(ვერსია) რატომ არ იწყება პროექტი `სახალხო სასამართლო” და რაში ითხოვს კიწმარიშვილი ოპოზიციისგან 300 000 დოლარს?!

IMG_9295 ექსკლუზივ

 

თქვენი ერთობა თავისუფლების რეალური იდეით _ ასე, შაშიაშვილის `თეთრი მოძრაობა~ იშიფრება, რომელსაც ერთობისთვის მოწოდებული ბევრი რეალური, ბევრიც არარეალური იდეა აქვს. ენთუზიაზმით აღსავსე პარტია, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იდგა ეროვნული ყრილობის სათავეებთან და შემდეგ, პროექტის `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას~ შემქმნელთა რიგებში ჩაეწერა, ამჯერად, `ღირსების ულტიმატუმის~ გაგრძელებასა და კიდევ ერთ საავტორო პროექტს, `მხილების მუზეუმს~ გვთავაზობს, რომლის პირველი `საექსპონატო~ კომპრომატი თემურ შაშიაშვილმა 29 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა და საზოგადოებას `ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პრივატიზაციის გასაიდუმლოებული საქმე~ გააცნო. `ვერსია~ `თეთრების~ ლიდერს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ესაუბრა და სტაჟიანი პოლიტიკოსის უჩვეულო გულახდილობისა თუ სპონტანური გადაწყვეტილების მომსწრე გახდა _ ეროვნული კრების იდეის დაკნინებით გულნატკენმა ექსგუბერნატორმა ყრილობის მნიშვნელობის დასამტკიცებლად საიდუმლო გეგმა გვიჩვენა. `ინტელექტუალური პროექტი _ ხსნა დემოკრატიაშია~ პირველი და, ალბათ, უკანასკნელი, პუნქტებად გაწერილი და სავარაუდო შედეგებად დაყოფილი მონახაზი აღმოჩნდა, რომლის მიხედვით, როგორც შაშიაშვილმა დაგვარწმუნა, კრებაში ჩართული ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სუბიექტი იმოქმედებს. რატომ არ იწყება პროექტი `სახალხო სასამართლო~, რატომ ითხოვს კიწმარიშვილი ოპოზიციისგან 300 000 დოლარს, კრებაში მონაწილე რომელი ძალები თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, ვინ დგას, სინამდვილეში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ნონა გაფრინდაშვილის უკან, რა ხუთ `ბომბს~ ამზადებს სააკაშვილი `სახალხო სასამართლოს~ დისკრედიტაციისთვის, ვინ აწერს ხელს ხელისუფლების შეცვლის საიდუმლო გეგმას და როგორ იმოქმედებენ ამავე გეგმის მიხედვით კრების მონაწილე ძალები ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში _ `ვერსია~ `თეთრი მოძრაობის~ ლიდერთან, თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ 4 მარტს `მხილების მუზეუმს~, ვიზუალურადაც, მუზეუმის სახე მიეცემა. რის `გამოფენას~ გეგმავთ ამ მუზეუმში და რას ისახავს მიზნად თქვენი პროექტი?

_ `მხილების მუზეუმში~ ხელისუფლების სიცრუის ვიზუალურად ჩვენება იგეგმება. მაგალითად, ვაჩვენებთ იმას, რომ სასტუმრო `საქართველო~ კოდუებისაა. გადავიღებთ სასტუმროს და მივუთითებთ მფლობელს. ვაჩვენებთ იმასაც, რომ ოფიცერთა სახლი, რუსთაველის გამზირზე ბეჟუაშვილებისაა, ვაჩვენებთ, ვისია სასტუმრო `ივერია~, სად ცხოვრობს სასამართლოს თავმჯდომარე, საიდან აქვთ ფეშენებელური ბინები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც 5-6 წლის წინ არაფერი გააჩნდათ, მათხოვრები იყვნენ და თბილისში `კალოშებით~ ჩამოვიდნენ, როგორ ცხოვრობს კეზერაშვილი და რა ფულის პატრონია. ამდენი ფული რომ ჩადეს პოლიციის რეფორმაში და წესრიგი, წესრიგიო, გაიძახიან, ზესტაფონში, დაჭრილი კაცი რეანიმაციიდან გაექცათ. ესენი მელაპარაკებიან წესრიგზე?

_ ეს ყველაფერი ახალია ქართული საზოგადოებისთვის?

_ ერთ-ერთი კონკრეტული საქმე იმის ჩვენება იქნება, რატომ იწევს და იწევს ბენზინი ფასი მაღლა. ჩვენ წარვადგენთ დოკუმენტაციას, რომ `სოკარმა~ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ერთ მილიარდ ლარად შემოიტანა და საქართველოს ბიუჯეტში 1 600 000 ლარი შეიტანა. `სოკარმა~ აირი იყიდა და ხალხს კი არა, სახელმწიფოს მიჰყიდა, რომელმაც შემდეგ, ჩვენ მოგვყიდა. ჩვენ არამარტო აირის, არამედ `სოკარის~ თანამშრომლების უზრუნველი ცხოვრების ფულიც გადავიხადეთ, ჩვენს სახელმწიფოსაც გადავუხადეთ და აზერბაიჯანიც გავამდიდრეთ.

_ როგორც ვიცი, თანამშრომლობას, განურჩევლად, ყველასთან აპირებთ. ვინმემ რომ თემურ შაშიაშვილზე მოგაწოდოთ კომპრომატები, `მამხილებელ ექსპონატთა~ შორის ისინიც მოხვდება?

_ პრობლემა არ არის, აბა რა, ეს მასალაც უნდა დაიკიდოს. მაგრამ აქ მხოლოდ დოკუმენტებზეა საუბარი და არა იმაზე, რა თქვა მეზობელმა მეზობელზე.

_ ალბათ, ბევრს უკითხავს, მართლაც ისადილეთ თუ არა როდიონოვთან. რას იზამთ, უცებ ვინმემ თქვენი ერთობლივი სადილის კადრები რომ მოიტანოს?

_ ამას როგორ ამბობენ, როცა ამის გამო თანამდებობიდანაც კი გადავდექი? ეს ისეთი ტყუილია, დიდი ინტერესით დაველოდები, რა კადრებს მოიტანენ. ვინ და რატომ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ეგ გასაგებია. მოსახლეობას კი იმას ვეტყვი, რომ ვიდრე ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვინც სააკაშვილი შექმნა და ხელისუფლებაში მოიყვანა, დიდ გულზე არიან, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ვერ გამიგია, ხალხმა სააკაშვილის შემქმნელებსა და მერე მისგან წამოსულებს ტაში რატომ უნდა უკრას. ვერც ის გამიგია, თავს რატომ იტყუებენ. როცა 7 ნოემბერს არ გადადექი, არადა, შეგეძლო, მთელი ქვეყანა შეგეცვალა და არც ტერიტორიები დაგეკარგა, კიდევ მე მამადლი რამეს და დღეს მთხოვ აპლოდისმენტებს?

_ აპლოდისმენტებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხალხი `სახალხო სასამართლოს~ დაწყებასა და დაპირებულ სკანდალურ ფირებს ჟვანიას მკვლელობის დეტალებზე კარგა ხანია ითხოვს.

_ ძალიან კარგია, რომ ამ პროექტის გარშემო პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია მოხერხდა.

თუმცა, შედგება თუ არა პროექტი და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი მხოლოდ ჩვენზე აღარაა დამოკიდებული, ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას ეხება, ვინც სასამართლოს საბჭოს წევრია. თეთრი რომ თეთრია, მისი გაღება რომ გახდეს საჭირო, ამ თანხას ყველა თანაბრად თუ არ გაინაწილებს, ცხადია, ეჭვი გაჩნდება, საიდან ფინანსდება პროექტი. თანაც, რაც ყველაზე სამწუხაროა, შესაძლოა, იგი არც შედგეს. სიმართლე გითხრათ, როცა ამ პროექტზე მარტო ვმუშაობდი, ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა. ვფიქრობდი, იგი იანვარში ან დეკემბერში დაიწყებოდა, მაგრამ მერე საბჭო შეიქმნა და გადაწყდა, რომ ამ საქმის გაკეთება ნაჩქარევად არ ღირდა.

კასეტებთან დაკავშირებით კი ვადასტურებ, რომ მოვისმინე ის, რასაც ვამბობ. ხალხს როდის მოვასმენინებ, ეს მხოლოდ `სახალხო სასამართლოს~ დაწყებაზეა დამოკიდებული. იმასაც ვადასტურებ, რომ ფირების ასლი საქართველოშია, დედანი კი იმასთან, ვისთანაც თავიდან იყო. მისი მფლობელები აქეთ მეკითხებიან, რატომ არ იწყება ეს სასამართლო, რომ ფირები მოვიტანოთო?

_ და რატომ არ იწყება ეს სასამართლო? უსახსრობის გამო?

_ ეს ძალიან მძიმე საქმე აღმოჩნდა. ეროსი კიწმარიშვილმა სრულიად ნათლად ჩამოაყალიბა პირობა, რომელზე პასუხიც `სახალხო სასამართლოს~ საბჭოში გაერთიანებულმა 24-მა პარტიამ სასწრაფოდ უნდა გავცეთ.

ეროსიმ თქვა, რომ უნდა მომზადდეს ხარისხიანი გადაცემები, რასაც გუნდი სჭირდება. გუნდის შექმნას კი _ თანხა, 300 000 დოლარი. ეს დამალული კი არა, პროექტისთვის დათვლილ-დაანგარიშებული თანხაა. თუ ეს 24 პარტია ამ 300 000 დოლარს იშოვნის, ის გუნდს მოხმარდება, რომელიც ამ გადაცემებს მოამზადებს.

_ ანუ, კიწმარიშვილი პროექტის გაშვებაში 300 000 დოლარს სთხოვს ოპოზიციას, რომელსაც ეს თანხა არა აქვს და სახალხო სასამართლო ამიტომ ფერხდება?

_ არა, არა. ეროსი პროფესიონალი კაცია, მას ეს ფული თავისთვის კი არ უნდა, ამბობს, უნდა შეიქმნას ერთი, კარგი გუნდიო. კიწმარიშვილი საეთერო დროს უფასოდ მოგვცემს, მაგრამ ძლიერ ტელევიზიას აკეთებს, ამიტომ `სასამართლოც~ მაღალი ხარისხის პროექტი უნდა იყოს. ალბათ, ვიღაც იმასაც იტყვის, ტელევიზიამ ეს მიზეზი სპეციალურად მოიგონა, რათა პროექტი ეთერში არ გავიდესო.

_ ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია მუდმივად უფულობაზე წუწუნებს და 300 000 დოლარის გადახდა რომც შეძლოს, ეჭვი მაინც გაჩნდება.

_ აქ საუბარი მხოლოდ ფულზე არ არის. მართალია, ახლა პრობლემა მხოლოდ ტექნიკურ-ფინანსური დეტალებია. თუმცა, ყველაზე საჩოთირო მაინც დროის საკითხია _ `სახალხო სასამართლო~ მაისის არჩევნებამდე თუ არ დასრულდა, მერე რაღა ეფექტი ექნება? მაგრამ როგორც კი ვიტყვით, პროექტი ამ თვეში იწყებაო, ხელისუფლება მაშინვე ისეთ სკანდალს შემოაგდებს, რომ `სასამართლოს~ გადაფარავს.

დარწმუნებული ვარ, ჯერ გიორგაძის ინტერვიუებს შემოყრიან, გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მათ ასეთი 5-მდე სკანდალი აქვთ მომზადებული. მეორე რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურის დაჭერა იქნება სახელისუფლებო წრეებიდან და სასამართლოს ყურადღებას აღარავინ მიაქცევს. ვვარაუდობდი, ეს პროექტი ეროვნულ ყრილობამდე დასრულდებოდა, რის შემდეგაც, დღის წესრიგში სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა.

_ ყრილობის მიზნები და გეგმები მასში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საზოგადოებრივ მოძრაობას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია. ცალკეა ფარცვანიას ჯგუფი, გამოგეყოთ ჭაბუა ამირეჯიბისა და ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენლობა, დაარსდა `უხუცესთა დარბაზი~. `თეთრები~ რას ელიან ამ კრებისგან?

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ფარცვანია არაფერს წყვეტს. იქ სერიოზული გუნდია შეკრებილი: მერაბ ჯიბლაძე, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვა, უამრავი პირი, რომელიც მომხრენია, ყველაფერი 2006 წლის გეგმის მიხედვით ჩატარდეს. ჯაველიძემ პრესკონფერენციაც კი გააკეთა და გაფრინდაშვილსა და ამირეჯიბს მიმართა, თუ ერთობა გვინდა, ასე არ უნდა მოიქცეთო.

_ სამაგიეროდ, ჭაბუა ამირეჯიბის სახლში ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, კრების რამდენიმე შეხვედრას დავესწარი და როცა გავიგე, რა მიზნებიც ჰქონიათ, მათგან წამოვედიო. გამოდის, ახლა გემიჯნებათ.

_ ეროვნული კრება გვთავაზობს, პოლიტიკოსებმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნდობის საბჭო ავირჩიოთ, სადაც ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანები იქნებიან, რომლებსაც ყველა ჩვენგანი ენდობა. სწორედ მათი მონაწილეობით ვისაუბრებთ ეროვნული თანხმობის პროფესიონალ ხელისუფლებაზე. რომ წავიკითხე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება, როგორ იწყებს ქალაქის მერის ქებას, შევშფოთდი _ ასეთი რამის გაკეთება როგორ შეძლო? არ მგონია, ის მოძრაობა ბატონმა ჭაბუამ დააარსა. ვიცი, მის უკან სხვები დგანან.

_ ვინ არიან ეს `სხვები~?

_ კონკრეტულად, ვერ გეტყვით, რა, როგორაა, მაგრამ პოლიტიკოსი იმისაა, ხელოვანს ემსახუროს და არა იმსახუროს იგი. ფაქტია, საქართველოს ძლიერი ინტელიგენცია ჰყავს, ამიტომ პოლიტიკოსები მათი საშუალებით ყოველთვის საკუთარი თავის გაძლიერებას ცდილობენ.

ჭაბუა ამირეჯიბმა 2006-შიც მოაწერა ხელი ეროვნული კრების ჩატარების იდეას. სამაგიეროდ, მაშინ იდეას არ შეუერთდნენ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, ნონა გაფრინდაშვილი, მაშინდელი საკრებულოს წევრი. დღეს კი იდეას ყველა მათგანი აწერს ხელს. გაფრინდაშვილს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რაზე საუბრობს და რა მიზნები იცის.
———————————————————–
ზუსტად ვიცი, ჩვენ რა გვინდა ამ კრებისგან. გეგმა გაწერილიც გვაქვს. თქვენ ახლა ამ ყველაფერს პირველად ისმენთ. გეგმაში კონკრეტულადაა ჩამოწერილი, რა როგორ წარმოგვიდგენია. კრებაზე ორი მიმართულება იკვეთება _ ერთნი არჩევნებში მონაწილეობენ, მეორენი კი _ ემიჯნებიან. თუ ვინმე კრებას ისე განიხილავს, როგორც ქვეყნის მოწყობისთვის მოწოდებულს, ჩათვალეთ, რომ ის ხელისუფლების მოთამაშეა.

_ ახალი კონსტიტუციის მიღებას რომ აპირებთ, ეგ როგორ უნდა გავიგოთ?

_ როგორ, ახალი კონსტიტუცია არ გვჭირდება? ჩანაფიქრი ასეთია _ `ხალხი ასამართლებს სააკაშვილს~ პროექტი მთავრდება ეროვნული კრებისთვის, ახალი კონსტიტუცია მზადდება, `ღირსების ულტიმატუმის შედეგები ჯამდება~, პროგრამა _ `საქართველო ჩემი ოჯახი~ კი უკვე 2030 წლამდე გაწერილი იქნება, ანუ საქართველოს მეცნიერ-სპეციალისტები ქვეყნის განვითარების პროგრამაზე იმუშავებენ.

_ ეს პუნქტებად გაწერილი გეგმა მხოლოდ `თეთრებისაა~ თუ მას კრების მონაწილე ყველა სუბიექტი იზიარებს?

ეს არის `თეთრების~ გეგმა, რომელიც მოთათბირებულია ირაკლი ალასანიასთან, გავლილია ლევან გაჩეჩილაძესთან, დავითაშვილთან, ნოღაიდელის პარტიასთან. ამ გეგმაზე სწორედ მაშინ ჩამოვყალიბდით, როცა პრაიმერის იდეის მომხრე ყველა პარტიას ვესაუბრეთ. ვესაუბრეთ შატბერაშვილსაც და ამ დღეებში ნათელაშვილს შევხვდებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ სისტემაზე უარს არ იტყვის. სწორედ ეს გეგმა გვქონდა იმ ცნობილ პრესკონფერენციაზეც და ის ყველამ მოიწონა, მეტიც, იქ სწორედ ამის გამო მიმიწვიეს. საკმაოდ პატივსაცემმა ადამიანებმა ჩემს გეგმაზე თქვეს, რომ ეს ნამდვილი ხედვა და ნამდვილი პროგრამაა. სავარაუდოდ, მის განხორციელებას არჩევნებამდე 15 დღით ადრე დავიწყებთ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როცა კრების ზუსტ თარიღს ვიტყვით, შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნების თარიღიც გადმოწიოს.

_ ეროვნული კრება შედგა. რა იქნება ამის შემდეგ?

_ კრება კიდევ ერთხელ წამოაყენებს ულტიმატუმს, რომელიც ინტელიგენციის შეხვედრაზე იქნა გაჟღერებული _ საუბარია 50%-იან ბარიერზე. ვთქვათ, პირველი ასეთი ყრილობა სპორტის სასახლეში ჩატარდება. ერთი კვირის შემდეგ, კრება სტადიონზე მეორედ გაიმართება და იქ უკვე გადაწყვეტილებაც გამოცხადდება _ ვმონაწილეობთ არჩევნებში თუ _ არა, გავდივართ ერთი საერთო კანდიდატით, თუ _ არა, როგორია ჩვენი პოზიცია _ ვთანხმდებით თუ წინააღმდეგობაში მოვდივართ. კრების მთავარი მოთხოვნაა, კონსტიტუცია არა პოლიტიკურმა უმრავლესობამ, არამედ ხალხმა მიიღოს. არ ვიცი, ამაზე ქალბატონი ნონა რას ფიქრობს, მაგრამ ის მახსოვს, პატარკაციშვილის შტაბში ყოფნისას, როცა ყველამ გაწირა, მარტო მე ვამბობდი, ყველა კაცზე მაგარი ქალი ყოფილა-თქო. კრებაზე იური ვაზაგაშვილი და კიდევ ორი შვილმკვდარი მამა დგას და მათ არ თვლის არაფრად, ვინ? ნონა გაფრინდაშვილი? კრების ჩატარება არავის პრეროგატივა არაა, არც ამირეჯიბის, არც გაფრინდაშვილისა და არც ინტელიგენციის.

კრება ყველა ქართველში დევს, ბატონი ჭაბუა კი, ხშირად, ბევრ რამეზე აწერს ხელს. ეს კაცი ჩემთვის ხელით სატარებელია, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. საქართველო არც რომელიმე პოლიტიკოსით მთავრდება და _ არც ჭაბუა ამირეჯიბით. ეს პროექტი კი ერთი დღისა და ერთი კაცის ნაფიქრალი არაა, საუბარია სერიოზულ პარტიებზე, რომლებიც ყველაფერს ჩვენთან ერთად განიხილავდნენ. `ხსნა დემოკრატიაშია~ _ სწორედ ესაა ჩვენი პროექტი და კრების გეგმა.

_ ფიქრობთ, ეს გეგმა ხსნის დემოკრატიული გზაა?

_ დიახ. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობასაც დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ და არჩევნების იგნორირებასაც. ოღონდ ეს გზები ერთმანეთს კი არ უნდა ებრძოდეს, უნდა ეთანხმებოდეს. თუ არნახულად დემოკრატიული გარემო იქნება და ხელისუფლება 50%-იან ბარიერზე დაგვთანხმდება, მაშინ ჩატარდეს არჩევნები. მაგრამ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ამას, რა თქმა უნდა, კომბალიც მოჰყვება ქვეყანაში და ეს ჩვენი ბრალი კი აღარ იქნება.

ჩვენ დათვლილი გვაქვს ყველა სავარაუდო შედეგი, რაც კრებას შეიძლება მოჰყვეს. ამ კონსტიტუციის მიღებიდან 6 თვეში, ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო, ერთი წლის ვადაში კი, საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნება და სისხლის სუნი დატრიალდება. ამიტომ, ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ხელისუფლებას ძალიან მარტივ გზას ვთავაზობთ _ კონსტიტუციას ნუ იღებ შენ, მიაღებინე საქართველოს მოსახლეობას.

_ და ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

_ კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, კონსტიტუცია რეფერენდუმზე გავიდეს. მოქალაქეს წინ ორი კონსტუტიცია დაედება, ერთი ხელისუფლებისა, მეორე ოპოზიციის და არჩევანის საშუალება ექნება. კრების სავარაუდო შედეგები ასეთია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რეფერენდუმი, იმპიჩმენტი, დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნები და დაუმორჩილებლობა. ამ ხუთიდან არჩევანს ხელისუფლება გააკეთებს. თუმცა, აქ ლაპარაკი მარტო ამ პროექტზე არაა, თუ ყველა ასე გადაწყვეტს, ამ გეგმას საერთოდ დავხევთ და ახალს გავაკეთებთ.

_ ისიც გათვლილი გექნებათ, ხუთი სავარაუდო შედეგიდან ხელისუფლება რომელს აირჩევს?

_ საქართველოსთვის ყველაზე კარგი და სწორი შედეგი, ვადამდელი არჩევნებია. ამას ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი, მთელი დასავლეთი და დემოკრატიული სამყარო მხარს დაუჭერს. სხვა შემთხვევაში კი, ვერავინ გაგვამტყუნებს, როცა ხელისუფლება დაუმორჩილებლობას მიიღებს.

ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *