პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი დოკუმენტი
დაე, აღსრულდეს ხალხის ნება!
თანამემამულენო!
თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტები ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოცხადების თაობაზე
ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამოუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს. ვფიქრობთ, ხალხის მიერ პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილების თავის თავზე აღება, ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, როდესაც ამის მწვავე საჭიროების მიუხედავად (ხალხის დაჟინებითი მოთხოვნის მიუხედავად), ხელისუფლება უარზეა, თვითონ გადადგეს.
ამ დოკუმენტის დანიშნულებაა, პირველი – ნათელი გახადოს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხალხის, და მით უმეტეს, ცალკეული პოლიტიკური ძალების უპასუხისმგებლო ახირება კი არ არის, არამედ, ობიექტურად არსებული უკიდურესი აუცილებლობა და, ამასთანავე სავსებით გამართლებული, როგორც პოლიტიკურად, ასევე ზნეობრივად და სამართლებრივად. მეორე – ეს არის ხალხის მიერ ცივილიზებული ფორმით საქვეყნო გამოხატვა და დადასტურება თავისი შეუვალი ნებისა, რომელიც ყველას – გარეშესა თუ შინაურს – „აიძულებს“, სათანადო პატივი მიაგონ და ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხს, როგორც უძველესი კულტურის ერს.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიტინგებთან, მანიფესტაციებთან და სხვა საპროტესტო აქციებთან ერთად, ამგვარი დოკუმენტის არსებობა, რომელშიც ორგანულად არის თავმოყრილი და სათანადოდ გაფორმებული ხელისუფლების შეცვლის საფუძვლები, ხალხის ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება, უთუოდ აუცილებელია; იგი საზოგადოებრივ პროტესტს შემატებს შინაგან ძალას, სოლიდურობასა და ღირსებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ დიდი საერთაშორისო სიახლის ფონზე, რასაც „ხალხის სასამართლო“, ანუ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ – წარმოადგენს და რომ მას სათავეში უდგას ევროპაში აღიარებული სამართლის დოქტორი, ბატონი მინდია უგრეხელიძე… პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყება მით უფრო მნიშვნელოვანია დღეს, როცა ხელისუფლება ხალხს და ქვეყანას თავს ახვევს „ნაციონალურ“ კონსტიტუციას.
ჩვენი სურვილია, წარმოდგენილ დოკუმენტებს გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება. მასში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები და დამატებები საერთო შეხედულებებით. თუ გაზიარებული იქნება მოქმედების ასეთი გზა, ჩვენი სურვილია, გარკვეული პერიოდის შემდგომ დაიწყოს უნდობლობის პროცესი რეალურად, ანუ ხალხის მიერ თავისი სამართლიანი ზრახვების საქვეყნო გაცხადება.
სწორედ ამ მიზნით არის მოწვეული 22 სექტემბრის წარმომადგენლობითი კონფერენცია საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მონაწილეობით.
ჩვენ გულწრფელად და მომავლის დიდი იმედით მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა – შევიკრიბოთ და ერთად დავიწყოთ ის, რისი დაწყების აუცილებლობაზე ცალ-ცალკე ყველანი ვსაუბრობთ!
ჩვენ, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებით და კონფერენციის მოწვევით ამოწურულად ვთვლით ჩვენს მისიას დაღრმად გვწამს, რომ შემდგომი მოქმედების პროგრამას დაამტკიცებს 22 სექტემბრის წარმომადგენლობითი კონფერენცია.
დაე, აღსრულდეს ხალხის ნება!
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის -პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების დამფუძნებელი კონფერენციის მოწვევის საორგანიზაციო ჯგუფი.
საქართველოს ხალხს, როგორც თავისუფალ და თავმოყვარე ერს, აქვს უფლება,
საქართველოს პრეზიდენტის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით მისი თანამდებობიდან გადაყენების.
ვინაიდან პოლიტიკური პროცესის განვითარებამ სრულიად აშკარა გახადა ხელისუფლების შეცვლის საჭიროება საქართველოში, რათა ქართველმა ხალხმა თავი იგულოს ღირსეულ ერად მსოფლიო თანამეგობრობაში – საერთაშორისო საზოგადოებისადმი პატივისცემა მოითხოვს, ნათელი მოვფინოთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ვადამდელი და გადაუდებელი შეცვლა აუცილებლად მიაჩნია ქართველ ერს.
ჩვენთვის თავისთავად ცხადია:
• რომ საზოგადოება ყოველთვის პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ის იღებს წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევისას.
• რომ მცდარი არჩევანის შემთხვევაში იგი ხელისუფლებასთან ერთად ინაწილებს პასუხისმგებლობას ქვეყნის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და მომავლის წინაშე:
• რომ მოვალეა ხელისუფლების ხშირი შეცვლითა და საამისოდ გამოყენებული საშუალებებით საფრთხე არ შეუქმნას საკუთარი და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში;
მაგრამ
• როდესაც ქვეყნის ხელისუფლება არ და ვერ ემსახურება იმ უმთავრეს მიზანს, რომლის განსახორციელებლადაც მას ხალხმა ხელისუფლება უბოძა და მიანდო – ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთო კეთილდღეობისთვის ზრუნვას;
• როდესაც ხელისუფლების საქმიანობა დამღუპველი ხდება ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებისათვის;
• როდესაც ფეხქვეშ ითელება უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებანი – სამართალი და სამართლიანობა, ხოლო ახლო მომავალი ქვეყანას კიდევ უფრო უარესს უქადის;
• როდესაც საზოგადოების საფუძვლიან პროტესტსა და აღშფოთებას, მის მშვიდობიან პოლიტიკურ ბრძოლას, მრავალგზის თხოვნასა თუ გაფრთხილებას ხელისუფლება მოჩვენებითი ღონისძიებებით, გამაოგნებელი სიცრუით, წრეგადასული ცინიზმით, მუქარით, დაშინებით, ამორალური თუ უღირსი ქმედებით, ახალი, კიდევ უფრო შემზარავი უკანონობითა და ძალმომრეობით პასუხობს;
• როდესაც ამ და უამრავი სხვა სერიოზული მიზეზით საზოგადოებაში სუფევს ხელისუფლებისადმი სრული გაუცხოვება და უნდობლობა, არსებული კრიმინალური პოლიტიკური რეჟიმისადმი სრული შეუგუებლობა, და აღარ არსებობს არავითარი სხვა გამოსავალი, გარდა ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლისა,
საღი აზრი, კეთილგონიერება, სამოქალაქო ღირსების შეგნება და ფუნდამენტალური სამართლიანობის პრინციპები ჩაგვაგონებს, ხალხის ლეგიტიმურ უფლებად და მისსავე მოვალეობად მივიჩნიოთ ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების შეცვლა ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უმწვავესი სახელისუფლებო კრიზისიდან და საზოგადოებრივ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე,
საქართველოს ხალხი, როგორც თავისუფალი და თავმოყვარე ერი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ თავად არის, და დიახაც უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი და შემოქმედი,საქვეყნოდ აცხადებს დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
პროექტი
საქართველოს ხალხის დეკლარაცია
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ
• იმის გამო, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მშვიდობიან და კონსტიტუციურ გზას წარმოადგენს იმპიჩმენტი, რომლის უფლებამოსილებაც, კონსტიტუციის მიხედვით, ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს;
• იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი უუნაროა, ხელისუფლების სიწმინდის დასაცავად შემოღებული იმპიჩმენტის მექანიზმი აამოქმედოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, მიუხედავად პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი არა ერთი შესაბამისი საფუძვლის არსებობისა;
• იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის უუნარობა, განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქცია – კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელისუფლებისაგან ჩამოშორებისა, განპირობებულია პარლამენტში პრეზიდენტის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობის არსებობის ფაქტით, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის არჩევნების სავარაუდო გაყალბებით;
• იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ქართველი ხალხის რეალურ წარმომადგენლობას, და ამიტომ მისი მეშვეობით ხალხი ვერ ახორციელებს თავის ნება-სურვილს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის პროტესტმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნებაყოფლობით გადადგომის მოთხოვნით ვერ გამოიღო შედეგი,
საქართველოს ხალხი, უშუალო დემოკრატიის მეშვეობით, თავის თავზე იღებს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილებას მისთვის უნდობლობის გამოცხადებით დაღუპვისაგან ქვეყნის გადასარჩენად და ამ ძირითად დემოკრატიულ ღირებულებათა დასაცავად, რომლებსაც ყოველი ღირსეული ერი ესწრაფვის და აღწევს კიდეც.
პროექტი
პრეზიდენტ სააკაშვილისადმი საქართველოს ხალხის
უნდობლობის საფუძვლები:
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას, მიხეილ სააკაშვილმა, თავისი იმ კონსტიტუციური ფიცის გატეხით, რომ ემოქმედნა ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, კეთილსინდისიერად აღესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ყველაფერი ეღონა საქართველოს კონსტიტუციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, შერყვნა პრეზიდენტის სამსახურის ღირსება და ძირი გამოუთხარა მისდამი ხალხის ნდობას, რაც გამოიხატება შემდეგით:
1. მან მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტიზაცია და მონოპოლიზაცია, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, დაამყარა ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანის და არა სამართლის მმართველობა; უგულვებელყო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ხელისუფლების გადანაწილება, ხელისუფლების განშტოებათა კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რითაც საფუძველი გამოაცალა კონსტიტუციურ რესპუბლიკურ მმართველობას საქართველოში;
2. მან დაამცრო და დააკნინა სასამართლო ხელისუფლება, არარად აქცია სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებისა და გაძლიერების, და მასთან ერთად – სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების ტენდენცია შეუქცევადად მიგვაჩნდა. იმის მაგივრად, რომ ყოველივე ეღონა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო მან აღმასრულებელი ხელისუფლების პირისფარეშად დაიყენა; მოსამართლეთა დევნის, დაშინების, ტერორის, მოსყიდვის სხვა ხილული თუ უხილავი მეთოდებით, იგი გაბატონებული პოლიტიკური ელიტის მაამებელ გადაწყვეტილებათა მორჩილ აღმსრულებლად გადააქცია; ჩაკლა მათში დამოუკიდებლობის ყოველგვარი განცდა და მოთხოვნილება, რითაც ნიადაგი გამოაცალა საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას, სასამართლოსადმი ხალხის ნდობას, აღუკვეთა ადამიანებს მართლზომიერი მოლოდინი სამართლის და სამართლიანობის მიღწევისა, გასწირა ისინი უკანონობის, დაუცველობისა და უსამართლობისათვის;
3. მან შექმნა ხელისუფლების კორუფციული სისტემა, რომელშიც საზღვარი არა აქვს განუკითხაობასა და ჩინოვნიკების თვითნებობას, სადაც ყველაფერს განსაზღვრავს მმართველი პარტიის ეგოისტური მისწრაფებანი, ჟინი და ახირება, არა თუ საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები; სადაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებაზე ზეგავლენის მოსახდენად (სულ ერთია, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება – ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და სხვ.) სრულიად ამაოა ყოველგვარი ძალისხმევა საზოგადოებრივი აზრისა, სადაც იდევნება ქართული, ეროვნული ცნობიერება და სულიერება, სადაც არასოდეს ხდება ხელისუფლებისაგან განსხვავებული და მით უმეტეს, უმცირესობის აზრის გათვალისწინება, საზოგადოების განსხვავებული ფენების, ინტერესთა ჯგუფების, მათი მოსაზრებების, ინტერესებისა და სამართლიანი მოთხოვნების თანაზომიერი გათვალისწინება, რის გარეშეც შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ქვეყანაში მშვიდობის, ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრება.
4. მან, მის მიერ დანერგილი მართვის მანკიერი სისტემით და ფორმებით შებღალა ადამიანის ღირსების უფლება, ადამიანთა თანასწორობა, დაამკვიდრა ნეპოტიზმი და დისკრიმინაციული გარემო პოლიტიკური შეხედულებების, ასაკობრივი ცხოვრების თითქმის ყველა სხვა სფეროში; საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია სამშობლოსათვის, ჩამოაშორა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და უმოწყალოდ მოისროლა სანაგვეზე, „უსარგებლოებისა და „ჩარეცხილების“ მორალურად დამთრგუნველი სტატუსით; ამით წაართვა მას ღირსეული ცხოვრების უფლება, პროფესიული დასაქმების, წინსვლის, პიროვნების განვითარების შესაძლებლობათა რეალიზაციის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება და გასაქანი;
5. მან, თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ფეხქვეშ გათელა ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი არჩევნების უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა. მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები და მის მიერ მართვადი მედიასაშუალებები გამოიყენა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნის, შევიწროვებისა და ანგარიშსწორებისათვის, დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების დატერორებისათვის თავის არაგონივრულ და უკანონო ქმედებათა გასამართლებლად. მან შექმნა უკანონობისა და განუკითხაობის ატმოსფერო, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებითა თუ ხელისუფლების გადამეტებით, ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევები, მათ შორის – ადამიანთა მკვლელობა, მათი ფიზიკური, თუ სულიერი დასახიჩრება, უკანონო პატიმრობა, ტუსაღთა ცემა, წამება, თუ უტიფარი მოპყრობა, უდანაშაულობის პრეზუმციის უტიფარი დარღვევა, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების დაუზოგავი დარბევა, ადამიანთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის, ან მისი უსაფუძვლო გამოყენება, საქმეთა გამოუძიებლობა სახელისუფლებო კრიმინალის დასაფარავად, ტელეკომპანიების დარბევა, მედიის საშუალებებზე პოლიტიკური ცენზურა და კონტროლი, საკუთრების თვითნებური ჩამორთმევა, ადამიანთა დაშინება, შანტაჟი, მუქარა, პროვოკაცია და სხვა ათასგვარი დანაშაული, ხრიკი, მზაკვრობა, შენიღბული თუ შეუნიღბავი უკანონობა. ყოველივე ამით მიხეილ სააკაშვილმა არარად აქცია პიროვნების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, კანონი და სამართალი, აბუჩად აიგდო საკუთარი ქვეყანა და ხალხი;
6. მან შექმნა სახელმწიფო რეკეტის კორუფციული სისტემა, არაკონკურენტული გარემო, ნიადაგი გამოაცალა თავისუფალ მეწარმეობას, გაასხვისა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტრები. ყოველივე ამით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სიცოცხლისუნარიანობას, დიდი ხნით დააბრკოლა მისი აღმავლობა და განვითარება.
7. მან, ხელისუფლებას ხარბად დაწაფებულმა, არაერთგზის, უკანონოდ და არამიზნობრივად გამოიყენა სახელმწიფოებრივი სახსრები და მოახმარა იგი თავისი ძალაუფლების შემარჩუნებასა და განმტკიცებას, მმართველი ოლიგარქიის ინტერესებს, გარეგნული ეფექტებსა და არაჯანსაღ სახელისუფლებო ამბიციებს, ძვირადღირებულ საპრეზიდენტო რეზიდენციებს, პირად კეთილდღეობას, ხელისუფლებით ტკბობასა და განცხრომას და, თავისი მაგალითით საქვეყნოდ დაადასტურა, რომ „ხელისუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად“;
8. მან, თავისი უპასუხისმგებლო და უგუნური მოქმედებით შეგნებულად აჰყვა რა, რუსეთის გარკვეული წრეების პროვოკაციას – საქართველო ჩააბა დამღუპველ ომში, რასაც შედეგად მიჰყვა საქართველოს დიდძალი ტერიტორიის ოკუპაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, ათასობით ადამიანის სიკვდილი, უსახლკაროდ დარჩენა, უზარმაზარი მატერიალური და აუნაზღაურებელი ეკოლოგიური ზიანი.
ამით მან კიდევ უფრო გაართულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით აღდგენა; საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველო წარმოაჩინა არასერიოზულ და არასაიმედო პარტნიორად, დააბრკოლა საქართველოს ინტეგრაცია ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემებში.
ყოველივე ამით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შელახა თავისი სამსახურის სიწმინდე; შებღალა პრეზიდენტობა, უღალატა მისი, როგორც პრეზიდენტისადმი ნდობას, იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის, სამართლის უზენაესობის, სიმართლისა და სამართლიანობის საწინააღმდეგოდ, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოსათვის აშკარად საზიანოდ.
ასეთი საქციელისათვის, საქართველოს ხალხი სრულ უნდობლობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, მიიჩნევს რომ ის ვეღარ გამოდგება თავისუფალი ქართველი ერის მმართველად და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით, აცხადებს მას პრეზიდენტობიდან გადაყენებულად.
ხალხი გამოხატავს თავის ნებას და მზადყოფნას, ახალი, სამართლიანი არჩევნებით გადაწყვიტოს თავისი შემდგომი პოლიტიკური ბედი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, მყარად და საიმედოდ დაამკვიდროს თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა საქართველოში.
დაე, აღსრულდეს ხალხის ნება!
2010 წლის სექტემბერი