გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღორძინება

40

გელათის  აკადემიის  აღდგენის იდეა ყველაზე  ადრე აქტიურად დაუჭირა მხარი ქუთაისის იმჟამინდელმა მერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა. ხოლო შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მზადყოფნა გამოთქვა, ყოველგვარი დახმარება აღმოეჩინა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობისათვის.

1995 წლის 14 მარტს თბილისში საპატრიარქოს რეზიდენციაში შედგა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პირველი ოფიციალური დამფუძნებელი სხდომა, მას თავმჯდომარეობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე, ესწრებოდნენ ცხუმ აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი დანიელი, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი აბრაამი, ქუთაისის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი, ქართველ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

1995 წლის 5 აპრილს გელათის აკადემიის დაარსების საკითხი განსახილველად შედგა წმიდა სინოდის სხდომა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოხსენების შესაბამისად,  რომელშიც დასაბუთებული იყო ახალი სამეცნიერო ცენტრის შექმნის აუცილებლობა, მიიღეს განჩიენბა:

„ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის სულიერი განმტკიცებისათვის, მის ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარებისათვის ქ. ქუთაისში გელათის აკადემიასთან, გარდა სასულიერო სასწავლებლისა, დაარსდეს გელათის მეცნიერებათა აკადემია და ამით აღდგეს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემიის ტრადიცია.“

უწმიდესმა და უნეტარესმა ხაზი გაუსვა გელათის მეცნიერებათა აკადემიის „მეორე იერუსალიმის“ და “ახალ ათინას“ როლს , როგორც სულიერებისა და ცოდნის ერთიანობის განმასახიერებელს. მანვე აღნიშნა ქუთაისის მერის თემურ შაშიაშვილის როლი და ძალისხმევა ახალი აკადემიის აღდგენისა და ამ იდეის ქუთაისის საზოგადოების მიერ დროულ ღონისძიებად აღიარების საქმეში.

1995 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში მოეწყო გელათისმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების შეხვედრა ქალაქის ინტელიგენციისა და უცხოელ მეცნიერების წარმომადგენლებთან. ამ ცერემონიალს უძღვებოდა ქალაქის მერი თემურ შაშიაშვილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი მონაწილენი გელათში ეახლენ გელათის აკადემიის დამაარსებლის, წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის საფლავს და თაყვანი სცეს მას.

მომდევნო წლებში გრძელდებოდა გელათის აკადემიის შევსება ნამდვილი და უცხოელი წევრებით. 1996 წლის 18 თებერვალს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  ტარიელ ჭანტურია, იმავე წლის 22 ნოემბერს, საპატიო აკადემიკოსად არჩეულ იქნა თეიმურაზ შაშიაშვილი, აკადემიკოსებად, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე, პროფესორი ზურაბ ჯაფარიძე, არჩევნები ჩატარდა 1998 წლის 28 აპრილსაც. აკადემიკოსებად არჩეულ იქნენ პროფესორი თამაზ ბუაჩიძე,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები გიორგი მჭედლიძე, როლანდ თოფჩიშვილი, მწერალი, კრიტიკოსი, თამაზ წივწივაძე, იმავე ძლის 22 ნოემბერს არჩეულ იქნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იულონ გაგოშიძე, 2001 წლის დეკემბერში აკადემიკოსად აირჩიეს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ცაცანაშვილი, 2002 წლის თებერვალს, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა სხირტლაძე.

გელათის მეცნიერებათა აკადემიას, მისი წესდენის თანახმად ჰყავს უცხოელი წევრები 1996 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად უცხოელ აკადემიკოსად აირჩიეს იან ბრაუნი (პოლონეთი) იუსტ გიპერტი (გერმანია)  1998 წლის 26 ოქტომბერს კი ბერნარ უტიე (საფრანგეთი)

გელათის აკადემიისათვის ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა 1996 წლის 15 იანვარი. ამ დღეს საზეიმოდ აღინიშნა აკადემიის მუდმივ რეზიდენციაში (მ. დვალიშვილის #17) დაბინავება ეს შენობა აკადემიას გადაეცა ქუთაისის მაშინდელი მერის თეიმურაზ შაშიაშვილის ძალისხმევით. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ  ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე, აკადემიკოსენი – მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი.

გელათის აკადემიის საპატიო აკადემიკოსი თემურ შაშიაშვილი ორჯერ (1996-1998 წწ)  წარსდგა აკადემიის სამეცნიერო სესიების პლენარულ სხდომებზე. მისი მოხსენების მთავარი ღირსება იყო საქართველოს და იმერეთის მხარის ეკონომიკის და კულტურის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და არსებული მდგომარეობის პრობლემების ჩვენება, რიგ მათგანზე ავტორმა წარმოადგინა ორიგინალური და  მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებანი.

 

ამონარიდები  გიორგი მჭედლიძის წიგნიდან “გელათის მეცნიერებათა აკადემია ისტორია და დღევანდელობა ”

2004 წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *