(faqtnews)თემურ შაშიაშვილი: “დიქტაფონი გამორთეთ და იმას გეტყვით, რაც არასდროს დაწერილა…”

 

temuri1ქართული ოპოზიცია ამტკიცებს, ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარში, რომელიც უკრაინულმა მედიამ ერთი კვირის წინ გაავრცელა, შს მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე “კანონიერ ქურდებს” ახსენებენო. ამასთან, ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, ნაციონალური ხელისუფლება “კანონიერებს” ფასადურად ებრძვის, სინამდვილეში კი, ქურდებთან მეგობრობს.

ამ მოსაზრებას ახალი პოლიტიკური მოძრაობის – “თეთრები” – ლიდერიც იზიარებს. მეტიც, თემურ შაშიაშვილი “ფაქტნიუსთან” საუბრისას იხსენებს, რომ ზემოხსენებული კავშირი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ისე, ბატონი შაშიაშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილისა არ იყოს, უკრაინა ერთგვარი სამშობლოა – კიევს ხშირად სტუმრობს…

– ბატონო თემურ, უკრაინაში იანუკოვიჩთან დადიხართ თუ ტიმოშენკოსთან?

– იანუკოვიჩს არ ვიცნობ, ტიმოშენკოს გუნდის წევრებს კი შეხვედრივარ… ისე, უკრაინაში უფრო ანალიტიკოსებს ვიცნო. მაგალითად, ვიტალი პოლტნიკოვთან ძალიან საინტერესო კონტაქტი მაქვს და ვთვლი, რომ საინტერესო ანალიტიკოსია…

– მოკლედ, თემურ ბატონო, რაკიღა კიევურ პოლიტგარემოს კარგად იცნობთ, მითხარით, უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუცია” დამარცხდა?

– საერთოდ, ყოველგვარი რევოლუციის წინააღმდეგი ვარ, რადგან რევოლუციას სიკეთე არასდროს არსად მოუტანია!

– რევოლუციას, ცხადია, ევოლუცია სჯობს, მაგრამ იუშენკოს საარჩევნო შედეგი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების სათავეებში მოვიდნენ, მიდიან?

– ეს პოლიტიკოსები კი არ მოვიდნენ, გარკვეულმა ჯგუფებმა მოიტანეს! სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაფერს ორი ქვეყნის მოლაპარაკება წყვეტს, ახლა ამ პროცესში ჩინეთიც ერთვება და ამა თუ იმ ქვეყნაში მოვლენები ისე კი არ ვითარდება, როგორც ამ ქვეყნისთვისაა საჭირო, არამედ, ისე, როგორც რუსეთი და ამერიკა მოილაპარაკებენ…

– ბატონო თემურ, თითქმის მთელი ცხოვრება პოლიტიკაში ხართ და, საინტერესოა, ხელისუფლებაში თქვენი “მოტანა” რატომ არავინ გადაწყვიტა?

– ჩემი “მოტანა” კი არა, მოყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ პატიოსნად უარი ვთქვი.

– ეს როდის იყო და უარი რატომ თქვით?

– 1993 წელს გენერალმა გერასიმოვმა შემომთავაზა… სხვათა შორის, ეს სერიოზული ისტორიაა, რომელიც ძალიან კარგად იცის საქართველოს იმჟამინდელმა გენპროკურორმა თედო ნინიძემ… თედო ნინიძე ასლან აბაშიძემ ბათუმში თითქოს პროკურატურის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია, სინამდვილეში კი, გემზე აღმოჩნდა, სადაც რუსი გენერლები იყვნენ და მათ აჩვენეს რუკა, რომელზეც საქართველო ორად იყო გაყოფილი. ამასთან, რუსმა გენერლებმა თედო ნინიძეს უთხრეს, რომ ქუთაისში გამსახურდია იქნებოდა. ნინიძემ რუს გენერლებს ჰკითხა, ყველაფერს, რასაც მეუბნებით, ხომ იცით, შევარდნაძეს მოვუყვები და რატომ მეუბნებითო. გენერლებმა უპასუხეს: სწორედ იმიტომ გეუბნებით, რომ შევარდნაძეს უთხრაო… სხვათა შორის, თედოს ისიც უთხრეს, თუ ვინ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ადამიანი ახლაც პოლიტიკაშია…

– ვინ არის?
– ამას მერე გეტყვით…

– ახლა მითხარით… ბოლოს და ბოლოს, ჟვანიას მკვლელობის დეტალებს არ მალავათ და ეს რაღა დასამალია?

– ეს რა შუაშია?.. ეს ადამიანი დღეს ოპოზიციაშია, თუმცა ამ ხელისუფლების სატელიტია…

– ბატონო თემურ, თავს დებთ, რომ სიმართლისთვის იბრძვით. ჰოდა, პირდაპირ თქვით, ვინ არის ოპოზიციაშია ხელისუფლების სატელიტი?

– ამ ხელისუფლებამ ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია იყიდა და ეს იმანაც დაადასტურა, რომ ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო ცვლილებებს…

– არ მახსოვს, მხარი ვინ დაუჭირა და ეგებ, გამახსენოთ…

– ყველაფერი ძალიან კარგად გახსოვთ… მოკლედ, თედო ნინიძე წესიერი, პატიოსანი კაცია და ბათუმიდან თბილისში რომ ბრუნდებოდა, დამირეკა და მითხრა, რაღაცაზე უნდა გელაპარაკოთ და ორი საათი თუ მოიცილითო. ვიფიქრე, რომ პროკურატურის საკითხზე სურდა საუბარი… სხვათა შორის, რასაც ახლა გეტყვით, არასოდეს დაწერილა, თედო ნინიძეც დუმს და ისე, ისიც საკითხავია, რატომ არ აწყობდა ამ პოლიტიკურ გუნდს, რომ თედო ნინიძე პოლიტიკაში ყოფილიყო… მოკლედ, თედომ დეტალურად მომიყვა, რაც ორ დღის განმავლობაში გემზე ხდებოდა და მკითხა, რა ვქნაო. ვურჩიე, შევარდნაძესთან არ მიხვიდე და ყველაფერი პარლამენტის ტრიბუნიდან თქვი-მეთქი, მაგრამ თედო ასე არ მოიქცა, ჯერ შევარდნაძეს შეხვდა და მერე, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან ილაპარაკა, იმისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, რაც მე მიამბო… ამას რომ ვამბობ, შეიძლება, თედოს ეწყინის, მაგრამ რეალობაა…

თედოსთან შეხვედრის შემდეგ, ჩემს მისაღებში გენერალი გერასიმოვი მოვიდა და ჩემთან შეხვედრა ითხოვა. 9 აპრილის შემდეგ, გერასიმოვი ქუთაისის გარნიზორის უფროსად დანიშნეს და მაშინ გავიცანი, თუმცა დაძაბული ურთიერთობა გქვონდა და მას მერე არ მენახა… სხვათა შორის, სამოქალაქო ომის დროს მასთან ძალიან ბევრი პიროვნება, მათ შორის, ისინიც, ვინც ახლა პარლამენტში სხედან, დადიოდნენ და იარაღს იღებდნენ…

ვინ “პიროვნებები”? გვარები დაასახელეთ!..

– გვარების დასახელება პრობლემა არაა, მაგრამ ვერ დავამტკიცებ, რომ იარაღს ყიდულობდნენ და ატყდება ერთი ამბავი… კაცურად გეუბნებით და ნუ დაწერთ, თორემ ეს ხალხი პარლამენტში “ნაცნომძრაობის” სიითაა გასული…

მოკლედ, გერასიმოვის სტუმრობის შესახებ რომ მითხრეს, მივხვდი, საქმე რაშიც იყო და საუბარს სამხედრო საკითხებში ექსპერტი, ქათამაძე დავასწარი. გერასიმოვმა მითხრა, აქედან მივდივარ და გამოსამშვიდობებლად მოვედიო. მივახალე, ამდენი ხნის მანძილზე არ გაგხსენებივარ და ახლა საიდან გაგახსენდით. ალბათ, იმიტომ გაგახსენდით, რომ გუშინ ჩემთან თედო ნინიძე იყო, ყველაფერი მიამბო, ეს კატასტროფაა და მინდა, თქვენი გეგმების შესახებ რუსმა ხალხმა გაიგოს-მეთქი. მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ზუსტად იმ წერტილში დავარტყი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო… გერასიმოვმა შემომთავაზა, ცალკე ოთახში დაგელაპარაკებიო, მაგრამ არ დავთანხდი, დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი…

ამ ამბებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ქუთაისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს დახმარებოდა და მოსკოვში ქართველ სტუდენტებსა და ბიზნესმენებთან შესახვედრად წავედით. ამ დროს რუსეთში საქართველოს ელჩი ვალერიან ადვაძე გახლდათ… ამ დროს თენგიზ კიტოვანი ედუარდ შევარდნაძეზე უკვე განაწყენებული იყო და ისიც მოსკოვში იმყოფებოდა… საელჩოში მე და კიტოვანს კამათი მოგვივიდა. კიტოვანი გერასიმოვს იცნობდა და ალბათ, სწორედ კიტოვანმა უთხრა, რომ მოსკოვში ვიყავი… მოკლედ, გერასიმოვმა წერილი გამომიგზავნა, მაგრამ არ დავურეკე და ერთხელაც, ვითომ შემთხვევით, სასტუმროს შესასვლელში დამხვდა და მითხრა, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. იმხანად გერასიმოვი, თუ არ ვცდები, სამხედრო აკადემიის რექტორი თუ პრორექტორი იყო და ახლაც გავლენიანი ფიგურაა…

გერასიმოვმა მითხრა, საქართველოში ხუთ პიროვნებას ვაკვირდებით, ერთ-ერთი თქვენ ხართ და თუ ამ ურთიერთობაზე წამოხვალთო…

– რა ურთიერთობაზეო?

– ხუთ რამეს ითხოვდა…

– მაინც, რას?

– რამდენიც გინდათ, ილაპარაკეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ერთიანი პოლიტიკა ჩამოყალიბდებაო. ამასთან, თქვით, რომ თქვენი ჯარი გყავთ, მაგრამ ამ კუთხითაც ერთიანი პოლიტიკა იქნებაო… ასევე იქნებოდა ერთიანი მართვა საგარეო პოლიტიკის, საბაჟოსა და საზღვრის დაცვის კუთხითაც. ვუპასუხე, ამაზე მეტი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა-მეთქი…

– თქვენს გარდა, გერასიმოვისგან დასახელებულ ხუთეულში კიდევ ვინ შედიოდა?

– დიქტოფონი გამორთეთ და გეტყვით…

– არ გამოვრთავ, დაასახელეთ!

– ერთ-ერთი აბაშიძე იყო...

– აბაშიძეზე ქვეყანამ იცის, რომ “რუსეთის კაცია”…
– ამ ხუთეულში გიორგაძეც იყო… სხვათა შორის, 1998 წლის, 19 ოქტომბერს, ელიავას ამბების დროს, როცა ტელევიზიით ერთი ამბავი ატყდა, გიორგაძე ბათუმში ჩაფრინდაო, სწორედ მაშინ მიხეილ სააკაშვილი და ასლან აბაშიძე ბათუმში ერთად იყვნენ…

– უკაცრავად, საუბარი მიხეილ სააკაშვილზე რატომ გადაიტანეთ?

– იმიტომ, რომ სწორედ იმ დღეს ხდებოდა ბათუმიდან ტანკებით შემოსვლა… სხვათა შორის, ამ დღესთან დაკავშირებით სააკაშვილმა მერე მითხრა, რაღაც გაუგებრობაში მოვხვდიო… მოკლედ, ამერიკაც, რუსეთიც და სხვა ქვეყანაც იმაზე მუშაობს, რომ ის გადაიბიროს, ვისაც ავტორიტეტი აქვს…

– გასაგებია, რომ რუსებმა ვერ “დაგავერბოვკეს”, მაგრამ ოდესმე დასავლეთელებს უცდიათ თქვენი “გადაბირება”?

– როცა ამერიკაში, როგორც ქალაქის მერი, პირველად ჩავედი, პროგრამით გათვალისწინებული არ იყო ვაშინგტონის ტელევზიიის ნაციონალურ კლუბში, პენტაგონსა და ევრაზიის ფონდში შეხვედრა… იმხანად ჩვენ ბაგრატის ტაძრის საკითხი გვქონდა დასმული და ევრაზიის ფონდის ხელმძღვანელმა მითხრა, თუ ეროვნულ თემებზე არ ილაპარაკებთ, ფულზე პრობლემა არაა და კეთილგანწყობაც იქნებაო. სწორედ ამიტომაა, რომ უცხოურ ფონდებს დადებითად არ ვუყურებ…

– ბატონო თემურ, მსმენია, სპეცსამსახურები იმას, ვისი გადაბირებაც უნდათ, ნებისმიერ ფასად იბირებენო და თქვენ ასეთი რა ხართ, რომ ვერც რუსებმა და ვერც ამერიკელებმა ვერ “დაგავერბოვკეს”?

– ეგონათ, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ “დავერბოვკება” რომ დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ სუსტი ვიყავი და აღარ მოვეწონე… პასუხმა დაგაკმაყოფილათ?

– არა!.. რა ამის პასხია და, ხმა დადის, ვიდეო-კასეტები, რომელზეც თითქოს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაა აღბეჭდილი, საქართველოში უკვე ჩამოიტანეთ…

– დიახ, პირველი კასეტა უკვე აქაა…

– სად “აქ” ან თუ კასეტა რეალურად გაქვთ, სააშკარაოზე რატომ არ გამოგაქვთ?

– არ გვინდა, ამ კასეტასაც ისეთი ბედი ეწიოს, რაც ტალიავინის საკმაოდ მძიმე დასკვნას დაემართა, ანუ ეს დასკვნა საქართველომ ხუთ დღეში დაივიწყა. ამიტომ, გვინდა, ეს კასეტა სახალხო სასამართლოზე გავიდეს…

– სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, ხელისუფლების ზეწოლის გამო, მინდია უგრეხელიძემ სახალხო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი თქვაო…

– არ მგონია, ბატონი მინდია ასეთი მშიშარა იყოს, მას თუ მოკლავენ, თორემ სხვა შემთხვევაში, არ მგონია, უკან დაიხიოს…

– ბატონო თემურ, არჩევნები კარსაა მომდგარი და იმის ნაცვალდ, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაებათ, “მხილების მუზეუმს” უყრით საფუძველს. რატომ?

– იქნებ, ესეც არჩევნებში მონაწილეობაა? საერთოდ, ჩვენი მთავარი იდეა ეროვნული კრებაა, რომელიც ბევრ რამეს შეაჯამებს. ამიტო, ყველა, ვინც არჩევნებს მხარს ან უჭერს ან არა, ეროვნული კრებით ერთიანდება, ანუ თუ ეროვნული კრება ჩატარდება, შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნები არც დაგვჭირდეს…

– ბატონო თემურ, რასაც ახლა გეტყვით, ალბათ, ძალიან არ მოგეწონებათ, მაგრამ მაინც გკითხვათ: რა მსგავსება და რა განსხვავებაა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ შაშიაშვილს შორის?

– მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ხალხის უკან დგას, ხალხს იყენებს და გაწირვაც შეუძლია, რაც ახლა იუშენკოსაც გაუკეთა. მე კი ყოველთვის ტანკს ვხვდებოდი და ხალხის უკან არასოდეს ვმდგარვარ! ეს მენტალური, პრინციპული სხვაობაა, ანუ ჩვენ ერთმანეთს იმით ვგავართ, რომ ერთმანეთს არ ვგავართ!

[ვანო პავლიაშვილი; factnews.ge]
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *