კოალიცია „ერთსულოვნების“ მიმართვა საზოგადოებისადმი

 

ბატონებო და ქალბატონებო!

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის მთავარი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დემოკრატიული და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება. სწორედ ამიტომ კოალიცია „ერთსულოვნებამ“ 24 ივნისს, საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს და წარუდგინა კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“.

კოალიცია „ერთულოვნების“ მიერ შემუშავებული პროექტის დანერგვისა და განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება არჩევნები ჩატარდეს გაყალბების გარეშე.

ასეთ შემთხვევაში, როდესაც გაუყალბებელი არჩევნებით მიღებული შედეგები ყველასთვის ეჭვგარეშე იქნება, საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია კიდევ უფრო მეტი ტემპებით განხორციელდება და ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანობის, ერუდიციისა და პროფესიონალიზმის, ეროვნული თანხმობისა და ზნეობრივი ღირებულებების სათანადო დაფასება და დაცვა.

მაშასადამე, კოალიცია „ერთსულოვნება“ სთავაზობს საქართველოს პარლამენტს, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების მექანიზმს და საზოგადოების ყველა წევრს მიმართავს თანადგომისთვის.

ვისაც სურს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ერთსულოვნად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ყველამ ერთად მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

კოალიცია „ერთსულოვნება“ დღეიდან იწყებს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან და ყველა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, რომლებიც დაინტერესდებიან აღნიშნული პროექტის გაცნობით. განხორციელდება საზოგადოების ინფორმირება მასმედიის ყველა საშუალებით.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება ქართველ ერს და საქართველოს მოსახლეობას მოუტანს იმ კეთილდღეობას, რაც ყველა ჩვენთაგანის ოცნებაა. ამიტომ ყველამ შევიტანოთ საკუთარი წვლილი ამ პროექტის დანერგვის მოთხოვნაში.

წარმოგიდგენთ აღნიშნული პროექტის კონკრეტულ დეტალებს.

„არჩევნები გაყალბების გარეშე“

საქართველოს ყველა საარჩევნო უბანში ამ პროექტის შესრულება და განხორციელება დაეკისრება, უბნის საარჩევნო კომისიის წინასწარ განსაზღვრულ, ამ პროექტით დატრეინინგებულ ორ წევრს, რომელნიც არჩევნების დღეს უცვლელად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციას, რაც გამოიხატება შემდეგში:

– საარჩევნო უბანზე არჩევნების დაწყებისთანავე, კედელზე სათანადო ადგილას განთავსდება ბანერი/აბრა, სადაც აღნიშნული იქნება – საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერი; გარდა ამისა, მასზედ მარკერის საშუალებით ხელს მოაწერს კომისიის ყველა წევრი [სურვილისამებრ დამკვირვებლებიც] და კომისიის თავმჯდომარე დაამოწმებს მას უბნის სათანადო ბეჭდით.

– აღნიშნული ბანერის გასწვრივ შტატივზე დაფიქსირდება ფოტოაპარატი, რომლის გადაღების დიაპაზონში სრულად უნდა მოჩანდეს კედელზე განთავსებული უკვე ხელმოწერილი და დამოწმებული აბრა. აღნიშნული პოტოაპარატი შეერთებული იქნება უბნის კომპიუტერთან სადაც ჩატვირთულია გაორებული, [უკვე გადაღებული] სურათების ამოცნობისა და დაფიქსირების შესაბამისი პროგრამა.

– საარჩევნო უბნის ერთი წევრი, პირველი ფოტორეგისტრატორი, დგას აბრასთან, ხოლო მეორე ასრულებს ფოტოგადაღებას.

– საარჩევნო უბანზე შემოსული ამომრჩეველი, მარკირების გავლის შემდეგ, ბანერთან მდგომი პირველი ფოტორეგისტრატორის მიერ ყოვნდება ისე, რომ ფოტოაპარატის გადაღების დიაპაზონში ამომრჩეველთან ერთად თავისუფლად ხვდებოდეს კედელზე განთავსებული აბრა.

– პირველი ფოტორეგისტრატორის მოთხოვნის საფუძველზე ამომრჩეველი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რომელსაც პირველი რეგისტრატორი იმ მომენტშივე გადასცემს მეორე რეგისტრატორს, რათა მან იგი ამომრჩეველთან და მის უკან განთავსებულ აბრასთან ერთად მყისიერად მოაქციოს ფოტოაპარატის გადაღების დიაპაზონში, რის შემდეგაც, პირველი რეგისტრატორის მიერ უზრუნველყოფილი, ფოტოაპარატის ობიექტივში მომზირალი ამომრჩევლის, უბნის დამადასტურებელი აბრისა და პირადობის მოწმობის ერთ კადრში მოქცევით, ახდენს ფოტოგადაღებას.

– ფოტოკადრი, გარდა ფოტოაპარატში წინასწარ, ოლქისა და უბნის მიხედვით დანომრილ შესაბამის ჩიპზე, ასახვას პოვებს ასევე საარჩევნო უბნის კომპიუტერში, სადაც შეერთებულია ფოტოაპარატი და ექცევა შესაბამისი ფოტოსურათების გაორების ამომცნობი პროგრამის სივრცეში.

– საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში ამომრჩევლის ფოტორეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

– არჩევნების დასრულების შემდეგ, საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული ფოტო მასალა გადაიწერება დისკებზე და შესაბამისი ოქმის გაფორმებით, გადაეცემა ყველა დამკვირვებელს, ხოლო ფოტოაპარატში არსებული შესაბამისი ჩიპი, დაილუქება კონვერტში საარჩევნო უბნის ბეჭდით და დაუყოვნებლივ, ხმების დათვლის პროცედურების დაწყებამდე გაიგზავნება და ჩაბარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებულ მონაცემებს მოაქცევს ფოტოსურათების გაორების ამომცნობი ცენტრალური პროგრამის სივრცეში და შედეგებს წარუდგენს საზოგადოებას.

– მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდება როგორც მონაწილე ამომრჩეველი, მის მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ზომები.

– ამ პრევენციის შესახებ, მასმედიის საშუალებით, არაერთხელ იქნება გაცხადებული და წინასწარ ეცნობება ყველა ამომრჩეველს.

ამ პროექტის საზოგადოდ ვიდეო პრეზენტაციას, კოალიცია „ერთსულოვნება“ განახორციელებს ახლო მომავალში, პარლამენტიდან მიღებული რეაგირების გათვალისწინებით.

ღმერთმა ხელი მოგვიმართოს მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

♦ ვიდეო

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *