თემურ შაშიაშვილი: “ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთი”

 

SUC50324ბატონი თემურ შაშიაშვილი ღირსეული ქალაქ-ქუთაისის ღირსეული რჩეულია. მისი ყოველი გამოსვლა პარლამენტის სხდომებზე დახვეწილი და აწონ-დაწონილია. ის არასოდეს ამბობს სიტყვებს მხოლოდ იმიტომ, რომ მასების გული მოიგოს. მის საუბარში არის ჭეშმარიტება, მაგრამ არის საკამათოც, რომელსაც სპეციალისტებმა უნდა მიაყურადონ.

_ ბატონო თემურ, ეკონომიკის სფეროში ყველაზე ნაკლებად ჩახედულ ადამიანისთვისაც ნათელია, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია…

_ და უმძიმესი, განუკითხაობამ ეკონომიკის სფეროში განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო და ვფიქრობ ეს ბევრს აწყობს. განუკითხაობაა, რომ დღეს არავინ იცის ვინ ფლობს სახელმწიფო კაპიტალს, სახელმწიფო კი პატონის როლში ვერ გამოდის. ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოში ვითხოვდი, რომ სახელმწიფო რასაც ვერ უვლის, გადაწყვეტილება მაინც მიიღოს შეიქმნას სააქციო საზოგადოებები იმ ხალხმა, ვინც იქ მუშაობს, ან ვინც აქციას შეიძენს, ეცოდინებათ და დაიცავს კიდეც. დღეს საწარმოებში აგარაფერი აგარ დარჩა ტელეფონით დაწყებული, ნათურით დამთავრებული, რატომ, იმიტომ, რომ საოცარი განუკითხაობაა, ის რაც 2-3 წელს ჩვენს ეკონომიკაში ხდება, დანაშაულის ტოლფასია.

_ ბატონო თემურ, ეს ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ადამიანებს არ ესმით, რა არის საბაზრო ეკონომიკა, პოპულარული ენით როგორ შეიძლება ამის ახსნა?

_ მარტივად ასე აიხსნება: სადაც გინდა იყიდე და რაც გინდა გაყიდე, როგორც გინდა ისე ჩამოიტანე, ვინც გინდა ის დაიქირავე, რაც გინდა ის გამოუშვი და რა ფასშიც გინდა, ისე გაყიდე! ამას ყველაფერს სახელმწიფო აკეთებდა ცენტრალიზებული წესით, ეს მოიშალა. ნედლეული უნდა ეძებო, ტრანსპორტის პრობლემა გადაწყვიტო, პროდუქციას რომ უშვებ, უნდა დაიწყო ფიქრი, სად გაასაღო, მაგრამ კადრების პრობლემა ჩვენი უბედურებაა. ყველა სამინისტროს, ორგანიზაციას, დიდ ქარხანას, ფაბრიკას, თუმცა ის ძალიან ძნელია სპეციალისტები უნდა გაეგზავნათ საზღვარგარეთ, და რეალურად შეესწავლათ საბაზრო ეკონომიკის ყველა ის სტადია, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ უნდა გაიაროს. ჩვენში დღეს მოწონებას იმსახურებს პოპულისტური განწყობა, ხალხი ბრბოს როლში გამოგვყავს, ეს შეურაცმხოფელია. ჩვენ გვიძნელდება მასებამდე მივიტანოთ, თუ რა სიძნელეები მოყვება საბაზრო ეკონომიკას, პარლამენტი არ ცდილობს ხალხის ცნობიერება აიყვანოს გარკვეულ საკითხში და თავად დადის მასიური აზროვნების დონემდე, ეს უბედურებაა. ფასები დიდია და ის უნდა განახევრდეს, იტყვის ტელეეკრანიდან რომელიმე პოლულისტი და ის ლამის გმირად გამოცხადდეს. მე კი მიმაჩნია, რომ მასზე დიდი მტერი დღეს საქართველოს არ ჰყავს… ფილოსოფოსის ნათქვამის პერიფრაზით რომ ვთქვათ, სასიამოვნო საწამლავით გაივსო დღეს პარლამენტის ტრიბუნა _ ხალხს რაც მოსწონს, მასზე ვლაპარაკობთ.

_ მაგრამ საქმე?

_ ჰო, აი საქმეს ნაკლებად ვაკეთებთ, ის ვინც ფიქრობს, რომ გაიაფება მოხდება, ძალზე ცდება. მე ვარ იმ პრინციპის მომხრე, რომ ჩვენი ფასები უნდა იყოს საერთაშორისო ფასებთან შესაბამისობაში, ასევე ხელფასებიც. ამასწინათ საბერძნეთში გახლდით, აქ 1კგ ღორის ხორცი 303,5 დოლარი ღირს, მაგრამ მუშას შეუძლია, რომ ერთი თვის ხელფასით საშუალოდ 60-70 კგ ხორცი იყიდოს. ასეთი შესაბამისობა უნდა მოხდეს ჩვენთანაც. საქართველო პრაქტიკულად იძარცვება. თუ 3 წლის წინ 1 დოლარს საქართველოდან გაჰქონდა 1 მანეთის პროდუქცია, ამ საქმეში სახელმწიფო წამყვან ფუნქციას ასრულებდა, დღეს დოლარს გააქვს 450 მანეთის პროდუქცია. შესაბამისად, მანეთს საქართველოდან შემოაქვს 450-ჯერ ნაკლები პროდუქცია. ჩვენ კარგა ხანია, არაფერს ვქმნით, ამდენად ჩვენგან გადის ეროვნული სიმდიდრე, ძნირფასი ნედლეული, ოქრო, ხელოვნების უნიკალური ნაწარმოებები. საბერძნეთში ეროვნული ბანკში შეხვედრისას პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ჩვენი ბანკის ქვემოთ ზის ბერძენი, რომელიც აფხაზეთიდან ჩამოვიდა და ფეხსაცმელის წმენდავად მუშაობს, თან უნიკალური ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ნიმუშებს ყიდისო. მე შევხვდი მას, იცის სომხური, რუსული, აფხაზური, ვკითხე, – რა წამოიღე ასეთი, რომ ამდენ ხანს ყიდი-მეთქი, მითხრა, მე ყოველ კვირა ვიღებ შევსებასო, ეს იცით, რამხელა დარტყმაა ჩვენთვის? ჩვენი სიმდიდრე გადის გაცილებით იაფად, გარეთ კი ძვირია. თუ ფასების ზრდა, ხელფასების ზრდა და პროდუქციის შექმნა პარალელურად არ წავიდა, ქარხანა არ ამოქმედდა, სოფელმა არ ისოფლა, თუ ჩვენს პეროდუქციაზე არ ავიღეთ ორიენტაცია, გაგვიჭირდება.

დაიკარგა დიდი დრო, როცა თებერვალ-მარტში ბატონ თენგიზ სიგუას მივმართეთ საკადრო ცვლილებების თაობაზე, 12 პარტია შეიკრიბა და ბატონ რომან გოცირიძეს მისცეს რეკომენდაცია. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ერთი კაცის შეცვლა ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლიდა, 50 კაციდან ვინც იქ იჯდა მე გახლდით წინააღმდეგი და ბატონი აკაკი ბაქრაძე, ბატონმა კოტე გაბაშვილმა თავი შეიკავა და მოითხოვა კონცეფციის გამოქვეყნება. მაგრამ ჩვენ სხვა რამეს ვითხოვდით, შეცვლილიყო მთლიანად კადრები და დაგვეწყო სერიოზული რეფორმა. ეს არ მოხერხდა და ბატონმა რომან გოცირიძემ აღმოჩნდა გარკვეული კონსერვატიული ძალების გავლენის ქვეშ, რომელზეც დღეს თვითონაც ხმამაღლა ამბობს. 2-3 წლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ღარიბი კიდევ უფრო გააღარიბა, საშუალო ფენა შიმშილის პირზე მიიყვანა თუ ვინმეს ფული ჰქონდა, დაყაჩაღებულია. ფული მოხვდა უზნეო ადამიანების ხელში. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა ჭკვიანი ხალხის ხელშია.

_ დღეს როგორ ფიქრობთ, საქართველოში ზნეობრივი ბიზნესია?

პარადოქსია, მაგრამ რაც მეტი მაღაზია გაიხსნა, მეტი სიძვირეა, თუ პროდუქცია თვითონ არ შექმენი, ფასები საზღვარგარეთის ფასებთან შესაბამისობაში არ არის, არაფერი გამოვა. რაც მეტი მაღაზია გაიხსნება, მით მეტი სიძვირე იქნება. 100 მაღაზია 100 ოჯახს არჩენს, 200 კი 200 ოჯახს, ბიზნესს მაშინ აქვს ფასი, როცა თვითონ ქმნი პროდუქციას, ჩვენთან ვინც ქმნის, ის არ ყიდის. და ვიღაც მე-16. და ყველაფერი 16-ვე ეტაპზე ძვირდება. თავის დროზე მაღაზიებისთვისაც ის ფუნქცია რომ მიეცათ, რაც კოოპერატივებს, სხვა საფეხურზე ვიქნებოდით ახლა.

_ ამდენად ვერ აეწყო ეკონომიკური მექანიზმი არა?

_ ეკონომიკური მექანიმები ჩვენს ქვეყანაში ვერ მოიმართა, თუ ეს პროცესი არ დაჩქარდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება. მე არ მეგონა, რომ ასე რადიკალურად შეცვლიდნენ კადრებს და დიდ ძვრებსაც ველოდები, მაგრამ აქვე უნდა გამოვთქვაჩემი შიში _ მინისტრებისადმი დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დამღუპველია! ეს ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის კიდევ ერთი მიმართულებაა! რეგიონებში დღეს ხელმძღვანელები არ გვყავს. ეს არის მრავალხელისუფლებიანობა, რომელიც უხელისუფლებაში გადადის

_თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში გქონდათ საინტერესო მოსაზრება ეკონომიკური ზონების შესახებ.

_ რეგიონალური უფლების გაფართოებას უნდა მოყვეს ეკონომიკური ზონების შექმნა.. მე მაქვს ქუთაისში ეკონომიკური ზონის შექმნის პროგრამა, რომლის საფუძველია ვაჭრობის გამოცოცხლება, კვების, მსუბუქი, საყოფაცხოვრებო მრეწველობის აღორძინება. წარმოების ზოგიერთ სულმოკლე ხელმძღვანელს სურს წარმოების გაპარტახება, რომ მისი ყიდვა არავის შეეძლოს, არც სახელმწიფოს უნდოდეს ასეთი წარმოება და ხალხი დარჩეს ფულის გარეშე. თუ შეიქმნება სააქციო საზოგადოებები, სადაც პრივილეგირებული აქციები ექნებათ კოლექტივების წევრებს, მათ ექნებათ გადამჭრელი სიტყვაც, 50% აქციებისა გაიყიდება ბაზარზე და ვისაც ფული აქვს, ის იყიდის. ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული საწარმო ყიდის აქციებს, მას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს, რომ 10-15% გაყიდოს ბაზარზე, 10-15% მიჰყიდოს უცხოელებს. თუ წარმოებას მივედით საშუალება, რომ იქცეს სააქციო საზოგადოებად, მაგრამ არ მივეცით მექანიზმი, საიდან შემოივიდეს მასთან უცხოური ვალუტა, ეს უკვე შეფერხებაა. აქციები უნდა იყიდებოდეს უცხოელზე გარკვეული პრინციპით, ფულიან ხალხს, ვისაც უნდა რომელიმე საწარმოში შესვლა, უნდა შეეძლოს მისთვის საინტერესო საწარმოს აქციების ყიდვა ბაზარზე. რასაც მოყვება კონკურენცია. საფინანსო, საკრედიტო, საბაზრო სისტემა ხელს უნდა უწყობდეს მივეხმაროთ ხალხს პირველ ეტაპზე დადგეს ფეხზე, და არ შეიძლება გავანადგუროთ საგადასახადო სისტემით, სისტემა უნდა იყოს მობილური, ხელს უნდა უწყობდეს კერძო ინიციატივის განვითარებას, მაგრამ, როცა მეწარმე ფეხზე დადგება, სახელმწიფომ მაშინ უნდა ამოიღოს გადასახადი. ეს პრინციპული საკითხია.

_ მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, ალბათ ადამიანთა სოციალური დაცვა.

_ მტკივნეული საკითხი წამოჭერით. დღეს იმ დირექტორს აფასებენ, რომელიც წარმოებიდან ხალხს არ უშვებს და გარკვეულ ხელფასს აძლევს. ჩემი აზრით ეს დანაშაულია. კონკურენციის გარეშე ეკონომიკა არ არსებობს. მე დღეს მხარს ვუჭერ იმ დირექტორს, რომელიც რა მოცულობის პროდუქციასაც უშვებს, იმ რაოდენობის ხალხს ტოვებს საწარმოში, მაგრამ აძლევს დიდ ხელფასს. არის საწარმოები სადაც 10000 კაცი მუშაობს, მინიმალურ ხელფასზე. და 10000-ვე უკმაყოფილოა ხელფასით. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ხალხი ქუჩაში გავყაროთ ყველა წარმოებას, ქალაქს რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი პროდუქციის ათვისების პროგრამა და სახელმწიფო საგადასახადო სისტემით უნდა ახალისებდეს ახალი პროდუქციის გამოშვებას. ამით გარკვეულ პროცენტს მივცემთ მაღალ ხელფასს და გარკვეულ პროცენტს _ დავასაქმებთ ახალი პროდუქციის შექმნაზე. პარალელურად უნდა იყოს შრომის ბირჟები, არა ისეთი, როგორიც დღეს არის, როცა უმუშევარს ეძლევა ორი თვის განმავლობაში მინიმალური 1750 მანეთი. სახელმწიფო მანამ უნდა აძლევდეს მინიმუმს დამოუკიდებელი ბირჟების ხარჯზე, (ამას სასიცოცხლო კალათა ჰქვია) იმ რაოდენობით, რომ კაცი მშიერი არ დარჩეს. ბირჟაზეც ყავდეს, ამზადებდეს, ვიდრე ვიდრე სამუშაოს არ შესთავაზებს, მანამდე უხდიდეს თანხას. ამდენად, სახელმწიფოც დაინტერესებული იქნება რაც შეიძლება მალე დაასაქმოს სამუშაო ბირჟაზე აღრიცხული კაცი.

_ ბატონო თემურ, როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის სოფელი?

_ სოფელს უნდა მივხედოთ, 6 თვის წინ სახელმწიფო საბჭოს შევთავაზე პროგრამა. მათ შორის იყო ეროვნებათაშორისი საკადრო საკითხებიც. ყველაფერმა თავი მოიყარა ბატონ ვახტანგ გოგუაძესთან, მაგრამ ყველაფერი უძრავადაა. მე არ ვამტკიცებ, რომ აქ არაფერია სადავო, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა განიხილოს!

სააქციო საზოგადოებებზე გადასვლა ვაჭრობის გამოცოცხლება, სოფლის აღორძინების პირობებად მიმაჩნია. ვიდრე პროდუქტის სიუხვე არ იქნება, არავითარ სტაბილურობაზე ფიქრი არ შეიძლება. სოფელში უნიკალური სიმდიდრე გვაქვს, გარედან შემოტანის იმედზე ყოფნა შეუძლებელია., ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ხალხი გააქურდა. მე მჯერა 60-70 პროცენტი, ვინც ქურდობს, ქურდობა არ უნდა, მაგრამ ვიდრე კაბინეტში ქურდობენ, ვიდრე კაბინეტში ფულები შედის, ქურდობა წახალისებული იქნება, ვინც ადრე ბევრი იქურდა, ახლა მისი გაქურდვის პროცესი დაიწყო. მიმდინარეობს კაპიტალის გადანაწილება. თუ ამ პრინციპზე უარი არ ვთქვით, საქართველო დაიღუპება. კაპიტალი რამდენიმე მაგნატის ხელში მოიყრის თავს და ისინი ერთმანეთს დაერევიან. სწორი ეკონომიკური პროცესი ბევრს ჩაითრევს, ჩაიყოლიებს, დააინტერესებს. ეს ფაქტიურად გადარჩენაა. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი დამთავრდება და მერე მივხედოთ ეკონომიკას ეკონომიკის გარეშე არ არსებობს სტაბილიზაცია. თუ გვინდა ომის მოგება, სტაბილიზაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკისკენ უნდა გავიხედოთ. მცდარია იმის მოსაზრება, თითქოს საბაზრო ეკონომიკა მთავრობამ უნდა მოიტანოს. მთავრობის მოქმედება უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკის შედეგი.

პარლამენტში კორიფეები არ არიან. კარგი პოლიტიკოსი ის არის, ვინც იცის მოაზროვნე კაცის ფასი. ეთათბირება მას და ნააზრევი გადააქვს კანონში. ჩვენ ბევრი რამ გვაკლია ეკონომისტების გამთლიანების საქმეში. პარლამენტის გარეთ არსებული სპეციალისტების აზრი უნდა დომინირებდეს პარლამენტში.

_ ხშირად ამბობენ, რომ საომარი მდგომარეობია გამო ზურგი შემოგვაქციეს უცხოელმა ინვესტორებმა.

_ ნუ ვაბრალებთ ამას ომს. ჩვენ არ გვაქვს დამცავი კანონები, უცხოური კაპიტალის დაცვის მექანიზმი, მეწარმეობის განვითარების აბსოლუტური მექანიზმი მოქმედებაში უნდა იყოს. დღეს ქურდიც უბედურ დღეშია, მაგრამ ისიც უნდა ფიქრობდეს როგორ გადავრჩეთ.

ჩვენ უნდა გავხდეთ სულიერები. შინაგანმა გაღარიბებამ, რომელიც ბოლო ათწლეულებს შეეხო, მიგვიყვანა იქამდე, რომ პრაქტიკულად დავკარგეთ ორიენტაცია. დღეს საქართველოში ნიჭის, გონების ძალაუფლება უნდა სუფევდეს. ჩვენ ცალი ფეხი სოციალისტურ ეკონომიკაში გვაქვს, ცალი საბაზროში, არც ერთზე ვდგავართ მყარად, არც მეორეზე. უწონო მდგომარეობაში ვიმყოფებით. დავდგეთ ორივე ფეხით საბაზრო ეკონომიკაში. ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ეს პროცესი. რისკი ეკონომიკაში კარგი რისკია.

_ ახალციხის საბაჟო რას მისცემს საქართველოს?

_ ყოველგვარი საბაჟო, თუ ეკონომიკური მექანიზმი არ მოქმედებს გარკვეული ძალის გამდიდრების საშუალება ხდება. კონტროლის კონტროლი უბედურებაა. კონტროლი ეკონომიკაში კანონებით უნდა მოდიოდეს.

ბატონ თემურს კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება. ეს წინაპრების სიბრძნეა და დავიწყება არ ეგების.

ელენე ჩაბრაძე

გაზეთი “ერი”

17-23 დეკემბერი, 1992 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *