(ვერსია)თემურ შაშიაშვილი – დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ

529066_446402515428470_1671643173_n26 მაისს რუსთაველის გამზირზე დაშლილი აქციის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი თემურ შაშიაშვილიც იყო, რომელსაც თავში ხელკეტი ჩაარტყეს და წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

– ღამე, დარბევის დროს ადგილზე 5 000 კაცი იყო, ამდენი ხალხი 9 აპრილსაც არ ყოფილა. ხალხში საოცარი განწყობა იყო, ვამბობდით, 12 საათის სემდეგ რუსთაველზე ტანკების გარეშე სახალხო ზეიმი დავიწყოთ და ყველა მოვიწვიოთო.

– რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც მერიამ ოფიციალურად გაგაფრთხილათ, სანქცირებული მიტინგის დროის ვადის ამოწურვის შესახებ, რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

– სპეცნაზი უკვე შემოსული იყო, ამიტომ მერიის წარმომადგენლის გამოჩენა მხოლოდ ფორმალობა გახლდათ .

– ანუ, დრო არ გქონდათ ხალხის გასაფრთხილებლად, თორემ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

– რომელ დროზეა საუბარი, მერიის წარმომადგენელი პირველის 15 წუთზე მოვიდა, 20 წუთზე უკვე დარბევა დაიწყო. ნებისმიერ შემთხვევაში სხვანაირ გადაწყვეტილებას მაინც არ მივიღებდით. ვკითხულობ მამაო ჩვენოს და ცრემლსადენი გაზი წამოვიდა. აქამდე მსგავსში არ მოვხვედრილვარ, ეს რა საშინელება ყოფილა – ხელიდან მიკროფონი გამივარდა და სცენიდან ვვარდებოდი. ხალხს ხველა აუტყდა და საშინელ მდგომარეობაში ჩაცვივდა. ტერიტორია ჯერ წყლის ჭავლით გაწმინდეს და მერე გაზის ბალონებს ისროდნენ. გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. პრაქტიკულად ყველა ლიდერი დაშავდა. იმ მომენტში სცენასთან გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვიანი, ლუკა კურტანიძე და მურმან დუმბაძე იყვნენ

– სად იყვნენ დანარჩენები , ან ვინ დაშავდა?

– არ ვიცი, მე იქ სხვებიარ მინახავს, ყველა მხრიდან ალყაში ვიყავით და კინოთეატრ “რუსთაველში” შევედით. ისინიც შემოცვივდნენ. ამ დროს უკვე დარბაზში ვისხედით. როგორ გითხრათ ის სიტყვები, რასაც გვეძახდნენ – თქვე პუტინის მეგობრებო, სათითაოდ გამოდითო, ყვიროდნენ. კრების საბჭოდან იქ მარტო მე ვიჯექი. ამიტომ ავდექი და მივედი. ტელეფონები ყველას თვალწინ დაუჩეჩქვეს. მათმა უფროსმა მიცნო და დანარჩენებს უთხრა, არ შეეხოთო. მერე მეორე მოვიდა, როგორ არ შევეხოთო და თავში ხელკეტი ჩამარტყა. მერე ვიღაცას უთხრა, ეს ქვემოთ ჩაიყვანე და ჩააცილეო. ველურები ხალხს ხელკეტებს სულ ფეხებში ურტყამდნენ, ეს რა საშინელება სცოდნიათ. გარეთ გავედით და 100 კაცი მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი, ყველა ერთმანეთზე ელაგა. ამ დროს ჩემთან ერთად არც ერთი ლიდერი არ ყოფილა. ერთ-ერთს ჩემდამი განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდა – შენ შეჭამე საქართველოო, მიყვიროდა. მერე მეცა, თვალი უნდა ამოგიღოო, მერე ყურს მაჭამდა – არ ვიცი რატომ. ეს უნდა დავიჭიროთ, ეს უნდა ჩავალპოთო, ჩემზე ამბობდა. მერე დაურეკეს და ჩემზე უთხრეს, გაუშვითო, მესმოდა, ძირს დაწვენილ მამაკაცებს რასაც ეუბნებოდნენ – ახლა უნდა წაგიყვანოთ, გაგაუპატიუროთო, კალოევს თუ რაღაც გვარს ახსენებდნენ, აი, მაგასთანო. ყურებს არ ვუჯერებდი და ნახევარ საათს საერთოდ ვერ მოვედი აზრზე. ეს საშინელება იყო, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ სიცოცხლე დამთავრდა.

– დანარჩენების ბედი თუ იცით, ან დაშავებული, ან დაკარგული და დაპატიმრებული რამდენია?

– არაფერი ვიცით დაკარგულებზე. სახალხო კრების ოფისში 3-ის ნახევრისთვის მივედი. მარტო მე ვიყავი, ყველა ლიდერს დავურეკე და ვუთხარი, სასწრაფოდ ბრიფინგის ჩატარებაა საჭირო-მეთქი. დამთანხმდნენ. უცბად, იქაც პოლიცია შემოვარდა. 60 კაცი იყო, ყველაფერი უნდა შევამოწმოთო. მიიარ-მოიარეს და ისევ მოვარდნენ, ეს ბოთლები რატოა აქო. მანამდე მსგავსიც არაფერი გვქონდა ნანახი. ეჭვი არ მეპარება, ეს კოქტეილის ბოთლები თუ რაღაც, ოფისში არ იყო და იმათ შემოიტანეს. ამასობაში უფრო ცუდად გავხდი და 4 საათი, ვიდრე ოფისში ყველაფერს აღრიცხავდნენ, იატაკზე ვიწექი”,

– კრების საბჭოს წევრები განუწყვეტლივ იმეროებდნენ, სააკაშვილი საპატრიარქოს თხოვნას არ დაემორჩილაო. ამის სესახებ თქვენ საიდან იცოდით?

– მე საერთოდ პატრიარქის შეწუხებაც არ მინდოდა. იგი ამას ჩვენი თხოვნისგარეშეც გააკეთებდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ინფორმაცია მოვიდა, სააკაშვილს აღლუმი პოლიციის შენობასთან გადააქვსო. ერთი რამ მინდა გითხრათ, – იქიდან ხალხის გაშვება შეუძლებელი იყო. პატრიარქიც რომ მოსულიყო და ეთხოვა წადითო, ეს ხალხი მაინც არ დაიშლებოდა.

– გასაგებია, მაგრამ ლიდერს პასუხისმგებლობა არ გავალდებულებდატ, ხალხისთვის უეჭველი სისხლისღვრა თქვენ მაინც აგეცილებინათ და აქცია რომელიმე შემოთავაზებულ ადგილზე გადაგეტანათ?

– ხალხი მე კი არ გავაჩერე, რომ მეთქვა, წადითო, მაინც არავინ წავიდოდა. რაც მოხდა, უბრალოდ, ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. მაინც არ მჯერა, დღესაც სიზმარი მგონია.

– ეს იყო კრების მთავარი მიზანი, ამ შედეგზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი?

– კრების ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, აღლუმი სააკაშვილს არ მიეღო. დღესაც რომ მქონდეს საშუალება, ისევ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ეს არ მომხდარიყო. ხალხი რომ დაგვეშალა, იტყოდნენ, თქვე მშიშრებო და კურდღლებოო!

– სისხლისღვრაზე იმიტომ წახვედით, შეგეშინდათ ამის თქმის?

– ამის თქმის კი არ შეგვეშინდა, ვიცოდი, რომ თქმა არაფერს ნიშნავდა, ის ხალხი მაინც არ წავიდოდა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს შეხებოდნენ. სწორედ ეს იყო ჩვენი შეცდომა – ეს არ გავთვალეთ, პოლიტიკურად კი ფანტასტიკური შედეგი მივიღეთ!მსოფლიო პრესა ნახეთ, დარბევის სურათები – ეს უკვე ისტორიაა. ეს დღე, ისედაც სამარისკენ მიმავალ გზაზე, სააკაშვილისთვის მართლა პოლიტიკური სამარე იყო”,

– ამ ფანტასტიკურ შედეგში დაღუპულ ორ ადამიანსაც ხომ არ თვლით?! იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რა საჭირო იყო ბურჯანაძის ესკორტის ასეთი სისწრაფით გავარდნა, მით უმეტეს, თუკი ლიდერების გაშვების ბრძანება იყო გაცემული ან კრებას რა პოზიცია აქვს ხალხის დაღუპვასთან დაკავშირებით?

– მაშინ რა საჭირო იყო დასარბევად ამდენი ხალხის შემოყვანა და იმის გაკეთება, რაც იქ ხელისუფლებამ მოაწყო? ბურჯანაძე იქ რომ დაეჭირათ, საშინლად სცემდნენ. იქ იმათ ყველაფრის უფლება უფლება ჰქონდათ მიცემული. კრებაში ყველა ფიქრობს, რომ მსხვერპლი დიდი უბედურებაა, მაგრამ დღეს მსხვერპლი მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა. ვიღაცის სიკვდილი, მით უფრო პოლიციელის, სწორედ ხელისუფლებას აძლევდა ხელს.

– აღლუმი პრეზიდენტმა ჩაიბარა. ახლა რა იქნება საპასუხო ნაბიჯი?

.. დღეს ველოდებით, როგორი იქნება ხალხისა და პარტიების რეაქცია. ოქრუაშვილმა და მისმა პარტიამ ზურგში ლახვარი ჩაგვცა, ხელისუფლების თამაში ითამაშა და ეს შედეგიც მის სინდისზეა. ორ დღეს დავაკვირდებით და დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მოვყვანთ, თუ როგორ, ამას ნახავთ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *