მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებები. მან არ მიიღო მონაწილეობა მინისტრების დანიშვნაში, ის აღარ მართავს ქვეყანას… კლასიკურ კოჰაბიტაციაში, როცა პრეზიდენტი კარგავს გავლენას პარლამენტზე, ის მართვას მაინც აგრძელებს. აქ კი, მაშინ როცა სააკშვილს ჰქონდა კონსტიტუციური უფლება დაენიშნა ოთხი ყველაზე გავლენიანი მინისტრი, ამაზე უარი თქვა. თავადვე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ხდებოდა და ამ ტრიბუნასაც ხელისუფლების ოპონირებისათვის იყენებდა, და არა ქვეყნის მართვისთვის. ამიტომ, საქართველოში კოჰაბიტაციაზე საუბარი თითქოს გარედან არის თავსმოხვეული.

სინამდვილეში, საქართველო ეგუება არა ახალი ხელისუფლების მოსვლას სათავეში, არამედ იმას, რომ თვალი გაუსწოროს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ზუსტად არავინ იცის, რამდენად ყოვლისმომცველია ეს დანაშაული. ცხადია, წინა ხელისუფლებაში ყველა კრიმინალი არ იყო, მაგრამ იმავდროულად, უამრავი ფაქტი ვიცით, რაც ადასტურებს წინა ხელისუფლების კორუმპირებულობასა და დანაშაულს. და ეს ბევრ პრობლემას ქმნის და ბევრ კითხვას აჩენს. უნდა მიჰყვე თუ არა ყველა საქმეს? უნდა გახვიდე თუ არა ყველა კონკრეტულ პირზე? ცდილობ უპასუხო საზოგადოების მოთხოვნას, რომ აღდგეს სამართალი, თუ ცდილობ მომავალზე იყო ორიენტირებული და კომპრომისებზე წახვიდე? ჩემთვის ეს ყველაზე რთული პოლიტიკური დინამიკაა, რასაც ქვეყანაში ვხედავ.

სააკაშვილი ასევე ინარჩუნებს რეალურ პოლიტიკურ გავლენას პროცესზე… “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერიც ის არის.

სააკაშვილის პოლიტიკური ძალაუფლება – და არა მარტო სააკშვილის, ნებისმიერი ხელისუფალის – ორგვარია: ფორმალური და არაფორმალური. არჩევნების წაგების შემდეგ, სააკაშვილის არაფორმალური გავლენები დიდწილად აორთქლდა. 40% – ანუ ის შედეგი, რაც “ნაციონალებმა” არჩევნებში აჩვენეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები ჩატარდა – ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იქნებოდა ეს თუ კონტროლირებადი მედიის ფაქტორი, არადამაჯერებლად გამოიყურება და პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს მხოლოდ ფორმალური ძალაუფლებაღა რჩება ხელთ.

როგორ ხედავთ “ნაციონალური მოძრაობის” მომავალს?

რამდენიმე სცენარი არსებობს. ერთ-ერთი, არც თუ ისე სახარბიელო სცენარი ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაქრება პოლიტიკური სივრციდან და დროთა განმავლობაში, “ოცნების” გარშემო მოხდება ძალაუფლების კონსოლიდირება. ვინც “ნაციონალებს” უჭერდა მხარს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, “ოცნებისკენ” გადაიხრებიან და მათ მხარდამჭერთა მხოლოდ მცირე ბირთვი დარჩებათ. ეს არ არის კარგი სცენარი. ჩვენ არ გვინდა მორიგი ერთპარტიული სისტემა. ეს უკვე ოთხჯერ მოხდა და ამან არ იმუშავა. დემოკრატია და ერთპარტიული სისტემა არათავსებადია.

მეორე სცენარით, რომელიც ცოტათი უკეთესია, მაგრამ ნაკლებსავარაუდო, “ნაციონალების” ირგვლივ შეიკვრება ოპოზიციური სპექტრი. ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოებიც მათ რიგებს შეუერთდებიან. ასე ხდებოდა წარსულში.

მესამე, საუკეთესო სცენარი ისაა, რომ დაიბადოს ახალი “ნაციონალური მოძრაობა”, ახალი პოლიტიკური ხედვით, რომელიც დაეფუძნება ერთიან იდეოლოგიას და პრინციპებს, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, დასავლური ფასეულობების ერთგულება და ძალიან მკაფიო დასავლური და ანტირუსული ორიენტაცია. ამჟამინდელ ხელისუფლებასაც დასავლური და ანტირუსული ხედვა აქვს, მაგრამ ამ თემაზეც შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა.

მაგალითად, ამერიკაში ორივე პარტია “ჯიჰადის” რადიკალური წინააღმდეგია, მაგრამ გვაქვს დებატები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ანტიტერორისტული პოლიტიკა.

ამ სცენარის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესიც აზრს შეიძენდა.

ამ ეტაპზე გარე სამყაროსათვის არ არის ცხადი ქვეყნის საგარეო ორიენტირები?

ჩემთვის ცხადია, იმიტომ, რომ აქაურობას კარგად ვიცნობ. ამიტომ, ჩემთვის მთავარი განსხვავება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არა საგარეო ორიენტაციაში, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაშია. “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა უფრო პრაგმატულია, უფრო მეტად სოციალ-დემოკრატიულია, მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს თუ ავიღებთ, ვიდრე “ნაციონალებისა”. ასევე, კოალიციის სოციალური პოლიტიკაც უფრო კონსერვატიულია.

რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას, აქ განსხვავება უფრო ტონალობასა და რიტორიკაშია, ვიდრე მიზნებში. საუბარიც და დებატებიც ამაზე უნდა იყოს, ჩემი ღრმა რწმენით – ვინ უკეთ მიაღწეს ამ მიზანს. გასული 9 წლის განმავლობაში ბევრი ანტირუსული რიტორიკა ვისმინეთ, მაგრამ საქართველო ამით არ დაახლოვებია “ნატოს” და რუსეთის გავლენაც ქვეყანაზე გაიზარდა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმატებას ჯერ-ჯერობით ვერ მიაღწია, მაგრამ ეს მცდელობები უნდა გაგრძელდეს.

როგორ ფიქრობთ, აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” რესურსი, რომ გახდეს ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია? ჯერ-ჯერობით, მათი თვითგადარჩენის სტრატეგია ვიწრო პარტიულ ინტერესებს თითქოს არ სცდება…

ამ წუთას “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰყავს მხარდამჭერები იმისათვის, რომ გახდეს ლეგიტიმური ოპოზიციური ძალა. თუმცა, თუ ისინი ყვირილიდან საქმეზე გადავლენ, არსებობს პოტენციალი, რომ მათი მხარდამჭერთა რიგი გაიზარდოს და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად, უფრო მეტად შეივსოს “ლიბერალური” ელიტით. ამ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად გაბანკროტებულია და ისინიც კი, ვინც უკვე უკმაყოფილო არიან ახალი ხელისუფლებით, მათი მხარდამჭერები უახლოეს მომავალში არ გახდებიან.

ესმის დასავლეთს, რა ხდება ახლა საქართველოში?

არა, არ ესმით. “ნაციონალებს” უკეთ გააქვთ ამბავი ქვეყნის გარეთ, თუმცა, ეს ამ გაუგებრობის მთავარი მიზეზი არ არის. ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება, დასავლეთში კოგნიტურ დისონანს იწვევს. ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ კაცს, ის ჩვენი კაცი იყო და ახლა გვეუბნებით, რომ ეს სასიამოვნო ხალხი, ვინც ინგლისურად მჭერმეტყველებდა და იმას გვეუბნებოდა, რისი მოსმენაც გვინდოდა, კრიმინალები არიან? სიმართლეს არა აქვს მნიშვნელობა. პრეზენტაციაა მნიშვნელოვანი.

რათა დასავლეთმა აღიაროს, რომ ივანიშვილი, ამ ნაწილში მაინც, სწორად იქცევა, ამისათვის საკუთარ შეცდომებს უნდა გაუსწოროს თვალი. ეს კი არც ისე იოლია. დროთა განმავლობაში, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, ისევე როგორც შეიცვალა 6 თვის წინანდელი დამოკიდებულება, როცა ამბობდნენ, თუ ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში, რუსთაველზე რუსული ტანკები გაივლიანო. რუსთაველზე ვართ და ტანკები თითქოს არ ჩანან. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, ცხადია, ეკონომიკაც ვერ დგას ჯერ ფეხზე, მაგრამ ზოგადად, მშვიდობაა, ჰო?

ეს კოგნიტური დისონანსი რისი ბრალია? იმისი ხომ არა,რომ დასავლეთისთვის საქართველოს მხარდაჭერა ზედმეტად პერსონიფიცირებული იყო?

დიახ, ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ამ დოზით ჰიპერპერსონალიზაცია ჯანსაღი არ არის და იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება მალე შეიცვლება. ველი საქართველოს ახალ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, იმისათვის, რომ თანამშრომლობა გავაგრძელოთ. დასავლეთში იცნობენ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ირაკლი ალასანიას – ისინი კარგად მუშაობენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით უსუფაშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ის ქუთაისშია და არა ვაშიგტონში.

თითქოს ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო ძალისხმევა ამერიკაზე მეტად ევროპისკენაა მიმართული. ეთანხმებით თუ არა ამ აზრს?

მე ვიტყოდი, რომ ივანიშვილის ძალისხმევა უფრო მეტად საქართველოსკენაა მიმართული, ვიდრე ევროპისკენ ან ამერიკისკენ, რაც კარგია. თუმცა, რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას – ახალ ხელისუფლებაშიც ყველას კარგად ესმის ამერიკასთან პარტნიორობის მნიშვნელობა, ამიტომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, არჩევნებამდე “ნაციონალებს” მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან, ევროპაში კი – თითქმის აღარანაირი. ივანიშვილი კი ევროპაში ცხოვრობდა და ტემპერამენტითაც უფრო მეტად პროევროპელია. რუკასაც თუ დავხედავთ, მივხვდებით, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უფრო მჭიდრო უერთიერთობები ჰქონდეს ევროსტრუქტურებთან, ამიტომ ევროპული მიმართულების გაძლიერება კარგია. უბრალოდ, თუ “ნაციონალები” მეტ დროს საგარეო ნარატივის შეფუთვას უთმობნენ, ივანიშვილი უფრო მეტად ქვეყნის შიდა პროცესების მართვით არის დაკავებული.

www.liberali.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *