(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: „სააკაშვილი ოპოზიციაში ერთი წელი ივანიშვილის პროგრამის პირობებში, ქვეყნის გადატრიალების გარანტიაა!“

tem.1სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა ჩასაფრებაში გადავიდა – ასეთია პარტია „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიშვილის პირველი შეფასება არჩევნების შედეგებზე. სხვათაშორის, არჩევნების წინ შექმნილი საარჩევნო ბლოკისმაგვარი გაერთიანებიდან ქუთაისში კენჭისყრას შაშიაშვილის აპირებდა, თუმცა ბოლოს მაინც გადაიფიქრა და კანდიდატურა „ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. დღეს შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიციის ლიდერი მას ბოდიშს მოუხდის, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის „მუდო“ ნაციონალები კი საპარლამენტო უმრავლესობას ძირს 6 თვეში ისე გამოუთხრიან, ივანიშვილი განმეორებით არჩევნებში უმცირესობაში აღმოჩნდება.
„ვერსიის“ კითხვებს „თეთრების“ ლიდერი და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თემურ შაშიაშვილი პასუხობს:

– ვიდრე არჩევნების შეფასებებზე გადავიდოდეთ, აგვიხსენით, ან რას აყენებდით თქვენს კანდიდატურას ქუთაისში, ან რას ხსნიდით ასე მოკლე ხანში?

– ჩვენმა გაერთიანებამ განაცხადა, 30%-იანი ბარიერი მაჟორიტარულ ოლქებში დამღუპველი იქნებიდა. მივმართეთ ბიძინა ივანიშვილსა და ყველა სხვა პარტიას – არ გვინდა ერთმანეთისათვის არაფრის დათმობა, მხოლოდ ამ ნაწილში მაინც გავერთიანდეთ და 50%-იანი ბარიერი მოვითხოვოთ. გამოვიდა 30 აგვისტოს ივანიშვილი არც კი შეეხო ჩვენს მიერ დასმულ ამ პრობლემურ საკითხს და თქვა: ყველა ჯანსაღი ძალა შევკრიბე კოალიციაში და ვინც გარეთ ხართ, მოიცადეთო, ამით შეურაცხყოფილი დავრჩი!

– ივანიშვილმა შეურაცხყოფილი დაგტოვათ და ამიტომ მოხსენით კანდიდატურა „ოცნების” სასარგებლოდ?

– კაცმა თქვა, ვამთავრებ ამ ხელისუფლებას და დამაცადეთო. ჰოდა შეურაცხყოფის მიუხედავად რაკი სკამისათვის არ ვიბრძოდი, გადავწყვიტე, თუ ამთავრებ, დაამთავრე მეთქი და გვერდზე გავდექი! დრო აჩვენებს, რომ შესაძლოა, მისი კოალიციის გარეთ უფრო ჯანსაღი ძალები დარჩნენ. ივანიშვილმა კი სწორედ ამ 30%-იანი ბარიერის გამო მიიღო მთელი ეს უბედურება ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში. კანდიდატურის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, მეორე ის, რომ ჩვენი საარჩევნო ბლოკიც არ შედგა. ჩვენ ვერ შევძელით პრონციპების გარშემო გაერთიანება და სრულიად განსხვავებული მიდგომები გვქონდა.

– და ამაზე ახლა უნდა საუბრობდეთ?

– ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია, თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ისიც, რომ არც ერთი თეთრი არ გვქონდა და მთელი საქართველოს მასშტაბით სულ ერთი ოფისი გვაქვს. ამ პირობებში საარჩევნო კამპანია საერთოდ როგორ უნდა გვეწარმოებინა? თუმცა ახლა გამოჩნდება, რას წარმოადგენდა ნათია მოგელაძე და მისი უწყება. სააკაშვილი არა როგორც პრეზიდენტი – არამედ როგორც ბოლშევიკებისდროინდელი აგიტატორ-პროპაგანდისტი ისე დარბოდა სოფელ-სოფელ ბიუჯეტის ფულით, სრული 2 თვე. ეს სახელმწიფო ფულით საარჩევნო პროცესში მონაწილეობა იყო და მარტო ამის გამო შეიძლება“ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიდან მოხსნა, რომ ამ ორ თვეში სააკაშვილმა საარჩევნო პროცესისთვის გათვალსიწინებულ ლიმიტზე 40 მილიონზე მეტი დახარჯა! მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პროგრამა, რომლითაც ის მოდის, ფაქტობრივად უნიკალურია. დარწმუნებული ვარ, კოალიციის შიგნით ეს ბევრს არ აქვს გაცნობიერებული. სააკაშვილის ასეთი სიმშვიდე სწორედ ბიძინა ივანიშვილის პროგრამითაა გამოწვეული, რადგან მან იცის, რომ ეს პროგრამა რეალისტური, მაგრამ ძალიან ძნელად განხორციელებადია. სამაგიეროდ, ამ პროგრამას ჩასაფრებული პარტია სერიოზულად გამოიყენებს. თუნდაც, იცით მ, რას – პროგრამაში ივანიშვილს უწერია, რომ ვერც პროკურორს, ვერც მოსამართლეს და ვერც ვერავის ვერ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა არ დაუჭერს, ანუ ამ პროგრამით ბიძინა ივანიშვილი ჩიხში თვითონ მოექცა.

– მერე, თქვენ ეს ეჭვს არ გიჩენთ?

– სააკაშვილი ერთი წელი პრეზიდენტად, ივანიშვილის პროგრამის პირობებში , ქვეყნის გადატრიალების გარანტიაა! სააკაშვილი, სკამზე მიკერებული კაცი, წავიდა ოპოზიციაში და თქვენ სე გჯერათ?! დაფიქრდით, რატომ თქვა უარი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე – პარლამენტის გადაყენებაზე?! მას დღეს არ აწყობს ამ პარლამენტის დაშლა, მაგრამ 6 თვის შემდეგ ეტყვის: თქვენ, ჩემო ძმებო ხალხს რძის მდინარეებს პირდებოდით, მე ხომ გაცალეთ, აბა, რა შეიცვალაო? ხალხი კი 6 თვის შემდეგ უკმაყოფილო იქნება, რადგან რეალურად, ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა. 6 თვის მერე, ჩასაფრებული ოპოზიციის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა ისეთი ვერ იქნება, როგორც ახლაა. მიშა რომ კონსტრუქციული ოპოზიცია იყოს, სხვა თემაა, მაგრამ სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა ჩასაფრებაში გადავიდა! ხელში უამრავი ბერკეტი აქვს – ნახეთ, რა მძლავრად შევიდა პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ . ახალ პარლამენტში მისმა პარტიამ შესვლაზე უარი რომ თქვას, ახალი საპარალმენტო არჩევნები დაინიშნება, მაგრამ არც ამას აკეთებს, რადგან დღეს ესეც არ აწყობს. ქვეყნისათვის ყველაზე საშინელი პერიოდი დადგა – წყნარი და ჩასაფრებული სააკაშვილი, თავის „მუდოებთან“ ერთად! „ნაციონალები“ მართლა მუდოები არიან, უკვე ჩაძვრნენ მიწაში, ეს 6 თვე ძირს გამოუთხრიან უმრავლესობას და მათთან ერთად ყველა მიწაში ჩავცვივდებით!

– თქვენ გამოსავალიც გეცოდინებათ ამ სიტუაციიდან?

– პირველ რიგში, მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ და გაკეთდეს დასკვნა, მართლა აყვავდა საქართველო თუ დაინგრა. ეს შეფასებები აქ რომ გაკეთდეს, თუნდაც ივანიშვილის ან მისმა გუნდის მიერ, დაუშვებელია, რადგან ძალიან ტენდენციური იქნება. ახლა მიკვირს, ეს ტენდენციური ადამიანები თავის თავს ექსპერტებს როგორ უწოდებენ – ღიად მაინც იყვნენ ან ივანიშვილის, ან სააკაშვილის მხარეს! ამ დასკვნის დადების შემდეგ, უნდა მოხდეს საჯარო განხილვა და დამნაშავეები გასამართლდნენ, ოღონდ არა ისე,როგორც ჩვენ გვინდა, არამედ დასკვნის შედეგების მიხედვით. არ გასამართლდა კომუნისტური პარტია, „მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება და თუ არც ნაცმოძრაობას გავასამართლებთ, უმძიმეს შედეგებს მივირებთ! დაბოლოს, არც სააკაშვილი გადადგება და თუ არც პარლამენტი დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს, უნდა ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი ამ საკითხზე. თუ არადა, მიშა ეს ერთი წელი დესტაბილიზაციის წყარო და ნგრევის გაგრძელება იქნება ქვეყანაში! ეს არის კაცი, რომელიც გაჩუმდა, დაწყნარდა და საჭირო დროს, საჭირო მომენტში, გარწმუნებთ, ხალხში გარკვეულ მხარდაჭერას მოიპობვებს.

– არჩევნების წინ არ მოგისმინათ ივანიშვილმა, როცა მაჟორიტარულ ოლქებში მოსალოდნელ პორბლემებზე საუბრობდით და ეხლა მოგისმენთ?

– ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ივანიშვილმა მომისმინოს, არამედ, ხალხმა თქვენი გაზეთის საშუალებით იცოდეს ჩემი მოსაზრება. მინდა ისიც იცოდნენ, რომ არჩევნები მინიმუმ 20%-ით გაყალბდა „ნაციონალების“ სასარგებლოდ. თუმცა აქ უფრო საშიში ისაა, რომ სააკაშვილმა დემოკრატიის გვირგვინი დაიდგა და მისი შუქურა დღეს უფრო აენთო! სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებაშია მთელი უბედურება. თქვა ოპოზიციაში მივდივარო და მთელი მსოფლიო ტაშს უკრავს, მაგრამ სწორედ ამაშია ჩადებული მისი დაბრუნების გეგმა! სააკაშვილის ხელისუფლება უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო, არჩევნებში საერთოდ არ უნდა მიეღო მონაწილეობა და „ოცნებისათვის“ უნდა ეთქვა, მოდით ერთი და გააკეთეთ რაც გინდათო. თუმცა იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ამ გზით შეეცადნენ თავის გადარჩენას. არ ვიცი, რამდენად გაუძლებს ჩასაფრებულ სააკაშვილს ივანიშვილი. მეტსაც გეთყვით – არც აშშ -ს აწყობდა სააკაშვილის დარჩენა ამ ეტაპზე, რადგან მერე მისი მობრუნება აწყობს. ეს ევროპისა და ამერიკის შეთანხმებისა და რუსეთის ჩაურევლობის შედეგია. ვნახოთ, მას მერე რაც ივანიშვილი პრემიერი გახდება, რა განცხადებებს გააკეთებს და რა მოქმედებებს დაიწყებს – ამის მერე პასუხი ბევრ კითხვას გაეცემა. მე კი ერთი რამ შემიძლია გითხრათ: იმერეთიდან ვიცი, რომ იგი ეროვნული, ჭკვიანი კაცია. იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და მინდა ვიფიქრო, რომ იგი პრემიერობის დროს მართლა შეკრავს საზოგადოებას.

– და თქვენი პრეტენზიები არ გახსოვთ მის ეროვნულობასთან დაკავშირებით? ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაგანწყობა შეიცვალეთ – ასე გაიგებს ბევრი, ვისაც ახსოვს, რომ ივანიშვილს ორი თვის წინ აკრიტიკებდით!

– რასაც ვამბობდი, ამას ეხლაც ვადატურებ . მე ივანიშვილს ახლაც ვაკრიტიკებ,. კანდიდატურა რომ მოვხსენი, ესეც ჩემი აღშფოთების დემონსტრაცია იყო – ხმამაღლა ვამბობ, ივანიშვილმა შეურაცხყოფა მომაყენა მეც და ბევრ სხვასაც, როცა განაცხადა, რომ ყველა ღირსეული ძალა შემოიკრიბა. მე ვარ არაჯანსაღი და ისინი არიან ჯანსაღები, ვინც კოალიციაში ჰყავს? არ ვიცი, სხვები ხმას რატომ არ იღებენ ამაზე. მაგრამ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვეუბნები ივანიშვილს, რომ დადგება დრო და იგი ამისთვის ბოდიშს მოიხდის!

_ მანამდე რას აპირებთ ან „თეთრები“, ან „სახალხო კრება“, თქვენ არ გვპირდებოდით, რომ როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვა, სახალხო კონტროლის მექანიზმებს შექვმნით და ახალ მთავრობას არ გავათამამებთო?

– ჩვენ ვაგრძელებთ კრებასთან ურთიერთობას. საქართველო იმას მოესწრო, რომ კარგი, , ქართული პროგრამა არსებობს, რომელიც „ოცნებამ“ წარმოადგინა. ახლა ჩვენ იმასაც უნდა მოვესწროთ, რომ სამოქალაქო კონტროლი დაწესდეს ამ პროგრამის შესრულებაზე, რასაც თავის თავზე „სახალხო კრება“ აიღებს.

– როდიდან

– როგორც კი ივანიშვილი პრემიერი გახდება. ვაცხადებ მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის,. რაც გააკეთა. ვნახოთ თუ წავა იმ გზით, რომ ჩასაფრებულ ნაციონალებს თავისი ადგილი მიუჩინოს და ისინი საბრალდებო სკამებზე დასვას.

– ისე, აკი ივანიშვილს ნინო ბურჯანაძე მოჰყავს თავისთან პოსტზეო? მაშინ რას აპირეს „სახალხო კრება“?

– ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი დღეს ბურჯანაძეს რამეს შესთავაზებს და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ბურჯანაძე რაიმე შეთავაზებაზე დათანხმდება. ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, მას ჰყავს თავისი ძალები და ვარწმუნებ, რომ 6 თვის შემდეგ ბევრი ვინმეს შეცვლა დასჭირდება. ჩემი სურვილია, დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც საკუთარ ადგილს როგორმე მოვძებნი. ხოლო როგორც კი ივანიშვილის ხელისუფლება მართვის სადავეებს ხელში აიღებს, ჩვენ მაშინვე მოვთხოვთ მისი პროგრამის შესრულებას და ეს თვითონ ივანიშვილისთვის იქნება უკეთესი. „სახალხო კრება“ სამოქალაქო კონტროლის ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი იქნება, ივანიშვილმა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოიშოროს და თუ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს მაშინ ჩვენ ამას მისგან მოვითხოვთ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *