“კრების მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ `ეროვნული ფორუმის ” წარმომადგენლები ჩვენს მიერ გახსნილ ყველა კომიტეტში შედიან”

ვინ აშენებს ჯარს სახალხო კრებაში და დაბრუნდა თუ არა დისტანცირებული `ფორუმი” ბურჯანაძესთან
12 სასიხარულო ცნობა სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხურვალე მხარდამჭერებს – “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები კრების მიერ გახსნილ ყველა კომიტეტში შედიან”. საგულისხმო ცნობა ისევ კრების მხარდამჭერთათვის

_ “კრებას პროფესიონალები სჭირდება”, სწორედ ამიტომაა ჯარის მშენებლობის საქმეში პროფესიონალი, “მხედრიონელი” უჩავა მის რიგებში. ცნობა ყველას, ვისაც გაზაფხულის მოსვლა მხოლოდ იმიტომ უხარია, რომ “მაისში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”

– “საქართველოს მომავალი ან სოციალური რევოლუციაა, ან პოლიტიკური”. `ვერსიას `თეთრების” ლიდერი და სახალხო კრების მთავარი საბჭოს წევრი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება და სხვა ცნობებსაც მრავლად აწვდის:

– მსოფლიოსა და საქართველოში სხვადასხვა პროცესები მიდის. საქართველოს მოსახლეობა დღეს შს მინისტრის მოადგილის ცოლის გადაცემებითა და იმით არ უნდა ერთობოდეს, როგორ დაერივნენ ერთმანეთს ოპოზიციაში. პარტიებშიც, მედიაშიც და ქვეყანაშიც უფრო აკადემიური სტილია საჭირო.

– აკადემიურობა არც კრებაში გაწყენდათ. კიევში ვიზიტისას ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილს რევოლუციით ჩამოვაგდებთო. დაუმორჩილებლობის გეგმა ახლა რევოლუციით შეცვალეთ?

– ბურჯანაძის განცხადებებზე პასუხს მე არ ვაგებ. კრების მთავარი მიმართულება ხალხის დარწმუნებაა, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა აღარ შეიძლება. გააჩნია, ვინ რას თვლის რევოლუციად. დღეს რევოლუციას ხელისუფლება აწყობს საქართველოში და არა ხალხი, ან ოპოზიცია. ისე, მიკვირს დამშეულ-დაუძლურებულმა ქართველებმა ან აქამდე როგორ ითმინეს. გადახედეთ მინისტრების, პრეზიდენტის სახლებს. სააკაშვილმა კი არა, ეს რომ ობამამ გააკეთოს ამერიკაში, რევოლუციას იმას მოუწყობენ. არ გამიკვირდება, ხალხი რომ აბუნტდეს. ის უფრო მიკვრის, აქამდე რატომ არ აბუნტდა. ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა და კიდევ მე ვაწყობ რევოლუციას?

– რევოლუციური ფონის არსებობა-არარსებობაზე არ გეკამათებით. მაინტერესებს, აპირებს თუ არა კრება რევოლუციურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში?

– ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა ყველა მიმდინარე პროცესზე უნდა აიღონ. ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენეთ და თუ იგი ჩვენს ელემენტარულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ხალხს იმ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ ქუჩაში გამოვიდეს, იმპიჩმენტი გამოაცხადოს და დაუმორჩილებლობა დაიწყოს.

– მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დიდი ფულია შემოსული, რაც ყველაზე მეტად თქვენ და `ქართულ პარტიას~ დაგეტყოთ. ლამის ყოველდღე ოფისებს რომ ხსნით და კომიტეტებს აფუძნებთ, ფინანსური სახსრები სად გამონახეთ?

– სააკაშვილმა, რომელიც, ვითომ “კაგებე”-ს ებრძვის, საქართველოს ყველა სიმდიდრე გენერალოვსა და იგორ სეჩინს, რუსეთის ვიცე-პრემიერს ჩაუგდო. ფულს შარანგიებისა და სიჭინავების მეშვეობით აკეთებს და ეს, სხვათა შორის, რუსული ფულია, რომელიც საქართველში სწორედ სააკაშვილს შემოაქვს. დაუმორჩილებლობის კომიტეტები რამდენიმეთვიანი პროექტია. ხალხიც გვეხმარება, ჩავდივართ რაიონებში და ყველას ვთხოვთ, რისი საშუალებაც აქვთ, ადგილზე დახმარება იმით გაგვიწიონ. დღეს საქართველოში ერთი მეწარმე არაა, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ ოპოზიციას ფული მისცა.

– კომიტეტებს ქართველი მეწარმეები გიფინანსებენ და ხმამაღლა ვერც თქვენ ამბობთ, ვერც ისინი?

– ბედნიერი ვიქნებოდი, ვინც კრებას ეხმარება, ამის გახმაურების წინააღმდეგი არ იყოს. საქართველოში მცხოვრებია, ევროპაში, ამერიკაში, უკრაინაში, თუ რუსეთში, მინდა, ხმამაღლა თქვას, რომ გვერდში გვიდგას.

– იქნებ, თქვენ გეთქვათ, მით უმეტეს, თუ საუბარი რუს და უკრაინელ მეწარმეებზეა. ბურჯანაძეს პინჩუკისგან დაპირება ისევ ხომ არ მიუღია?

– ბურჯანაძეზე ნუ მალაპარაკებთ, ეს კითხვები მას დაუსვით. პინჩუკთან დაკავშირებით, მახსოვს გვითხრა, ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაო და ისიც განაცხადა, ვისთანაც საშუალება იქნება, ფინანსურ საკითხზე ყველასთან ვიმუშავებო. ამიტომ ყველას მივმართავ, ნუ გეშინიათ, ჩუმად, ან ხმამაღლა დაეხმარეთ ყველა იმ პროექტს, რომელსაც ემხრობით! ბანკის ანგარიშიც ღიად გვაქვს მითითებული და ვისაც სურს, მათ შორის, სააკაშვილს, შეუძლია, თანხა გადმოგვირიცხოს. ისე, ძალიან ბევრმა პიროვნებამ გვნახა და გვითხრა, ფულს ნუ გადმოგვარიცხინებთ, ისე მოგცემთო.

– ამას ვინ გეუბნებათ და ხელზე ქეშად ფულს, ვინ იბარებს კრებაში?

– არ ვიცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიკითხო და მოვიკითხო.

– ჰოდა, მოიკითხეთ და მიპასუხეთ, ოღონდ არა ცხრაპარტიული საბჭოსავით ვიცოდი, რომ ფული იყო, მაგრამ არ ვიცოდი, საიდანო?

– მერე და, ეგ სწორი არ არის. ეს ასე სააკაშვილის მიერაა დამკვიდრებული. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით, ერთი თვე კრებაში არ ვიყავი, რადგან სერიოზულ დოკუმენტებზე ვმუშაობდი. მაინც მგონია, რომ თანხის გარეშე ბოლომდე ვერც ერთი პროექტი ვერ მივა. გეტყვით იმასაც, რომ მინიმუმ 5000 ლარს კრებაში `თეთრებიც~ შევიტანთ. სულ 15, 20 მეწარმეა საქართველოში, ვისაც ყველაფერი ხელში უჭირავს და ისინი, პირველ რიგში, ჩვენი დახმარებით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან სააკაშვილის ხელში ბიზნესს მომავალი არ აქვს. ამას პაატა კურტანიძის და მისთანების გასაგონად ვამბობ.

– მეწარმეების გამოღვიძებაზე რა გითხრათ, მაგრამ თქვენს დასახმარებლად ყოფილი `მხედრიონელები~ `გაცოცხლებულან~. კრების `შეფიცულებში~ გენერალი გია უჩავა, კონკურენტი პარტიის რიგებში კი ასევე `მხედრიონელი~ ვახტანგ ბეგიაშვილი გამოჩნდნენ. როგორ მოხვდა თქვენთან უჩავა?

– `მხედრიონი” არასდროს ყოფილა ისეთი ცოცხალი, როგორიც სააკაშვილის დროსაა. მის ირგვლივ დღეს მხედრიონის ნამდვილი ბუმია, კულტურის მინისტრით დაწყებული, სხვებით დასრულებული. ბეგიაშვილს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მწყდება გული. ის ჩემთან არაკაცურად მოიქცა, რაც ჭორაობასთანაა დაკავშირებული. სხვას არაფერს ვიტყვი, მეგონა, ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა და თურმე, სხვა მიზნები ჰქონია. თქვენ ის უნდა გაწუხებდეთ, რომ ეს მთავრობა დგას `მხედრიონზე”. თუმცა, `მხედრიონში” ძალიან ბევრი კარგი პიროვნებაც იყო.

– მე გკითხეთ, როგორ აღმოჩნდა კრებაში უჩავა?

– ერთი წუთით, რა. თქვენზეა კითხვა, ჩემზე  –  პასუხი. უჩავას `წინ საქართველოდან” ვიცნობ. ჩვენთან რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ მერე ხელისუფლებამ სადღაც წაიყვანა და ეს კაცი გარკვეული პერიოდი სახელისუფლებო მიმართულებით წავიდა. – როგორც ვიცი, ის ირაკლი ბათიაშვილის მეგობარია და თქვენთანაც მან მოიყვანა. ამის მერე ჯერ ხელისუფლებაში როგორ აღმოჩნდა, მერე – კრებაში? – ბათიაშვილი მას კარგად იცნობს და ამ კაცის სჯერა. მსმენია, რომ ეს კაცი სერიოზული პროფესიონალია.

– მე კი მსმენია, რომ მას ბრალს გამსახურდიას ღალატში სდებენ, როცა შინაგანი ჯარების სარდალი გახდა.

– მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალი ყველას სჭირდება. – პროფესიონალი მთავრობის დამხობის საქმეში?

– არა, არა, არა! უჩავა ჯარის მშენებლობის საქმეშია პროფესიონალი.

– კრება ჯარს აშენებს?

-არა, ვერ გამიგეთ. ჯარს კი არ აშენებს, ჩვენ კარგი ფიზიკოსიც გვჭირდება, მათემატიკოსიცა და სტრატეგიაც. უჩავას კარგად არ ვიცნობ, მას სულ რამდენჯერმე შევხვდი და გამიგია, რომ კარგი პროფესიონალია. უჩავა, თუნდაც ბეგიაშვილი, ის პიროვნებები არ არიან, ვისაც ხელი უნდა კრა და უთხრა, აღარსად უნდა გამოჩნდეო. აბა, ამ ხალხს ქვეყანაში ცხოვრებას ხომ არ ავუკრძალავთ, რადგან ერთხელ სადღაც, `მხედრიონში~ იყვნენ? “მხედრიონის” რეალური ძალა არსად მინახავს, მაგრამ მინახავს სუსტი ხელისუფლება, რომელიც `მხედრიონს”ეყრდნობა.

-და კრება ბურჯანაძის `შეფიცულებს“ ეყრდნობა?

– არა, გამორიცხულია. `შეფიცულების“ ფუნქცია მარტივია – ხალხმა თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. პირიქით, გია ბურჯანაძე იმასაც ამბობს, ნეტავ ფუნქციის გამოყენება არსად დამჭირდებოდეს და უსაქმურად ვიყოო.

– და ფუნქციების გააქტიურებას სად აპირებთ? –

თუ ვინმეს ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება, დავეხმარებით, მაგრამ ეს მაინცდამაინც იარაღის გამოყენებას კი არ გულისხმობს. ხელში იარაღი არასდროს მჭერია და დაუმორჩილებლობაც იარაღის გარეშე იქნება. ორი დღის წინ, ჩვენთან შეხვედრისას, ბურჯანაძემ განმარტა, რევოლუცია და დაუმორჩილებლობა ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც ეს „ვარდების რევოლუცია” იყოო. თუ კრებაში ვინმე იარაღს აიღებს, მას პირველი მე დავტოვებ, ასე დაწერეთ. კრების იარაღთან დაკავშირება სააკაშვილს აწყობს.

– როგორ ფიქრობთ, გაზაფხულის ბოლოს, როცა თქვენი ანონსით ქვეყანაში გარდამტეხი მოვლენები დაიწყება, სახეზე ძალთა რა გადანაწილება იქნება და დანარჩენი პარტიები, რა პოზიციას დაიკავებენ?

– კრება პოლიტიკურ ძალებზე კი არა, ხალხზეა ორიენტირებული. ხალხის ძალა თუ მოვა მოქმედებაში, მერე პარტიებმა ხელი არ უნდა შეუშალონ. საქართველოს მომავალი, ნებისმიერ შემთხვევაში, ან სოციალური რევოლუციაა, ან _ პოლიტიკური. თუ პოლიტიკოსები მოვლენებს გაერიდებიან და ყველაფერს ხალხი აიღებს თავის თავზე, ეს სოციალური რევოლუცია იქნება, რაც არასწორად მიმაჩნია. გაცილებით უკეთესი იქნება, ყველაფერი ხალხისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით მოხდეს. კრება პოლიტიკოსების გარეშე სოციალურ ბუნტს ნიშნავს, ხოლო პოლიტიკოსების მონაწილეობით _ პოლიტიკურ რევოლუციას. ვთვლი, რომ ქართველი საზოგადოებისთვის სწორედ ეს მიმართულებაა უკეთესი. რევოლუცია მაინც შედგება და თუ არ შედგება, ჩათვალეთ, საქართველო განადგურდება.

– ბრძანეთ, ბურჯანაძემ რევოლუციასთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე განმარტებები გააკეთაო. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ ამავე სხდომაზე `ფორუმის~ დისტანცირების მოხსნის საკითხიც დადგა დღის წესრიგში. ანუ, `ეროვნული ფორუმი~ სახალხო კრებაში ბრუნდება?

– “ფორუმთან“ ახლაც მაქვს მოლაპარაკებები და მიმაჩნია, რომ იგი ჩვენთვისა და საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ძალაა. შეიძლება, ჩემთვის ბევრი რამე უწყენინებიათ და ჩემგანაც სწყენიათ, მაგრამ ამ ხალხზე ისე წერა და ლაპარაკი, როგორც ამას პრესა აკეთებს, არ შეიძლება. კრების მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ `ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები ჩვენს მიერ გახსნილ ყველა კომიტეტში შედიან. ამას არც კახა შარტავა და არც დანარჩენი `ფორუმელები“ ხელს არ უშლიან და ვიცი, რომ ისინი კრებიდან არც გასულან, რადგან დისტანცირება გასვლას არ ნიშნავს.

ესაუბრა ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *